აქცია-მსვლელობა ტყიბულელი მეშახტეების მხარდასაჭერად
"სოლიდარობა ტყიბულს!" - ამ სლოგანით გაიმართა თბილისში ტყიბულელი მეშახტეების მხარდასაჭერი აქცია.
მსვლელობის ორგანიზატორი აუდიტორია #115 იყო. აქციას შრომის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და სტუდენტური ჯგუფებიც შეუერთდნენ.
ლევან ლორთქიფანიძე, აუდიტორია #115-ის წევრი: "ჩვენი საზოგადოება დასერილია ნაპრალებით, ბზარებით, ჭრილობებით ამ გარდაცვლილი ადამიანების სახით. ამ ბზარების ჭრილობების და ნაპრალების ამოვსება მხოლოდ სოლიდარობას შეუძლია. ამ ადამიანებს სოლიდარობა აერთიანებთ, რომელიც გამოიხატება გლოვაშიც და ბრძოლაშიც".
ჯოზენ ალექსანდრე სმიტი, აქტივისტი: "დროა პროტესტის რადიკალურ ფორმებზე გადავიდეთ, რათა მივიღოთ ნორმალური, ევროპული პროგრესული შრომითი კანონმდებლობა"
აქცია-მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოდან დაიწყო და საქართველოს პარლამენტთან დასრულდა.
აქციის ორგანიზატორების თქმით, ტყიბულის შახტაში 6 მუშის დაღუპვაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება.
აქტივისტებმა ორი მოთხოვნა გააჟღერეს:
- გადაგდეს დიმიტრი ქუმსიშვილი დაკავებული პოლიტიკური თანამდებობიდან და მთავრობის ეკონომიკის გუნდმა არსებითად გადახედოს მის ეკონომიკურ პოლიტიკას.
- აუცილებელია ხელისუფლებამ შეიმუშაოს ტყიბულის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ალტერნატიული გეგმა.
სოლიდარობის აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც აქტივისტებმა რუსთაველის გამზირის ორმხრივი მოძრაობის გადაკეტვა სცადეს. პოლიციამ აქციის მონაწილეების გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცა.
აქტივისტებმა გზის სავალ ნაწილზე დასხდომისა და აქციის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა პროცესი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
პოლიციამ აუდიტორია #115-ის ხუთი აქტივისტი დააკავა. მათ ბრალად ხულიგნობა და პატრულისადმი დაუმორჩილებლობა ედებათ.
აუდიტორია #115-მა მომავალი კვირიდან საპროტესტო კამპანია დააანონსა.
სოლიდარობის აქცია სიმბოლური პერფორმანსით დასრულდა. აქტივისტებმა სანთლები დაანთეს და დაღუპული მეშახტეების ხსოვნას პატივი ამ ფორმით მიაგეს.
2018 წლის 5 აპრილს ტყიბულის შახტში ნგრევის შედეგად 6 მეშახტე დაიღუპა – 3 კი დაშავდა. მხოლოდ ტყიბულის მაღაროებში, გასულ 15 თვეში გარდაიცვალა 11 ადამიანი.
ამავე თემაზე:
კომენტარები