ახალმა კვლევამ მეცნიერულად დაადასტურა ის, რის შესახებაც ყველამ ვიცოდით. კერძოდ, საბოლოოდ გაირკვა, რომ ღამით სექსუალური აქტიურობა უკეთ დაძინებაში გვეხმარება.

ავსტრალიაში მდებარე ცენტრალური კვინსლენდისა და ფლინდერსის უნივერსიტეტებში მომუშავე სპეციალისტებმა კვლევაში 7 ჰეტეროსექსუალი წყვილი ჩართეს და 11 ღამის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ყოველ ღამე მათ სამი სხვადასხვა მდგომარეობის მონაცვლეობა ევალებოდათ: პარტნიორთან სექსი, მასტურბაცია (პარტნიორის გარეშე) და სექსუალური აქტიურობისგან შესვენება.

ამ პერიოდში მეცნიერები მონაწილეთა ძილის ხარისხს პოლისომნოგრაფიული მოწყობილობით აკვირდებოდნენ, რომელიც ტვინის აქტიურობას, მოძრაობასა და სუნთქვას აფიქსირებს. ასევე, წყვილები ყოველდღიურად სექსისა და ძილის შესახებ კითხვარებსაც ავსებდნენ.

შედეგებმა აჩვენა, რომ ნებისმიერი ფორმის სექსუალური აქტიურობა ძილის დროს დაახლოებით ნახევარი საათით აყოვნებდა, მაგრამ მის ხარისხს საგრძნობლად აუმჯობესებდა. ასევე, მათ ღამით უფრო ნაკლებად ეღვიძებოდათ. მნიშვნელოვანია, რომ ეს მონაცემები მცდარობას არ შეიცავს, რადგან პირდაპირ სპეციალური მოწყობილების ინფორმაციას ეფუძნება.

რაც შეეხება კითხვარებს, აქედან გამოიკვეთა, რომ წყვილები სექსუალური აქტიურობის მომდევნო დღეს მეტი მოტივაციით იწყებდნენ. 100-ქულიან სკალაზე მოტივაციის ნიშნულმა მასტურბაციის შემდეგ 5 ქულით მოიმატა, სექსის შემდეგ კი — 11 ქულით.

ძილის ხანგრძლივობასა და ჩაძინების სისწრაფეზე რაიმე გავლენა არ აღმოუჩენიათ, რაც, შესაძლოა, მონაწილეთა არასაკმარისი რაოდენობით იყოს განპირობებული. ხელის შემშლელი შეიძლება ყოფილიყო ისიც, რომ მათ პოლისომნოგრაფიული ქუდი თავზე დაუყოვნებლივ უნდა დაემაგრებინათ და სათანადო აპლიკაციით გაეაქტიურებინათ.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ უფრო ფართომასშტაბიანი კვლევით მეტის გაგება იქნება შესაძლებელი. მასში სხვადასხვა ორიენტაციის, ძილის პრობლემისა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ადამიანები ჩაერთვებიან, რომლებიც შედარებით ფართო ასაკობრივ კატეგორიაშიც მოექცევიან.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Sleep Health გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.