გაფანტული მშობლობის საფრთხეები
როცა საქმე ბავშვების განვითარებას ეხება, მშობლებმა ნაკლები უნდა იღელვონ, რამდენ დროს ატარებენ შვილები ეკრანებთან და მეტი იფიქრონ იმაზე, თვითონ რამდენ დროს უთმობენ სმარტფონებს.
ფოტო: EDMON DE HARO
სმარტფონებს უამრავი ცუდი რამ ბრალდება: ავარიები, ძილის აშლილობები, ემპათიის დაკარგვა, სასიყვარულო ურთიერთობებში პრობლემები და ცხოვრების აზრის დაკარგვაც კი - ბევრად ადვილია იმ სფეროების ჩამოთვლა, რომლებშიც მობილური ტელეფონები არაფერს აფუჭებენ, ვიდრე - პირიქით. ციფრული მოწყობილობების კრიტიკამ პიკს მიაღწია.
მიუხედავად ამისა, ახალი კვლევის თანახმად, მთავარ პრობლემაზე ჯერაც არავინ საუბრობს. საქმე ბავშვის განვითარებას ეხება, მაგრამ დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ. როგორც ჩანს, მსოფლიომ ტელეფონდამოკიდებულ პატარა ბავშვებზე მეტად მათ გაფანტულ მშობლებზე უნდა იდარდოს.
დიახ, მშობლები ახლა უფრო მეტ დროს ატარებენ შვილებთან, ვიდრე ოდესმე ისტორიის მანძილზე. მიუხედავად დასაქმებული ქალების რაოდენობის რადიკალური ზრდისა, დედები დღეს უფრო მეტ დროს უთმობენ შვილებს, ვიდრე 1960-იან წლებში, თუმცა გატარებული დროის ხარისხი კრიტიკულად დაბალია. მშობლები ფიზიკურად ყოველთვის ახლოს არიან შვილებთან, მაგრამ ნაკლებად არიან ჩართულები ემოციურად.
აქცენტის მშობლებზე გადატანა არ ნიშნავს იმას, რომ სმარტფონების გავლენას ბავშვების ტვინზე სათანადო ყურადღება არ უნდა დავუთმოთ. ბაღის ბავშვები ახლა ოთხ საათზე მეტს ატარებენ ეკრანებთან. 1970 წლიდან მოყოლებული, საშუალო ასაკი, როცა ბავშვები ეკრანთან (იგულისხმება ტელევიზორის ეკრანიც) ურთიერთობას იწყებენ, 4 წლის ასაკიდან 3 თვემდე შემცირდა.
გაფანტული მშობელი ბავშვის ფიზიკურ უსაფრთხოებას ხშირად უქმნის საფრთხეს. ყველა, ვისაც ერთხელ მაინც დატაკებია მაღაზიაში სქროლვით გართული ურიკიანი ადამიანი, ამ ფენომენის არსებობას დაადასტურებს.
მხედველობიდან არც იმის გამორჩენა შეიძლება, რომ თანამედროვე ინტერაქტიული თამაშები, რომლებსაც მცირეწლოვნები ტელეფონებზე ან ტაბლეტებზე თამაშობენ, ტელევიზორის ან Youtube-ის პასიურ მოხმარებას ჯობია, რადგან ისინი უკეთესად იმიტირებენ თამაშის ჩვევებს. მეორე მხრივ კი, ზრდასრული ადამიანების უმრავლესობას ბავშვობაში უაზრო შოუების წარმოუდგენლად დიდი რაოდენობა აქვს ნანახი. თუმცა ფაქტი ფაქტია: ეკრანებთან გატარებული დრო სამყაროს შესწავლასა და ადამიანებთან კომუნიკაციის გაღრმავებას აკლდება.
მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, გასაოცრად ცოტა ყურადღება ეთმობა იმას, რა გავლენა აქვთ ბავშვებზე მშობლებს, რომლებიც შვილებს მხოლოდ ცალ თვალს ადევნებენ. ტექნოლოგიების ექსპერტებმა ამ მდგომარეობას ჯერ კიდევ 20 წლის წინ დაარქვეს "განგრძობითი ნაწილობრივი ყურადღება". ორად გაყოფილი ფოკუსი მხოლოდ ჩვენ კი არა, ბავშვებსაც აზიანებთ. ინტერაქციის ახალმა ფორმამ შეიძლება უძველესი ემოციური მზრუნველობის სისტემა დაარღვიოს, რაც ორმხრივ კომუნიკაციას გულისხმობს. ამის გარეშე კი სწავლების პროცესი წარმოუდგენელია. ჩვენ კაცობრიობისთვის აქამდე უცნობ ტერიტორიაზე ვიმყოფებით.
ბავშვების აღზრდის ექსპერტებს სხვადასხვა სახელი აქვთ ზრდასრულსა და პატარას შორის სიგნალების გაცვლის სისტემისათვის, რაც ტვინის საბაზისო არქიტექტურას აყალიბებს. ჯეკ პი შონკოფი, პედიატრი და ჰარვარდის ბავშვის განვითარების ცენტრის დირექტორი, ამ მოდელს "შეთავაზებასა და დაბრუნებას" უწოდებს, ფსიქოლოგები კეტი ჰირშ-პასეკი და რობერტა მიჩნიკ გოლინკოვი - "სასაუბრო დუეტს". ვოკალური მახასიათებლები, რომლებსაც მშობლები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში იყენებენ, გულისხმობს ხმის დაწვრილებას, გამარტივებულ გრამატიკას და მეტისმეტი ენთუზიაზმით აღსავსე ტონს. სწორედ საუბრის ამ ტიპის დამსახურებაა ის, რომ ბავშვებს მშობლებთან გამუდმებით კონტაქტი უნდათ. ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვებმა, რომლებსაც მშობლები ასე ესაუბრებოდნენ, 11 თვის ასაკში ორჯერ მეტი სიტყვა იცოდნენ, ვიდრე 2 წლის ბავშვებმა, რომლებსაც "ენთუზიასტურ" საუბართან შეხება არ ჰქონიათ.
"პატარები ვეღარ სწავლობენ, როცა ჩვენ საუბრის ბუნებრივ ტემპს სმარტფონის აღებით ვარღვევთ", - ამბობს ჰირშ-პასეკი.
უფრო და უფრო მეტი კვლევა ადასტურებს უფროსსა და პატარას შორის პერსონალური საუბრის მნიშვნელობას.
"ენა საუკეთესო ინდიკატორია სკოლის მიღწევების პროგნოზირებაში", - ამბობს ჰირშ-პასეკი, ტემპლის უნივერსიტეტის პროფესორი, - "ენობრივი ჩვევების ჩამოყალიბებაში პატარებსა და ზრდასრულებს შორის აზრიანი საუბარი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს".
პრობლემა ჩნდება მაშინ, როცა ეს დამკვიდრებული სისტემა, რომელიც სიტყვებისა თუ ჩვევების ადრეულ შესწავლას ახალისებს, გამუდმებით წყდება ტელეფონის სიგნალითა თუ წითლად ამომხტარი შეტყობინებებით.
გაფანტული მშობელი ბავშვის ფიზიკურ უსაფრთხოებას ხშირად უქმნის საფრთხეს. ყველა, ვისაც ერთხელ მაინც დატაკებია მაღაზიაში სქროლვით გართული ურიკიანი ადამიანი, ამ ფენომენის არსებობას დაადასტურებს. ბავშვების დაზიანების შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად (თავის დროზე AT&T-მ სმარტფონების ზეგავლანეაზე ბუნებრივ ექსპერიმენტს ჩაუყარა საფუძველი. კომპანიამ საკუთარი სერვისი სხვადახვა ქალაქში სხვადასხვა დროს შეიტანა. რაც უფრო იზრდებოდა ამა თუ იმ ქალაქში გაყიდული მობილურების რაოდენობა, იმატებდა ბავშვების ვიზიტების რაოდენობაც სასწრაფო დახმარების ოთახში). ამ აღმოჩენებმა მედიის ყურადღება მიიპყრო, რადგან ბავშვების ფიზიკურ დაზიანებაზე კეთდებოდა აქცენტი, თუმცა ბევრად რთულია იმაზე დაკვირვება, რამდენად აფერხებს ბავშვის კოგნიტურ განვითარებას ჩვენი მავნე ჩვევები.
"პატარები ვეღარ სწავლობენ, როცა ჩვენ საუბრის ბუნებრივ ტემპს სმარტფონის აღებით ვარღვევთ", - ამბობს ჰირშ-პასეკი.
2010-იანი წლების დასაწყისში ბოსტონელი მკვლევრები დააკვირდნენ 55 ზრდასრულ პირს, რომლებიც ბავშვებთან ერთად ჭამდნენ ფასტფუდის რესტორნებში. მათგან 40 ტელეფონში სხვადასხვა ხარისხით იყო ჩაძირული, ზოგიერთები კი სრულიად აიგნორებდნენ ბავშვებს (მკვლევარებმა ისიც აღმოაჩინეს, რომ ბეჭდვა ან ეკრანზე წკაპუნი კიდევ უფრო ცუდად მოქმედებდა ბავშვებზე, ვიდრე შემოსული ზარის პასუხი). გასაკვირი არაა, რომ ბავშვები ყურადღებას ითხოვდნენ, თუმცა მათი თხოვნა ხშირად რჩებოდა უპასუხოდ. შემდგომ კვლევებში მასშტაბი გაიზარდა და 225 დედა და დაახლოებთ 6 წლის ბავშვები მსგავს გარემოში მოახვედრეს. მათ სხვადასხვა საჭმელს აძლევდნენ გასასინჯად და მათ ინტერაქციებს კამერით იწერდნენ. დაკვირვების პერიოდში, დედების მეოთხედმა თითქმის მაშინვე აიღო ტელეფონი ხელში და ისინი, ვისაც ხელში მობილური ეჭირა, ნაკლებად იყვნენ ვერბალური თუ არავერბალური ინტერაქციის ინიციატორები შვილებთან.
კიდევ ერთმა ექსპერიმენტმა ყურადღება ენის შესწავლაზე გაამახვილა. 38 დედა და მათი 2 წლის შვილები ერთ ოთახში შეიყვანეს. დედებს უთხრეს, რომ მათ შვილებისთვის ორი ახალი სიტყვა უნდა ესწავლებინათ ერთი იყო "ხტუნვა", მეორე კი - "კანკალი". მათ ტელეფონებიც მისცეს იმ საბაბით, რომ მკვლევარებს მათთან დაკავშირება შესძლებოდათ. როცა სწავლის პროცესი ზარით წყდებოდა, ბავშვები სიტყვის შესწავლას ვერ ახერხებდნენ. სხვა შემთხვევაში კი სწავლის მცდელობა წარმატებით სრულდებოდა.
ზრდასრულებისა და ბავშვების ინტერესების დაბალანსება ადვილი არასდროს ყოფილა, რა ძალიანაც არ უნდა მოინდომოს კაცობრიობამ. გულუბრყვილოა იმის წარმოდგენა, რომ ბავშვები გამუდმებით დიდების ყურადღების ცენტრში იქნებიან. მშობლები წარსულშიც ხშირად ტოვებდნენ შვილებს ყურადღების გარეშე. 21-ე საუკუნის ბავშვები, რომლებიც ეკრანებთან სხედან ან ტაბლეტებზე ვიდეოებს უყურებენ, არ განსხვავდებიან წინა თაობებისგან, რომლებიც ტელევიზორთან ისხდნენ გასულ საუკუნეში.
მშობლები ყოველთვის ეძებდნენ გზებს და საშუალებებს იმისთვის, რომ ბავშვებს თავი გაერთოთ. ეს შეიძლება იყოს როგორც Youtube, ისე უთვალავი სახატავი ფლომასტერი. როცა მშობლებს "ფლომასტერები" უთავდებათ (როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით) ჯოჯოხეთი შორს არაა. კაროლინ ფრეიზერი, რომელმაც მე-19 საუკუნის ცნობილი მწერლის, ლაურა ინგალს ვაილდერის ბიოგრაფია დაწერა, იმდროინდელი მშობლების შესახებ ნამდვილ ჰორორებს გვიყვება:
"მშობლები ბავშვებს ღუმლის კარებზე აკრავდნენ, რომ მათზე სითბოს დამამშვიდებლად ემოქმედა, თვითონ კი ზრდასრული ცხოვრების პასუხისმგებლობებს უმკლავდებოდნენ".
მშობლების ყურადღების დროებითი ნაკლებობა კატასტროფული სულაც არაა და შეიძლება მტკიცე ხასიათის ჩამოყალიბებაშიც კი დაეხმაროს ბავშვს, მაგრამ ქრონიკული გაფანტულობა სხვა საქმეა. სმარტფონის მოხმარებას სხვა მინუსებიც აქვს: გაფანტული მშობლები ღიზიანდებიან, როცა მათ სმარტფონთან ურთიერთობას რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორი აწყვეტინებს. ისინი არა მხოლოდ ვერ პასუხობენ ბავშვის ემოციურ სიგნალებს, არამედ არასწორად კითხულობენ მათ. სიტუაციიდან გამოთიშული ადამიანი უფრო სწრაფად ბრაზდება, ვიდრე "ჩართული" და დიდი შანსია, მანიპულაციად წაიკითხოს ის, რაც სინამდვილეში ბავშვის მხრიდან ყურადღების მოთხოვნაა.
ბავშვის დროებით მარტო დატოვება უწყინარი და ჯანსაღიც კია (მათ გაზრდასთან ერთად მეტი დამოუკიდებლობა სჭირდებათ), თუმცა დროებითი განშორება უყურადღებობისგან განსხვავდება. მთავარი კი ისაა, რომ როცა დედა ფიზიკურად ახლოსაა, მაგრამ კომუნიკაციას ტელეფონის მიღმა ამყარებს, ბავშვი გრძნობს, რომ მის ინტერესებზე მნიშვნელოვანი ისაა, რაც სმარტფონში ხდება.
დედა, რომელიც ბავშვებს ეუბნება, გარეთ გადით და ითამაშეთ ან მამა, რომელიც შვილს ატყობინებს, რომ მომდევნო ნახევარ საათის განმავლობაში რაღაც საქმეზე უნდა კონცენტრირდეს პრობლემას არ ქმნის. ეს მოდელები უკვე ათეულობით წლებია, არსებობს. ეს სრულიად გასაგები პასუხია ზრდასრული ადამიანების მზარდ პასუხისმგებლობებზე. თუმცა ის, რაც დღეს ხდება, უბრალოდ უგულებელყოფაა, რომლის თავშიც სამსახური კი არა, სიგნალები და კლიკებია. როგორც ჩანს, მშობლობის ყველაზე ცუდი ფორმატი აღმოვაჩინეთ - ფიზიკურად ყოველთვის ახლოს ვართ, რითაც ბავშვებს ავტონომიის საშუალება ერთმევათ, მაგრამ ამავე დროს - ემოციურად შორს ვართ, რაც დაბნეულობასა და გაუცხოებას ქმნის.
პრობლემის მოგვარება მარტივი არ იქნება, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ განათლების სისტემის არსებულ მოდელს. წინასწარ გაწერილი გაკვეთილებისა და მასწავლებლების მხრიდან ცალხმრივი საუბრის პირობებში ბავშვებს ნაკლები შანსი აქვთ, რომ ინტერაქცია სპონტანურად წამოიწყონ.
კარგი ამბავი ისაა, რომ პატარა ბავშვები წინასწარ არიან დაპროგრამებულნი ისე, რომ მიიღონ ის, რაც უფროსებისგან სჭირდებათ. პატარებს შეუძლიათ ბევრი რამ გააკეთონ მშობლების ყურადღების მისაპყრობად და თუ ქცევას არ შევიცვლით, ისინი გვაიძულებენ, რომ შევიცვალოთ. უახლოეს წლებში, ალბათ, მეტ ისტერიკას ვნახავთ სკოლამდელი ბავშვებისგან, რაც ცუდი სულაც არაა. ყველაზე ცუდ სცენარში ბავშვები უბრალოდ დანებდებიან. ტანგოს ორი ადამიანი სჭირდება და ბავშვთა სახლებში ჩატარებული კვლევები გვაჩვენებს, რომ გამუდმებული უგულებელყოფის ფონზე, ბავშვებსაც შეუძლიათ, ხელი ჩაიქნიონ ინტერაქციაზე.
სიმართლე ისაა, რომ რეალურად არ ვიცით, რამხელა ზიანს ვაყენებთ ბავშვებს, როცა მათთან ურთიერთობაში არ ვერთვებით.
რა თქმა უნდა, არსებული სიტუაციით მშობლებიც არასახარბიელო პოზიციაში არიან. ადამიანების დიდმა ნაწილმა ცხოვრება იმ მრავლისმეტყველი დაპირების გარშემო ააწყო, რომლის თანახმადაც "ყოველთვის ხაზზე იქნება" - ყოველთვის იმუშავებს, ყოველთვის დაეკონტაქტება მეუღლეს, მშობლებს და ყველას, ვისაც მასთან დაკავშირება მოუნდება. ამავე დროს, არ გამოაკლდება სიახლეებს და მანქანისკენ მიმავალ გზაზე, ისიც გაახსენდება, რომ ამაზონიდან ვიტამინები აქვს გამოსაწერი ბავშვებისთვის. ჩვენ ჩაკეტილ წრეში ვართ.
ასეთ დროს ბევრად ადვილია იმაზე ღელვა, რა დროს ატარებენ ბავშვები ეკრანებთან, ვიდრე საკუთარი მოწყობილობების გადადება. ეს სრულიად გასაგებია. იმავე ტენდენციას ვხედავთ, როცა შინაური ცხოველების მძიმეწონიანი პატრონები მეტს ღელავენ იმაზე, სწორად იკვებება თუ არა მათი ფრანგული ბულდოგი, ვიდრე იმაზე, რას ჭამენ თვითონ. ეს კლასიკური პროექციაა - თავდაცვითი მექანიზმი, რომლის დროსაც საკუთარი "მარცხის" გადატანა სხვაზე ხდება.
ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ თუ ცოტა ხნით მოვწყდებით ერანებს, მივხვდებით, რომ ბავშვებისთვის მეტის გაკეთება შეგვიძლია ნაკლები ძალისხმევით - იმის მიუხედავად, რა ხარისხის განათლებას აძლევენ მათ სკოლაში და რამდენ საათს ვატარებთ მათთან.
მშობლებმა უარი უნდა თქვან ახირებაზე, რომ ყველა ადამიანისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნებიან. მიეცით ბავშვებს "ფლომასტერები", თუ მათგან დასვენება გჭირდებათ. ნუ წახვალთ ფეხბურთის მორიგ მატჩზე, თუ ძალიან გეზარებათ, მაგრამ როცა ბავშვი ახლოსაა, უბრალოდ გადადეთ მობილურები.
-
როგორ შეცვალა რადიაციამ ჩერნობილის მგლები როგორ შეცვალა რადიაციამ ჩერნობილის მგლები
გადახედვა
-
ტრამპმა ეროვნული სამეცნიერო საბჭოს 24-ვე წევრი თანამდებობიდან გაათავისუფლა ტრამპმა ეროვნული სამეცნიერო საბჭოს 24-ვე წევრი თანამდებობიდან გაათავისუფლა
გადახედვა
-
ნახეთ: House of the Dragon-ის მესამე სეზონის ახალი ტრეილერი გამოვიდა ნახეთ: House of the Dragon-ის მესამე სეზონის ახალი ტრეილერი გამოვიდა
-
რამდენად გვეხმარება AI ექიმის ნაცვლად? — მოწინავე სამედიცინო ჟურნალი რისკებზე გვაფრთხილებს რამდენად გვეხმარება AI ექიმის ნაცვლად? — მოწინავე სამედიცინო ჟურნალი რისკებზე გვაფრთხილებს
გადახედვა
-
OpenAI-მ თავდასხმის შესახებ იცოდა, თუმცა პოლიცია არ გააფრთხილა — ალტმანი ბოდიშს იხდის OpenAI-მ თავდასხმის შესახებ იცოდა, თუმცა პოლიცია არ გააფრთხილა — ალტმანი ბოდიშს იხდის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
-
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პროკურატურას მიმართავენ დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პროკურატურას მიმართავენ
გადახედვა
-
აფგან სადიგოვმა ASAN Xidmət-ის ცენტრს უცხოეთის პასპორტის მისაღებად მიმართა აფგან სადიგოვმა ASAN Xidmət-ის ცენტრს უცხოეთის პასპორტის მისაღებად მიმართა
გადახედვა
-
რა იცვლება ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვასთან დაკავშირებით? რა იცვლება ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვასთან დაკავშირებით?
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ ანტონ ჩეჩინის 8.5-წლიანი განაჩენი უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომ ანტონ ჩეჩინის 8.5-წლიანი განაჩენი უცვლელი დატოვა
გადახედვა
-
გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: "მინდა გამოვხატო ჩემი უდიდესი პატივისცემა ქუთაისელების მიმართ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების მხარდასაჭერი სოლიდარობის აქციის გამო! ელენე ხოშტარია: "მინდა გამოვხატო ჩემი უდიდესი პატივისცემა ქუთაისელების მიმართ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების მხარდასაჭერი სოლიდარობის აქციის გამო!
გადახედვა
-
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: EU საკუთარი ოჯახის წევრობას არავის აიძულებს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: EU საკუთარი ოჯახის წევრობას არავის აიძულებს
გადახედვა
-
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა I მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა I მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას
გადახედვა
-
ჰარუკი მურაკამი პირველად გამოსცემს რომანს ქალი მთავარი გმირით ჰარუკი მურაკამი პირველად გამოსცემს რომანს ქალი მთავარი გმირით
გადახედვა
-
სილქ დეველოპმენტი მელიქ-აზარიანცის სახლის რეაბილიტაციას განაგრძობს სილქ დეველოპმენტი მელიქ-აზარიანცის სახლის რეაბილიტაციას განაგრძობს
-
ნიკა მელია: გამოუცნობია, როგორ ხერხდება ამბიციური პოლიტიკოსის, NGO-სა თუ საჯარო პირების მიერ, რომლებიც მომავალში ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობის აღებაზე სამართლიანად ფიქრობენ, რომ წელიწადში ათჯერ მოხვდნენ ბრიუსელში და არც ერთხელ ზუგდიდში?! ნიკა მელია: გამოუცნობია, როგორ ხერხდება ამბიციური პოლიტიკოსის, NGO-სა თუ საჯარო პირების მიერ, რომლებიც მომავალში ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობის აღებაზე სამართლიანად ფიქრობენ, რომ წელიწადში ათჯერ მოხვდნენ ბრიუსელში და არც ერთხელ ზუგდიდში?!
გადახედვა
-
ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა აზიანებს საქართველო-EU-ის პარტნიორობას — საგარეო უწყება ჰერჩინსკის დაბარებაზე ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა აზიანებს საქართველო-EU-ის პარტნიორობას — საგარეო უწყება ჰერჩინსკის დაბარებაზე
გადახედვა
-
ისრაელში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილს ბექა დვალის კანდიდატურა წარედგინა ისრაელში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილს ბექა დვალის კანდიდატურა წარედგინა
გადახედვა
-
რუსეთის საგარეო უწყებამ გერმანიის ელჩი დაიბარა — მოსკოვი ბერლინს ტერორიზმის მხარდაჭერაში ადანაშაულებს რუსეთის საგარეო უწყებამ გერმანიის ელჩი დაიბარა — მოსკოვი ბერლინს ტერორიზმის მხარდაჭერაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: მივაღწიეთ შეთანხმებას ქართველ პარტნიორებთან საქართველოსთან საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებით ნიკოლ ფაშინიანი: მივაღწიეთ შეთანხმებას ქართველ პარტნიორებთან საქართველოსთან საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებით
გადახედვა
კომენტარები