უკრაინულმა დრონებმა ღამით რუსეთში მდებარე სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანეს. იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა მსხვილი რუსული ელექტრონული კომერციის კომპანია Ozon-ის ლოგისტიკურ ცენტრშიც. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

სარატოვის ოლქის გუბერნატორმა, რომან ბუსარგინმა რეგიონში დრონების საფრთხის შესახებ დაახლოებით 02:00 საათზე განაცხადა.

"საფრთხის ზონებში, შესაძლოა, ჩაირთოს ადგილობრივი განგაშის სისტემები. ყველა საგანგებო სამსახური სრულ მზადყოფნაშია", — თქვა მან.

Telegram-არხები ასევე იტყობინებოდნენ ხანძრის შესახებ Ozon-ის ლოგისტიკურ ჰაბში. აფეთქებების ხმა ისმოდა სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსშიც.

მოგვიანებით კომპანია Ozon-ის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ დრონები თავს დაესხნენ მათ ლოგისტიკურ ცენტრსა და მიწოდების ჰაბს სარატოვში.

"სარატოვში მდებარე ჩვენს ლოგისტიკურ ცენტრსა და მიწოდების ჰაბზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში განხორციელდა. ჩვენ ოპერატიულად მოვახერხეთ თანამშრომლების ევაკუაცია. პირველადი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის. ადგილზე გაჩნდა ხანძარი და საგანგებო სამსახურები მუშაობენ", — აღნიშნულია Ozon-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.