რატომ გაიმარჯვებს ჩინეთი სავაჭრო ომში
ტრამპი დარწმუნებულია, რომ მისი პოზიციები მყარია, თუმცა, სინამდვილეში, ვაშინგტონის პოზიციები პეკინთან შედარებით გაცილებით სუსტია.
"თუკი 500 მილიარდი დოლარით მინუსში ხარ, შენ ვერაფრით ვერ შეძლებ წაგებას"- ასეთი ფრაზა გამოაქვეყნა 4 აპრილს ტვიტერში ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა; როგორც ჩანს, მას მიაჩნია, რომ რამდენადაც აშშ-ს ჩინეთთან სავაჭრო ბალანსის კოლოსალური დეფიციტი აქვს (საგულისხმოა, რომ 2017 წელს იგი არა 500 მილიარდს, არამედ 337 მილიარდს შეადგენდა), ამერიკა უეჭველად გაიმარჯვებს ამ ორ ქვეყანას შორის მოსალოდნელ სავაჭრო ომში. მაგრამ, ტრამპის უხეში გამოთვლების საპირისპიროდ და იმის მიუხედავად, რომ ჩინეთი ამერიკას უფრო მეტ საქონელს სთავაზობს გასაყიდად, ვიდრე თავად ყიდულობს მისგან, პეკინის პოზიციები გაცილებით უფრო მყარია როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით.
ეკონომიკური კუთხით ამ სავაჭრო ომით ორივე ქვეყანა დაზარალდება. სადამსჯელო გადასახადები ზრდისკენ უბიძგებენ იმპორტის ფასებს, დარტყმას მიაყენებენ ექსპორტს, გამოიწვევენ სამუშაო ადგილების შემცირებას და დაამუხრუჭებენ ეკონომიკურ ზრდას. ამიტომ სჯობს ორივე მხარემ თავი შეიკავოს დაპირისპირებისაგან. თუმცა, ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთიდან იმპორტირებული 46 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე 25%-იანი ბაჟის დაწესებით იმუქრება, ჩინეთმა კი საპასუხო ზომები მიიღო, რის გამოც ჰორიზონტზე სავაჭრო ომის მრისხანე აჩრდილი გამოჩნდა. მოგვიანებით ტრამპმა კიდევ უფრო ასწია ფსონი და 100 მილიარდი დოლარის ღირებულების იმპორტულ საქონელზე (ჯერ-ჯერობით არ არის მითითებული ამ საქონლის ჩამონათვალი) დამატებითი გადასახადების დაწესების შესახებ განაცხადა - რის პასუხადაც, პეკინმა, დაუყოვნებლივ გაახმოვანა თანაზომიერი სანქციების დაწესების შესაძლებლობა. ცხადია, ტრამპი საკუთარი გათვლებით იმედოვნებს, რომ ჩინეთს გაცილებით მეტი დანაკარგები ელის, რის გამოც ეს უკანასკნელი დათმობაზე წავა, მაგრამ ამერიკის პრეზიდენტი ნამდვილად ცდება.
ჯამური სტატისტიკური მაჩვენებლები სერიოზულად აზვიადებს ჩინეთის ეკონომიკური მოწყვლადობის ხარისხს და შესაბამისად - ამცირებს იგივე მაჩვენებელს ამერიკასთან მიმართებაში. თუ ყურადღებას გავამახვილებთ საქონლით ვაჭრობაზე, როგორც ამას მიმომხილველთა უმეტესობა აკეთებს, დავინახავთ, რომ გასულ წელს ამერიკის იმპორტმა ჩინეთიდან ჯამში 506 მილიარდი დოლარი შეადგინა, ანუ თითქმის ოთხჯერ გადააჭარბა ექსპორტის მაჩვენებელს საწინააღმდეგო მიმართულებით (131 მილიარდი დოლარი). მაგრამ აშშ-მ ჩინეთს მომსახურების სახით მიჰყიდა 38 მილიარდი დოლარით მეტი, ვიდრე ჩინეთმა, და ეს ამერიკისათვის ყველაზე მსხვილი დადებითი სალდო იყო ორმხრივ ვაჭრობაში.
გარდა ამისა, სასაქონლო ექსპორტი ამერიკიდან ჩინეთში ძირითადად სასოფლო-სამეურნეო პროდუქციასა და მზა ნაკეთობებს წარმოადგენს, რომელიც ისევ და ისევ ამერიკაში წარმოებული ნაწილებისგან შედგება. ხოლო ჩინეთის ექსპორტი ამერიკაში უმთავრესად ჩინეთში აწყობილი პროდუქციაა, რომელშიც ბევრი უცხოური დეტალი და კომპონენტია. ყველაფერთან ერთად, ამ პროდუქციას ხშირად ამერიკული სავაჭრო ნიშანიც აქვს. ჩინეთიდან ამერიკული იმპორტის კიდევ 37 პროცენტს შეადგენს დეტალები და აქსესუარები, რომლებსაც ამერიკელი მეწარმეები იყენებენ.
მაგალითისათვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ამერიკული კომპანია Apple-ის ცნობილი პროდუქტი IPhone. ჩინური საწარმოებიდან აშშ-ში IPhone-ების მიწოდებისას საქონლის მთელი იმპორტული ღირებულება ჩინეთს მიეწერება; მაგრამ ამ IPhone-ში მოთავსებულია სამხრეთ კორეული Samsung-ის ფირმის დისპლეი, იაპონური ფირმის - Toshiba-ს მეხსიერების ინტეგრალური სქემა და სხვა მრავალი უცხოური აქსესუარი. ერთ-ერთი შეფასებით, ჩინეთს ერთი Iphone X-ის აწყობაზე საწარმოო დანახარჯის (ანუ 370 დოლარის) მხოლოდ 3-6% გაღება უწევს, ხოლო რამდენადაც საცალო ვაჭრობაში ასეთი სმარტფონის ფასი 999 დოლარია, დამატებითი ღირებულების ძირითადი ნაწილი ამერიკულია, ანუ Apple-ისა და ამერიკელი გადამყიდველების მარჟა.
რა თქმა უნდა, ეს არ არის ტიპური მაგალითი, ის უფრო განსაკუთრებულ, განკერძოებულ კატეგორიად უნდა მივიჩნიოთ, თან ტრამპსაც ჯერ-ჯერობით მიზანში არ ამოუღია Iphone-ების იმპორტი. ამიტომ მოდით დავფიქრდეთ იმ 46 მილიარდი დოლარის საქონელზე, რომელსაც ტრამპი ემუქრება და რომლიდანაც 26 მილიარდი ელექტრონიკაზე მოდის. იდეაში, ტრამპის საბაჟო გადასახადები გათვლილია ჩინეთის ხელისუფლების მიერ წარმოებული კამპანიის ("დამზადებულია ჩინეთში 2025") დასამუხრუჭებლად, რომლის მიზანია სამამულო (ჩინური) მაღალტექნოლოგიური პროდუქციის შემუშავება. მაგრამ, სინამდვილეში, ეს გადასახადები ძირითადად იმ ტექნიკურად მარტივ პროდუქციაზე აისახება, რომლის ექსპორტსაც ჩინეთი ამჟამად ეწევა ამერიკაში. OECD-ის (ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) შეფასებით, ჩინეთიდან აშშ-ში საექსპორტოდ გაგზავნილი კომპიუტერების, ელექტრონული და ოპტიკური ტექნიკის შიგთავსის თითქმის ნახევარი უცხოურია (უკანასკნელი მონაცემები 2011 წლისაა, ამდენად, შესაძლოა შემდგომ წლებში ეს პროპორცია ოდნავ შეიცვალა). იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზემოთ ნახსენები გადასახადები ჩინეთიდან ამ პროდუქციის ექსპორტს ერთი მეოთხედით შეამცირებენ, ჩინეთისთვის პირდაპირი დანაკარგი შეადგენს 6,5 მილიარდ დოლარს, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 0,005 პროცენტია. ეკონომიკისათვის, რომელსაც წელიწადში 6,8%-იანი ზრდა აქვს, ეს მხოლოდ კოღოს ნაკბენის ეფექტი იქნება.
ჩინეთი თავისუფლად გაუძლებს ერთიანი ამერიკული ბაჟის დაწესებას ყველა საექსპორტო საქონელზე, აიფონებისა და სხვა პროდუქციის ჩათვლით. OECD მიიჩნევს, რომ ჩინეთიდან ამერიკული იმპორტის მოცულობის დაახლოებით ერთი მესამედი სინამდვილეში უცხოური წარმოშობისაა; ამიტომ პირობითად აშშ-ში ჩინური ექსპორტის სუფთა ღირებულება შეადგენს დაახლოებით 329 მილიარდ დოლარს, ანუ - დოლარებში ასახული 12-ტრილიონიანი ჩინური ეკონომიკის საერთო მოცულობის თითქმის 2,7 პროცენტს. ამრიგად, თუკი ტრამპის ერთიანი ამერიკული ბაჟი 25 პროცენტით შეამცირებს ჩინურ ექსპორტს აშშ-ში, მაშინ ჩინეთის მშპ-სათვის პირდაპირი დანაკარგი შეადგენს 0,7 პროცენტს. რა თქმა უნდა, ეს მტკივნეული იქნება, მაგრამ ჩინეთის ეკონომიკა მაინც განაგრძობს ზრდას წელიწადში 6,1 პროცენტით.
სავარაუდოდ, საქმე აქამდე არ მივა - სწორედ იმის გამო, რომ ამერიკა გაცილებით ნაკლებად არის დაცული სავაჭრო ომისაგან, ვიდრე ეს ტრამპს ჰგონია: წარმოიდგინეთ, როგორი იქნება მომხმარებელთა აღშფოთება, თუ ტრამპი აიფონებზე ამ ბაჟს დააწესებს! უნდა აღინიშნოს, რომ რადგან ბევრმა ამერიკულმა კომპანიამ წარმოება ჩინეთში გადაიტანა და ისინი არაფრით არიან დაცულნი ჩინური ხრიკებისაგან. მაგალითისათვის, პეკინს შეუძლია რამდენიმე ხნით შეაჩეროს მათი წარმოება და ამას საფუძვლად დაუდოს გამოგონილი სარეგულაციო პრეტენზიები.
საფრთხე მხოლოდ იმ ამერიკულ ბრენდულ საქონელს ემუქრება არ ეხება, რომელიც ასე მოსწონს აშშ-ს მომხმარებელს; სავაჭრო ომი ასევე დიდ საფრთხეს უქმნის იმ საწარმოებს, რომლებიც აშშ-ში მუშაობენ და მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად აუცილებლად ესაჭიროებათ ჩინური დეტალები და აქსესუარები.
ტრამპის სია 46 მილიარდი დოლარის შესახებ გამიზნულია თვითმფრინავების ხრახნების, სამანქანო მოწყობილობების და სხვა შუალედური პროდუქტების წინააღმდეგ; თუკი მათი ფასი გაიზრდება, ეს აშშ-ს წარმოების სფეროში არსებულ სამუშაო ადგილებს შეუქმნის საფრთხეს, და იმის მიუხედავად, რომ ბაჟები არ ვრცელდება ისეთი ტიპის სამომხმარებლო საქონელზე, როგორიც არის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ფართო მოხმარების ზოგიერთ პროდუქციაზე (მაგ. ტელევიზორები და ჭურჭლის სარეცხი მანქანები) ფასები მაინც გაიზრდება.
აშშ-საგან განსხვავებით, შესაძლოა ჩინეთის საპასუხო ზომები უფრო მიზანმიმართული აღმოჩნდეს: სიაში პირველ ადგილზე ვიხილავთ სამოქალაქო ავიაციის საექსპორტო ამერიკულ საქონელს; "ბოინგის" ფასი დაეცა მაშინ, როდესაც ჩინეთმა თავისი მოსალოდნელი ნაბიჯების შესახებ განაცხადა; მაგრამ ჩინეთის ავიახაზები იმდენად სწრაფად ვითარდებიან, რომ შესაძლოა Boeing იძულებული გახდეს ფასების შემცირებაზე წავიდეს აღნიშნულ ბაზარზე გაყიდვების მაჩვენებლის შესანარჩუნებლად. ასეთ შემთხვევაში კი ჩინეთი ნებისმიერი ბაჟის დაწესებითაც კი არ დაზარალდება, ხოლო თუ სიტუაცია გამწვავდება, ჩინელებს საიმედო ალტერნატიული მიმწოდებელიც ჰყავთ: ევროპული კომპანია Airbus.
სიაში მეორე ნომრად იქნება ამერიკული სოიოს ექსპორტი, რომლის მოცულობა 12,8 მილიარდ დოლარს შეადგენს.ჩინეთი ამერიკული საექსპორტო სოიოს ნახევარზე მეტ რაოდენობას შეისყიდის, რაც მას ბაზარზე დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. როგორც კი დაიწყო საუბარი მოსალოდნელ სავაჭრო ომზე, ამერიკელმა ფერმერებმა მყისიერად იგრძნეს შედეგები: სოიოს ფასი საგრძნობლად დაეცა, ამასთანავე, ჩინეთს ამ შემთხვევაშიც ჰყავს ალტერნატიული მიმწოდებელი ბრაზილიის სახით.
მოკლედ რომ ითქვას, აშშ-სა და ჩინეთის სავაჭრო ბალანსის დეფიციტი, რომელიც რეალურად მხოლოდ 200 მილიარდ დოლარს შეადგენს, ამერიკას ვერანაირ სერიოზულ უპირატესობას ვერ მისცემს.
გარდა ამისა, ჩინეთს გაცილებით მეტი შესაძლებლობა გააჩნია ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაციას; ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემისაგან განსხვავებით, ჩინეთის ცენტრალური ბანკი დამოუკიდებელ ორგანიზაციას არ წარმოადგენს, ამიტომ, საჭიროების შემთხვევაში, მას შეიძლება სააღრიცხვო განაკვეთების შიდა მოთხოვნის გაზრდის მიზნით შემცირება დაევალოს. სახელმწიფო ბანკებსაც ასევე შეიძლება მისცენ მითითება უფრო მეტი კრედიტების გასაცემად; და იმის მიუხედავად, რომ თეთრ სახლში ტრამპის მოსვლის შემდეგ ჩინეთმა დაუშვა იუანის კურსის მნიშვნელოვანი ამაღლება დოლართან მიმართებაში, ამიერიდან მას ასევე შეუძლია დასწიოს ეს კურსი, რის შედეგადაც ჩინური ექსპორტი კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი გახდება.
საგულისხმოა ისიც, რომ ჩინეთის ამერიკასთან შედარებით გაცილებით უკეთესი ფისკალური პოზიციები უჭირავს: მას შეუძლია ნებისმიერი იმ დარგისა და წარმოების ზარალის კომპენსირება, რომელიც სავაჭრო ომის შემთხვევაშია მოსალოდნელი; ამერიკას კი ამ მხრივ მსხვილი საბიუჯეტო დეფიციტი აქვს (დაახლოებით მშპ-ს 4 პროცენტი) და შემდგომ წლებში ეს დეფიციტი ნამდვილად გაიზრდება. ამასთანავე, ხარჯების გასაზრდელად აუცილებელია კონგრესის დასტური, რაც გარანტირებული ნამდვილად არ არის.
დაბოლოს, ჩინეთს გაცილებით მარტივად შეუძლია დაფაროს სავაჭრო ომისაგან გამოწვეული პოლიტიკური დანახარჯები; ყოველთვის, როცა ტრამპი თავს ესხმის ჩინეთს, ამერიკული აქციების ბაზარი ეცემა, ეს კი განსაკუთრებულ სირთულეებს უქმნის პრეზიდენტს, რომელიც დოუ ჯონსის სამრეწველო ინდექსს პერსონალური მოწონების რეიტინგად აღიქვამს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამ ინდექსში ყველაზე მსხვილ კომპანია ამერიკული Boeing-ია. რამდენადაც პრეზიდენტმა საკუთარი თავი ამ ინდექსს მიაბა, ტრამპის ადმინისტრაცია ბირჟაზე ფასების დაცემის ყოველ ჯერზე იძულებული ხდება, დააწყნაროს სიტუაცია ბაზრებზე და ისაუბრობ იმის თაობაზე, რომ მოლაპარაკების მეშვეობით სავაჭრო კონფლიქტის მოსაგვარებლად იღწვის, რაც საგრძნობლად ასუსტებს მის ხელთ არსებულ ზემოქმედების ბერკეტებს.
ნოემბერში ქვეყანას შუალედური არჩევნები ელის და რესპუბლიკელები პოლიტიკური თვალსაზრისით ძალზე მოწყვლად პოზიციაში არიან. ჩინეთი ამით სარგებლობს და სადამსჯელო ზომებს მიმართავს სოიოს პარკოსნებთან დაკავშირებით, რომელიც ძირითადად აშშ-ს შუა დასავლეთის შტატებში მოჰყავთ, სადაც მოსახლეობა ტრამპს უჭერს მხარს. გარდა ამისა, ჩინეთი გეგმავს საპასუხო ზომებს ვისკის ამერიკული ექსპორტის წინააღმდეგ, რომლის ძირითადი მწარმოებელი კენტუკის შტატია, საიდანაც არის წარმოშობით სენატის უმრავლესობის ლიდერი მიჩ მაკკონელი.
ყველაფერ ამასთან ერთად, ტრამპს, როგორც ჩანს, არ აქვს შემუშავებული სტრატეგია. შესაძლოა, საერთაშორისო ალიანსს ამერიკასთან შედარებით გაცილებით ეფექტური ზეწოლა მოეხდინა ჩინეთზე, ეიძულებინა იგი, გაეხსნა საკუთარი ბაზრები და დაეცვა უცხოური ფირმების ინტელექტუალური საკუთრების უფლებები. გასულ წელს, აშშ, ევროკავშირი და იაპონია ამ მიმართულებით ერთობლივ მოქმედებაზე შეთანხმდნენ, მაგრამ ტრამპმა ეს მოკავშირეები ამერიკის წინააღმდეგ განაწყო, როდესაც იაპონურ საექსპორტო ფოლადზე და ალუმინზე ეროვნული უსაფრთხოების გამოგონილი მოსაზრებების საფუძველზე დააწესა ბაჟი, ამასთანავე, ანალოგიური ზომებით დაემუქრა ევროკავშირსაც. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მისი საბაჟო გადასახადები დარტყმას მიაყენებენ უცხოელ მომწოდებლებსაც, მათ შორის - აზიაში, ეს კიდევ უფრო შეასუსტებს მის შანსებს ერთიანი ფრონტის შექმნის თაობაზე.
ჩინეთის წინააღმდეგ ცალმხრივი ზომების მიღების შემდეგ, ტრამპმა კიდევ უფრო გაამწვავა სიტუაცია, რაც სავარაუდოდ, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების დარღვევაა. უნდა ითქვას, რომ პოტენციურ მოკავშირეებს უზნეობად მიაჩნიათ ტრამპის ლოზუნგი "ამერიკა უპირველეს ყოვლისა". ამის წყალობით კი პოლიტიკური თვალსაზრისით ჩინეთი მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდა. მისი ოფიციალური ხაზი ასეთია: "ჩინეთს არ სურს სავაჭრო ომი, მაგრამ არც ეშინია მისი".
მოლაპარაკებების ნიჭის თაობაზე თავისი ტრაბახის მიუხედავად, ტრამპი უგერგილო დილეტანტია; მან მარტოხელა შერკინების პოლიტიკა არჩია მოწინააღმდეგესთან, რომელიც მასზე გაცილებით ჭკვიანი, მომთმენი და ძლიერია. ჯერ-ჯერობით ეს ძირითადად პოლიტიკური თეატრია, მაგრამ, რამდენადაც ტრამპი გადაჭარბებულად აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს და ამავდროულად - აკნინებს ჩინეთის პოტენციალს, არსებობს სრულიად რეალური საფრთხე, რომ ეს კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდება.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთის ხელისუფალნი ტრამპზე გაცილებით ჭკვიანები არიან, ისინი უეჭველად შესთავაზებენ მას გარკვეულ კოსმეტიკურ დათმობებს, რასაც ტრამპი სიხარულით დაეთანხმება. აშკარა ორმხრივად მომგებიანი ვარიანტი იქნება ამერიკული თხევადი ბუნებრივი გაზის შესყიდვების გაზრდა. ტვიტერზე განთავსებული პოსტის მიხედვით, ტრამპი შეცდომაში შეიყვანა ე.წ. დათმობებმა, რომელთა შესახებ 10 აპრილს ბოაოს ფორუმზე განაცხადა ჩინელმა თავმჯდომარემ სი ძინპინმა. ეს დათმობები კი შემდეგში მდგომარეობს: დაპირებები ეკონომიკური რეფორმების თაობაზე, რომელთა შესახებ ადრე გაკეთდა განაცხადი, მაგრამ შემდგომში მოხდა მათი პერეფორმულირება, რამაც ტრამპზე სასიამოვნო მუსიკალური მელოდიის ეფექტით იმოქმედა; თუკი ტრამპს ბედი გაუღიმებს, იგი შეძლებს უკან დახევას, თან ამავდროულად განაცხადებს საკუთარი გამარჯვების შესახებ.
ნებისმიერ შემთხვევაში, ჩინეთს შეუძლია დროის გაწელვა; ამომრჩევლებმა კი შესაძლოა კონგრესში დემოკრატებს მისცენ ხმა, რაც ტრამპს ფრთებს შეუკვეცავს მომავალი წლისათვის. ხოლო, 2020 წელს, იგივე ამომრჩევლები შეიძლება მის წინააღმდეგ გამოვიდნენ, სი ძინპინს კი აქვს იმის ფუფუნება, რომ არ იღელვოს გადარჩევისა და პოსტის დაკარგვის თაობაზე.
კომენტარები