ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის ინფორმაციით, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ და მკლავზე ჭრილობები ლურსმნიანი ჯოხით მიაყენეს. შემთხვევა 25 ივნისს მოხდა. დაზარალებულის ინფორმაციით, მან საპატრულო პოლიცია გამოიძახა, თუმცა სამართალდამცავებს არც დამნაშავის დაკავება უცდიათ და არც სხვა სახის რეაგირება განუხორციელებათ:

"აღნიშნული ფაქტის გასაპროტესტებლად დანაშაულის ადგილას შეკრებილმა ტრანსგენდერმა ქალებმა ხელახლა გამოიძახეს ეკიპაჟი და მოითხოვდნენ მათგან რეაგირებას დანაშაულზე, რომელიც სავარაუდოდ ტრანსფობიურ ნიადაგზე იყო ჩადენილი. მეორე გამოძახებაზე გამოცხადებულმა ეკიპაჟმა კი ტრანსგენდერი ქალების პროტესტი სამართალდარღვევად ჩათვალა, ოთხი მათგანი დააკავა და შესაბამის განყოფილებაში გადაიყვანა".

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, პოლიცია დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობასა, სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა და მოითხოვდა მათ დაჯარიმებას 250 ლარით:

"თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, ტრანსგენდერი ქალების მხრიდან ადგილი ჰქონდა მცირემნიშვნელოვან ადმინისტრაციული სამართალდარღვევას. მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ ისინი გაათავისუფლა პასუხისმგებლობისაგან".

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის იურისტის შეფასებით, რომელიც ორი დაკავებულის ინტერესებს იცავდა, თავად ის ფაქტი, რომ ტრანსგენდერმა ქალებმა ხმამაღალი საუბრით გააპროტესტეს პოლიციის უმოქმედობა, ერთ-ერთი მათგანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამო, არ შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და მათი დაჯარიმება ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნებს.

როგორც On.ge-შ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით არის დაწყებულა, რაც ცემას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე პატიმრობით.