გასული წლის სამი ძლიერი ქალის ისტორია
ღიად ლესბოსელი, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი - ეს ქალები იმ ჯგუფის მხოლოდ მცირე ნაწილია, რომელმაც ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრასა და თანასწორუფლებიანობაში გასულ, 2017 წელს წვლილი შეიტანეს. On.ge ლეილა მუსტაფაევას, ნინო ბოლქვაძეს და დეა გოშხეთელიანს ესაუბრა.
ნინო ბოლქვაძე
გასული წლის სექტემბერში, საჯარო პოლიტიკურ სივრცეში, საქართველოს ისტორიაში პირველად, ღიად ლესბოსელი ქალი გამოჩნდა. როგორი იყო ნინო ბოლქვაძის ცხოვრება 36 წლამდე, სანამ საკუთარ თავს მიიღებდა და მას შემდეგ, რაც თავის ორიენტაციაზე საჯაროდ განაცხადა. ამის შესახებ ბოლქვაძე On.ge-ს ესაუბრა.
ბავშვობიდან ზღაპრებით ვიზრდებოდი, ინფორმაციას აქედან ვიღებდი. დედა მუშაობდა, მამას არ ეცალა და უფროსებთან ურთიერთობა არ მქონდა. აღქმაც შესაბამისი მქონდა, რომ სამყარო იყო სამართლიანი და თუ "კარგად" მოვიქცეოდი ყველაფერს "კარგს" დავიმსახურებდი. აქედან გამომდინარე ვცდილობდი "კარგი" ვყოფილიყავი.
მაშინ ტელევიზიასაც აქტიურად ვუყურებდი და ეს ის პერიოდია, როცა რუსული ფილმები და რუსული ნარატივი ყვაოდა. პირველად, როცა საკუთარი თავის მისამართით მოვისმინე ვარაუდი, ლესბოსელი ხომ არ ვიყავი, მეხსიერებაში მაშინვე ის საშინელი ფილმები ამომიტივტივდა, რომელიც ლგბტ ჯგუფის სტიგმატიზაციას ემსახურებოდა. ამ ფილმებში ლესბოსელები წარმოჩენილი იყვნენ როგორც საშინელი, მოძალადე, ციხეში მყოფი ქალები, რომლებიც უხამს სიტყვებს ხმარობენ, აუპატიურებენ ახალგაზრდა გოგოებს. მეც საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ასეთი ვერ ვიქნებოდი და "კარგი" უნდა ვყოფილიყავი.
ჩემი თავი არ მყავდა მიღებული 36 წლამდე. ახლა რომ ვაკვირდები ახალგაზრდებს, გაცილებით მარტივად იღებენ საკუთარ თავს. ვერ ხვდებიან რატომ უნდა დაიმალონ.
ამ გრძობებზე, გაურკვევლობაზე არავისთან ვსაუბრობდი. იმ ქალებთანაც კი, ვისთანაც ფლირტი ან სხვა სახის ურთიერთობა მქონდა, ორიენტაციის თემაზე არ ვსაუბრობდი.
სკოლის მოსწავლე ვიყავი და მთაწმინდის ერთ-ერთ სკოლაში დავდიოდი. ამ ტერიტორიაზე ყოველთვის ვხედავდი ჯგუფებს, ბავშვებს, რომლებიც არანორმატიულად გამოიყურებოდნენ. მსავსებას ვიჭერდი მათთან, რადგან მეც მქონდა პერიოდი, 13-14 წლის ასაკში, როდესაც დავიწყე საკუთარ თავთან მიახლოება, უარი ვთქვი კონკრეტული ტიპის ტანსაცმელზე, ფემინურ ვარცხნილობაზე, თმა შევიჭერი. მაგრამ ჩემი მშობლები მარწმუნებდნენ, რომ გადამივლიდა, მხარს არ მიჭერდნენ.
ეს არანორმატიულად ჩაცმული ბავშვები მიზიდავდნენ, მინდოდა მათთან მისვლა და ურთიერთობა. მაგრამ საკუთარ თავს ვუკრძალავდი, რადგან ისინი "ცუდად" იქცეოდნენ. მე კი "კარგი" უნდა ვყოფილიყავი.
ძალიან ადრეული ასაკიდან ვოცნებობდი ადვოკატის პროფესიაზე. ფილმებს ვუყურებდი და მომწონდა სამართლიანობის აღდგენის მომენტი. ჩემს წარმოსახვაში წარმატებული ადამიანის ხატი იყო მკაცრად ჩაცმული ადვოკატი. სწორედ ამ ვიზუალს ვუსაბამდებდი ჩემს ჩაცმულობას და რაღაც პატარა კომფორტს ვპოულობდი.
პირველი ქამინგ აუთი იყო მეცხრე კლასში გოგოსთან, რომელიც მომწონდა. ეს გოგო მეუბნებოდა, რომ ვუყვარდი ვუყვარდი, მაგრამ რადგან ბიჭი არ ვიყავი მომავალი არ გვქონდა. ეს ურთიერთობა ოდნავ განსხვავებული რომ ყოფილიყო, შეიძლება ჩემი ცხოვრება სხვა მიმართულებით წასულიყო. მაგრამ მოხდა ისე, რომ იმ გოგოს ოჯახმა გაიგო, სკოლამ, კლასელებმა გაიგეს. იმ სკოლიდან გადასვლა მომიწია, რადგან ძალიან მარგინალი გავხდი. გადავედი სხვა სკოლაში, სადაც არავინ მიცნობდა და აქ იწყება პირველი კავშირი კაცთან, რომელთანაც უნდა "გამოვსწორებულიყავი" და "სრულფასოვანი ქალი" გავმხდარიყავი. ასე დაიწყო 20 წლიანი თანაცხოვრება კაცთან, რომელიც ჩემზე 10 წლით დიდი იყო, არ ვუყვარდი, თუმცა "დრო იყო" ცოლი მოეყვანა.
უნივერსიტეტის პერიოდში დავუახლოვდი ერთ გოგოს, რომელიც ბავშვთა სახლში გაიზარდა. ვერის პარკში ვიკრიბებოდით ხოლმე უსახლკარო ადამიანებთან, სექს მუშაკებთან, მოწყალების მთხოვნელ ბავშვებთან, ნარკოტიკების მომხარებელ ადამიანებთან ერთად. მათთან თავს ვგრძნობდი კარგად, რადგან აქ არ მოქმედებდა სტანდარტები, არ იყო საჭირო ყოფილიყავი "კარგი".
ეს გრძელდებოდა სანამ ბავშვები არ გამიჩნდა. დაახლოებით 20 წლის ასაკში, ჩემი შვილები ძალიან პატარები იყვნენ, როცა მათ აღზრდასთან დაკავშირებულ საკითხებზე დავიწყე წიგნების კითხვა.
სულ მქონდა კითხვა - რატომ ვარ ასეთი უბედური? - ერთი შეხედვით, გეგმა ხუთიაზე მქონდა შესრულებული. ყველაფერი მქონდა, რაც წესით უნდა ჰქონოდა ჩემი ასაკის ქალს: გათხოვილი ვიყავი, შვილები მყავდა, მატერიალურად უზრუნველყოფილი ვიყავი, ბავშვებისთვის განათლების მიცემის შესაძლებლობა მქონდა, ჩემს კარიერაში წარმატებული ვიყავი, ყველანი ჯანმრთელად ვიყავით. მაგრამ უბედური ვიყავი, ძალიან უბედური.
ახლა როგორც ვხედავ, ორი რამ იყო ამის მიზეზი: ერთი, საკუთარი თავის მიუღებლობა, კბილებით დაჭერილი სურვილები, როცა არ აძლევ საკუთარ თავს უფლებას იყო ის რაც ხარ. ეს იყო ძალიან დამთრგუნველი და მეორე, საზოგადოებისგან იზოლირებულად ყოფნა.
მერე არასამთავრობო ორგანიზაციაში მოვხვდი. აქ ვეხმარებოდით ომისგან დაზარალებულ ადამიანებს. გარკვეული დროის შემდეგ სხვა NGO-ში გადავედი და პატიმრების საკითხებზე ვმუშაობდი. ამ პერიოდიდან მე ვიწყებ რეალობის შეფასებას განსხვავებული ხედვით, პრობლემები დაიწყო მაშინ, როცა მე დავიწყე ჩემი გარშემომყოფებისგან განსხვავებული ხედვის გამოხატვა.
2013 წლის ჩვიდმეტი მაისი იყო გარდამტეხი მომენტი. ამ დღეს მე ვსაუბრობდი მათზე, სხვებზე, მესამე პირში. იმ დღის მერე მივხვდი, თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ქამინგ აუთი, ხილვადობა არის გზა, რათა ჩაგვრის საფუძვლები მოირყეს და დაინგრეს, უსინდისობაა, როცა ის ადამიანები ვინც ორგანიზაციის სათავეში არიან და ამ პროცესებს მართავენ, იმალებიან.
ავდექი და ყველა თანამშრომელს მივწერე ჩემს შესახებ და მოვუბოდიშე. მანამდეც ხვდებოდნენ, დიდი გამოცდილება ჰქონდათ, მაგრამ როცა მეკითხებოდნენ ისტორიებს ვთხზავდი.
ერთადერთი რაც მაწუხებდა იყვნენ ბავშვები. ჯერ თვითონ როგორ მიიღებდნენ, მერე როგორ მიიღებენ აგრესიას, რომელიც გარედან წამოვიდა, როგორ მიიღებდნენ აგრესიას მამის მხრიდან, მეგობრების, მეგობრების მშობლების დამოკიდებულებას. საჯარო ქამინგ აუთის წინ მეშინოდა, რომ თავდასხმის ობიექტი არ ვყოფილიყავი.
ბავშვებთან გამიჭირდა. ერთ დღეს ვუთხარი, რომ გადაცემაში მივდიოდი ლგბტ თემაზე სასაუბროდ. მიხვდნენ, რომ ქამინგ აუთზე იყო საუბარი. ბოლომდე არ მითქვამს, სანამ გადაცემა არ გავიდა ეთერში. ამ ამბავსაც დაძაბულად შეხვდნენ, თუმცა მათი მხრიდან ულტიმატუმები არ ყოფილა.
ამ დროს ქმართან უკვა გაშორებული ვიყავი. ბოლოს როცა დავიწყე იდენტობაში [ლგბტ ორგანიზაცია] მუშაობა აგრესიული გახდა.
თავიდან, რამდენიმე კვირა არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში ვცხოვრობდი. მერე მეგობრის დედასთან, დაახლოებით ორი თვე. მერე ქირით გადავედი.
ქამინგ აუთის შემდეგ შემეზღუდა სხვა სიკეთეებიც. საადვოკატო პრაქტიკა: კაცები დღესაც არ სარგებლობენ ჩემი მომსახურებით. კერძო პრაქტიკა რომელიც დღეს მაქვს არის მხოლოდ ქალების საქმეებზე.
რაც პოლიტიკაში ჩავერთე და წინასაარჩევნო პერიოდში მედიაც დაინტერესდა ჩემით, ვფიქრობ ლგბტ ადამიანების ხილვადობა სხვა საფეხურზე ავიდა. მე და რესპუბლიკური პარტია შევეცადეთ, ეს თემა დემონიზებული სექსუალობის ჩარჩოდან ამოვაგდეთ და განვავრცეთ. როგორც ადამიანი ისე დავანახე ხალხს ჩემი თავი. ძალიან დიდი გამოხმაურება მქონდა. მწერდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც საერთოდ ახლოს არ არიან ლგბტ მოძრაობასთან. ვფიქრობ, გულწრფელობით შევძელით და დავანახეთ საზოგადოებას, თუ რა ტიპის ჩაგვრას განიცდიან ლგბტ ადამიანები.
ბოლოს იმდენს და იმხელა მადლიერების წერილებს ვღებულობდი, ვწუხდი, რომ ყველას წაკითხვას და პასუხის გაცემას ვერ ვახერხებდი. სხვადასხვა პროფესიის, სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების ადამიანები მწერდნენ.
ბოლო 4 წელი, ხმალამოღებული ვიბრძვი. ძალიან ბევრი ადამიანის გვერდით ვიდექი, როგორც თემის წევრებისთვის ისე ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის. იმიტომ, რომ ორივე ჯგუფი ჩემთვის იყო ძალიან ახლო. თუმცა ეს ყველაფერი, ჩემი და სხვების მძიმე ისტორიები ჩემს ფსიქიკაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ცუდად აისახა. ახლა მიწევს შევცვალო ჩემი საქმიანობა, მაგრამ იქნებ კარგიც იყოს ასე. ახლა ხელოვნებაზე გადამაქვს ყურადღება. ეს არის სპექტაკლები. ერთი უკვე გავაკეთე და კიდევ ორს ვგეგმავ: 26 აპრილს, ლესბოსელების ხილვადობის საერთაშორისო დღეს და მეორეს 17 მაისს, ლგბტ თემის გამოხატვის თავისუფლებაზე.
მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე ვფიქრობ და ვემზადები. ბევრი მაქვს სათქმელი ამ საზოგადოებისთვის. ვხედავ პრობლემებს და ამ პრობლემების გადაჭრის გზებსაც.
დეა გოშხეთელიანი
22 წლის დეა გოშხეთელიანი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალია. ქმრის, მიტოვება მხოლოდ ორწლიანი თანაცხოვრების შემდეგ შეძლო, თუმცა ძალადობა დაშორებასთან ერთად არ შეწყვეტილა. დაშორებიდან 7 თვის შემდეგ, ყოფილმა ქმარმა დეას და დეას მამას, მათ სახლში სცემა. როგორ დაარღვია ოჯახში ძალადობაზე დუმილი დეა გოშხეთელიანმა - ამის შესახებ ის On.ge-ს ესაუბრა.
რაღაც პერიოდი ვერ აღვიქვამდი თავს ძალადობის მსხვერპლად. ყველაზე რთული იყო ამის გააზრება, რომ მე ვიყავი თუნდაც ფსიქოლოგიური, ან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. ამას ნელ-ნელა ვიაზრებდი, როცა მეტროში პოსტერებს ვხედავდი, რეკლამებს ვუყურებდი.
მერე პროტესტი გამიჩნდა და დავიწყე მის [ყოფილი ქმრის] წინააღმდეგ ბრძოლა: რამდენჯერმე წამოვედი, მისმა და ჩემმა მშობლებმა გაიგეს, პოლიციაში დავრეკე და ბოლოს დაშორების შემდეგ ისევ რომ არ გაჩერდა, სხვა გზა არ დამრჩა და საჯაროდ ვთქვი. ეს ნაბიჯი ნაწილობრივ შიშმა განაპირობა, რადგან სასამართლოს პირველმა ინსტანციამ ის [ყოფილი ქმარი] გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ასევე, მოვისმინე ძალადობის ერთ-ერთი მსხვერპლის ისტორია, რომელიც ამბობდა, რომ საჯაროდ საუბარი მისი დაცულობის ყველაზე დიდი გარანტია იყო. ამანაც მომცა ბიძგი და იდეა, თუ მე საჯაროდ ვიტყოდი უფრო დაცული ვიქნებოდი.
გამოხმაურება უფრო დადებითი იყო. ალბათ, იმიტომ, რომ მე თვითონ ვტრიალებ ისეთ წრეში, სადაც უფრო ძლიერი ადამიანები არიან, თანასწორობას ემხრობიან და ძალადობის წინააღმდეგი არიან. იყო უარყოფითი გამოხმაურებებიც, ჩემი მისამართით უთქვამთ კარგი ცხენი მათრახს არ დაირყამს, ალბათ ღალატობდა და უარესის ღირსი იყოო. თუმცა ამან დიდად არ იმოქმედა ჩემზე. ჩემი აზრით, სუსტი ადამიანები იშვერენ მსხვერპლისკენ თითს.
ვინც ახლა გადის იმ პერიოდს, რაც მე გავიარე, ვურჩევ, პირველ რიგში გაიაზრონ, რომ ძალადობის მსხვერპლნი არიან, რაც ყველაზე რთულია. თუ ადამიანი ერთხელ იძალადებს, მის ბუნებაში ზის, რომ ის მეორედაც აუცილებლად იძალადებს. ამიტომ, მეორე ნაბიჯი უნდა იყოს კატეგორიული და არც შვილების, არც მატერიალური ქონების გამო, მსხვერპლი ქალები მოძალადესთან არ უნდა დარჩნენ. ურთიერთობა ერთხელ და სამუდაომოდ უნდა დაასრულონ.
რადიკალურად გაძლიერებული ვარ იმასთან შედარებით, რაც ადრე ვიყავი. გამუდმებით მეშინოდა, ფსიქოლოგიურად იმდენად დათრგუნული ვიყავი, რომ ფაქტობრივად პიროვნება აღარ გამაჩნდა.
ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი დამიკავშირდა, ანონიმურადაც კი მწერდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ძალადობის მსხვერპლები არიან. ყველას მივეცი რჩევები ჩემი პირადი გამოცდილებიდან. ძალადობას არ აქვს გამართლება.
პროფესიით იურისტი ვარ და მინდა, რომ მომავალში ადამიანის უფლებების კუთხით ვიმუშავო.
ლეილა მუსტაფაევა
29 მაისს, თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხტარლი გაუჩინარდა და მოგვიანებით აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩნდა. მას შემდეგ, მუხტარლის ცოლი, ლეილა მუსტაფაევა საქართველოში ადგილობრივი და აზერბაიჯანის ხელისუფლებების მიმართ გამოთქმული კრიტიკის გამო, ერთგვარი სელებრითი გახდა.
მუხტარლი და მუსტაფაევა ისევე, როგორც სხვა ბევრი დამოუკიდებელი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, საქართველოში უსაფრთხოების გამო ჩამოვიდნენ. ახლა კი ერთი ციხეშია, მეორე - გერმანიაში, სადაც საკუთარ და მისი ქმრის ჟურნალისტურ გამოძიებებზე მუშაობს.
ბავშვობაში ექიმობაზე, ქირურგობაზე ვოცნებობდი, თუმცა ჩემი ოჯახის ფინანსურმა მდგომარეობამ ამ სფეროში განათლების მიღების შესაძლებლობა არ მომცა. ამიტომ მომიწია უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგია მესწავლა. ამ პროფესიით არ მიმუშავია, რადგან აზერბაიჯანში მასწავლებლის ძალიან დაბალი ხელფასი აქვთ.
უმაღლესის დამთავრების შემდეგ, 2008 წელს, ერთ დღესაც ნიუსრუმში მოვხვდი. მამაჩემს უნდოდა ჟურნალისებისთვის ადგილობრივი ხელისუფლების დანაშაულზე ინფორმაცია მიეწოდებინა. მე კი შანსი მომეცა რეპორტიორების მუშაობას დავკვირვებოდი. ნახევარ საათში გადავწყვიტე მათთან მუშაობის დაწყება. განაცხადი შევავსე და ერთ თვიანი სტაჟირების შემდეგ ამიყვანეს. მიუხედავად იმისა, რაც აფგანთან დაკავშირებით მოხდა, ვფიქრობ, ჟურნალისტიკის კეთებით არასდროს დავიღლები. ვეთაყვანები ამ პროფესიას.
2015 წელს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუთში (GIPA) გრანტი მოვიპოვე, ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის ფაკულტეტზე ჩავირიცხე და ოჯახით საქართველოში გადმოსვლას ვაპირებდი. თუმცა აფგანს აზერბაიჯანის დატოვება დაგეგმილზე 2 კვირით ადრე მოუწია როცა გაიგო, რომ მის დაპატიმრებას აპირებდნენ. ჩემი საქართველოში ჩასვლის მიზეზი სწავლა იყო, მისი - შევიწროება აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან.
საქართველოში ნორმალურად ვცხოვრობდით. ბავშვი ქართულ ბაგა-ბაღში დადიოდა, მე ვსწავლობდი, აფგანი კი საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის შვილისა და ცოლის ბიზნესს იძიებდა. თბილისში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ჟურნალისტებთან და აქტივისტებთან ვურთიერთობდით. სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც მისი საგამოძიებო მასალები გამოქვეყნდა. გრძნობდა, რომ უცხო ადამიანები დაყვებოდნენ. 2015 წლის აგვისტოს შემდეგ აზერბაიჯანში ჩემი მშობლების ოჯახში აღარ ჩავსულვარ.
თბილისიდან გაუჩინარებამდე, წინა საღამოს თავის მეგობართან, დაშგინ აღალარლის შეხვდა. დამირეკა და მითხრა, მობილური ეთიშებოდა და მალე დაბრუნდებოდა. მოგვიანებით მასთან დაკავშირება რომ ვცადე და ვერ მოვახერხე, ვიფიქრე, ალბათ ტელეფონი საბოლოოდ დაუჯდა თქო.
ვერასდროს ვიფიქრებდი თუ გაიტაცებდნენ. ვიცოდით, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჩვენი ქვეყანაში ყოფნა არ მოსწონდა, მაგრამ მიგვაჩნდა, რომ უკიდურეს შემთხვევაში, მხოლოდ სასამართლოს გზით შეეცდებოდა აზერბაიჯანისთვის ჩვენს გადაცემას.
მეორე დღეს, როდესაც გავიღვიძე და აფგანი სახლში არ იყო, მაშინვე პოლიციაში განვაცხადე. მისმა მეგობარმა მითხრა, რომ წინა დღეს დაშორდნენ. პოლიციასა და მორგში მასზე ინფორმაცია ვერ მივიღე. ვიფიქრე, შესაძლოა, გაიტაცეს და მოკლეს თქო. ჩავთვალე, რადგან პასპორტი სახლში ჰქონდა აზერბაიჯანში ვერ მოხვდებოდა და ამას საქართველოს მესაზღვრეებიც არ დაუშვებდნენ. საქართველოს ხელისუფლებას ზედმეტად ვაფასებდი. აფგანის საქმემ კი აჩვენა, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერზე მზად. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ისინი ადამიანის თავისუფლებებს ალიევს ფეხებში დაუფენდა, მაგრამ ასე მოხდა.
ქართველი ჟურნალისტებისგან როდესაც გავიგე, რომ აფგანი აზერბაიჯანის ციხეში იყო, ყურებს არ ვუჯერებდი. შოკში ვიყავი.
ძალიან მადლიერი ვარ ქართველი ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების. მათ გამაძლიერეს. ვგრძნობდი, რომ მარტო არ ვიყავი. ყველაზე რთული ევროპარლამენტარების დარწმუნება იყო, რომ რეზოლუციის მიღება არ გადაევადებინათ. მათთან ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ გავიმარჯვეთ.
რთულია, რა თქმა უნდა, ყველაფერთან გამკლავება. ვცდილობ ჩემს შვილს ყურადღება არ მოვაკლო, ძალიან ვცდილობ, უმამობა არ იგრძნოს. ძალიან ენატრებიან მეგობრები თბილისის ბაგა-ბაღიდან. საქართველო მისთვის მშობლიური ქვეყანასავითაა.
აფგანი ისევ ციხეშია, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმარისი საქმე არ გაგვიკეთებია. საერთოდ, ჩვენ ვიბრძვით არამარტო მისი, არამედ სხვა, 145 პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებისთვის, საიდანაც 10 მათგანი ჟურნალისტი ან/და ბლოგერია. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აფგანის გატაცებაში დიდი ინვესტიცია ჩადო. ამიტომ, მგონია, რომ მას ასე მარტივად არ გამოუშვებენ. მიუხედავად ამისა, ჩვენი რაც გავაკეთეთ ამაო არ ყოფილა. ჩვენ შევძელით და ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანებს გავაგებინეთ აფგანის ამბავი და გამოვააშკარავეთ საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებები.
ახლა, გერმანიაში, პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრის პროგრამის ფარგლებში ვარ. გერმანულის კურსებზე დავდივარ, ჩემსა და აფგანის საგამოძიებო სტატიებზე ვმუშაობ. სახლის საქმეებთანაც მარტოს მიწევს გამკლავება. არ ვიცი მეგობრების გარეშე ამდენს თუ შევძლებდი.
კომენტარები