კი, ახალი წელი აუცილებლად მოვა და თქვენ ამოყოფთ თავს იქ, სადაც თქვენი ადგილია: ისტორიულ ნაგავსაყრელზე; და მერე, კიდევ ერთი ახალი წელი რომ მოვა, უბრალოდ, სამარცხვინო ლაქად მოგიგონებენ და ასე გაგრძელდება, წლიდან წლამდე, სანამ სრულიად არ ამოიშლებით ცნობიერებიდან, ამაოებაში გაიცრიცებით, უბრალოდ გახუნდებით…
იმიტომ, რომ თქვენ არც იდეოლოგია არ გაგაჩნიათ, არც რწმენა, არც სინდისი და არც არანაირი პრინციპი. თქვენ მიერ ჩადენილი ბოროტებაც კი უნიჭოა, უღიმღამო, ოპორტუნისტული, სამარცხვინო. ვიცი, ბოროტებას ნიჭი არ სჭირდება, ვიცი, ბევრი საშინელების განხორციელება მოახერხეთ, ვაღიარებ, მაგრამ მთავარი ვერ შეძელით და ვერც შეძლებთ: თქვენ ვერ მოუშალეთ თქვენსავე მოქალაქეებს, რომლებსაც იტაცებთ, სცემთ, სახლებში უვარდებით, ამცირებთ, მათი სახეებიდან ღიმილი! ღიმილი კი სიცილის ერთგვარი პროლოგია…
და ვინც იცინის, მას არ ეშინია. ისინი ყოველ თქვენს უგვანობას და სამარცხვინო საქციელს: უფრო მეტ ნიჭს, უფრო მეტ სილაღეს, უფრო მეტ თავისუფლებას უპირისპირებენ და აგრძელებენ სიცილს… დაგცინიან! ტრანსპარანტებით, გორგასლის ძელგზე ატანილი დროშით, რობოკოპების წინ აღმართული და წყლის ჭავლში მობანავე გოგოებით, მოხუცებით, რომლებსაც ახალგაზრდები ეფარებიან, რომ თქვენგან დაიცვან, უკიდეგანო სიმაღლეზე, ამწეებზე დგანან უშიშრად და იცინიან. დიახ, ისინი იცინიან! თქვენ დაგცინიან!
და თუ არ იცით, მაინც შეგახსენებთ, რომ ყველა ძალადობის დემასკირება ხდება იქ, სადაც სიცილი ისმის! ყველა სახის ძალადობა უძლურდება იქ, სადაც იუმორი უპირისპირდება მას და აშიშვლებს მის სტრუქტურას. ხოლო ძალადობა სხვა არაფერია თუ უპირატესობის გამოვლინება ძალისა და შიშის მეთოდით, სხვა ადამიანზე და მის ნებაზე საკუთრის აღმართვა ჩაგვრის გზით, სხვისი დამორჩილების წყურვილი საკუთარი უსუსურობის გადასაფარად…
მაგრამ როგორ დაიმორჩილებ მას, ვინც შენი შავი მუნდირის უკან შიშველს გხედავს? შენი სიშიშვლე წამში გართმევს ძალაუფლებას, რომელიც არ ვიცი, რამდენი ვერცხლის საფასურად მოიპოვე, როდესაც ხელკეტი გადმოგცეს! წამში გხდის მოწყვლადს, გაკარგვინებს ყველანაირ უპირატესობას, რომელიც ასე გწადია… ის ხედავს შენს სკოლიოზს, ან შენი ოფლის სუნი სცემს, ან შენი ცარიელი კუჭის ხმა ესმის… იმ წამს, როდესაც ბავშვი იშვერს თითს და ამხელს შიშველ ხელმწიფეს, იქ იშლება ყველანაირი ძალაუფლების ფასადი და რჩება შიშველი მეფე მისივე ამალით, კომიკური და გროტესკული.
და ამიტომ, კი, აუცილებლად მოვა ახალი წელი და გაიმარჯვებს თავისუფლება, იმიტომ, რომ ყოველთვის ბავშვი იმარჯვებს ხელმწიფეზე და მომავალი — წარსულზე.
ახლა კი, ბატონო მერო [კახა კალაძე], ხვალიდან შეგიძლიათ მოიწვიოთ "პატარები" "ზილინაზე" პარლამენტის წინ აღმართულ "იოლკაზე" და კარგად დაიმალოთ… იმიტომ, რომ "პატარების" სიცილზე მძლავრი არც არაფერია დედამიწის ზურგზე!
კომენტარები