რას გულისხმობს სავაჭრო ობიექტების სავალდებულო დაზღვევა - მოკლედ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

უკვე ერთი კვირაა სავაჭრო ობიექტებში პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ამოქმედდა. პირველი მარტიდან ობიექტის მფლობელი ვალდებულია დააზღვიოს პასუხისმგებლობა იმ მესამე პირის მიმართ, რომლებიც მის ბიზნესსივრცეში კომერციული საქმიანობითაა დაკავებული ან მომხმარებელია.

სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა, რომელიც მასობრივი თავშეყრის ობიექტის მფლობელის მიერ მესამე პირებისთვის ზიანის ანაზღაურების საკითხებს აგვარებს, დღის წესრიგში ხანძრების ქრონიკის შემდეგ დადგა. ბავშვთა სამყაროში, სასტუმრო ლეოგრანდისა და ელიავას ბაზრობაზე გაჩენილმა ხანძრებმა კანონპროექტის შემუშავებისა და მთავრობის სხდომაზე დამტკიცების პროცესი დააჩქარა. ბოლო ხანძარი კი კანონის ამოქმედებამდე 2 დღით ადრე მოხდა. თბილისში სავაჭრო ცენტრ თერგს ხანძარი 27 თებერვალს გაუჩნდა.

რას გულისხმობს პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა?

მასობრივი თავშეყრის ობიექტის მფლობელი ვალდებულია იყიდოს პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა, სადაზღვეო კომპანია კი ვალდებულია აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მესამე პირისათვის მიყენებული ზიანი. ბიზნესობიექტი დაზღვევას ორი მიმართულებით ყიდულობს. ესენია ქონებისა და ჯანმრთელობის პასუხისმგებლობის დაზღვევა.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი კონსტანტინე სულამანიძე On.ge-სთან აცხადებს, რომ კანონში ძირითადი აქცენტი მასობრივი თავშეყრის ობიექტებზეა.

მასობრივი თავშეყრის ადგილებია: სავაჭრო სივრცე, ბაზრობა, ავტოგასამართი/აირგასამართი სადგური და სასტუმრო. მესამე პირებად კი მიიჩნევიან ის ადამიანები, რომლებიც ობიექტში კომერციული საქმიანობით არიან დაკავებულები ან ობიექტზე სხვა მყოფი პირი.

როგორ ანაზღაურდება ზარალი?

ასანაზღაურებელი ლიმიტები ბაზრობების, სასტუმროებისა და აირ და ბენზინგასამართი სადგურების შემთხვევაში განსხვავებულია.

მაგალითად, სავაჭრო ცენტრის/ბაზრობის შემთხვევაში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანზე სავალდებულო სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისის წლიური ღირებულება 300 000 ლარია.

ამ თანხით თითოეული შემთხვევის დროს:

  • ერთ დაზარალებულს სიცოცხლისათვის მიყენებულ ზიანი 30 000 ლარით აუნაზღაურდება, ხოლო ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანი - 15 000 ლარით;
  • ქონებისთვის მიყენებული ზარალის შემთხვევაში, ერთი პირი მიიღებს თანხას არაუმეტეს 15 000 ლარისა;
  • სადაზღვევო კომპანიის მხრიდან კი ერთ ბიზნესობიექტზე ანაზღაურების მაქსიმალურ თანხად 15 მილიონი ლარია.

"15 000 ლარს მივიჩნიეთ იმ კრიტიკულ თანხად, რომელიც სოციალურად დაბალი ფენის მოვაჭრისთვისაა მნიშვნელოვანი. თუ მოვაჭრეს 15 000 ლარზე მეტი საქონელი აქვს, მან თავისი ქონების დაზღვევაზე თვითონ უნდა იზრუნონ", - განაცხადა კოტე სულამანიძემ.

ზარალის ასანაზღაურებლად სადაზღვევო კომპანიისთვის ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენაა საჭირო. დოკუმენტების წარდგენა საჭიროა შემთხვევის დადგომიდან 60 დღის ვადაში. მზღვეველი კი ვალდებულია, რომ ზიანი ყველა საჭირო დოკუმენტის მიღებიდან 30 დღეში აანაზღაუროს.

თუ დაზარალებული მიყენებული ზიანის ოდენობის დამადასტურებელ დოკუმენტს ვერ წარადგენს, მზღვეველი აანაზღაურებს ზიანს ერთჯერადი სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის გზით. ამ წესით, თითოეული დაზარალებული თითოეულ დაქირავებულ კვადრატულ მეტრზე 500 ლარს მიიღებს, თუმცა ჯამში ეს თანხა 3 000 ლარზე მეტი არ იქნება.

როგორ ხდება პასუხისმგებლობის დაზღვევის ყიდვა?

სადაზღვევო კომპანიები ბიზნესობიექტებს პასუხისმგებლობის ყიდვისას განსხვავებულ პაკეტებს სთავაზობენ. სადაზღვევო პაკეტის თანხობრივი ლიმიტის დადგენის წესი კი ყველა ობიექტზე ერთნაირია.

განვიხილოთ სავაჭრო ცენტრის მაგალითზე, სადაც 100 მოვაჭრეა. ობიექტს მის ტერიტორიაზე დასაქმებული თითოეული მოვაჭრის მიმართ მაქსიმუმ 15 000 ლარის პასუხისმგებლობა აქვს. შესაბამისად, მან უნდა იყიდოს 100 მოვაჭრის შესაბამის დაზღვევა 1 500 000 ლარის ოდენობით.

თუ მოვაჭრე თავად დააზღვევს საკუთარ ქონებას ობიექტის მფლობელი ამ ვალდებულებისგან მხოლოდ ქონების ნაწილში თავისუფლდება.

"პირობითად, თუ ჩემი 100 მოვაჭრიდან 99 დაზღვეულია მე მხოლოდ 15 000-იან ლიმიტს ვყიდულობ ანუ ერთ მოვაჭრეს ვამრავლებ 15 000-ზე. ეს მიდგომა უცხო არ არის. საერთაშორისო პრაქტიკაა", - განმარტავს კოტე სულამანიძე.

ბიზნესოპერატორებმა გადასახადის თავიდან აცილების მიზნით, დაიწყეს მოლაპარაკება თავიანთ სავაჭრო ობიექტში მყოფ სუბიექტებთან, რათა დააზღვიონ საკუთარი ქონება. სავაჭრო ცენტრმა პასაჟი მოვაჭრეებს ქონების დაზღვევის ვალდებულება ხელშეკრულებით განუსაზღვრა. როგორც მოვაჭრეები On.ge-სთან განმარტავენ, ჩანაწერს ულტიმატუმის სახე აქვს: "თუ შენ არ დააზღვევ, მე პასუხს არ ვაგებ“.

სადაზღვევო კომპანიები არ აკონკრეტებენ თუ რა ტიპის პაკეტებს სთავაზობენ ბიზნესოპერატორებს. მათი განმარტებით, ბაზრობებს, სადაც არ არის დაცული უსაფრთხოება და რისკი მაღალია, დაზღვევის შეძენა გაცილების ძვირი დაუჯდებათ, ვიდრე ობიექტებს, სადაც სახანძრო უსაფრთხოება და ინფრასტრუქტურა გამართულია.

"რისკები დაკავშირებულია როგორც სასაქონლო მარაგების დანაკარგებთან, ასევე, ბაზრობის ინფრაქტრუქტურასთან და მესამე პირებთან, რომელიც ამ ინფრაქტრუქტურით სარგებლობს. დაზღვევა სამივე მიმართულების რისკს ფარავს", - განუცხადა სადაზღვევო კომპანია ალფას გენერალურმა დირექტორმა კახაბერ დიასამიძემ On.ge-ს.

რა მდგომარეობაა ბაზრებზე კანონის ამოქმედებიდან ერთ კვირაში?

220 ბაზრიდან, ნაწილმა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა უკვე შეიძინა, ნაწილი კი სადაზღვევო კომპანიებთან შეთანხმებას ვერ ახერხებს. მათ შორის ვინც დასაქმებულებთან ვერ შეთანხმა შპს ბარაქა და შპს თერგია.

პრობლემა ე.წ. სადახლო სისტემაა. მოვაჭრეებს არ აქვთ ოფიციალური დოკუმენტაცია, რომელსაც წარადგენენ და ზარალს აინაზღაურებენ. სადახლო სისტემა და ბაზრობების შენობის ინფრასტრუქტურა ქმნის რისკებს, რაც ბიზნესობიექტებს სადაზღვევოსთვის გადასახდელ ყოველთვიურ თანხას უძვირებს.

შპს ბარაქას ადმინისტრაციულმა მენეჯერმა, ზაქრო ნოზაძემ On.ge-ს განუცხადა, რომ მას ჯერ სადაზღვევო კომპანიასთან ხელშეკრულება არ გაუფორმებია და შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, დაზღვევის საფასურის გადახდას მოვაჭრეების დახმარებით აპირებს:

"ჩემს ბიზნესობიექტზე დოკუმენტაციას ვერავინ წარადგენს. სადაზღვევო კომპანია მავალდებულებს, რომ დავაზღვიო, მაგრამ ის თუ ჩემს მოვაჭრეებს არ მოელაპარაკა სხვანაირად არ გამოვა. მე მათ ყველაფერს ვუხსნი.

- მოვაჭრეები მესამე პირები არიან და საერთოდ არ ეხებათ ეს საკითხები.. რატომ უნდა აუხსნათ მათ გადახდის პირობები?

"ეს თანხა მე ხომ არ უნდა გადავიხადო? უნდა ამოვიღო მოვაჭრეებისგან."

- ანუ გადასახადს უძვირებთ?

"არაფერს არ ვუძვირებ. მაგალითად, კვადრატულ მეტრზე გამოდის 5 ლარი და კვადრატების შესაბამისად გადაიხდიან. ყველა ხელშეკრულება კაბალური და გაურკვეველია. არ არის მითითებული რაზე მაზღვევს, რაზე იღებს პასუხისმგებლობას. მოვაჭრეების 80 პროცენტი არ იქნება თანახმა იმ პირობებზე, რასაც სადაზღვევო კომპანია გვთავაზობს. თუ მოვაჭრეები არ დათანხმდნენ თანხების გადახდას იძულებული ვიქნები, რომ მე გადავუხადო სადაზღვევო კომპანიას."

მოვაჭრეების ნაწილი პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ ინფორმაციას ფლობს. ნაწილისთვის ცვლილების დეტალები გაუგებარია. არც ის იციან, როგორ უნდა გამოიყენონ კანონით მინიჭებული პრივილეგიები და მოითხოვონ ზარალის ანაზღაურება.

შპს ბარაქას მოვაჭრეების ნაწილი, რომელმაც On.ge-სთან საუბრისას ვინაობის გამხელა არ ისურვა აცხადებს, რომ ბაზრების დირექტორებმა მათ დაზღვევის გამო დამატებითი გადასახადის შესახებ აცნობა.

"გვითხრეს, რომ დაზღვევა სავალდებულო გახდა და ყოველთვიურად კონკრეტული თანხა უნდა გადავიხადოთ, სხვა დეტალები ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია", - იხსენებს დირექტორთან საუბარას ერთ-ერთი მოვაჭრე.

მათი თქმით, აქვთ მოლოდინი, რომ ბიზნესის ხარჯის ზრდის პარალელურად მათ იჯარის გადასახადი გაეზრდებათ:

"სულ ასე ხდება... ახლაც, ისევ ჩვენიდან შეეცდებიან თავისი პასუხისმგებლობის ფულის გადახდას".

არიან მოვაჭრეები, რომლებსაც დეტალების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. ჰგონიათ, რომ დოკუმენტების არ ქონის შემთხვევაშიც კი, ზარალი არა მაქსიმუმ 3 000 ლარით, არამედ სრულად აუნაზღაურდებათ.

"ჩვენ გვითხრეს, რომ ქონებას სრულად ვაზღვევთ და ყოველთვიური გადასახადიც ამას უკავშირდება", - უყვება On.ge-ს კიდევ ერთი დასაქმებული დაზღვევის პირობების გაცნობამდე. მას შემდეგ, რაც ამ დასაქმებულმა დაზღვევის პირობები შეიტყო დამოკიდებულება შეეცვალა:

"მე არ ვიცოდი, რომ არც თანხის გადახდის ვალდებულება მაქვს და არც სრულ ქონებას ამინაზღაურებენ, თუ შესაბამისი დოკუმენტები არ წარვადგინე. სადახლო სისტემის მქონე მოვაჭრეებს კი ჩვენი ქონების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ გვაქვს. კვადრატულობის მიხედვით აღებული თანხა კი არად გვიღირს".

სავაჭრო ცენტრმა პასაჟი პასუხისმგებლობის დაზღვევა უკვე შეიძინა. დირექტორის, ნიკოლოზ საღარაძის თქმით, ის იჯარის გაძვირებას არ აპირებს:

"ზოგიერთმა ბიზნესოპერატორმა გადაწყვიტა, რომ იჯარის თანხა გაზარდოს. მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ჩვენს შემთხვევაში ასე არ მოხდება".

რა სანქციებია გათვალისწინებული?

გათვალისწინებული ვალდებულების აღსრულების მონიტორინგს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან ერთად სადაზღვევო კომპანიები და შემოსავლების სამსახური ატარებს.

სანქციები ჯერჯერობით ძალაში არ შესულა. შემუშავებულია ბრძანება საკანონდებლო დონეზე, რომლის მთავრობის სხდომაზე გატანაც იგეგმება. თუ ბაზრობის ოპერატორი პასუხისმგებლობის დაზღვევას არ იყიდის პირველ ჯერზე 1 000 ლარით დაჯარიმდება, ყოველ განმეორებით შემთხვევაზე კი - 5 000 ლარით.

პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღებით, ხელისუფლება ფიქრობდა, რომ ბიზნესს ქონების დაზღვევის მოტივაციას გაუჩენდა. სცენარი კი ისე განვითარდა, როგორც ყოველთვის. ბიზნესს პასუხისმგებლობის დაზღვევის შესყიდვის გამო გადასახადი გაეზარდა. ბიზნესი კი თავის მხრივ, გეგმავს, გადასახადი მოვაჭრეს გაუძვიროს. ჯერჯერობით გაურკვეველია სადამდე მივა თანხების გაძვირების ჯაჭვი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ზარქუა: "ლუსულ" ნომრიანი მანქანით ისეირნა ზარქუამო — ნათესავისაა
  2. გარდაიცვალა "რა? სად? როდის?" მოაზროვნე ბესიკ ბუთურიშვილი
  3. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხეს
  4. ფილარმონიის მიმდებარედ საპოლიციო ძალები გამოჩნდნენ
  5. ილია II: ცესკომ დაადასტურა ქართული ოცნების გამარჯვება, გულითადად ვულოცავთ ამ წარმატებას

გირჩევთ

ახლა კითხულობენ