იან კელის გამოსამშვიდობებელი სიტყვა - სრულად
აშშ-ის ელჩი საქართველოში, იან კელი 33-წლიან დიპლომატიურ კარიერას ასრულებს. On.ge გთავაზობთ ელჩის გამოსამშვიდობებელ სიტყვას სრულად.
"მოგესალმებით. დიდი მადლობა მობრძანებისთვის!
მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს დღევანდელი ღონისძიების მასპინძლობისთვის.
ალბათ, ზოგიერთმა თქვენგანმა იცის, რომ მარტის ბოლოს ვასრულებ 33 წლიან დიპლომატიურ მოღვაწეობას. ეს კი ნიშნავს, რომ ასევე სრულდება ჩემი სამ-წლიანი მოღვაწეობა საქართველოში ელჩის რანგში, რაც ძალზედ გულდასაწყვეტია ჩემთვის. აქედან ჩიკაგოში მივემგზავრები და Northwestern University-ში გავუძღვები სალექციო კურსს. ახალ მოვალეობას აპრილიდან შევუდგები, რასაც ენთუზიაზმით ველოდები, თუმცა, არ ვიცი, ასე მცირე დრო რატომ გამოვუყავი საკუთარ თავს დასვენებისთვის. ახლა, ჩემს დროს მივუძღვნი მომავალი თაობის განათლებას და მათთვის პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ისტორიისა და პოლიტიკის სწავლებას. იმედი მაქვს მომისმენენ.
მსურს, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და თქვენთან ერთად თვალი გადავავლო საქართველოში ჩემი მოღვაწეობის გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს, ასევე ვისაუბრო ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის მიმართულებაზე. ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა ჩემთვის და ეს ის ადგილია, რომელსაც, სინამდვილეში, ვერასდროს დავემშვიდობები.
შეიძლება გახსოვთ კიდეც, რომ პირველად საქართველოში 1976 წელს ჩამოვედი, როგორც სტუდენტი. იმ დროს ქვეყანას რთული დღეები ედგა. მაშინ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქართველმა ხალხმა და ქვეყნის მდიდარმა კულტურამ, თუმცა ათწლეულების წინ მისი მშვენიერება და სიცოცხლისუნარიანობა რკინის ფარდის უკან იყო მომწყვდეული. საქართველოში მკაცრი, ნაცრისფერი საბჭოთა ინდუსტრიული ჩრდილოეთიდან ჩამოსულმა, აქ , ამ უმშვენიერესი ქვეყნის სიხალასე და სიმსუბუქე შევიგრძენი; ეს ის მახასიათებლებია, რაც ყოველთვის განსაკუთრებულობას ანიჭებდა საქართველოს და გამოარჩევდა მას სხვა საბჭოთა რესპუბლიკებისგან.
ჩემი დიპლომატიური კარიერის მანძილზე საქართველოს ბევრჯერ ვესტუმრე, ვაკვირდებოდი როგორ თავისუფლდებოდა ქვეყანა საბჭოთა უღელისგან,როგორ ესწრაფოდა დემოკრატიულ განვითარებას და თავის განსაკუთრებულ ხვედრს, ისე როგორც, არცერთი სხვა საბჭოთა რესპუბლიკა. მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა და რამდენიმე ტრაგიკული კონფლიქტისა, საქართველომ შეძლო გადარჩენა და წარმატებული განვითარებაც.
2015 წელს, იმ დროისათვის, როდესაც მე აქ ელჩის რანგში ჩამოვედი, საქართველოს უკვე ჰქონდა მნიშვნელოვანი ისტორიული მიღწევა რეგიონში - 2012 წელს ხელისუფლების პირველი მშვიდობიანი გადაცემა, - თუმცა ჩემი ჩამოსვლისას, ქვეყანა კვლავ გარდამავალ ეტაპზე იმყოფებოდა, რადგანაც მხოლოდ ერთი წელი იყო გასული პრეზიდენტ სააკაშვილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან.
ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ვარდების რევოლუციის შემდგომი რეფორმების გასაოცარმა ტემპმა, ასევე ახალი მთავრობის ამბიციურმა დღის წესრიგმა შემდგომი განვითარებისთვის. საქართველოს რეგიონულ ცენტრებში მოგზაურობისას, მაგალითად როგორიცაა მთიანი მესტია ან ხალხმრავალი, ზღვისპირა ბათუმი, ჩემში აღტაცებას იწვევდა არა მხოლოდ საქართველოს მდიდარი კულტურა და ისტორია, არამედ მისი სწრაფი სვლა მომავლისკენ.
ჩამოსვლიდან პირველი თვეების განმავლობაში მეგობრული ურთიერთობები დავამყარე აქტიურ ლიდერებთან: პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილთან, იმ დროს ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან, უმცირესობის ლიდერთან დავით ბაქრაძესთან და ბევრ სხვასთან, მათ შორის არიან ეკლესიის წინამძღოლები, სამოქალაქო საზოგადოების ექსპერტები და გამოჩენილი ჟურნალისტები. მე შევხვდი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს, ადამიანს, რომლის როლი აღემატება პოლიტიკას და განასახიერებს ეროვნულ სულს. ყველა ამ ადამიანს ერთი რამ ჰქონდათ საერთო: ქვეყნის სიყვარული და მისი წინსვლის ერთგულება.
დაძაბული და უთანხმოების გამომწვევი პოლიტიკური ატმოსფეროს მიუხედავად, ერთი რამეა რაზედაც ყველა ის ადამიანი, რომელსაც მე შევხვედრილვარ, თანხმდება: საქართველოს მომავალი დასავლეთთანაა.
გადავავლებ რა თვალს აქ გატარებულ სამ წელს, საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის ბევრ მნიშვნელოვან ამოსავალ ორიენტირს ვხედავ: ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა ევროკავშირთან, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიცირება, ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის შექმნა, შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის შემოღება და სხვა. მე თავად ვიხილე საქართველოში ჩატარებული სამი არჩევნები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ღიად და გამჭვირვალედ იქნა მიჩნეული.
აქ მსურს შევჩერდე და მადლიერებით აღვნიშნო საქართველოს თითოეული პოსტ-საბჭოთა მთავრობის და მისი მოქალაქეების ძალისხმევა, რამაც ეს საოცარი ქვეყანა ამ დღემდე მოიყვანა. თითოეულ ახალ მთავრობას წვლილი შეჰქონდა ამ ქვეყნის განვითარებაში. მიუხედავად იმისა, თუ როგორია თქვენი პირადი შეხედულება რომელიმე კონკრეტულ მთავრობაზე, თქვენ ყველამ ერთად შექმენით საქართველოს წარმატების ისტორია და მოიყვანეთ ქვეყანა აქამდე. ერთადერთი საზომი მთავრობის წარმატებისა არის დღევანდელი დღის გუშინდელთან შედარება: აქვთ თუ არა მის მოქალაქეებს მეტი კეთილდღეობა, არიან თუ არა ისინი უფრო დაცულნი და შეუძლიათ თუ არა იცხოვრონ იმ ცხოვრებით, რომელიც მათ სურთ.
ჩვენი ძლიერი პარტნიორობის ფარგლებში, ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ დიდია ამერიკის შეერთებული შტატების წვლილი ამ მიღწევებში. ნება მომეცით მოგახსენოთ ჩემი აქ ყოფნის მანძილზე მიღწეული ჩვენი წარმატების რამდენიმე მაგალითი.
ჩვენ განვახორციელეთ ინვესტიცია თქვენს ეკონომიკაში. ანაკლიის პორტის განვითარებაზე აქტიურად მუშაობს ორი ამერიკული კომპანია. ასევე ამ პერიოდის განმავლობაში მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველომ 23-დან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენმა მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ წარმატებაში.
ჩვენ გავწიეთ ინვესტიცია საქართველოს განათლების სისტემაში. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ მეორე კომპაქტის ფარგლებში განახორციელა 140 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია, მიმართული სამუშაო ძალის განვითარებაზე, განათლების სექტორში სტრატეგიული ინვესტირების მეშვეობით. მე თავად მივიღე მონაწილეობა რამოდენიმე სკოლის გახსნაში რეგიონებში; მთლიანობაში 90-ზე მეტ სკოლას ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის კომპაქტის ფარგლებში. კომპაქტის დასასრულისათვის 37000-ზე მეტ სკოლის მოსწავლესა და მასწავლებელს ექნება თბილი, უსაფრთხო და თანამედროვე სასკოლო გარემო. მე ვამაყობ, რომ ექვს სოციალურად დაუცველ, ნიჭიერ ახალგაზრდას გადავეცით აშშ-ს საელჩოს სტიპენდია, რითაც მათ მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა მოიპოვონ ამერიკული ბაკალავრის დიპლომი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში სან დიეგოს უნივერსიტეტში, აქ, საქართველოში.
აღსანიშნავია, აგრეთვე, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID 148 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია, ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში, რომელიც განხორციელდა განათლების, მართლმსაჯულების რეფორმის, არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების, კარგი მმართველობის განვითარების მხარდაჭერის და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით, რამაც ხელი შეუწყო ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ წინსვლას.
ჩვენ ასევე გავწიეთ ინვესტიცია თქვენს ჯანდაცვაში. ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ხელი შეუწყო მრავალ მილიარდიან პარტნიორობას /ამერიკულ კომპანია / „Gilead Sciences“-სა და საქართველოს მთავრობას შორის სასიციცხლოდ მნიშვნელოვანი C ჰეპატიტის უფასო მკურნალობის პროგრამის ამოქმედებისათვის, რომლის ფარგლებშიც მკურნალობა შეუძლია მიიღოს ამ ვირუსით ინფიცირებულმა საქართველოს ყველა მოქალაქემ.
ჩვენ ვაგრძელებთ ინვესტირებას თქვენს სასამართლო სისტემაში. აშშ-ს ფედერალურ და სახელმწიფო უწყებებთან პარტნიორობისა და გაცვლითი ვიზიტების მეშვეობით, ჩვენ შემოვიტანეთ სამართალდაცვისა და მართლმსაჯულების სექტორის თანამედროვე სტანდარტები ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით და მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებისა და დამოუკიდებლობის გაზრდისათვის. ჩვენ აქტიურად ვეხმარებით საქართველოს მთავრობას სასამართლო სისტემაში შეიქმნას კომერციული პალატა სასამრთლოს უკეთ ფუნქციონირებისა და ბიზნესდავების ეფექტიანად გადაწყვეტისათვის.
ჩვენ ერთგულნი ვართ უსაფრთხოების სფეროში ჩვენი პარტნიორების მიმართ. თქვენი საქმისადმი თავდადებით და ჩვენი მხარდაჭერით საქართველომ გადაჭარბებით შეასრულა ნატოს მიერ დაწესებული რეკომენდაცია და მისივე მიზანი, რომლის თანახმადაც, ქვეყანამ თავდაცვაზე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 2 პროცენტი უნდა დახარჯოს. ამით საქართველომ გაიუმჯობესა ტერიტორიული თავდაცვის უნარი. ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცები მხარდამხარ მსახურობენ ავღანეთში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. ჩემთვის ძალიან მძიმეა, როდესაც ქართველი ჯარისკაცი იჭრება ან იღუპება ამ საერთო ღირებულებებისა და ინტერესებისათვის ბრძოლაში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და პატივი მივაგო თქვენი ქვეყნის მიერ გაღებულ მსხვერპლს ამ მისიებში.
ჩვენი ორმხრივი უსაფრთხოების პარტნიორობის ერთ-ერთი ძლიერი ნიშანი იყო საქართველოს გადაწყვეტილება ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებისა და ორი ამერიკული 110 ტიპის საპატრულო კატარღის შეძენა.
ქებას იმსახურებს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება რეფორმების ახალი ციკლის განხორციელების შესახებ, ახალი რეფორმები ასევე მოიცავს ცვლილებებს სამოქალაქო და სამხედრო ხელმძღვანელობის ურთიერთობებში და ძალების ფართო რეორგანიზაციას. ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს შეიარაღებული ძალების გაძლიერებას და ეფექტურობას. ჩვენ მხარს ვუჭერთ თავდაცვის სამინისტროს ამ ინიციატივებს და დავეხმარებით მათ განხორციელებაში.
თუმცა ელჩობის დასასრულს, ნაკლებს ვფიქრობ იმაზე, რასაც მივაღწიეთ და უფრო მეტს იმაზე, რაც ვერ დავასრულეთ და რაც უნდა განხორციელდეს მომავალში. მინდა გავიხსენო პრეზიდენტ რეიგანის სიტყვები: „თავისუფლების შენარჩუნება ყველა თაობის საზრუნავი უნდა იყოს. მას პირდაპირ ვერ გადასცემ შვილებს. თავისუფლებას ბრძოლა და დაცვა სჭირდება და ყოველი თაობა ასე უნდა მოიქცეს.“ ზუსტად ასე დგას საკითხი საქართველოსთან მიმართებაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აქ ყოფნის პერიოდში საქართველოს დასავლეთისკენ მიმავალი გზა გაფართოვდა, აუცილებელია საქართველომ მტკიცედ დაიმკვიდროს ადგილი დასავლეთში და მისი ტრაექტორია გახდეს ჭეშმარიტად შეუცვლელი.
ჩვენ მრავალი ძალისხმევა გავწიეთ ამ მიზნის მისაღწევად. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მისწრაფებებისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცეა. მათ შორისაა ჩვენი მონაწილეობა ჟენევის მოლაპარაკებებში. ვახორციელებთ უწყვეტი დახმარების პროგრამებს და ვცდილობთ მოვიზიდოთ ამერიკული ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკის განსავითარებლად. გვაქვს გაცვლითი პროგრამები, 5000-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა გაცვლით პროგრამაში, განსხვავებული თემატიკით - იქნებოდა ეს მეწარმეობა, გარემოს დაცვა, თუ პოლიტიკური ჩართულობა. ბევრ თქვენგანს, ვინც ახლა ამ დარბაზში იმყოფებით, გქონიათ ეს შესაძლებლობა. საქართველოს სხვა პარტნიორები, როგორებიცაა ევროპის კავშირი და მისი წევრი ქვეყნები, იზიარებენ ამავე მიზნებსა და ამოცანებს საქართველოსთან მიმართებაში.
თუმცა, ყველა ეს გრანდიოზული გეგმა ფუჭად ჩაივლის, თუ საქართველო ერთ რამეს ვერ გაითავისებს. მან უნდა გაამყაროს დემოკრატიული გარდაქმნა. უზრუნველყოს, რომ არჩევნები გამოხატავდეს ამომრჩველის ნებას, წაახალისოს ინვესტიციები და ეკონომკური ზრდა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებით, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვით. საქართველო სწორ გზაზე რჩება, თუმცა არის გარკვეული საკითხები, რაც გვაფიქრებს.
მმართველი პარტიის დომინანტური პოზიცია მთავრობის ყველა დონეზე ქმნის არათანაბარ დემოკრატიულ სამოქმედო არეალს. მიუხედავად იმისა, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დამკვირვებლების /OSCE/ODIHR/ შეფასებით 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები და კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ კამპანიის განხორციელება, შეფასებაში ასევე აღინიშნა, რომ ზოგადი საარჩევნო გარემო ხასიათდებოდა მმართველი პარტიის დომინანტური მდგომარეობით, მათ შორის შეინიშნებოდა კანდიდატთა და ამომრჩევლთა დაშინების შემთხვევების ზრდა.
2018 და 2020 წლის არჩევნები იქნება პოლიტიკური პლურალიზმის შემდგომი ტესტი. მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ პროცესმა სრულად დააკმაყოფილოს უმაღლესი სტანდარტები და უზრუნველყოს თანაბარი გარემო.
პირველ რიგში, ჩვენი სურვილია ვიხილოთ, საარჩევნო კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია და 2024 წელს პროპორციულ სისტემაზე სრულად გადასვლა, ეუთოსა და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლების რეკომენდაციების გათვალისწინებით.
მეორე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, მოითხოვს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფუნქციონირებას, როგორც სრულად დამოუკიდებელი და სანდო ინსტიტუტისა, რომელიც პოლიტიკაზე მაღლა დგას და მისთვის აპრიორი კანონის სულისკვეთება და კანონის სიტყვაა.
მესამე, ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება დამოკიდებულია პლურალისტულ პოლიტიკურ გარემოზე, სადაც ყველა პარტიას აქვს კონკურენციის გაწევის თანაბარი შესაძლებლობები. კვალიფიციური პარტიებისათვის აუცილებელია უკეთესი ხელმისაწვდომობა კამპანიისათვის საჭირო ფინანსებზე და გაზრდილი საეთერო დრო, განსაკუთრებით, დამოუკიდებელი კანდიდატებისათვის. სისტემა, სადაც ერთი პარტია იღებს 90 პროცენტზე მეტ შეწირულობას საარჩევნო კამპანიის წარმოებისათვის, დგას ერთ-პარტიული ძალაუფლების მონოპოლიის რისკის წინაშე.
მეოთხე, მოქალექეები საკუთარ ნება-სურვილს თავისუფლად გამოხატავენ საარჩევნო ურნებთან მხოლოდ მაშინ, თუ ისინი თავისუფალნი არიან ყოველგვარი ზეწოლისა და დაშინებისაგან. პრინციპი ერთი ადამიანი/ერთი ხმა ფუნდამენტურია დემოკრატიის განვითარებისათვის.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მაფიქრებს, არის ძლიერი ინსტიტუტების არსებობის აუცილებლობა და ხელისუფლების შტოებს შორის დემოკრატიული კონტროლისა და ურთიერთგაწონასწორების მექანიზმი.
იყო რამოდენიმე შემთხევა უახლოეს წარსულში, როდესაც ამერიკულმა კომპანიებმა გამოთქვეს წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მიმართ არ ხორციელდებოდა სამართლიანი მოპყრობა სასამართლოებში. მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა, რომელიც თავისუფალია გარეშე ზეგავლენისაგან, არის უმნიშვნელოვანესი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის, რაც ესოდენ აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის განვითარებისათვის.
ასევე, აუცილებელია ქართველ ხალხს ჰქონდეს ნდობა მართლმსაჯულების მიმართ და იცოდეს, რომ მის უფლებებს დაიცავენ არა ცარიელი სიტყვით, არამედ საქმით. სასამართლო სისტემა არ უნდა გამოიყენოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ იარაღად ოპონენტების წინააღმდეგ, ან თავისუფალი სიტყვის ჩასახშობად. მმართველ პარტიაზეა დამოკიდებული როგორ გამოავლენს თავშეკავებას, რომ არ გადაამეტოს საკუთარ უფლებებს, დაეხმაროს საზოგადოებას განხეთქილების დაძლევაში და შეაჩეროს წარსულ შეცდომებზე დავის განახლება.
საქართველომ უნდა განავითაროს და დაიცვას თავისუფალი და პლურალისტური მედია. თომას ჯეფერსონს ეკუთვნის შემდეგი სიტყვები: „ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, მთავრობა პრესის გარეშე, თუ პრესა მთავრობის გარეშე, მე უყოყმანოდ ავირჩევდი უკანასკნელს“. მისი პოზიცია ნათელია - არ არსებობს დემოკრატია თავისუფალი მედიის გარეშე. არ უნდა დავუშვათ მედიის დაშინება ან სხვაგვარად ალტერნატიული მოსაზრების ჩახშობა. არავინ არ უნდა ხელყოს ხალხის უფლება ხელი მიუწვდებოდეს ინფორმაციაზე და უზრუნველყოფდეს საკუთარი არჩეული ლიდერების ანგარიშვალდებულებას.
მედია საკითხებთან მიმართებაში მთავრობას აკისრია ფუნქცია განავითაროს ძლიერი სტრატეგიული კომუნიკაცია. ხელმძღვანელი პირები აცნობიერებენ საჭიროებას ნათლად და თანმიმდევრულად გადასცენ მოსახლეობას დასავლეთთან გაერთიანების და დასავლური ღირებულებების ეკონომიკური და პოლიტიკური უპირატესობები. თქვენი მომავალი დასავლეთთანაა. ეს მე ჯერ კიდევ 1976 წელს დავინახე. თქვენი დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა, განსხვავებული იდეების შემწყნარებლობა, იმ დროსაც კი გამოგარჩევდათ და მიანიშნებდა იმაზე, რომ თქვენი მომავლის გზა დასავლეთისკენ გაემართებოდა.
ბოლოს, ხელისუფლების შტოებს შორის კონტროლისა და ურთიერთგაწონასწორების სისტემა გაამართლებს მხოლოდ მაშინ, როდესაც საკანონმდებლო ორგანო გახდება ძალაუფლებით სრულად აღჭურვილი ინსტიტუტი, შეიძენს ზედამხედველობის ფუნქციებს აღმასრულებელ შტოზე, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საქართველოს პარლამენტი არის ხალხის პირდაპირი წარმომადგენლობა და მაინც ხშირად მას არ აქვს სათანადო რესურსები და ძალაუფლება გააკონტროლოს უფრო ძლიერი სამთავრობო ბიუროკრატია.
იმისათვის, რომ საქართველოს დამკვიდრება დასავლეთში შეუქცევადი გახდეს, უნდა გავაგრძელოთ პარტნიორობა პლურალისტური დემოკრატიული სისტემის განმტკიცებისათვის. მე შევხვედრილვარ ძალიან ბევრ ქართველს, სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების, თუ სამინისტროების წარმომადგენლებს, რომლებიც განუხრელად ემსახურებიან ამ მიზნების განხორციელებას.
თქვენი მისწრაფებები წარმატებით დაგვირგვინდება, მე მჯერა საქართველოსი და ქართველების. შეიძლება თქვენ დგახართ უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე და არსებობს წინააღმდეგობები ქვეყნის შიგნით და გარეთ, რაც ცდილობს დემოკრატიის შესუსტებას, თუმცა თქვენ გაქვთ სათანადო გარემო თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარებისათის: ენერგიული სამოქალაქო საზოგადოება, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რეფორმების განხორციელების პოლიტიკური ნება. დემოკრატიისათვის შრომას თქვენ ნაყოფიერ ნიადაგზე ეწევით.
გზა, რომელსაც მიჰყვებით, რთულია, შეიძლება, გრძელიც აღმოჩნდეს, მაგრამ თქვენ მარტო არ ხართ. როდესაც ამერიკის ვიცე პრეზიდენტი პენსი აქ იმყოფებოდა 2017 წლის 1 აგვისტოს მან ოთხი ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა წარმოთქვა: ,,ჩვენ თქვენთან ერთად ვართ“. მისი გამგზავრების შემდეგ ჩემი მოადგილე ელიზაბეთ რუდი და მომდევნო ელჩი გააგრძელებენ ჩვენს მისიას და თქვენი ძალისხმევის მხარდაჭერას. აგრძელებს რა საქართველო ამ კურსით სვლას, ამერიკის შეერთებული შტატების მომავალ ელჩებს ექნებათ შესაძლებლობა საქართველოს უწოდონ არამხოლოდ პარტნიორი, არამედ მოკავშირეც."
-
გადახედვამარიამ ნიკურაძე: ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩემ დაკავებაზე აქვთ ბრძანება მარიამ ნიკურაძე: ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩემ დაკავებაზე აქვთ ბრძანება
-
გადახედვასპეცრაზმმა აქციის ძალადობრივი დაშლისას ნიკოლოზ ალავიძე და მისი შვილი დააკავა სპეცრაზმმა აქციის ძალადობრივი დაშლისას ნიკოლოზ ალავიძე და მისი შვილი დააკავა
-
გადახედვამეზვრიშვილი: ტერორის ყველაზე მძიმე ღამე მოაწყვეს ერთადერთი მიზნით: ხალხი აქამდე ვერაფერმა შეაშინა, თავად კი სრულად აქვთ დაკარგული კონტროლი. მეზვრიშვილი: ტერორის ყველაზე მძიმე ღამე მოაწყვეს ერთადერთი მიზნით: ხალხი აქამდე ვერაფერმა შეაშინა, თავად კი სრულად აქვთ დაკარგული კონტროლი.
-
გადახედვამარინ რატნიკი: ესტონეთი ვეღარ გააგრძელებს თანამშრომლობას საქართველოს განათლების სამინისტროსთან მარინ რატნიკი: ესტონეთი ვეღარ გააგრძელებს თანამშრომლობას საქართველოს განათლების სამინისტროსთან
-
გადახედვასახალხო დამცველი: მოვუწოდებ შსს-ს ზედაპირული შემოწმებისას მკაცრად იმოქმედოს დადგენილების წესებით სახალხო დამცველი: მოვუწოდებ შსს-ს ზედაპირული შემოწმებისას მკაცრად იმოქმედოს დადგენილების წესებით
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ცოტნე კობერიძე დააკავეს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ცოტნე კობერიძე დააკავეს
-
გადახედვაშსს: აქციის ძალადობრივმა ჯგუფებმა უკვე განახორციელეს არაერთი კანონსაწინააღმდეგო ქმედება შსს: აქციის ძალადობრივმა ჯგუფებმა უკვე განახორციელეს არაერთი კანონსაწინააღმდეგო ქმედება
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპოლიციამ მეტრო "თავისუფლების" ამოსასვლელთან ერთი პირი დააკავა პოლიციამ მეტრო "თავისუფლების" ამოსასვლელთან ერთი პირი დააკავა
-
გადახედვაიურისტი გოგა ხატიაშვილი ჩხრეკის პროცედურასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს იურისტი გოგა ხატიაშვილი ჩხრეკის პროცედურასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
-
გადახედვა"რადიო თავისუფლების" ცნობით, შსს-მ ძალოვნების კვებაზე, გასული ერთი კვირის განმავლობაში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა "რადიო თავისუფლების" ცნობით, შსს-მ ძალოვნების კვებაზე, გასული ერთი კვირის განმავლობაში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა
-
გადახედვამარნეულელი მეწარმე ქალი: აქციებში მონაწილეობის გამო, მარნეულის მერია ბიზნესის დაკეტვას მაიძულებს მარნეულელი მეწარმე ქალი: აქციებში მონაწილეობის გამო, მარნეულის მერია ბიზნესის დაკეტვას მაიძულებს
-
გადახედვაკახა კალაძე: [ზელენსკი] არ ეკუთვნის უკრაინელ ხალხს და ის ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესს კახა კალაძე: [ზელენსკი] არ ეკუთვნის უკრაინელ ხალხს და ის ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესს
-
გადახედვარევაზ კიკნაძე: მთხოვდნენ მეთქვა ტყუილი, რომ მაფინანსებდნენ და ვასრულებდი ჯაფარიძის, ხოშტარიას, გვარამიას დავალებებს რევაზ კიკნაძე: მთხოვდნენ მეთქვა ტყუილი, რომ მაფინანსებდნენ და ვასრულებდი ჯაფარიძის, ხოშტარიას, გვარამიას დავალებებს
-
გადახედვაპუტინმა და ლუკაშენკომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს პუტინმა და ლუკაშენკომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს
-
გადახედვატურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა, რუსთაველის გამზირამდე, საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა, რუსთაველის გამზირამდე, საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს
-
გადახედვალიეტუვის პრეზიდენტი: საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობას განვიხილავთ ლიეტუვის პრეზიდენტი: საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობას განვიხილავთ
-
გადახედვანათია მეზვრიშვილი: გააპროტესტეთ ამ ბავშვების ციხეში ჩაყრა, თორემ სახელობითად მოგადგებით ყველას ნათია მეზვრიშვილი: გააპროტესტეთ ამ ბავშვების ციხეში ჩაყრა, თორემ სახელობითად მოგადგებით ყველას
-
გადახედვაTI: აქციებზე პოლიციელების მიერ დაკავებულია 400-მდე ადამიანი, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია, 300-ზე მეტი პირი, ხოლო დასჯილი პოლიციელების რაოდენობა – 0 TI: აქციებზე პოლიციელების მიერ დაკავებულია 400-მდე ადამიანი, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია, 300-ზე მეტი პირი, ხოლო დასჯილი პოლიციელების რაოდენობა – 0
-
გადახედვარუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმა — რა ხდება რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმა — რა ხდება
-
გადახედვაესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტები: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობრივი ქმედებები ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტები: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობრივი ქმედებები
კომენტარები