ია სუხიტაშვილი ოჯახზე, კარიერასა და ქალთა უფლებებზე
მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი კინოკრიტიკოსები, ჟურნალისტები და უმაღლესი კლასის ფესტივალის ორგანიზატორები, ამბობენ, რომ ქართულ კინოში ახალი ტალღა დაიწყო. ამას მოწმობს ის ჯილდოები და პრიზები, რომლებიც ჩვენს რეჟისორებსა თუ მსახიობებს უცხოური დაჯილდოებებიდან ჩამოაქვთ. ქართული თანამედროვე კინოს ისტორიაში კი გვყვავს ერთი მსახიობი, რომელიც თითქმის ყველა სახელგანთქმულ ფილმში ასრულებს როლს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი, ეროვნული კინოს ნამდვილი ვარსკვლავია.
ია სუხიტაშვილი ქართველი მაყურებლის ძირითად ნაწილს, შესაძლოა, ახსოვდეს სერიალიდან "ცხელი ძაღლი", თუმცა მსახიობი ამ პერიოდს მაინცდამაინც კარგად არ იხსენებს. სამაგიეროდ უკვე წლებია რაც მსახიობი კინოსა თუ თეატრში ერთმანეთზე საინტერესო პერსონაჟებს ქმნის.
ოჯახი
ცოტა ხნის წინ ბავშვი შემეძინა და რომ ვთქვა, ცხოვრება არ შემცვლი-მეთქი, არ იქნება მართალი. დაცდილი მაქვს თითქოს, ჩემი შვილები კარგი ფეხით შემოდიან ჩემს ცხოვრებაში, ლუკაც რომ გაჩნდა ჩემი შემოქმედებითი პროცესი სულ სხვანაირად წავიდა, დიდი წარმატებისკენ. მაგალითად, ყველა როლს სხვანაირად მივუდექი, უფრო სიღრმისეულად ვუდგები. იკას (მეორე შვილი) შემთხვევაშიც ბევრად უფრო სხვა ხასიათი შეიძინა ყველაფერმა და მივხვდი, რომ რაც უფრო დიდ ასაკში აჩენ ბავშვს, ბევრად უფრო სხვანაირი, ბევრად უფრო ტკბილია ყველაფერი. ამ დროს უფრო გაანალიზებული მომართული ხარ. პირველი შვილის გაჩენის შემდეგ, გულწრფელად რომ ვთქვა, უფრო მინდებოდა გარეთ გასვლა, მეგობრებთან გართობა, ახლა ეს მომენტი აღარ მაქვს, მივხვდი რომ რეალურად სადაც ვისვენებ, ეს ჩემი ოჯახია. რაც მთავარია, კარგად ვანაწილებ დროს ოჯახშიც და კარიერაშიც. აქტიურად ვთამაშობ სპეკტაკლებს, დამეწყო ახალი გადაცემის ჩაწერები, მაქვს რამდენიმე შემოთავაზება კინოშიც და ა.შ.
ბერლინალე და "ჰორიზონტი"
დატვირთული გრაფიკის გამო, სამწუხაროდ, ბერლინში წასვლა ვერ მოვახერხე, მაგრამ როგორც ჩემი იქ მყოფი კოლეგები მეუბნებიან, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, კრიტიკამაც და მაყურებელმაც კარგად მიიღო ფილმი. ოთხივე ჩვენებაზე ყველა ბილეთი გაყიდული იყო. კარგი რეცენზიები დაიწერა, მიხარია რომ ჩემზეც დადებითად წერენ. როგორც მითხრეს, იქაურ ჟურნალისტებს ახსოვდათ კოღუაშვილის “შემთხვევითი პაემნები” და ჩემი პერსონაჟი, რომელიც რამდენიმე წლის წინ იყო ჩავიტანეთ ბერლინალეზე. “ჰორიონტს” წინ დიდი საფესტივალო ცხოვრება ელოდება და იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის. ზოგადად ძალიან უცნაური ფილმი აღმოჩნდა, გადაღებების დროს გავიგეთ, რომ მეც ორსულად ვიყავი, ოპერატორის მეუღლეც და მერე უკვე შევიტყვეთ, რომ თიკოც (რეჟისორი) ფეხმძიმედ იყო.
კარიერა
თატრალურში სწავლისას სულ მქონდა პროტესტი, როდესაც ჩვენთან ერთად აჰყავდათ სარეჟისორო ჯგუფი. მაინტერესებდა რატომ იღებდნენ ისინი ფილმებში თავიანთ ჯგუფელებს და არ ჰქონდათ უშუალო თანამშრომლობა ჩვენთან, მსახიობებთან. ეს ჩვენთვისაც კარგი იქნებოდა და მათთვისაც, რადგან შევეჩვეოდით კამერის წინ მუშაობას, ისინი კი - მსახიობთან. სამწუხაროდ ჩვენთან კინოზე თუ სერიალზე მუშაობის დროს, ხშირად, ცუდი მიდგომა აქვთ. სამწუხაროდ ჩვენთან ძალიან ბევრ კარგ მსახიობს არ გაუმართლა, ვერ მოახერხეს კამერის წინ მუშაობა და ვერც ახლა ახერხებენ რადგან არც სწავლის პროცესში და არც მას შემდეგ პრაქტიკის გავლა ვერ მოახერხეს. კოლეგებმა არ მიწყინონ, მაგრამ ბევრისგან ისიც მსმენია, რომ უყურებენ ფილმებს და იქიდან სწავლობენ თამაშს და ეს არ არის სწორი. მსახიობობას ასე თეორიულად ვერ ისწავლი. მე გამიმართლა, 2003 წელს მომიწია პეტერბურგში, ლენფილმში ჩასვლა, ყველაფერი ძალიან უცნაური იყო. დამირეკეს, მითხრეს ამა და ამ დროს ჩამოდით, მოდი სტუდიაში და დაგხვდებათ ოლგა. წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო ოლგა ან რატომ უნდა ჩავსულიყავი. მაინც წავედი და მართლა დამხვდა ვინმე ოლგა, რომელმაც ალექსეი გერმანთან წამიყვანა სინჯებზე. შემდეგ დამამტკიცეს როლზე და მითხრეს, რომ შვიდი თვე მომიწევდა რუსეთში ყოფნა. მაშინ რუსთაველის თეატრში რემონტი იყო და არაფერი არ ხდებოდა, ჩავალაგე ბარგი და წავედი. თუმცა წინასწარ გავაფრთხილე რეჟისორი, რომ მანამდე არსად არ მქონდა მიღებული მონაწილეობა, კინოგადაღებას ვგულისხმობდი. მართალია, ცხელ ძაღლში ნათამაშები მქონდა, მაგრამ ეს პერიოდი ძალიან ცუდად მახსენდება, რადგან ყველაფერი ჩქარ-ჩქარა ხდებოდა, არც ერთი რეჟისორი არ ცდილობდა პერსონაჟისთვის და მსახიობისთვის დრო დაეთმო. ამიტომ ვთვლიდი, რომ კამერის წინ მაინც, ჩემი პირველი გამოჩენა სწორედ ამ ფილმში მოხდებოდა. ალექსეი გერმანმა თავისი ასისტენტი გამოუშვა ჩემთან და მასთან ერთად გავდიოდი ყოველდღე რეპეტიციას, შესაბამისად, ხმამაღლა შემიძლია იმის თქმა, რომ ბევრი სერიოზული მასტერკლასი იქ გავიარე და ვისწავლე უამრავი პატარა დეტალი. რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ აქტიურად ვიყავი დაკავებული თეატრში, 2007 წელს გავაჩინე პირველი შვილი და ამის შემდეგ აქტიურად დავიწყე კინოკარიერაც. თუ მკითხავენ, რა განსხვავებაა თეატრში, კინოსა და სერიალში თამაშზე, ვიტყვი, რომ საბოლოოდ ყველაფერი შეგრძნებებზეა დამოკიდებული, თუ ეს შეგრძნებები გაქვს, ერთნაირად კარგი იქნები ყველგან.
რეჟისორები
მიყვარს რეჟისორები, რომლებსაც შეუძლიათ მოგისმინონ. შეიძლება ძალიან მაგარი რეჟისორი იყო, მაგრამ ისეთი დეტალი გაგეპაროს და ვერ შენიშნო, რასაც მსახიობი შენიშნავს და გეტყვის. ძალიან კარგი და კომფორტული იყო რუსუდან ჭყონიასთან მუშაობა, ასევე რუსუდან გლურჯიძესთან, რომელიც აბსოლუტურად გენდობა, ლევან კოღუაშვილი, რომელიც სულ გისმენს და მასთან ერთად გადასაღებ მოედანზე უდიდესი სიამოვნებაა, ასეთია გიგიშა აბაშიძეც, რომლის სადებიუტო ფილმიც სულ მალე გამოვა. თუმცა არიან რეჟისორები, რომლებსაც საერთოდ არ უნდათ შენი მოსმენა და ისეთებიც, რომლებმაც იმდენად ზუსტად იციან რა სურთ, რომ შენ, მსახიობი ენდობი, ეხუტები და ეუბნები - რაც გსურს ის გამაკეთებინე, აი, ასეთია ანა ურუშაძე, რომელმაც ყოველთვის იცი რა სურს - არც მეტი და არც ნაკლები. ვგიჟდები ნანა ექვთიმიშვილზე, რომელსაც თავისი, გამორჩეული ხელწერა აქვს და ეს ჩვენს სფეროში ბევრს ნიშნავს, სწორედ ამიტომ მასთან მუშაობა ჩემი დიდი სურვილია და რატომღაც გული მიგრძნობს, რომ ოდესმე აუცილებლად შევხვდებით გადასაღებ მოედანზე.
სერიალი და კინო
ხშირად გამიგია კრიტიკა სერიალების მიმართ, მაგრამ ვაღიაროთ, დღეს სერიალები ისეთი დოზით შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში როგორც არასდროს. თან უბრალო და უინტერესო კი არა, პირიქით ერთმანეთზე უკეთესი და მაღალი ხარისხის, რომლებიც თავისი სიუჟეტიდან გამომდინარე ძალიან ბევრ ფილმსაც კი სჯობიან. უამრავ ამერიკულ სერიალს ვუყურებ და სიმართლე გითხრათ, რაღაც დოზით მხატვრული ფილმების ჩართვის და ყურების ნაცვლად, ახალ-ახალ სერიალებს ვიწყებ. ყოველთვის აღფრთოვანებული ვარ ქეით უინსლეტისა და ლეონარდო დიკაპრიოს სამსახიობო ოსტატობით, რასაც ისინი აკეთებენ, განსაკუთრებით თუ ერთად თამაშობენ, არის ის რაც ზედმეტ საუბარს აღას საჭიროებს. საოცარი მსახიობია ქეით ბლანშეტიც, რომელიც დიდი სიფაქიზითა და სიფრთხილით ეკიდება ყველა როლს, შესაბამისად ყველა ჟანრში სხვადასხანაირია. არაჩვეულებრივი გოგოა ჯენიფერ ლოურენსიც, რომელიც ძალიან ნიჭიერია და აქვს დიდი შანსი გახდეს კინოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობი. რა თქმა უნდა ეს სია სრულყოფილი ვერ იქნება მერილ სტრიპის გარეშე, მაგრამ ეს მსახიობი უკვე აღარც განიხილება, რა უნდა ვთქვა ახალი?! არანორმალურია, შეშლილი, საუკეთესოა, ფენომენია. ჯოდი ფოსტერის სიტყვებს მოვიშველიებ - ეს ქალი ჩვეულებრივი ქარხანა, რომელიც ერთმანეთზე უკეთეს როლებს უშვებს.
ოცნების როლი
ახლა რომ ვთქვა, ჩემი ოცნების როლი - ანა კარენინა ან ჟანა დ’არკია-მეთქი, სასაცილო იქნება. ოცდამეერთე საუკუნეა, გარშემო იმდენი რამე ხდება, პატარა დეტალებიდანაც კი ისეთი გიჟური როლების შექმნა შეიძლება, რომ რა დროს ჟანა დ’არკი და ანა კარენინაა?
ქალთა უფლებები
ერთ მარტივ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, თუ ადმაიანი თავის ძალას და გავლენას სხვებზე ძალაუფლების მოსაპოვებლად, მათ დასამცირებლად იყენებს, ეს კრიმინალია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ისიც, რაც ჩვენთან ხდება - ამდენი მკვლელობა, ქალებზე ძალადობა, ჭკუიდან მშლის. აღარ ვიცი უკვე, რა შეიძლება გავაკეთოთ. თან ერთი და ორი ისტორია კი არა, ათსობით ასეთი ამბავია ჩვენს გარშემო, რომელი ჰოლივუდი და მსახიობები გინდა? ცხვირწინ ხდება ისეთი ისტორიები, რომ გული გაგისკდება. თუ ხარ ძალადობის მსხვერპლი, თუ გცემენ, გავიწროვებენ, გჩაგრავენ, მესმის რომ რთულია ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ წადი, უბრალოდ ადექი და წადი. არ აპატიო, ერთხელაც კი, რადგან ერთხელ თუ უკან მიბრუნდები, ერთხელ თუ შენზე ძალადობას სიყვარულის სახელით გაამარღლებ, სავალალო, ფატალურ შედეგებამდე მიგიყვანს. ქალები ვართ და ძლიერები ვართ, ამიტომ ყველამ უნდა დავიწყოთ ხმამაღლა საუბარი, უნდა გავბედოთ ყველა ქალმა და ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ის საშინებელა, რაც ჩვენს გარშემო ხდება.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა