საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს, მიხეილ ბატიაშვილს ერთიანი, ეროვნული ციფრული ბიბლიოთეკის შექმნის ინიციატივა აქვს.

მისი თქმით, ეროვნულ ციფრულ ბიბლიოთეკაში ყველანაირ ციფრულ კონტენტს თავი უნდა მოუყარონ.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, ამ იდეაზე ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად იმუშავებს.

"გაციფრულდა ქართული ძველი ფოტოები, ვიდეომასალა, ასევე არის ბევრი საგანმანათლებლო მასალა, რომელიც შეეხება ლიტერატურას, სხვადასხვა კომპონენტს, რატომ არ შევქმნათ ისეთი ციფრული გარემო, სადაც ეს ერთიანად მოიყრის თავს?! რომელიც გამოყენებადი იქნება, არა მარტო საგანმანათლებლო მიზნებით, არამედ ზოგადად, ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის", - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მისი განცხადებით, მსგავსი ციფრული გარემო განათლების წყაროდაც შეიძლება იქცეს.

"შევქმნათ ერთი, ქართული ციფრული გარემო, რომელიც ასევე შესაძლებელია ვაქციოთ განათლებისთვის ერთ-ერთ წყაროდ, რომელიც ორიენტირებული იქნება ხარისხის გაუმჯობესებაზე", -განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.