კომპანიები, რომელებმაც ექსპერტული დასკვნა დადეს დღეს ჩამონგრეულ ვარკეთილის მეტროსადგურის სარემონტო სამუშაოებზე ამბობენ, რომ მათი დასკვნა ხარისხთან დაკავშირებით არ არის დადებული.

ფოტო: შესყიდვების სააგენტო

შპს ყვარელრემმშენი, რომელმაც მეტროსადგური დაახლოებით 350 ათას ლარად გაარემონტა, მიღება-ჩაბარების აქტებში უთითებდა შპს რეალექსპერტისა და შპს სამშენებლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემულ ექსპერტულ დასკვნებს. შესყიდვების სააგენტოს მონაცემებთ, ყველა მიღება-ჩაბარების აქტში წერია, რომ: "ხელშეკრულებით შესრულებული სამუშაოები დამაკმაყოფილებელია".

შპს რეალექსპერტის დირექტორი, მაია ნიკოლეიშვილი On.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ მათ სამუშაოები მხოლოდ ვიზუალურად შეამოწმეს და ხარისხის შესამოწმებლად მათთვის კვლევა არ დაუკვეთიათ.

"[შევამოწმეთ] ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ რამდენად ზუსტად შეასრულა მოცულობები, რაც დამკვეთს ჰქონდა დაკვეთილი. ხარისხი - არა, კონსტრუქციული ნაწილი - არა და არქიტექტურული ნაწილიც - არა", - ამბობს ნიკოლეიშვილი და დასძენს, რომ კომპანიამ მოცულობითი სამუშაოებიც ვერ შეასრულა სრულყოფილად.

შპს სამშენებლო ექსპერტიზის ბიუროს დირექტორი, ზურაბ ამირანაშვილი ამბობს, რომ არც მათ კომპანიას შეუმოწმებია შესრულებული სამუშაოების ხარისხი.

"ტექნიკური მდგომარეობა არ შეგვიმოწმებია, რამდენად გამძლე იყო. ჩვენ უბრალოდ, შევამოწმეთ მოცულობა, რამდენი კვადრატული იყო შეღებილი, თუ გაშპაკლული", - აღნიშნავს შპს სამშენებლო ექსპერტიზის ბიუროს დირექტორი On.ge-სთან საუბრისას.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მხირდან სამუშაოების ჩაბარებას სამუშაოების მიმღები პეტრე მემარნიშვილი და სამშენებლო სამუშაოების ხარისხის კონტროლისა და მიღების ჰგუფის ინსპექტორი ვლადიმერ ერზინკიანმა ჩაიბარეს. On.ge-მ სატრანსპორტო კომპანიას მათთან დაკავშირება ითხოვა.

"ყველა დოკუმენტაცია გამოითხოვეს საგამოძიებო უწყებებმა. შეისწავლიან ყველაფერს, რაც ამ ტენდერში იყო მიღებული, მათ შორის საექსპერტო დასკვნებსაც. ვერ გიდასტურებთ ახლა იყო თუ არა ხარისხი შესწავლილი. ჩვენ ვართ პირველ რიგში დაინტერესებული, რომ მოხდეს დეტალური შესწავლა", - განუცხადეს მერიის პრესსამსახურში On.ge-ს.

ვარკეთილის მეტროსადგურში ჭერის ჩამონგრევის გამო დღეს, 30 იანვარს, 14 ადამიანი დაშავდა.