რა მოხდა 2017 წელს მეცნიერებაში? - აღმოჩენები, ინოვაციები და მოვლენები
2017 წელი მეცნიერებისთვის საკმაოდ პროდუქტიული იყო. დაწყებული ხელოვნური ინტელექტის ასტრონომიაში ინტეგრაციით, გაგრძელებული გენური თერაპიითა და დამთავრებული კასინის სატურნში ჩაყვინთვით, ამ წელს ბევრად უფრო მეტი ვიცით სამყაროზე, ბევრად უფრო მეტ დაავადებას ვკურნავთ, ბევრად უფრო კომფორტულად ვცხოვრობთ, ვიდრე მანამდე. რასაკვირველია, ცოდნის გაფართოების ტემპი ტექნოლოგიურ ზრდასთან ერთად იმატებს.
On.ge-მ ამოარჩია 2017 წლის TOP აღმოჩენები და მოვლენები, რომლებმაც დიდი გავლენა იქონიეს კაცობრიობის წინსვლაზე. მოკლე აღწერებს ქვემოთ იხილავთ. ჩვენ ასტრონომიის სექციაში ასევე ამოვარჩიეთ ე.წ. მეორეადგილოსანი აღმოჩენები, რომლებიც მთლად ტოპ-აღმოჩენებში ვერ გადიან, თუმცა, მათი უყურადღებოდ დატოვება არასამართლიანია.
აქვე გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა ზოგიერთი თქვენგანი არ ეთანხმებოდეს ამა თუ იმ აღმოჩენის და/ან მოვლენის ტოპებში შეყვანას, თუმცა, ეს მხოლოდ და მხოლოდ On.ge-ს პოზიციაა.
ასტრონომია
TOP 11
1. ნეიტრონული ვარსკვლავების შეჯახებით გამოწვეული გრავიტაციული ტალღები
ამ წლის საუკეთესო აღმოჩენათა შორის საუკეთესო ნეიტრონული ვარსკვლავების შეჯახებით გამოწვეული გრავიტაციული ტალღები იყო. ფიზიკოსებისვე თქმით, ეს იყო უპრეცედენტო აღმოჩენა.
2015 წელს პირველად დავაფიქსირეთ გრავიტაციული ტალღები, რაც თავის მხრივ, უდიდესი მოვლენა იყო კაცობრიობისთვის - როგორც იქნა, დავამტკიცეთ ალბერტ აინშტაინის 100 წლის წინანდელი წინასწარმეტყველება, რომლის დამტკიცებისაც აინშტაინს არასდროს სჯეროდა.
მას შემდეგ კიდევ სამჯერ აღმოვაჩინეთ (ჯამში ხუთჯერ) გრავიტაციული ტალღები. მაგრამ ეს ბოლო რატომ იყო უპრეცედენტო და რატომ იმსახურებს ის ათეულში პირველ ადგილას ყოფნას? რა არის ასეთი გასაოცარი ამ ფაქტში?
დავიწყოთ იქიდან, რომ მანამდე აღმოჩენილი გრავიტაციული ტალღები მასიური შავი ხვრელების შეჯახებისგან გამოწვეული იყო, ამ შემთხვევაში კი - ნეიტრონული ვარსკვლავები დაეჯახნენ ერთმანეთს. კი მაგრამ, მხოლოდ ობიექტებია აქ მთავარი? არა, ობიექტები არაა მთავარი. კაცობრიობის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ნეიტრონული ვარსკვლავების შეჯახებას საკუთარი თვალით ვუყურეთ - როცა დავაფიქსირეთ მათგან წამოსული ტალღები, უამრავი ოპტიკური ტელესკოპი მოვლენის ეპიცენტრისკენ გავიშვირეთ და ძალიან მალე გავხდით ისტორიული ფაქტის მომსწრენი - ორი ნეიტრონული ვარსკვლავის შერწყმისა! ნუთუ არ არის ეს უპრეცედენტო?! რა თქმა უნდა, არის! ეს უდიდეს პერსპექტივას გვპირდება ასტრონომიაში.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ეს ბმული.
2. სიცოცხლისთვის ხელსაყრელი ეგზოპლანეტების აღმოჩენა
NASA-მ დედამიწიდან 40 სინათლის წლის დაშორებით, TRAPPIST-1 ვარსკვლავის სისტემაში 7 ახალი პლანეტა აღმოაჩინა. ჟურნალმა Nature-მა ამ აღმოჩენის გახმაურება ცოტა ხნის განმავლობაში აკრძალა, ამიტომ ნასამ კონკრეტული დრო დანიშნა და კონფერენციაზე გააცხადეს.
სისტემაში, რომლის დედავარსკვლავიც წითელი ჯუჯაა, შვიდი პლანეტა ბინადრობს. საოცარი ისაა, რომ დედამიწის მსგავსი ამდენი პლანეტა ერთად, ერთ სისტემაში, თანაც, სავარაუდოდ, ყველა სიცოცხლისთვის ხელსაყრელი, არასოდეს აღმოგვიჩენია.
ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანი იყო 2017 წლისთვის, რადგან ჩვენ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით უცხო სიცოცხლის აღმოჩენას. ვართ თუ არა მარტონი სამყაროში? - კაცობრიობის მიერ დასმულ ამ უდიდეს კითხვას ასეთი აღმოჩენებით მალე გაეცემა პასუხი.
დეტალური ინფორმაციისთვის კი იხილეთ ეს ბმული.
3. ხელოვნური ინტელექტის მიერ აღმოჩენილი მერვე ეგზოპლანეტა
ხელოვნური ინტელექტის ასტრონომიაში ინტეგრაციამ ძალიან გაუმარტივა მეცნიერებს სამუშაო. რადგანაც ტელესკოპებიდან მიღებული მონაცემების მოცულობა ძალიან დიდია, მათი დამუშავებისთვის ძალიან დიდი დროა საჭირო. ამას ხელოვნური ინტელექტი კი წამებში აკეთებს. რატომ იწვალონ მეცნიერებმა ისეთი რუტინული სამუშაოებით, როგორიცაა უზარმაზარი მონაცემებიდან ვარსკვლავების დაბნელებების პოვნა? არ ჯობია, ეს ხელოვნურმა ინტელექტმა აღმოაჩინოს? წამში გაცხრილოს ყველა საეჭვო მონაცემი და დატოვოს მხოლოდ ისინი, რომლებშიც ნამდვილად პლანეტაა? ასეც მოიქცნენ.
NASA-მ რამდენიმე ხნის წინ დააანონსა, რომ Google-ის ნეირონული ქსელით მათ კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მონაცემებში საინტერესო აღმოჩენა გააკეთეს.
Kepler-90 მზის მსგავსი ვარსკვლავია, რომელიც 2545 სინათლის წლითაა ჩვენგან დაშორებული. ახლად აღმოჩენილი ეგზოპლანეტის, Kepler-90i-ს, გამო, რომელიც ძალიან ცხელი კლდოვანი პლანეტაა და ყოველ 14,4 დღეში ბრუნავს საკუთარი დედავარსკვლავის გარშემო, ეს სისტემა სიდიდით მეორეა ჩვენს გალაქტიკაში აღმოჩენილ სისტემებს შორის.
ამ შემთხვევაში, კომპიუტერებმა თვითონ ისწავლეს, თუ როგორ აღმოეჩინათ პლანეტები კეპლერის მონაცემთა ეგზემპლარებში, სადაც ტელესკოპმა შორეული პლანეტებისგან აღრიცხა სიგნალები.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ეს ბმული.
4. კასინის შეჯახება სატურნთან
2017 წლის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და, ამავდროულად, ცოდნის გამაფართოებელი მოვლენა კასინის შეჯახება იყო სატურნთან. იმის გამო, რომ კასინიმ სატურნის ერთ-ერთ თანამგზავრზე სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობები აღმოაჩინა, NASA-ში გადაწყვიტეს, რომ კასინის გმირულად დაესრულებინა სიცოცხლე - რომ არ დაებინძურებინა ენცელადის ან სხვა მთვარის გარემო და სამომავლო კვლევებისთვის ხელი არ შეეშალა.
კასინის ყველაზე მეტად სატურნის თანამგზავრი ტიტანი უყვარდა. როდესაც ის გაუშვეს 1997 წელს, მას ტიტანზე გაატანეს ზონდი, სახელად ჰუიგენსი. ეს უკანასკნელი დღემდე აგრძელებს ტიტანის კვლევას.
სწორედ კასინის უსაყვარლესმა, ფავორიტმა მთვარემ ააღებინა სასიკვდილო კურსი გიგანტი პლანეტისკენ - გრავიტაციული მანევრით მეცნიერებმა პირდაპირ სატურნში გააქანეს პაწაწინა ზონდი. ამ მომენტს კასინის „გრანდიოზული აღსასრული“ ერქვა და NASA პირდაპირ ეთერში გადმოსცემდა.
განსხვავებით მარსმავალ „კურიოზისიტისგან“, რომელიც წარმატებით დასვეს 2012 წელს მარსზე, კასინის გრანდიოზულ აღსასრულს სიხარული არ მოჰყოლია. NASA-ს ერთ-ერთი მეცნიერი იხსენებს, რომ როდესაც მან კასინიზე მუშაობა დაიწყო, მაშინ მისი შვილი ბაღში შედიოდა, ახლა კი, აღსასრულისას მისი შვილიშვილი შედის ბაღში.
კასინიმ თავის ანტენა დედამიწისკენ მომართა, რადგან სიკვდილამდე უკანასკნელი მონაცემები ადამიანების ცოდნის გასაღრმავებლად გადმოეგზავნა. ასეც მოხდა.
კასინისა და მისი გრანდიოზული აღსასრულის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, იხილეთ ეს ბმული.
5. ენცელადის ოკეანე
აპრილში, NASA-ს მეცნიერებმა გამოაცხადეს, რომ მათ სიცოცხლისთვის საჭირო ენერგიის წყარო აღმოაჩინეს სატურნის ყინულოვანი მთვარის, ენცელადის თხევადი წყლის ოკეანეში. ქვეზედაპირული ოკეანის ნიმუშები კასინის ზონდმა მოიპოვა, რომელმაც რამდენჯერმე გაიარა ენცელადიდან ამოფრქვეული წყლის პლუმაჟებში.
ადრე ენცელადს ყინულის მყარ სხეულად მიიჩნევდნენ, რომელიც ლამაზი სატურნის გარშემო ბრუნავს, დღეს კი ის მზის სისტემაში ერთ-ერთ ყველაზე პოტენციურ ადგილად ითვლება, სადაც სიცოცხლეს აყვავების შესაძლებლობა აქვს. ამ თანამგზავრის მყარი, ყინულოვანი ზედაპირის ქვეშ, არსებობს გლობალური, თხევადი წყლის ოკეანე და ამ მიწისქვეშა ზღვის ფსკერზე, ცხელი წყლის ვენტილაციების წყალობით, შესაძლოა დედამიწის ოკეანის ფსკერზე ნაპოვნი ეკოსისისტემების მსგავსი იქაც არსებობს.
ახალმა კვლევამ მოლეკულური წყალბადის (ერთად შეკრული წყალბადის ორი მოლეკულა) არსებობა დაადგინა, რომელსაც შეუძლია სიცოცხლისათვის ენერგიის წყარო იყო. მოლეკულური წყალბადი შესაძლოა ცხელ წყალსა და ქვას შორის ქიმიური რეაქციებით წარმოიქმნა, რომელიც ნამდვილ საჭმლის მარაგს ქმნის პოტენციური სიცოცხლისათვის.
6. ზაზა ოსმანოვის წარმატება - უცხო ცივილიზაციების აღმოჩენის მეთოდი
ერთ დღეს, თითქმის ყველა პოპულარული სამეცნიერო გამოცემა წერდა ზაზა ოსმანოვის შესახებ, რომელმაც უცხო ცივილიზაციების აღმოჩენის მეთოდი დაადგინა. მისი აზრით, დღევანდელი თუ მომავალი ტექნოლოგიებით საკმაოდ რეალურია, რომ პულსარების გარშემო ე.წ. დაისონის სფეროები მოვძებნოთ.
ზეგანვითარებული ცივილიზაციები თავიანთი დედავარსკვლავების გარშემო უნდა აშენებდნენ მეგასტრუქტურებს, რითაც ისინი პლანეტისთვის ენერგიას იღებენ. სწორედ მათი აღმოჩენის მეთოდისთვის დაიმსახურა ზაზა ოსმანოვმა მსოფლიო ყურადღება.
რა არის დაისონის სფერო, რაში მდგომარეობს ოსმანოვის წარმატება და სხვა ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.
7. ხელოვნური ინტელექტი სივრცე-დროის გამრუდების ანალიზს ადამიანზე 10 მილიონჯერ სწრაფად აკეთებს
გრავიტაციული ლინზირება საინტერესო ასტრონომიული მოვლენაა. ის ერთ-ერთი ამოუხსნელი ფენომენის, ბნელი მატერიის თვისებებს ავლენს. გრავიტაციული ლინზირება სივრცე-დროის გამრუდება ან დამახინჯებაა, რომელიც ალბერტ აინშტაინმა თავის ზოგადი ფარდობითობის თეორიაში საუკუნის წინ იწინასწარმეტყველა.
გრავიტაციული ლინზირება უნიკალურია, რადგან ამ მოვლენით მრავალი რამის გაგება შეგვიძლია სამყაროს შესახებ. მაგალითად, ასტრონომები გრავიტაციული ლინზირების შედეგად მიღებულ სურათებს სწავლობენ. ამას დიდი დრო მიაქვს, ამიტომ, მკვლევრებმა ამის უფრო სწრაფად გასაკეთებლად, შესაძლოა, ხელოვნური ინტელექტი გამოიყენონ. ხელოვნური ინტელექტი სხვა დროსაც გამოუყენებიათ ასტრონომიაში.
როდესაც ადამიანი ატარებს სივრცე-დროის გამრუდების ანალიზს, მრავალი პროცედურაა საჭირო, რასაც, დაახლოებით ერთი თვე სჭირდება. ხელოვნური ინტელექტი კი ამის გაკეთებას წამსაც არ ანდომებს, ამიტომ მისი გამოყენება საკმაოდ დიდი შვებაა ასტრონომებისთვის.
როგორ გაწვრთნეს ხელოვნური ინტელექტი, როგორ ასწავლეს მას სივრცე-დროის ანალიზი, იხილეთ ამ ბმულზე.
8. ოუმუამუა - ვარსკვლავთშორისი სტუმარი
მკვლევრებმა ამ წლის ოქტომბერში, პირველად დააფიქსირეს მზის სისტემაში შემოჭრილი ვარსკვლავთშორისი ობიექტი. კოსმოსური ქვა, სახელად ოუმუამუა მეცნიერებმა Pan-STARRS 1-ის ტელესკოპით აღმოაჩინეს ჰავაიდან და სახელიც ჰავაის ენაზე დაარქვეს - ოუმუამუას პირდაპირი თარგმანი მზვერავია.
მზის სისტემიდან კოსმოსური ქვის გატყორცნის მრავალი გზა არსებობს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ შორეული კოსმოსური ქვები ხანდახან შემოიჭრებიან ხოლმე მზის სისტემაში, მაგრამ იმის დადასტურება, რომ ის ნამდვილად სხვა სისტემიდანაა, ძალიან რთულია. ამ შემთხვევაში, მეცნიერებმა მისი ამჟამინდელი ტრაექტორიის მიხედვით, დაადგინეს გზა, რომელსაც ის გაივლის. მათ აღმოაჩინეს, რომ ის მზის სისტემას ტოვებს (რაც იმას ნიშნავს, რომ მზის გარშემო ორბიტაზე არ დაბადებულა). მრავალი კოსმოსური ქვა გამოიტყორცნება ხოლმე მზის სისტემიდან სხვა, ძირითადად დიდი ობიექტის გრავიტაციის გამო, მაგრამ ოუმუამუას არაფერი ეტყობა მსგავსი. ამ ობიექტის დამატებითი გამოკვლევები კვლავ გრძელდება.
არის თუ არა ის უცხო პლანეტელების მიერ გამოგზავნილი ზონდი? - დეტალებისთვის იხილეთ ეს ბმული.
9. ჯუჯა პლანეტა ცერერაზე სიცოცხლისთვის საჭირო ინგრედიენტები
ცერერა მარსსა და იუპიტერს შორის არსებულ ასტეროიდულ სარტყელში ყველაზე დიდი ობიექტია და მას ორმაგი კლასიფიკაცია აქვს: ჯუჯა პლანეტა და ასტეროიდი. ერთი შეხედვით, კრატერებით დაფარული ზედაპირი აშკარად არ გამოიყურება სასიცოცხლოდ, მაგრამ მეცნიერები რაც უფრო მეტს სწავლობენ მასზე, მით უფრო სასიცოცხლო ჩანს.
თებერვალში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მათ ორგანული მოლეკულები აღმოაჩინეს ცერერას ზედაპირზე. ორგანული მოლეკულები აუცილებელია ჩვენთვის ნაცნობი სიცოცხლის წარმოსაქმნელად, რაც ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ იქ აუცილებლად სიცოცხლეა. ეს აღმოჩენა უფრო მნიშვნელოვანი ხდება, როცა გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ცერერას ზედაპირის ქვეშ შესაძლოა თხევადი წყლის ოკეანე არსებობს. თხევადი წყლისა და ორგანული მოლეკულების არსებობა მიუთითებს იმაზე, რომ პრიმიტიული სიცოცხლე შესაძლოა უკვე წარმოიქმნა იქ.
10. ყველაზე შორეული შავი ხვრელი
მონსტრი შავი ხვრელი, რომლის მასა ჩვენი მზის მასას 800 მილიონჯერ აღემატება, 13 მილიარდი სინათლის წლის მოშორებით აღმოაჩინეს.
ეს არის ყველაზე შორეული შავი ხვრელი, რაც კი ოდესმე დაგვიფიქსირებია - ეს ობიექტი მაშინ არსებობდა, როდესაც სამყარო სულ რაღაც 690 მილიონი წლის იყო, ანუ დღევანდელი ასაკის სულ რაღაც 5%.
„ასეთი მასის შეძენა 690 მილიონ წელიწადზე ნაკლებ დროში საკმაოდ დიდი გამოწვევაა ზემასიური შავი ხვრელების ზრდის თეორიებისთვის“ - ამბობს კარნეგ მელონის უნივერსიტეტის მკვლევარი ედუარდო ბანადოსი, კვლევის ხელმძღვანელი.
აქამდე, ყველაზე ადრეულ შავ ხვრელად ითვლებოდა ობიექტი, რომელიც სამყაროს გაჩენიდან 800 მილიონი წლის შემდეგ გაჩნდა.
რატომ არის ამ შავი ხვრელის აღმოჩენა მნიშვნელოვანი, იხილეთ ამ ბმულზე დეტალურად.
11. მზის სრული დაბნელება ამერიკაში
21 აგვისტოს ამერიკაში მზის სრული დაბნელება იყო.
მზის ნაწილობითი დაბნელება საკმაოდ ხშირად და საკმაოდ მრავალი ადგილიდან ჩანს, თუმცა სრული დაბნელება ძალიან იშვიათი მოვლენაა ერთი ადგილისთვის. მაგალითად, საქართველოში შემდეგი ნაწილობითი დაბნელება 2020 წლის 21 ივნისს მოხდება, ხოლო მზე სრულად 2060 წლის 30 აპრილს დაბნელდება.
მზის სრული დაბნელებისას მას მთვარის დისკო სრულად აბნელებს. ამის შედეგად კი, მზის გარე ატმოსფერო, ე.წ. გვირგვინი ხილული ხდება. მზის გვირგვინის ტემპერატურა მილიონი გრადუსია ცელსიუსით და ყველაზე ცხელი „საგანია“, რისი დანახვაც ადამიანის თვალს შეუძლია. რა აცხელებს მზის გვირგვინს ამ ტემპერატურამდე? ეს კვლავ ამოუხსნელია.
ამერიკაში მზის სრულმა დაბნელებამ „სრული ანშლაგით“ ჩაიარა, დაიდო უამრავი საოცარი ფოტო, მოხდა ერთი პატარა სასაცილო ამბავიც, დაკმაყოფილდნენ მოყვარულებიც და მეცნიერებიც.
დეტალური ინფორმაცია მზის სრული დაბნელების შესახებ იხილეთ აქ, ხოლო საუკეთესო ფოტოები - ამ ბმულზე.
მეორეადგილოსნები
- ახალმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ იუპიტერის პოლარული ნათებები ბევრად უფრო იდუმალი და კომპლექსურია, ვიდრე აქამდე გვეგონა. ისინი დედამიწის ნათებებისგან სრულიად განსხვავებულები არიან, რადგან ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსზე ეს ნათებები ასიმეტრიულია.
- მთვარის ასაკზე ჩატარებულმა ახალმა კვლევამ ცხადყო, რომ ჩვენი მეზობელი ოდნავ უფრო ხნიერია, ვიდრე წინა კვლევების მიხედვით იყო მიჩნეული.
- ამ მომენტში სამყაროს გაფართოების სიჩქარე უდიდესი პრობლემაა ასტროფოზიკაში. ორი საკმაოდ სანდო კვლევა ოდნავ განსხვავებულ შედეგებს იძლევა. ახლად გამოქვეყნებულმა კვლევამ ჩატარებული გაზომვებიდან ერთ-ერთი უფრო გაამყარა, რაც იმას ნიშნავს, რომ მეცნიერებს არ აქვთ სამყაროს გაფართოება ფუნდამენტურად გააზრებული.
- მეცნიერების ისტორიაში ყველაზე ცხელი ეგზოპლანეტა, KELT-9b-ს ზედაპირის ტემპერატურა 4300 გრადუსია ცელსიუსით, რომელიც ზოგიერთი ვარსკვლავის ზედაპირზე ცხელია.
- 37 წლის მანძილზე პირველად, მეცნიერებმა ვოიაჯერ-1-ის სათადარიგო ძრავები აამუშავეს. ამის წყალობით, მისიის წევრებს საშუალება ექნებათ, რომ თუ ზონდის ძირითადი ძრავები გამოვიდა მწყობრიდან, სათადარიგო ძრავებით მოამარაგონ ის, რის შედეგადაც ვოიაჯერი კვლავ შეძლებს დედამიწისკენ მომართოს ანტენა და უმდიდრესი მონაცემები გამოგვიგზავნოს ვარსკვლავთშორისი სივრციდან.
- სექტემბერში, მზეზე უზარმაზარი ამოფრქვევა მოხდა, რომლის მსგავსიც ათწლეულზე მეტია, არ მომხდარა. ამ საშინელმა ამოფრქვევამ მაღალი ენერგიის ნაწილაკები დედამიწის მიმართულებით გამოგზავნა, რამაც რადიო კომუნიკაციების შეფერხება გამოიწვია.
ტექნოლოგიები
1. ილონ მასკის რევოლუცია კოსმოსურ რბოლაში
SpaceX-ის დამფუძებლის, ილონ მასკის ცხოვრება საკმაოდ საინტერესოა. სანამ მასკი გამოჩნდებოდა თავისი კერძო კოსმოსური კომპანიით, მანამდე რაკეტები ერთჯერადი იყო. ინჟინრები აწყობდნენ რაკეტებს, უშვებდნენ კოსმოსში და შემდეგ ეს რაკეტა გადასაგდები ხდებოდა. თუმცა, NASA-ს კოსმოსური შატლი მთლად ერთჯერადი არ იყო, ნაწილობრივ მრავალჯერადი იყო, მაგრამ მისი აწყობა-გაშვება-დაშვება იმდენად ძვირი ჯდებოდა, რომ NASA-მ შეწყვიტა მისი დაფინანსება.
ბაზარზე შემოდის ილონ მასკი, რომელიც სრულიად არანორმალურ რამეს აკეთებს: უშვებს კოსმოსში რაკეტას, რომელიც უკან ბრუნდება, მიწაზე. თავიდან მასკის კომპანია გაკოტრების პირას იყო, როდესაც რამდენიმე კრახი ზედიზედ მიჰყვა ერთმანეთს. თუმცა, ინოვატორი და თავისი გიჟური იდეებით შეპყრობილი მასკი მაინც აღწევს წარმატებას: ის ზედიზედ რამდენჯერმე წარმატებით უშვებს რაკეტას და ისევ მიწაზე სვამს ისე, რომ მისი ხელახალი გამოყენება შესაძლებელი ხდება. ეს რევოლუცია იყო რაკეტის მეცნიერებაში. მისი განხორციელებული იდეების წყალობით, დღეს რაკეტის გაშვება ბევრად უფრო იაფია, ვიდრე მის გამოჩენამდე იყო.
მასკმა სექტემბერში დაააონსა, რომ ის აპირებს „უმთავრესი გაუმჯობესებებისა“ და „მოულოდნელი განცხადებების“ შესახებ ლაპარაკს. მან ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მარსის კოლონიზაციით შეპყრობილი ილონ მასკი ამჟღავნებს თავის გეგმას, თუ როგორ უნდა დავიპყროთ მარსი: როგორ ჩავაღწიოთ იქამდე, როგორ მოვიპოვოთ ამის ფული, ასევე როგორ მოვახდინოთ დედამიწის გარშემო მოგზაურობის რევოლუცია: იხილეთ შეშლილი ილონ მასკის შეშლილი გეგმები დეტალური ინფორმაციისთვის.
2017 წელი კი SpaceX-მა უდიდესი ტრიუმფით დაასრულა: მან რაკეტა Falcon 9-თი ორბიტაზე წარმატებით გაიყვანა Iridium-ის ათი ხელოვნური თანამგზავრი.
2. Google-ს ხელოვნური ინტელექტის რევოლუცია ჭადრაკში
Google-ს ხელოვნურმა ინტელექტმა კაცობრიობის ცოდნა ჭადრაკზე 4 საათში ისწავლა, შემდეგ კი ისეთი სვლები მოიგონა, რომლის ანალიზს ჭადრაკის ოსტატები დღემდე ასრულებენ.
ეს ალგორითმი ექსტრაორდინალური იმიტომაა, რომ ის ნულიდან სწავლობს. მას მხოლოდ თამაშის წესების საფუძველზე და საკუთარ თავთან მრავალი თამაშის შედეგად უნდა ესწავლა მოგება.
IBM-ის სუპერკომპიტერმა, Deep Blue-მ გარი კასპაროვი იმიტომ დაამარცხა 1997-ში, რომ ის დაპროგრამირებული იყო საუკეთესო სვლებით. განსხვავებით ამისა, AlphaZero-მ ყველაფერი თავისით ისწავლა.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ამ ბმულს.
3. კვანტური ტელეპორტაციის რეკორდის გაუმჯობესება
არც ისე დიდი ხნის წინ, ადრეულ 90-იანებში, მეცნიერები მხოლოდ სპეკულირებდნენ იმით, რომ კვანტური ფიზიკის გამოყენებით ტელეპორტაცია შესაძლებელი იყო. მას შემდეგ, ეს პროცესი სტანდარტული ოპერაცია გახდა კვანტური ოპტიკის ლაბორატორიებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ფაქტობრივად, გასულ წელს, ორმა დამოუკიდებელმა გუნდმა მსოფლიოში პირველი კვანტური ტელეპორტაცია ჩაატარა ლაბორატორიის გარეთ.
ახლა კი, ჩინელმა მკვლევრებმა პროცესი რამდენიმე ნაბიჯით წინ წასწიეს: მათ წარმატებით მოახერხერს დედამიწიდან ფოტონის ტელეპორტირება მოძრავ თანამგზავრზე, რომელიც 500 კმ-ზე მეტით იყო დაშორებული.
წაიკითხეთ სრული ისტორია ამ ბმულზე.
4. ილონ მასკი მომავლის მანქანებს აანონსებს - Roadster და Semi
ილონ მასკი მხოლოდ მარსის კოლონიზაციითა და მრავალჯერადი რაკეტების დამზადებით არაა შეპყრობილი: მას უნდა, რომ რევოლუცია ავტომობილებშიც მოახდინოს, ამიტომ დააარსა კომპანია Tesla, რომელიც ელექტრომობილებს ამზადებს - ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიური ავტომობილები. შეიძლება ითქვას, რომ რევოლუცია უკვე მოახდინა მან ავტომობილების ინდუსტრიაში. ამ წელს Tesla-მ ფორდსაც გადაუსწრო!
რამდენიმე თვის წინ კი, მასკმა ახალი მანქანები - Roadster და Semi დააანონსა. Roadster კომპანიის თავდაპირველი სპორტული მანქანის ახალი ვერსიაა. ილონ მასკის თქმით, ის ამ ტიპის მანქანებს შორის ყველაზე სწრაფია, რომელსაც შეუძლია 0-დან 60 მილი/საათი (~96 კმ/სთ) 1,9 წამში განავითაროს, ხოლო 100 მლ/სთ-ს (160 კმ/სთ) მიღწევა - 4,2 წამში. Roadster 400 მეტრს (მეოთხედი მილის) 8,9 წამში გადის.
ტესლამ, Roadster-თან ერთად, ახალი სატვირთო მანქანაც დააანონსა. Semi-ს ერთი დამუხტვით 800 კილომეტრის გავლა შეუძლია. ტესლას თქმით, ეს მანქანა 2019 წლიდან გაიყიდება. სრულად დატვირთული (36,2 ტონა ტვირთით) Semi 0-დან 60 მილი/საათი სიჩქარემდე 20 წამში აჩქარდება. ის ერთ მილზე 2-ზე ნაკლებ კვ.სთ ენერგიას მოიხმარს.
მეტი დეტალისთვის გახსენით ეს ბმული.
5. ხელოვნური ინტელექტის შიში
ხელოვნური ინტელექტის გაუმჯობესების ტემპი უფრო და უფრო იზრდება. მას შეუძლია Dota 2-ის საუკეთესო მოთამაშეები დაამარცხოს, ალცჰაიმერის დიაგნოსტიკა სიმპტომების გამოვლენამდე 10 წლით ადრე და მრავალი სხვა. ილონ მასკი კი, რომლის ხელოვნურმა ინტელექტმა Dota 2-ის საუკეთესო მოთამაშეები დაამარცხა, გვაფრთხილებს, რომ მესამე მსოფლიო ომის მიზეზი სწორედ ხელოვნური ინტელექტი გახდება, არგუმენტად კი მას მოჰყავს პუტინი, რომელიც შეპყრობილია ხელოვნური ინტელექტით.
2017 წელი ნამდვილად დიდი ნახტომი იყო ხელოვნური ინტელექტისთვის. მისი წყალობით, მრავალი სამუშაო გაგვიმარტივდა. მასზე ბევრად უფრო მეტი ადამიანი ლაპარაკობს, ვიდრე მანამდე ლაპარაკობდა. ეს გარკვეულწილად ილონ მასკის გამო შეიძლება იყოს, რომელიც მუდმივად გვაფრთხილებს მის არასწორ გამოყენებაზე. თუმცა, რადგან ილონ მასკი ხელოვნური ინტელექტის ექსპერტი არ არის, ერთ-ერთი ექსპერტის აზრით, ის შიშს ჰყიდის. ალბათ გამოსდის კიდეც.
ხელოვნური ინტელექტის განვითარება ძალიან კარგის მომტანი შეიძლება იყოს ცივილიზაციისთვის. მას შეუძლია ისეთი გამოთვლების ჩატარება, რომლის შესრულებაზე ადამიანი ვერასოდეს იოცნებებს. შესაბამისად, როგორც ატომური ბომბები გვაქვს პლანეტაზე და ჯერ არ დავხოცილვართ, ხელოვნური ინტელექტიც, რომელიც განვითარების ადრეულ ეტაპზეა, ჯერჯერობით უსაფრთხოა.
6. Hyperloop One-ის სისტემის სიჩქარის გაუმჯობესება
ამ წელს ჩვენ ერთი ნაბიჯით დავუახლოვდით ზებგერით მოძრაობას, რომელიც მიწაზე ხდება. Hyperloop One-მა თავისი ტვირთი ნევადას უდაბნოში წარმატებულად გატესტა - მან სიჩქარე გააუმჯობესა.
ელექტრომაგნიტური ლევიტაციის გამოყენებით, ნახშირბადის ბოჭკოთი და ალუმინით დამზადებული ტვირთი 500 მეტრის სიგრძის ბეტონის ვაკუუმის მილებში 305 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდა - მან გასავლელი მანძილი 5 წამში დაფარა.
Hyperloop One ამერიკული კომპანიაა, რომლის მიზანია მგზავრები და/ან ტვირთი ძალიან შორ მანძილზე ძალიან სწრაფად გადააადგილოს. Hyperloop-ის ტრანსპორტაციის კონცეფცია პირველად ილონ მასკმა შემოიტანა 2013 წელს, თუმცა, ის არ მონაწილეობს Hyperloop One-ისა და მსგავსი პროექტების განვითარებაში.
7. ნახშირორჟანგის შთანმთქმელი პირველი კომერციული ნაგებობა
კლიმატის ცვლილება კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა. ნახშირორჟანგის დონე დედამიწის ატმოსფეროში ძალიან სწრაფად იზრდება. ადამიანების წილი კი ამ პროცესში, უდიდესი ალბათობით, უმთავრესია.
ამიტომ შვეიცარიაში პირველად გაიხსნა ნახშირორჟანგის შთანმთქმელი პირველი კომერციული ნაგებობა, რომელიც ატმოსფეროდან არასასურველ ნახშირორჟანგს ჩაიჭერს და შემდეგ მას ნედლ მატერიად ყიდის.
Climework-ის ნაგებობას შეუძლია 900 ტონა ნახშირორჟანგი გაფილტროს წელიწადში, რომელსაც შემდეგ თავის კლიენტებს ჰყიდის, როგორც ნედლ მატერიას: მაგალითად ბოსტნეულის ფერმას, რომელიც მას სასუქად გამოიყენებს.
8. კანადელი სტუდენტების მოწყობილობა, რომელსაც კიბოს დიაგნოსტიკა შეუძლია
კანადაში მდებარე მაკმასტერის უნივერსიტეტის ინჟინერიის სტუდენტებმა ჯეიმს დაისონის პრიზი მოიგეს 2017 წელს. მათ შექმნეს მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია კანის კიბოს დაფიქსირება ყველანაირი ბიოფსიის ჩატარების გარეშე.
Skan არაინვაზიური მოწყობილობაა, რომელსაც კანზე მოთავსების შემდეგ შეუძლია მელანომა დააფიქსიროს. თერმოსტორების სერიების გამოყენებით, ის არეალს აგრილებს, შემდეგ აკვირდება, რამდენი ხანი სჭირდება კანს ნორმალური ტემპერატურის აღდგენისთვის, ამის შედეგად კი კიბოს უჯრედების გამოაშკარავება ხდება, რომელთაც უფრო მაღალი მეტაბოლური ტემპი აქვთ.
9. პაწაწინა დეტექტორი ყველაზე მორცხვი ნაწილაკებისთვის
ამ წელს ფიზიკოსებმა ყველაზე რთულად დასაჭერი სუბატომური ნაწილაკები, ნეიტრინოები შენიშნეს სრულიად ახალი მეთოდებით. ამ მიღწევამ ოთხ ათწლეულიანი ძიება დაასრულა, რომელსაც არ დასჭირდა მასიური აპარატების შექმნა, რაც ძირითადად გამოიყენებოდა ნეიტრინოების დასაფიქსირებლად. ამის სანაცვლოდ, მკვლევრებმა შექმნეს პორტაბელური დეტექტორი, რომელიც მიკროტალღური ღუმელის წონისაა - 81 მეცნიერისგან შემდგარმა კოლაბორაციამ, სახელად COHERENT, 14,6 კილოგრამიანი დეტექტორი შექმნა.
10. Facebook განახლებად ენერგიაზე გადავიდა
Facebook-მა თავისი ყველა ელექტრული ანგარში, რომელიც მელნო პარკის სათაო ოფისებში მდებარეობს, განახლებად ენერგიაზე გადაიყვანა, რის გამოც გიგანტური სოციალური ქსელი უდიდესი მონაწილე გახდა San Mateo County-ს მომმარაგებელ პროგრამაში.
Facebook-ის მიზანია, რომ სუფთა და განახლებადი ენერგია 2018 წელს 50%-ით გამოიყენოს, ხოლო საბოლოო მიზანი განახლებადი სიმძლავრის 100%-ით გამოყენებაა.
მედიცინა
1. ადამიანის ემბრიონის გენური რედაქტირება
უამრავი დაავადება ადამიანის ემბრიონშივე ჩნდება გენების მცირედი ცვლილებით, რომელსაც შემდგომ ვეღარაფერს ვუშველით. ამიტომ, მეცნიერებმა CRISPR-Cas9-ით, იგივე დნმ-ის საჭრელით, მოახერხეს ადამიანის ემბრიონის გენური რედაქტირება.
Technology Review-ს ინფორმაციით, ამერიკელმა მეცნიერებმა, ისტორიაში პირველად, გენეტიკურად მოდიფიცირებული ადამიანის შექმნა სცადეს.
პროცესს ორეგონის ჯანმრთელობისა და მეცნიერების უნივერსიტეტის მკვლევარი, შუხრატ მიტალიპოვი უძღვებოდა. პროექტი ერთუჯრედიანი ემბრიონების დიდი რაოდენობით დნმ-ის გენის მარედაქტირებელი ტექნიკით, CRISPR-ით, შეცვლას მოიცავდა.
მიტალიპოვის და მისი თანამშრომლების მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ აქ გაიგოთ.
სხვა მკვლევრებმა განაცხადეს, რომ მათ იმ ბავშვების სიცოცხლე გადაარჩინეს, რომლებიც ფატალური თანდაყოლილი ნეირომუსკულარული დაავადებით დაიბადნენ. მათ ეს გამორჩენილი გენის ზურგის ნეირონებში ჩამატებით მოახერხეს. თუ ისინი ამას არ გააკეთებდნენ, ბავშვები 2 წლის ასაკში დაიღუპებოდნენ.
2. ადამიანის და ღორის ჰიბრიდი
წარსულში ადამიანი-ცხოველის ქიმერები მიუწვდომელი იყო. ასეთი ექსპერიმენტების საზოგადოებრივი დაფინანსება ამერიკაში აკრძალულია (ამიტომ, სოლკის გუნდი კერძო დონორებზეა დამოკიდებული ქიმერას პროექტისთვის). საზოგადოების შეხედულებებმა გარკვეულწილად გაართულა ასეთი სამუშაოები. ადამიანისა და ცხოველის ჰიბრიდის შექმნა საჭირბოროტო საკითხია.
კვლევის მთავარი ავტორის, ჯან ვუს აზრით, ჩვენ უბრალოდ უნდა შევხედოთ მითოლოგიურ ქიმერებს განსხვავებული პერსპექტივიდან. უძველეს ცივილიზაციებში ქიმერები ღმერთებთან ასოცირდებოდნენ და ჩვენი წინაპრები თვლიდნენ, რომ ქიმერულ ფორმას შეუძლია დაიცვას ადამიანი.
დეტალური ინფორმაცია ადამიანისა და ღორის ჰიბრიდზე იხილეთ აქ.
3. კიბოს წამლის ძლიერი დარტყმა
დიდხნიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა გვეღირსა: კიბოს წამალი, რომელიც კლავს დაავადებას არა იმ ორგანოში, სადაც ის წარმოიქმნა, არამედ დნმ-შივე. 2017 წლის მაისში, აშშ-ს FDA-მ მწვანე შუქი აუნთი პირველ ასეთ მკურნალობას, რომელსაც პემბროლიზუმაბი ეწოდება. ეს წამალი, რომელიც გამოიყენებოდა მელანომას ან სხვა ტიპის კიბოს განსაკურნებლად, ახლა მისი დანიშვნა ნებისმიერი კიბოს დროს შეიძლება ბავშვებსა და თუ მოზარდებში, ოღონდ ერთი პირობით: კიბოს უჯრედებს უნდა ჰქონდეთ დეფექტი, რომლის სახელია „შეუსაბამობის აღდგენის დეფიციტი“. ეს ნიშნავს, რომ თუ უჯრედი კიბოდ გარდაიქმნა პანკრეასში, ნაწლავებსა თუ სხვა ათეულობით ქსოვილში, ამ პრობლემის გადაჭრა გენებში არსებული მუტაციებით ხდება, რომელიც დნმ-ის აღდგენაზეა პასუხისმგებელი.
გარღვევა 2015 წელს მოხდა, როდესაც ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევრებმა პემობროლიზუმაბი ნაწლავების კიბოს მქონე პაციენტებში შეისწავლეს. მათ რაღაც საოცარი შენიშნეს: 13-დან 8 პაციენტში შეუსაბამობის აღდგენის დეფიციტი შევიწროვდა, ხოლო ოთხი პაციენტი სტაბილურად დარჩა წამალზე. ნაწლავების კიბოს მქონე 25 სხვა პაციენტი, რომელთაც დეფექტი არ ჰქონდათ, რეაქცია არ ჰქონიათ მკურნალობაზე. ექიმებს მიაჩნიათ, რომ რადგან დეფექტური უჯრედები ასობით მუტაციას აგროვებენ, იმუნური სისტემა მარტივად ამოიცნობს დაავადებულ უჯრედებს, მათ უცხოდ აღიქვამს და შემდეგ ხოცავს.
4. ბატკანი სითხით სავსე ხელოვნურ საშვილოსნოში
ხელოვნური საშვილოსნოს შექმნა ძალიან დიდი გარღვევაა, რადგან ნაადრევი დაბადება ახალშობილების სიკვდილიანობის უმთავრესი გამომწვევი მიზეზია. 2017 წელს კი საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადაიდგა სინთეტიკური საშვილოსნოების შექმნაში. მართალია, რომ ფილადელფიელი ექიმებს ზუსტად ხელოვნური საშვილოსნო არ შეუქმნიათ, თუმცა, მათი ახალი „ბიოჩანთა“ საშუალებას იძლევა, ემბრიონალური ბატკნებისთვის საჭირო პირობები შექმნას და ისე განვითარდნენ, როგორც ეს რეალურ საშვილოსნოში მოხდებოდა.
ძალიან მალე ამ ტექნოლოგიის გამოყენება ადამიანებშიც შესაძლებელი იქნება.
ბატკნები მოათავსეს გამჭვირვალე ბიოჩანთებში განვითარების დაწყებიდან 105 დღის შემდეგ, რაც ადამიანის 22 კვირის ექვივალენტურია. ამ დროს არც ადამიანებს და არც ბატკნებს საშვილოსნოს გარეთ გადარჩენის შანსი არ აქვთ.
5. NASA-ს კვლევა იდენტურ ტყუპებზე
გასულ მარტს, ნასას ასტრონავტი სკოტ კელი, კოსმოსში თითქმის ერთწლიანი ყოფნის შემდეგ, დედამიწაზე დაბრუნდა. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (სკს) 340 დღის განმავლობაში ყოფნისას, მეცნიერები სკოტის იდენტურ ტყუპ ძმას, მარკ კელის დედამიწაზე აკვირდებოდნენ. მიზანი იყო იმ ცვლილებების დანახვა ადამიანის სხეულში, რომლებიც კოსმოსში ცხოვრებასთანაა დაკავშირებული.
სკოტი და მარკი იდეალური საკვლევი ადამიანები არიან, რადგან მათ იდენტური დნმ აქვთ. ეს ნიშნავს, რომ მეცნიერებს უიშვიათესი შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ პირდაპირ შეედარებინათ სკოტის დნმ-ში არსებული ცვლილებები მარკის დნმ-თან დროის ერთსა და იმავე პერიოდში.
კვლევის შედეგები იხილეთ ამ ბმულზე.
6. ტვინის ღეროვანი უჯრედების წყალობით, თაგვებში დაბერების პროცესი შენელდა
ტვინში არსებული ღეროვანი უჯრედები შესაძლოა სიცოცხლის გასახანგრძლივებლად და დაბერების შესაჩერებლად უმთავრესი იარაღი იყოს. ამ უჯრედებს, რომლებიც ჰიპოთალამუსშია (რეგიონი, რომელიც წარმოქმნის ჰორმონებსა და სხვა სასიგნალო მოლეკულებს) მოთავსებული, შეუძლიათ შუა ხნის ასაკის თაგვების ტვინის შესუსტებული ფუნქციები და კუნთები კვლავ გააძლიერონ.
წინა კვლევები აჩვენებდა, რომ ჰიპოთალამუსი დაბერების პროცესში მონაწილეობდა, მაგრამ ეს უკანასკნელი კვლევა აჩვენებს, რომ ამ რეგიონში არსებულმა ღეროვანმა უჯრედებმა შესაძლოა პროცესი შეანელოს. ალბერტ აინშტაინის მედიცინის კოლეჯის ნეიროენდოკრინოლოგის, დონგშენგ ქაის თქმით, ეს საკმაოდ რეალურია, რადგან ჰიპოთალამუსს სხეულის ფუნქციების შესრულებაში უამრავი როლი აკისრია, მათ შორის ანთებითი პროცესების და მადის.
დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ამ ბმულზე.
7. აივ დადებითი ბავშვის განკურნება
მეცნიერები აცხადებენ, რომ სამხრეთ აფრიკელი ცხრა წლის ბავშვი მესამეა მსოფლიოში, რომელიც ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ ინფექცია) დაიბადა და მკურნალობის გარეშე, თითქმის 9 წლის განმავლობაში, ორგანიზმიდან ვირუსი გაუქრა.
ახალი კვლევის თანახმად, რომელიც მეცნიერებმა შიდსის საზოგადოების მეცხრე საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოადგინეს, სამხრეთ აფრიკელი ბავშვის შემთხვევა იძლევა იმედს აივ/შიდსისგან საბოლოოდ განკურნების გზაზე.
TIME-ის ინფორმაციით, 2007 წელს სამხრეთ აფრიკაში დაბადებულ ბავშვს აივ ინფექცია სისხლში დაბადებიდან 32-ე დღეს აღმოუჩინეს და ვირუსის მკურნალობაც დაუყონებლივ დაიწყეს. აგრესიული მკურნალობიდან 40 კვირის შემდეგ ბავშვის ორგანიზმში ვირუსის მაჩვენებელი ნულამდე, ე.წ. შეუმჩნეველ ზღვრამდე დაეცა. მკურნალობის შეწყვეტის მიუხედავად, ბავშვის ორგანიზმში აივ ინფექცია თითქმის 9 წლის განმავლობაში არ გამოჩენილა.
წაიკითხეთ სრული ისტორია ამ ბმულზე.
8. ზაალ კოკაიას გუნდის წარმატება ღეროვან უჯრედებში
ზაალ კოკაია და მისი თანამშრომლები ადამიანის კანის უჯრედებს გენური მოდიფიცირების გზით გარდაქმნიან ე.წ. პლურიპოტენტურ ღეროვან უჯრედებად, რომლებსაც შესწევთ უნარი წარმოქმნან სხეულში არსებული ყველა ტიპის უჯრედი. კოკაია და მისი ჯგუფი, ამ უჯრედებიდან ქმნიან ნერვულ უჯრედებს და სწავლობენ მათ უნარს ტვინის ინსულტით დაზიანებული ქერქში გადანერგვის შემდეგ გაამჯობესონ ორგანიზმის დაქვეითებული მოტორული და კოგნიტიური ფუნქციების აღდგენა.
წინა კვლევებში მათ აჩვენეს, რომ ვირთაგვების ტვინში გადანერგილი უჯრედები სულ მცირე ექვს თვეს ცოცხლობენ, გარდაიქმნებიან ნერვულ უჯრედებად და საცდელ ცხოველებში ინსულტით დაქვეითებული მოძრაობის უნარს აუმჯობესებენ. 2017 წელს ჟურნალ Brain-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში, კოკაიას ჯგუფმა დაამტკიცა, რომ ადამიანის კანიდან მიღებული ნეირონები ვირთაგვების დაზიანებულ ტვინში გადავნერგვის შემდეგ არა მარტო გადარჩებიან და გარდაიქმნებიან ნერვულ უჯრედებად, არამედ ასევე ვირთაგვის ტვინის ნერვულ უჯრედებთან ამყარებენ სინაფსურ კავშირს და ფუნქციურად ინტეგრირდებიან ვირთაგვის ტვინის ნერვულ რკალებში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანის კანიდან მიღებული გადანერგილი უჯრედები ხდება ვირთაგვის ტვინის ნერვული სისტემის ნაწილი.
ამ ნაშრომში, ოპტოგენეტიკური მეთოდების და ელექტრონული მიკროსკოპიის გამოყენებით მკვლევარებმა აჩვენეს, რომ ნერვულ უჯრედებს შორის ახლად დამყარებული კავშირები სრულყოფილი და ფუნქციურია. უფრო მეტიც, მათ შეძლეს გადანერგილი ინდივიდუალური უჯრედების ელექტრული აქტივობის ჩაწერა. როცა ისინი ახდენდნენ ვირთაგვის თათის სტიმულირებას, გადანერგილი უჯრედები გამღიზიანებელზე რეაგირებენ ელექტრული განმუხტვებით. ამ ნაშრომს ახალ საფეხურზე აყავს ღეროვანი უჯრედებით ტვინის დაქვეითებული ფუნქციის აღდგენის კლინიკური გამოყენების ალბათობა და იძლევა იმედს, რომ მომავალში შესაძლებელი იქნება ღეროვანი უჯრედების გამოყენებით ადამიანის ტვინის დარღვეული ნერვული კავშირების აღდგენა.
იხილეთ ზაალ კოკაიას ინტერვიუ ამ ბმულზე.
9. გულის შეტევის წინააღდმდეგ
მეცნიერებმა შექმნეს ახალი წამალი ევოლოქუმაბი (Evolocumab), რომელსაც შეუძლია სისხლში ე.წ. „ცუდი ქოლესტეროლის“ საგრძნობლად შემცირება და შედეგად გულის შეტევისა და ინსულტის თავიდან აცილება. ეს ახალი წამალი მონოკლონური ანტისხეულია. ამაზე მისი სახელის დაბოლოება "mab"-იც მიუთითებს, რაც ინგლისური სიტყვების, Monoclonal AntiBody-ს შემოკლებაა. ევოლოქუმაბი ცნობს და ბოჭავს PCSK9 ცილას. ეს უკანასნკნელი „ცუდი ქოლესტეროლის“ რეცეპტორებს უმიზნებს და ამცირებს ღვიძლის უნარს, ამოიცნოს და თავიდან მოიშოროს "ცუდი" ქოლესტეროლი.
მეორე ნივთიერება თროდუსქვემინს (Trodusquemine) კი შეუძლია გულის შეტევის შედეგად დაზიანებული გულის კუნთის აღდგენა, ცხიმოვანი ნივთერებების მეტაბოლიზმის გამოსწორება და შედეგად ჰეპატიტის უკუქცევა. რა თქმა უნდა, ეს წამლები ჯერ მხოლოდ ექსპერიმენტულია, მაგრამ წინსვლა აშკარაა, შედეგები მოაქვს და იმედია, ამ წამლებს, ადრე თუ გვიან, აფთიაქებშიც ვიხილავთ.
10. დავით მანაგაძის გუნდის წარმატება: BD Rhapsody - ერთი უჯრედის ანალიზის სისტემა
„ყველა ტიპის უჯრედს უნიკალური, მისთვის დამახასიათებელი ცილათა კონცენტრაცია ახასიათებს და მკაცრად არეგულირებს თავის გენომში ჩაწერილი ათიათასობით გენიდან რნმ-ისა და ცილების წარმოქმნას (პროცესს გენთა ექსპრესია ეწოდება). ცილათა არასწორი კონცენტრაციები იწვევს უჯრედის ფუნქციების მოშლას, სხვადასხვა დაავადებას, ასევე მის გადაგვარებასა და ავთვისებიან სიმსივნეს. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი გენთა ექპრესიის შესწავლა და იმის ცოდნა, თუ რა რაოდენობით უნდა იყოს მოცემული ცილა ამა თუ იმ ტიპის უჯრედში. ცილის მოსალოდნელი კონცენტრაციის ფაქტიურთან შედარებით შესაძლებელია გავიგოთ უჯრედის ნორმალურობა თუ ავთვისებიანობა, მისი განვითარების სტადია და ა.შ.
გენთა ექსპრესიის განსაზღვრის თანამედროვე მეთოდია ე.წ. "მომდევნო თაობის სექვენსინგზე" (Next Generation Sequencing) დაფუძნებული RNA-seq. ეს მეთოდი თითქმის ყველა რნმ-ის გაზომვის საშუალებას იძლევა ერთ ექსპერიმენტში, რაც უჯრედის გენომის ექსპრესიაზე სრულ წარმოდგენას გვიქმნის. თუმცა მეთოდს უარყოფითი მხარეებიცა აქვს: ზოგი რნმ-სათვის ის მეტისმეტად გაბერილ შედეგს იძლევა. ასევე, რთული სინჯის (სხვადასხვა უჯრედების ნარევის, მაგალითად სისხლის ან სიმსივნის) ანალიზისას გასაშუალოებულ რიცხვებს ვღებულობთ და შეუძლებელია ნორმიდან გადახრილი მცირე რაოდენების უჯრედების აღმოჩენა, ან თუ რომელმა უჯრედმა წარმოშვა ესა თუ ის რნმ და ცილა.
ამ პრობლემების დასაძლევად კომპანია Becton Dickinson-ის მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი ანალიზი, BD Rhapsody, რომელიც მრნმ-ის ყველა მოლეკულის უნიკალური ბარკოდით მონიშვნისა და დათვლის საშუალებას იძლევა. თან ეს ყველაფერი ერთდროულად ათასობით უჯრედზეა შესაძლებელი. ანუ შეგვიძლია ავიღოთ უჯრედთა ნარევი, ჩავატაროთ ანალიზი და გავიგოთ სინჯის თითოეულ უჯრედში ჩვენთვის საინტერესო გენის ექსპრესია, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი ნორმიდან გადახრილი უჯრედის აღმოჩენაც კი შესაძლებელია.
მე, დავით მანაგაძე, ვმონაწილეობდი ამ ანალიზის შექმნაში ბიოინფორმატიკული უზრუნველყოფის მხრივ. ჩემმა ჯგუფმა შექმნა კომპიუტერული პროგრამები (software), რომლებიც უზარმაზარ მონაცემებს ამუშავებს ამაზონის ღრუბლოვან სერვისში და აუცილებელია ანალიზის დიზაინისა და შედეგების ანალიზისათვის“. - აცხადებს დავით მანაგაძე On.ge-სთან ინტერვიუში.
ფლორა, ფაუნა და კლიმატი
1. დონალდ ტრამპი პარიზის შეთანხმებიდან გამოდის
კლიმატის ცვლილება ძალიან დიდი გამოწვევაა კაცობრიობისთვის. ადამიანის მიერ ინდუცირებული კლიმატის ცვლილებით ცხოველების დიდი ნაწილი გადაშენების პირას მივა და საბოლოოდ, ნახევარზე მეტი აღარ იარსებებს. მრავალი ცხოველი უკვე გადაშენების პირასაა. ეს კი, ცხადია, ჩვენზეც აისახება, რადგან ჩვენც კვებითი ჯაჭვის ნაწილი ვართ.
პარიზის შეთანხმება კი ითვალისწინებს გლობალური ტემპერატურის შენარჩუნებას პრე-ინდუსტრიულ მაჩვენებელზე - არაუმეტეს 2 გრადუს ცელსიუსისა. მეცნიერების აზრით, ამ ნიშნულის ზრდა პლანეტის ეკოსისტემის განადგურებას გამოიწვევს. შეთანხმების ფარგლებში, ყოველი მონაწილე ქვეყანა შეიმუშავებს გეგმას, რომლითაც შეამცირებს ზიანს გარემოზე.
დონალდ ტრამპმა კი, მოსვლიდან რამდენიმე ხანში, თეთრი სახლის ვებ-გვერდიდან კლიმატის გვერდი სრულად წაშალა, შემდეგ კი პარიზის შეთანხმებიდანაც გამოვიდა.
„გავდივართ, მაგრამ შევეცდებით მოვილაპარაკოთ და მივაღწიოთ სამართლიან შეთანხმებას. თუ შევძელით ძალიან კარგი იქნება, თუ ვერ - არაუშავს“. - ამბობს ის.
2. პოლარული დათვის შემზარავი ვიდეო
დეკემბრის დასაწყისში ინტერნეტი პოლარული დათვის შემზარავმა ვიდეომ წალეკა, რომელშიც ასახული იყო გამხდარი, საჭმლისა და ყინულის გარეშე დარჩენილი თეთრი დათვი. ამ ვიდეომ ბევრი სპეკულაცია თუ კამათი გამოიწვია: ზოგი ამბობდა, რომ ეს კლიმატის ცვლილების კიდევ ერთი მტკიცებულებაა, ზოგი - პირიქით, საერთოდ ვერ ხედავდა კლიმატის ცვლილების მტკიცებულებას ამ ვიდეოში.
ცხადია, ერთი პოლარული დათვის სიკვდილით ვერ ვიტყვით, რომ ის ნამდვილად კლიმატის ცვლილების ან გლობალური დათბობის მსხვერპლია. არ ვიცით, ავად იყო თუ არა, არ ვიცით მისი ასაკი და მრავალი სხვა. უბრალოდ გვაქვს შემზარავი, ემოციური კადრები, რომლის ნახვის შემდეგ არავინ დარჩება ბედნიერი.
იმის თქმა, რომ ამ დათვს კლიმატის ცვლილებამ უწია და ამიტომ მოკვდა, არამეცნიერულია. არ არის ეს მეცნიერული მეთოდი. თუმცა, შეგვიძლია ეს საწყალი დათვი კლიმატის ცვლილების სიმბოლოდ გამოვიყენოთ: რა მოუვა ყველა დათვს, თუ კლიმატის ცვლილება კიდევ გაგრძელდება და გაუარესდება.
სრული ისტორია იხილეთ ამ ბმულზე.
3. დიდი პრიმატების ახალი სახეობა
მივულოცოთ ჩვენს ოჯახში შემოსვლა Pongo tapanuliensis-ებს! თითქმის 90 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა ბოლოს აღმოაჩინეს ჰომინიდების ახალი ცოცხალი სახეობა. სწორედ ეს გახდა ნოემბერში მეცნიერებისთვის ზეიმის მიზეზი, როცა მათ ორანგუტანების მესამე სახეობა აღმოაჩინეს. ინდონეზიაში მდებარე განადგურების პირას მყოფ ტყეში, მხოლოდ ერთი პატარა პოპულაცია გადარჩა.
2017 წლამდე, მხოლოდ ბონობოები, შიმპანზეები, გორილას ორი სახეობა, ორანგუტანების ორი სახეობა და ადამიანები შეადგენდნენ დიდი პრიმატების ოჯახს. ორანგუტანების ახლად აღმოჩენილი სახეობა ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე ბინადრობს - აქამდე ცნობილ ორანგუტანთა სახეობების ბინადრობის ადგილიდან სამხრეთით. ისინი ბორნეოზე ცხოვრობენ. დნმ-ით, ანატომიითა და ეკოლოგიური ინფორმაციით გამოკვლეულ ახალ სახეობას ტაპანულის პატივსაცემად დაერქვა სახელი.
უზარმაზარი საფრთხე კვლავ იცდის. იზოლირებულ ტყეში, ამ ახალი სახეობის სულ რაღაც 800 ინდივიდია დარჩენილი. გზა 1100 კვადრატული კილომეტრის ჰაბიტატს ყოფს, რომელსაც არალეგალური გაუტყეურება ანადგურებს, მიუხედავად ოფიციალური დაცვისა. დაგეგმილი ჰიდროელექტრო კაშხლის აშენება კი საბოლოო საფრთხეა. ბუნების დამცველებს იმედი აქვთ, რომ გაუბედურებული პოპულაციის ახალ სახეობად ცნობით მათ მდგომარეობას უფრო მეტი ყურადღება მიექცევა.
4. 4,5 მილიარდი წლის წინანდელი ნამარხები
სიცოცხლის წარმოშობა დიდი ხანია დებატების თემაა, ხშირად იმიტომ, რომ მკვლევრები ცდილობენ, შეისწავლონ მოვლენები, რომლებიც მილიარდობით წლების წინ მოხდა. დებატების დამატებითი მასალა ახლი აღმოჩენაა ნავუაგიტუკის სარტყლის (კანადა) ღრმა ეგზოტიკური ლანდშაფტებიდან, სადაც მეცნიერებმა ამოიღეს ნამარხები, რომლებიც, მათი აზრით, 3,7 მილიარდი წლისაა. თუ ისინი მართლები არიან, ეს იქნება ყველაზე ძველი ნამარხების მტკიცებულება, რაც კი ოდესმე აღურიცხავთ.
გუნდის მიერ აღმოჩენილი "მიკრონამარხები" კანადის იმ ნაწილში იქნა ნაპოვნი, რომელიც ოდესღაც ჰიდროთერმული ვენტილაცია იყო ოკეანის ფსკერზე. ეს მიკროსკოპული მიკრობები, რომლებმაც ეს ნამარხები წარმოქმნა, ვენტილაციების გარშემო აღმოცენდა, რათა თავიანთი აქროლადი ქიმიის გამოყენებით საწვავი შეექმნა. როდესაც ეს მიკრობები დაიხოცნენ, წყალში არსებული რკინა მათ დაშლად სხეულებში ჩაეკვრებოდა, რითაც საბოლოოდ ჩაანაცვლებდა მათ ორგანულ სტრუქტურებს იმ ქვებით, რომლებსაც ახლა მკვლევრები სწავლობენ.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ამ ბმულს.
5. ჰომო საპიენსის უფრო ღრმა ფესვები
მოროკოში აღმოჩენილი ნამარხები ჰომო საპიენსის უძველესი ნამარხებია, რაც კი ოდესმე აღმოგვიჩენია. ამ კვლევის მიხედვით კი, ადამიანის სახეობა მრავალ ადგილას განვითარდა მთელ აფრიკის კონტინენტზე.
აქამდე, ჩვენი სახეობის უძველესი ნამარხი თარიღდებოდა 195 000 წლით. მოროკოში აღმოჩენილი ნამარხები კი, დაახლოებით, 300 000 წლისაა. შესამჩნევია ისიც, რომ ადრეულ ჰომო საპიენსებს ჩვენი მსგავსი სახე ჰქონდათ, თუმცა, მათი ტვინები ფუნდამენტურად განსხვავდებოდნენ.
6. BBC-ს ახალი ფილმი - Blue Planet II
2016 წელს, BBC-მ Planet Earth-ის მეორე სეზონი გამოუშვა, პირველი სეზონის გაშვებიდან 10 წლის შემდეგ. ამ მინი-სერიალმა ბრიტანეთის X-Factor-ს გადაუსწრო რეიტინგით. იქ აღბეჭდილი სცენები სრულიად სცდებოდა ყველანაირ საზღვარს - დაწყებული არწივის თვალით დანახული მთებით და დამთავრებული ქალაქში შემოპარული ლეოპარდით - ეს ფილმი ბუნების საოცრებებს აქამდე არნახული რაკურსით გვაჩვენებდა.
ძალიან მალევე, 2017 წელს, გამოვიდა Blue Planet II, რომელიც წინა სეზონის შთამომავალია. ის 2001 წელს გადაიღეს. ფილმი ძირითადად წყალში არსებულ სიცოცხლეს ეხება. მას დევიდ ეტენბორო ახმოვანებს, ხოლო მუსიკაზე ჰანს ციმერმა და ტომი იორკმა იზრუნეს - შედეგი ნამდვილად საოცარი გამოვიდა!
7. ტემპერატურა და ნახშირორჟანგის დონეები რეკორდულად მაღალია
იანვარში NOAA-მ და NASA-მ ერთობლივად დაადასტურეს, რომ 2016 წელი ყველაზე ცხელი იყო, რაც კი ოდესმე აღურიცხავთ. რეკორდი სამჯერ ზედიზედ დამყარდა - 2014 და 2015-იც ყველაზე ცხელი წლები იყო ტემპერატურის აღრიცხვის ისტორიაში.
სულ რაღაც ორი თვის შემდეგ, მარტში, NOAA-ს მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ატმოსფერული ნახშირორჟანგის კონცენტრაცია რეკორდული ტემპით იწევს მაღლა უკვე მეორე წელია. მონაცემების მიხედვით, ნახშირორჟანგის კონცენტრაციები 3 ppm-ით გაიზარდა 2015-სა და 2016 წლებში, რაც ბევრად მაღალია საშუალო წლიურ ნახტომზე - 2,3 ppm-ზე, რომელიც გასულ ათწლეულში უმეტესად აღირიცხებოდა.
2017 წელი მთავრდება. მეცნიერები არ ვარაუდობენ, რომ ის 2016 წლის ტემპერატურულ რეკორდს მოხსნის, მაგრამ მიაჩნიათ, ეს ორ ყველაზე ცხელ წელში აუცილებლად შევა.
8. რეკორდულად მცირე ყინული არქტიკასა და ანტარქტიკაში
მარტის დასაწყისი ის დროა, როდესაც არქტიკის ზღვის ყინული მაქსიმალურ ფართობს აღწევს. როგორც აღმოჩნდა, 2017 წელს ყველაზე მცირე ფართობი ჰქონდა მას - 1 210 000 კვადრატული კილომეტრი. შედარებისთვის, საშუალო ფართობი 1981-სა და 2010 წელს შორის 14 500 000 კვადრატული კილომეტრი იყო. მეცნიერები უკვე ზედიზედ მესამე წელია რეკორდულად მცირე ყინულს აფიქსირებენ არქტიკაში.
ამავდროულად, მეცნიერებმა რეკორდულად მცირე ყინული ანტარქტიკაშიც დააფიქსირეს. ის, მისი საპირისპირო მხარისგან განსხვავებით, ამ პერიოდში აღწევს მინიმუმს. მეცნიერებს ასეთი მცირე ყინული არასოდეს დაუფიქსირებიათ ამ რეგიონში. თებერვლის ბოლოს ყინულის საფარის ფართობი 2 111 000 კვადრატული კილომეტრი იყო.
მართალია, არქტიკაში ბოლო რამდენიმე ათწლეულია ყინული მუდმივად მცირდება, მისი წინასწარმეტყველება ანტარქტიკაში ცოტა რთულია. რამდენიმე წლის წინ, ანტარქტიკის ყინული ფართოვდებოდა. ის რეკორდულ მაჩვენებელს 2014 წლის ოქტომბერში მიუახლოვდა.
9. ეს კატასტროფები დათბობის გარეშე არ მოხდებოდა
ყოველ წელს Bulletin of the American Meteorological Society სპეციალურ წლიურ ნომერს აქვეყნებს, რომელშიც გამოკვლეულია კლიმატის ცვლილების გავლენა კონკრეტულ ექსტრემალურ ამინდებზე, როგორებიცაა სითბური ტალღები და წყალდიდობები. ეს კლიმატის მეცნიერების საკმაოდ ზრდადი მეცნიერებაა. ბოლო 15 წელიწადში ათობით კვლევა გამოქვეყნდა, რომელიც ასკვნის, რომ კლიმატის ცვლილებას შეუძლია გარკვეული მოვლენების ალბათობაზე ან სიმკაცრეზე გავლენა იქონიოს.
მაგრამ ამ წელს პირველად გამოქვეყნდა ნაშრომები, რომლებიც ამბობენ, რომ კონკრეტული მოვლენები საერთოდ არ მოხდებოდა ისეთ ადგილას, სადაც გლობალური დათბობა არ არსებობს. კვლევების მიხედვით, რეკორდული გლობალური ტემპერატურები 2016-ში, ექსტრემალური სითბური ტალღა აზიაში და უჩვეულოდ თბილი ზამთარი ალასკის ყურეში, სავარაუდოდ, მხოლოდ ადამიანის ინდუცირებული კლიმატის ცვლილებით იყო გამოწვეული.
მეცნიერების თქმით, კლიმატის ცვლილება მხოლოდ ამ მოვლენებს არ გამოიწვევს. ისინი პირველია, რომლებიც აღმოვაჩინეთ.
10. დედამიწის 2,7 მილიონი წლის წინანდელი ატმოსფერო
დედამიწის ძირში არსებობს სხვა დროში გადასასვლელი პორტალები, რომლებიც ყინულშია გაქვავებული: დედამიწის უძველესი ატმოსფეროს პაწაწინა ბურთულები. 2017 წლის აგვისტოს მკვლევრებმა განაცხადეს, რომ მათ ანტარქტიკის ყინული აღმოაჩინეს, რომელიც 2,7 მილიონი წლის წინ გაიყინა. ეს კი 1,7 მილიონი წლით უფრო ძველია, ვიდრე აქამდე არსებული უძველესი ყინულის ნიმუში. ამის საშუალებით კი უკეთ გავიგებთ დედამიწის ადრინდელი კლიმატის შესახებ.
კომენტარები