ChatGPT, ხელოვნური ინტელექტის (AI) ჩატბოტი, ბევრ რამეში შეიძლება გამოვიყენოთ — შეუძლია ესეები დაწეროს, კომპლექსური ამოცანები ამოხსნას და ზოგჯერ თერაპევტადაც კი იქცეს.

თუ პასუხები შენს საჭიროებებს ნაკლებად ერგება და ღრმა შინაარსის არაა, შეიძლება პრობლემა არა AI-ში, არამედ კითხვების დასმის ფორმაშია. სწორად გაიგე: კითხვის ფორმულირებას ხელოვნურ ინტელექტთან საუბრის დროსაც ისეთივე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როგორიც — ადამიანებთან.

სწორედ აქ ჩნდება დამხმარედ "სამი სიტყვის წესი" — მარტივი ხრიკი, რომლის დახმარებითაც ChatGPT-ის ჩვენზე მორგებულ პასუხებს გავაცემინებთ. არა, ამაში თავაზიანობა არ იგულისხმება — მეტიც, ChatGPT-სთან თავაზიანობა ნაკლებად რეკომენდებულია.

ასევე იხილეთ: თავაზიანობის ფასი — ChatGPT-სთვის მადლობის თქმა მილიონობით დოლარი ჯდება.

იდეა ისაა, რომ შეკითხვას მოკლე, სამსიტყვიანი, მითითება დაუმატო. ეს სამი სიტყვა ChatGPT-ს დაეხმარება გაიგოს, როგორი ტონით, სტილით ან სიზუსტით შეასრულოს დავალება. კითხვას არ ცვლი, უბრალოდ უთითებ, ვის როლში გაგცეს პასუხი. ამის მაგალითებია:

  • "მიპასუხე იურისტის მსგავსად" — როცა გინდა ლოგიკური, სტრუქტურირებული და დეტალური პასუხის მიღება;
  • "თითქოს მასწავლებელი ხარ" — მარტივი და გასაგები ახსნებისთვის;
  • "მიპასუხე ჰემინგუეის სტილში" — მოკლე, გამორჩეული და შთამბეჭდავი ტექსტებისთვის.

უბრალოდ წარმოიდგინე, რომ AI-ს კონკრეტულ როლს ანიჭებ და მხოლოდ ამის შემდეგ აძლევ დეტალურ ინსტრუქციას.

ChatGPT ისეა გაწვრთნილი, რომ უამრავი სტილითა თუ პროფესიულ როლში შეუძლია წეროს. როცა პატარა მინიშნებას მისცემ — მაგალითად, "მიპასუხე მოსამართლის მსგავსად" — ის შესაბამის ტონსა და სტილს გამოიყენებს. ეს ერთი პატარა მინიშნება ხშირად მნიშვნელოვნად ცვლის შედეგს და გაურკვეველი ტექსტის ნაცვლად იღებ გააზრებულ, კონკრეტულ აუდიტორიაზე მორგებულ პასუხებს.

ფოტო: Shutterstock

თუ გინდა, რომ AI-სგან უკეთესი პასუხები მიიღო, სცადე მათი ასეთი ფორმულირებებით დაწერა: "შეაჯამე სტატია ჟურნალისტივით", "ამიხსენი გრავიტაცია პროფესორივით", "დამიწერე ლექსი გალაქტიონივით", "თარგმნე ტექსტი დიპლომატივით" და ა. შ.

შეგიძლია, სურვილისამებრ ნებისმიერი როლი ან პერსონა გამოიყენო: დირექტორი, თერაპევტი, დიზაინერი, მწვრთნელი, თინეიჯერი და სხვა. რაც უფრო კონკრეტული იქნები ამ მხრივ, მით უკეთეს შედეგს მიიღებ.

"სამი სიტყვის წესი" ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზაა იმისათვის, რომ AI-ს პასუხები უფრო ჭკვიანური და ადამიანური გახადო. იქნება ეს მეილების წერაში, გაკვეთილების დაგეგმვასა თუ რომანის იდეის მოფიქრებაში, სამი სიტყვით მართლაც ბევრი რამის შეცვლა შეგიძლია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.