იოანა სუბლატი 22 წლის ტრანსგენდერი ქალია, რომელიც რეგიონში დაიბადა და ბოლო წლებში თბილისში ცხოვრობდა. ის საქართველოდან რამდენიმე დღის წინ წავიდა, რადგან, როგორც ამბობს, ნათესავებმა მისი იდენტობის შესახებ გაიგეს და მოკვლით ემუქრებიან. საქართველოდან გაქცევამდე, ის On.ge-ს დედასთან ერთად ესაუბრა. იოანას უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სტატია ქვეყნდება მისი გამგზავრების შემდეგ.

შემეძლო მთელი ბავშვობა და მთელი ცხოვრება მეცეკვა, მაგრამ არ შემეძლო მეცეკვა როგორც კაცს.

სკოლა და კლასი

ბაღი საერთოდ არ მახსოვს. ხუთი წლის ვიყავი ცეკვაზე რომ შემიყვანეს. სხვათა შორის, ძალიან კარგად ვცეკვავდი. საბოლოო ჯამში, 12 წელი ვიცეკვე.

როდესაც წამოვიზარდე, ჩემი ბავშვური ცანცარობები სკოლაში აღარ ჩანდა და სერიოზულად გამოჩნდა ის, რომ ძალიან ფემინურად ვყალიბდებოდი.

პატარა რომ ვიყავი, ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. სკოლაში პრობლემა მქონდა ხმაზე, ქცევაზე, ჯდომის მანერაზე, სიარულზე. ეს ყველაფერი დაცინვის საგნად რომ იქცა, სირცხვილით დაფასთან ვეღარ გავდიოდი. გაკვეთილი ვიცოდი თუ არ ვიცოდი, ადგილიდან ვერ ვდგებოდი. თუ დამცინებდნენ, მასწავლებელი "ჩუ, ჩუ-ს" დაიძახებდა და მეტი არაფერი.

სკოლაში დიდად არავისთან ვმეგობრობდი. ჩემზე არავინ არაფერი იცოდა და ისეთი შეშინებული ვიყავი, ზუსტად ვიცოდი, ვიღაცას რომ რაიმე გაეგო, თავს ჩამოვიხრჩობდი. 14 წლამდე მჭირდა ასე.

ბიჭები სადმე რომ წავიდოდნენ, მე არავინ მეძახდა. მათთვის სასირცხვილო ვიყავი. ვთქვათ, ან ჩხუბზე მიდიოდნენ, ან მაღაზიაში, ან თუნდაც, სადმე უნდა დამსხდარიყვნენ და პიკნიკი ჰქონოდათ. თვითონაც მერიდებოდნენ და ბოლოს უკვე დაცინვა დაფასთან გასვლისას, დაცინვა ფიზკულტურაზე და ა.შ. სირცხვილში გადამეზარდა. ფიზიკური აგრესია არ გამოუხატავთ, რადგან ჩემი ძმა ჩემზე დიდი იყო და მის გამო თითს ვერავინ დამაკარებდა.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

სახლი

[ბავშვობაში] იმდენად განსხვავებული ვიყავი, ყველა თავზე მევლებოდა როგორც პატარას და უსუსურს. ჩემი ძმა მთელი ბავშვობა ჭიდაობდა, მკლავჭიდზე დადიოდა. ჩემი ბიძაშვილია კიდევ მისი ასაკის და ეს სასტავი საერთოდ სულ სხვა განზომილებაში იყო.

მე სახლში ვიჯექი, სულ ჩემს დასთან და დედაჩემთან ერთად. იმდენად ოჯახის ბავშვი ვიყავი, იმდენად წესიერი ვიყავი, ის ფაქტი, რომ ღამით ბირჟაზე არ წავიდოდი და ბიჭებთან ერთად სადღაც არ ვსვამდი, ძალიან მოსწონდათ ჩემებს და ყოველთვის მაქებდნენ, რომ კარგი ბავშვი ვიყავი. თუმცა, მე მრცხვენოდა, ვერ ვდგებოდი იქ და მაგიტო ვიყავი ეგრე. სამეზობლოში დავდიოდი, ოღონდ გოგოები უნდა ყოფილიყვნენ, რომ რაღაც არ ეგრძნობინებინათ ჩემთვის.

ოჯახთან ბოლო დრომდე, სანამ ჩემი უფროსი ძმა გაიგებდა, იდეალური ურთიერთობა მქონდა. მამას იშვიათად ვნახულობდი. დედა მეორე წელია თურქეთშია, ძმა პოლონეთში წავიდა და ჩემს დას როცა მინდა, მაშინ ვნახულობ.

მამა სოფელში ცხოვრობს და თუკი იქ ჩავიდოდი, ისიც ალბათ წელიწადში ორჯერ, მაქსიმალურად ბიჭის ტანსაცმელი უნდა მცმოდა. ღამით წავიდოდი და გათენებამდე უკან მოვდიოდი.

ჩემს ძმას ძალიან ვუყვარდი და დღემდე ვუყვარვარ იმდენად, რომ ვინმე თუ რაიმეს იტყვის, ამბობს, ჩემია და მე მივხედავო. დღეს ის ჩემ გვერდით აღარაა და ძალიან გამიჭირდა.

ერთხელ, კლასელები ვიჯექით, რაღაც სიტყვა ვთქვი, კითხვა დასვეს და პასუხი გავეცი მასწავლებელს იმდენად ნაზი ხმით, რომ მთელი წელი ეს ჰქონდათ სალაპარაკოდ. იმის მერე, ხმას რა ამომაღებინებდა.

თბილისში

დედაჩემი ძალიან შეგნებული და განვითარებული ქალია. იცოდა, რომ მჭირდებოდა თბილისი, რომ სოფელში მომავალი არ მექნებოდა.

აქ დედამ ჩამომიყვანა. მე-9 კლასი დავამთავრე სოფელში და მე-10 კლასი გავაგრძელე თბილისში. ბინა ვიქირავეთ, ავიღეთ ნივთები, რაც გვინდოდა და წამოვედით.

ვიფიქრე, ჩავალ თბილისში და იქ ცოტა ნორმალურად ვიქნები, ანუ ეს სდისკომფორტი არ მექნება და ახალ ხალხთან ახლიდან დავიწყებ თამაშს, როგორიც მინდა ისეთი ვეგონები-მეთქი.

თბილისში რომ ჩამოვედი, ვაის გავეყარე ვუის შევეყარე დამემართა, ისეთი კლასელები შემხვდნენ. შიშით შესვენებაზე ვეღარ გავდიოდი. ერთი წელიც ვერ გავძელი იმ სკოლაში. თან, მარტო ვცხოვრობდი, სკოლის გვერდზევე. დედა რომ მირეკავდა დილით, გაიღვიძე, სკოლაში წადიო, თვალს გავახელდი, ნახევარ საათს ისე ვიჯექი, ჩაის დავლევდი და ვეტყოდი, კი დედა წავედი. ცხრა საათს რომ გადაცდებოდა, ვთიშავდი ტელეფონს. დედა ამ დროს სოფელში ცხოვრობდა, თუმცა კვირაში ორჯერ მაინც ჩამოდიოდა. ბოლოს გამომაგდეს გაცდენების გამო, ვერ გააგრძელებსო... დედამ რომ ნახა ამდენი გაცდენა მქონდა, მკითხა, რატომო, მაგრამ ვეღარაფერი ვეღარ ვუთხარი. ვერ დავდიოდი, არ მინდოდა-მეთქი.

მახსოვს, ერთხელ, კლასელები ვისხედით, კითხვა დასვეს და მასწავლებელს პასუხი იმდენად ნაზი ხმით გავეცი, რომ მთელი წელი ეს ჰქონდათ სალაპარაკოდ. იმის მერე, რა სისულელეა, ხმას რა ამომაღებინებდა? იქ მისვლა აღარ მინდოდა.

მე-10 კლასიდან რომ გამოვედი, დედას ზაქარიაძის კოლეჯში უნდა შევეყვანე. 15 სექტემბერს უნდა მივსულიყავი, ფული ჩამერიცხა და 12 სექტემბერს დაეჯახა მამას მანქანა. ცხრა დღე კომაში იყო. დედას დააწერინეს ხელწერილი, რომ თუ არ გადარჩება, ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელიო. როდესაც ჩემი კოლეჯში წასვლის დღე მოვიდა, დედამ მითხრა, აიღე ფული, წადი და მიხედე შენს თავსო, შენი აქ ყოფნით მამა მაინც ვერ გადარჩებაო. ასე მომცა 500 ლარი, ნახევარი სემესტრის საფასური ჩავრიცხე და წავედი კოლეჯში. ორი თვე იწვა მამა სავადმყოფოში. კოლეჯიდან მასთან მივდიოდი, საავადმყოფოდან სახლში და ასე.

პირველი წელი ვიარე [სასწავლებელში], ძირითადად თეორიას ვსწავლობდით, მეორე წელი იყო ბრეიქ დანსი, ლათინო ამერიკულები და დაგვემატა ფარიკაობა, რომელსაც ვერასდროს ვერ ვცეკვავდი. ჩემი გვერდზე გადადგმული ილეთი იმდენად არამამაკაცური იყო და რბილი ჩანდა, რომ სულ ამახვილებდნენ ამაზე ყურადღებას - "ცოტა კაცურად, ცოტა კაცურადო". ნუ, რომ გღლის ეს "ცოტა კაცურად"... ერთ დღესაც ეს ფრაზა აღარ ისმის და ფეხებში მომხვდა ჯოხი. გამოისროლა და გავმწარდი. მე ვთქვი, ახლა გამოვლანძღო? მაგრამ არა, ვერაფერს ვერ ვეტყვი. სადღაც 70 ბავშვამდე ვიყავით ერთ ჯგუფში და ყველა რომ შენ გიყურებს. მაშინებდა ეს გამოხედვები. ყველას აგებინებს უკვე და ყველასთვის შესამჩნევს ხდის.

მეორე წელი დაიწყო და პირველი სემესტრიც კი ვერ ჩავამთავრე. დავიწყე სამსახურები. ვიყავი შაურმების გამკეთებელი. ჩემი ფული ყოველთვის მქონდა და ქირასაც ჩემით ვიხდიდი. მერე რესტორანში დავიწყე მუშაობა მიმტანად და ჩემთვის სასიამოვნო ხალხიც ვიპოვე. უკან გახედვა აღარც მინდოდა. ხან თბილისში ვიმუშავე, ხან ბათუმში. ამ პერიოდში გრძელი თმა მქონდა და კაცის ტანსაცმელი მეცვა. რესტორანში სხვანაირად ვერც ვიმუშავებდი. მუშაობის დაწყება მიჭირდა ხოლმე, ჩემი ამ მანერების გამო. საშაურმეს ზუსტად ამის გამო დავანებე თავი.

[რესტორნებში] რომ გამოგიძახებენ ხოლმე და შენს გენდერულ თემასთან აკავშირებენ. ერთმა თუ იცოდა, ეგრევე ათი იგებდა და ეს შიში მქონდა. სხვებსაც რომ გაეგოთ, კიდევ უფრო მეტი სტრესი იყო. ასე დავანებე ამ სამსახურებს თავი.

სოფელში თუ სახლში მარტო დავრჩებოდი, იქაც ვიცმევდი კაბებს. ერთხელ იმის გამო მცემეს, რომ თვალებიდან ფანქარი კარგად ვერ მოვიშორე.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

იდენტობა

სამეგობროსთან ისე ვიცვამდი, როგორც მინდოდა და ვცანცარებდი, მაგრამ რეალურად, კარებს იქით ვერ ვხედავდი ჩემ თავს, რადგან ვიცი, იქ მკლავენ. სოფელში, თუ სახლში მარტო დავრჩებოდი, იქაც ვიცვამდი კაბებს. ერთხელ იმის გამო მცემეს, რომ თვალებიდან ფანქარი კარგად ვერ მოვიშორე. მერე დედაჩემი გამომეკიდა, წავიქეცი და ხელში რაღაც ჩამერჭო, დღემდე მეტყობა "შრამი". ამის მერე ვიცოდი, რომ მაკიაჟს ვეღარ მოვიშორებდი და მხოლოდ დედაჩემის ფეხსაცმელებში ჩავხტებოდი ხოლმე, რაღაცას შემოვიფარებდი და დავრბოდი ასე.

ერთ დღეს, ჩემს მეგობართან ვიყავი, ჩავიცვი ყველაფერი და უცებ დამკრა თავში, რომ უნდა გავსულიყავი გარეთ. წავედით ბარში, მარჯანიშვილზე. ეს იყო ჩემი პირველი გასვლა. იქ სხვა გარემო დამხვდა, გეები იყვნენ, ტრანსებიც გავიცანი. იქიდან რომ წამოვედი, ისეთი ბედნიერი ვიყავი, ჩემი სიძლიერე დავინახე. იმ მომენტში ფული მქონდა. ის, რომ მე ტრანსი ვიქნებოდი და სამსახური აღარ მექნებოდა, ვეღარ გავთვალე. დღისით სამსახურში ვმუშაობდი, საღამოს გამოვიცვლიდი, მოვწესრიგდებოდი და ბარში მივდიოდი. იმის გამო, რომ ღამით ბედნიერი ვყოფილიყავი, ასე ვიკლავდი თავს. იმის გამო, რომ ან ის უნდა ვყოფილიყავი ან ეს, არჩევანის წინაშე ვიდექი. გასაგებია, რომ ასეც შეიძლება ვიცხოვრო მომავალში და რაღაც ურთიერთობები ავაწყო, მაგრამ მარტო ის ხომ არაა, ბიჭი გყავდეს, მთავარია, შენ როგორ გრძნობ თავს.

მე არ შემიძლია, წარმოუდგენელია, ავდგე და ბირჟაზე ვიჯდე ძმაკაცებთან ერთად. ვერ წარმომიდგენია, გოგო მიყვარდეს, კი არა და, როგორ შეიძლება გოგო მომეწონოს. ერთადერთი, ჩემი გოგოსთან დამოკიდებულება არის ის, რომ ლამაზია და მისი ეს სტილი ჩემთვის მისაბაძი შეიძლება იყოს. კაცის ამპლუიდან როგორ შეიძლება თავი ვირჩინო, არ ვიცი. დღეს ხომ ძალიან რთული ცხოვრება მაქვს, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ.

ნათლობა

ჩემი ძმა პირველი იყო, ვინც ჩემზე გაიგო. ფეისბუქზე მნახა, მიცნო და დამირეკა. ჩემმა ოჯახმა იცოდა, თითქოს კვარიათში ვიყავი სამუშაოდ. უცებ კი ჩემი ძმა კითხულობს, რომ ვაკეში ვჩექინებდი, თმის დაგრძელება მაქვს, ჩემს ფეისბუქზე კი აწერია: ვარ ტრანსი, მაქვს ბინა.

მითხრა შენი ნახვა მინდაო, ეს ფოტოები შენიაო? თავიდან რომ დამირეკა, გოგო ვეგონე და თავის ძმასთან ლაპარაკი ითხოვა. მერე გათიშა და ცოტა ხანში ისევ დარეკა. კანკალმა ამიტანა, ვფიქრობდი, რა მექნა, ბოლოს ასე გიჟივით ვუთხარი: მე ვარ. რა ბიჭო? შენ ხომ არ გამოშტერდი, ტრანსი ხარო? - ხო-მეთქი. მერე მეხვეწებოდა, ჩემთან გადმოდი და მარტო მე და შენ გვეცოდინებაო. მე ასე არ შემიძლია, მთელი ბავშვობა თქვენ გიხაროდათ, აწი მინდა მეც ვიცხოვრო ისე, როგორც მეც გამიხარდება-მეთქი. ვუთხარი, ჩემი და გათხოვდება, დედა და მამა ყოველთვის არ გვეყოლება, თქვენ თქვენი ოჯახი გეყოლებათ და მე არავინ, ვრჩები ეგრე-მეთქი. სანამ შემიძლია ვიქნები ბედნიერი, თუ გენდომებით, გენდომებით, თუ არა და მე წავალ ჩემს გზაზე. ვერსადაც ვერ წახვალ, სადაც გნახავ, ყელს გამოგჭრიო მითხრა. აქ უკვე ძალიან შემეშინდა.

მერე მეხვეწებოდა, რომ ვენახე. არ ვნახე რა თქმა უნდა. ძალიან მრცხვენოდა. რომ შევხვედროდი, რა მეთქვა? ახსნას ვერ დავუწყებდი. ამ დროს ძლიერი დეპრესია რომ დამაწვა, დავურეკე დედას, რომელიც თურქეთში იყო.

დედას მოვუყევი, ნიკამ გაიგო და მიშველე-მეთქი. მანაც არაფერი იცოდა, კამერა ჩავურთე და დავენახე - წელამდე თმა მაქვს, მაკიაჟით ვზივარ და ვტირი. იქით დედა ტირის და მამშვიდებს, ნუ გეშინიაო, ისიც დაწყნარდებაო, უბრალოდ ახლა განერვიულებულიაო - მამშვიდებს დედა, რომელიც იგებს, რომ ვარ ტრანსი.

დედამ გამიგო. შემატყო ძალიან ცუდად ვიყავი, თავისი ემოცია ვეღარ გამოხატა და გადაერთო იმაზე, რომ მე დავემშვიდებინე. მერე ჩემს სამეგობროსთან მოთქვამდა.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ისეთი შიშები მქონდა, ორი თვე სახლში ჩავიკეტე. დანაზოგი რაც მქონდა, დავხარჯე. მერე თანადგომაში ფსიქოლოგთან მივედი. სახლში მარტო დარჩენის მეშინოდა. მაღაზიაში ვერ ჩავდიოდი. იმის შიში მქონდა, რომ ვიღაც მომიკაკუნებდა, საიდანღაც გაიგებდნენ, რომ მე აქ ვცხოვრობდი. ამ ყველაფერს ვუყვები ფსიქოლოგს, რომ მთელი დღე ვზივარ და ვტირი.

ერთხელ მე-14-ზე ვცხოვრობდი. სამზარეულოსთან ჰქონდა ფანჯარას დასაჯდომი. ჩემი დაქალი ჩაის ადუღებდა. ისეთ ფიქრში წავედი, რომ გადავიწიე და ჩემმა დაქალმა დამიჭირა. კინაღამ მე-14-დან ჩავვარდი მაშინ. ჩამომიყვანა და დაბლა ვეგდეთ, ვკანკალებდით და ვტიროდით. ძალიან დაღლილი ვიყავით ფსიქოლოგიურად.

საბოლოოდ, გადავლახე მეგობრების დახმარებით. დედამ გაიგო და არ მკრა ხელი. ჩემმა დამ გაიგო და ესეც კარგი იყო. ერთი ბიძაშვილი აღმოჩნდა კიდევ ძალიან ჯიგარი გოგო. ეს სამი ადამიანი მთელ სანათესაოს მერჩივნა.

ძმასთან მიმოწერები მქონდა. ვუხსნიდი, შენ მთელი ბავშვობა დადიოდი ჭიდაობაზე, მე მთელი ბავშვობა დავდიოდი ცეკვაზე, შენ სულ ბირჟაზე იყავი, მე სულ სახლში. ისევ ისეთი ხომ ვარ. ბოროტი არ ვარ, მკვლელი არ ვარ, არავის არაფერს არ ვუშავებ, რატომ-მეთქი? რომ ჩავუბეჭდე ჩემს ძმას, რომ ძალიან მაწუხებდა მიუღებლობა, კაიო, რას ვიზამო, მაინც ჩემი სისხლი და ხორცი ხარო და მე ხომ ვერ მოგკლავ შენო. ამის მერე გვქონდა იშვიათი მოკითხვები და ვსო.

გავიდა რამდენიმე დღე და ჩემმა ძმამ დამირეკა, მითხრა, დღეს თუ არ გამოხვალ ჩემი შვილის ნათლობაზეო, მართლა დავკარგავთ ერთმანეთსო.

ნათლობაზე წავედი. არ მქონდა ბიჭის ტანსაცმელი. მაისური, შარვალი და კედები ვიყიდე. ავედი სახლში და უცებ თმა შევიღებე. იქ რომ შევედი და ჩემი ძმის საძმაკაცო და სანათესაო დავინახე, უცებ მივხვდი, მე ისეთი ვეღარ ვიყავი. ყველა მაკვირდებოდა. ერთმა ბიძაშვილმა საერთოდ ვერ მიცნო, უი ეს შენ ხარო? არ დავჯექი იქ. ისე შემზარა იმ ფაქტმა. ნასვამები იყვნენ. ვინმეს ჩემზე რამე რომ ეთქვა, ჩემი ძმა გაგიჟდებოდა და ერთი ამბავი ატყდებოდა. მამაჩემიც იქ იყო. ჩვეულებრივად შემხვდა. ის სულ ამჩნევდა ჩემს ფემინურობას, წარბს სულ ვიკეთებდი და მისთვის შოკი არ იყო. თუმცა უკვე წლებია ჩემებს არ ვუნახივარ და რაც სახეზე თმა წამომივიდა, ლაზერს ვიკეთებ და ჩემებს ჩემი წვერი არასდროს უნახავთ. მაქსიმუმ 10 წუთს გავჩერდი - მივირბინე, ბავშვს ფული ვაჩუქე და წამოვედი. ძალიან რთული იყო.

დედა იოანაზე

თქვენ წარმოიდგინეთ, რა დღეში ვიქნებოდი იმ დროს [როცა მასზე გავიგე]. დედა, მშობელი, რომელიც ამდენი წელი ზრდი შვილს და იგებ ისეთ რამეს, რაც საერთოდ მიუღებელი იყო ყველასთვის. არ ვიცი, ამაზე დიდი ტკივილი და ცუდი გრძნობა არაფერია. ესაა მოუშუშებელი. შვილი ჩემი ნაშობია და რაც არ უნდა მოხდეს ვერ დავკარგავ, სულ რომ მთელი სამყარო გადამიდგეს. სოფელში ვინ რას იტყვის და ვინ რას გააკეთებს, ეგ ძალიან ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ მის ბედნიერებასაც ვერ ვხედავ ამ რაღაცაში. ამ ყველაფერს მომავალი არ აქვს. მე ყველაფერზე თავს ვხრი იმიტომ, რომ დროს ვაძლევ, იქნებ ცხოვრება შეიცვალოს, ამ წუთში ასე გრძნობს თავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დროებითია. ეს ყველაფერი გარდატეხის პერიოდია, ეს ყველაფერი ირგვლივ მდებარე ხალხის სიტუაციიდან გამომდინარე მოხდა. მე არ შემიძლია ეს ასე დავტოვო, ღმერთმა არ ქნას. ბავშვობაში დედასთან და დასთან უყვარდა ურთიერთობა იმიტომ, რომ ძმა ცოტა უფრო მკაცრია, ცოტა სხვანაირია, მამაც ცოტა ისეთია, კაცური, სხვა მხრივ ეკიდება ყველაფერს. მე კი მისთვის დედა არ ვიყავი, მე მისი მეგობარი ვიყავი და ყოველთვის ვიქნები.

იოანა დედაზე

თავიდან, ბავშვი ვერ ეტყვი, დე, ქალი ვარ. ხშირად მისაუბრია ამ თემაზე მასთან, მაგრამ მაინც იმედი აქვს, რომ შეიძლება გამიაროს. დედას ვერ ვეწინააღმდეგები ამ თემაზე, ვრთავ ამის ნებას და ვეუბნები კაი, თუ გადამივლის გადამივლის. ვიცი, ძალიან განიცდის და არ მინდა უფრო დავუმატო. ის, რომ დღეს ასეთს მხედავს, სადმე რომ მივდივარ ვეკითხები, დე, ხომ ლამაზი ვარ? და ის დედას კუკლას და დედას თოჯინას რომ მეტყვის, ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. ხშირად ვგავართ ერთმანეთს მე და დედა. როცა ვეუბნები, დე, ნახე როგორ გგავარ, მეუბნება კი, მგავხარ, ჩემი ლამაზი ხარო. ეს მაკმაყოფილებს. ძალიან თბილია, ყველაფერზე რომ გული შესტკივა, ოღონდ მე კარგად ვიყო.

ჩაგვრა

ბინის დაქირავება არის ყველაზე რთული. რეკავ, ალო, გამარჯობა, ბინა მინდა, ეუბნები და ვისთვის? ვეუბნები, ჩემთვის. შეიძლება სულ არ ჩავთვალო საჭიროდ ვუთხრა, ტრანსი ვარ, ქალი თუ კაცი. რომ გაიგებენ, "უი, არა შვილო, ჩვენ მაგენზე არ ვაქირავებთ". ან კიდევ: "ძაან ქრისტიანები ვართ ჩვენო", გეგონება, ჩვენ ეშმაკები ვიყოთ.

ხუთი თვეა ამ ბინაში ვცხოვრობ. ქვემოთ ბიჭები სვამენ ხოლმე. მეზობლები არ მიცნობენ, არ შევხვედრივარ, ისე ამოვდივარ და გავდივარ. ერთი ინციდენტი იყო, ტაქსის კარს ვაღებდი და ვიღაც კაცი მომადგა უკნიდან, წამოდიო, სექსს მთავაზობდა, მანქანიდან მიმათრევდა. ვერ მივხვდი, დღისით, მზისით გავედი და მთვრალი, წითელსახიანი კაცი მკიდებს ხელს. ტაქსისტს თავიდან გოგო ვეგონე, კარი გამოაღო დასახმარებლად და რომ მიხვდა [ვინც ვიყავი], უკან ჩაჯდა მანქანაში. ე.ი. გოგო თუ არ ვიყავი, არ მჭირდებოდა დახმარება. თუ აგრესიულია ტაქსისტი, შორი გზიდან მოგატარებს, რომ უფრო მეტი დაგიწეროს. საზოგადოებრივი ტრანსპორტით არასდროს ვსარგებლობ.

ერთხელ მეგობარი მოდიოდა ფონიჭალიდან. ფული არ ჰქონდა, არც მე მქონდა, ტაქსისთვის რომ დამეხვედრებინა. სანამ ორთაჭალამდე მოვიდოდა, ხალხმა ჩამოაგდო ავტობუსიდან, უთხრეს, ბავშვები ამოდიან და ჩადიო. ამას რომ დავხვდი, იქიდან მარშუტკით წამოვედით და იქაც არ გაჩერდნენ, ბზ ბზ ბზ ბზ... ნახე, ბიჭები არიან, რანაირები არიან, როგორ აცვიათ. ერთხელ გოგოები ამოვიდნენ ავტობუსში და იქ ბიჭებმა დაიწყეს, ადექი, გოგოს დაუთმე ადგილიო, მეკაჩავებოდნენ. ძალიან მრცხვენია, რომ პანიკა ავწიო. ვერიდები. მირჩევნია, დავუთმო, გავუტარო, ვიდრე ვიყვირო და ყველამ მიყუროს.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ჩვეულებრივი გოგოს ცხოვრება მინდა

დიდი სურვილი მაქვს, საჭმლის ფულისთვის არ მიწევდეს ქუჩაში სიარული და ვიღაცასთან იძულებით სექსი. ამან დამღალა. რთულია, როცა არ იცი ვინ მოვა, არ იცი როგორი დამოკიდებულება შეიძლება განვითარდეს.

შემეძლო მთელი ცხოვრება მეცეკვა, მაგრამ არ შემეძლო მეცეკვა როგორც კაცს. შესაძლებლობა რომ მქონდეს, სიამოვნებით გავაგრძელებდი ცეკვას და უბედნიერესი ვიქნებოდი. თუნდაც, მქონდეს ჩემი სტუდია, ვასწავლიდე ბავშვებს, პატარებთან ურთიერთობა მიყვარს. პატარებს, რომ ასწავლი, უნდა გიფასდებოდეს და არა ის, რომ "ამას კაბა აცვია და ეს გარყვნის ჩემს შვილს". მინდა ეს ფიქრები მოვიშორო. საშინელი ადამიანი ვგონივარ ყველას და არავისი ნდობა აღარ მაქვს. შეიძლება, ვიღაც გაგეხუმროს, მაგრამ ისე მაქვს ჩამჯდარი უკვე, რომ ჩემს მიმართ აგრესია არსებობს, შეიძლება, ისეთი პასუხი გავცე, მერე მე შემრცხვეს. ხალხის ცნობა მიძნელდება უკვე, ვინაა ჩემთვის კარგი და ვინ - არა.

მინდა სწავლა დავიწყო. ისეთი განათლება მქონდეს, რაც მომავალში გამომადგება და ის მაინც მეცოდინება, რომ სადმე სიცივე არ მომკლავს. ამ ბოლო პერიოდში იურისტობაზე ვფიქრობ, უფლებების დაცვა რომ მეკისრებოდეს. ეს თემა ისე მტკივა, არავის არ გავუტარებდი.

ძალიან მიყვარს ყვავილები და მინდა ბაღი მქონდეს, ოღონდ მე მომყავდეს, მე ვამრავლებდე. განმტვირთავს ხოლმე, როცა სადმე ბუნებაში მივდივარ და ლამაზ მცენარეს ვნახავ. მასთან ურთიერთობის მერე დასვენებული მოვდივარ.

სქესის შეცვლის დიდი სურვილი მაქვს, თუკი ჯანმრთელობის პრობლემებს არ შემიქმნის. დისკომფორტია ჩემთვის. აბსოლუტურად ყველაფერი მინდა მქონდეს, რაც ქალს აქვს. ძალიან რთულია, ბიჭი რომ გკერავს და ცოტა ხნით ჰგონიხარ გოგო, კაფეში დაგპატიჟებს, გეუბნება, რა საჩუქარი შეიძლება გიყვარდეს და უცებ ეუბნები, რომ ტრანსი ხარ. ამ დროს - მინეტს გააკეთებ? მერე აღარც საჩუქარს გიყიდის და აღარც ისე შემოგხედავს, როგორც გოგოს. უბრალოდ, თავისას გაისწორებს.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

გაქცევა

იუსტიციის სახლში მივედი, რომ სქესი შემეცვალა პირადობაში. საბუთი მქონდა მისატანი, რეალურად ვიყავი თუ არა ბიოლოგიურად ქალი და თუ ვერ მივიტანდი, უნდა მეთქვა, რომ ვერ მივიტანდი. მომივიდა უარი.

იმის დასაფიქსირებლად მივედი, რომ სტერილიზაციის დოკუმენტს ვერ წარვადგენდი, ეს გოგო კი ვინც მომემსახურა, ჩემი სოფლელის საცოლე აღმოჩნდა. იუსტიციიდან გამოვედი თუ არა, ამ გოგომ გადარეკა თავის საქმროსთან, რომ ამ გვარითა და სახელით, ამ სოფლიდან მოვიდა პირი, აცვია მოკლე კაბა, ქუსლები, აქვს მაკიაჟი და ითხოვს სქესის შეცვლას.

სოფელში არავინ არაფერი იცოდა. ამ გოგოს საქმრომ გადარეკა ჩემს ბიძაშვილთან და მთელ სანათესაოს მოედო ეს ამბავი. მამასთანაც არასდროს მილაპარაკია. ვიცი, რომ არ ესმის და ვერაფერს გავაგებინებ. ან სულ უნდა დავკარგო ან ლიფი უნდა მოვიხსნა და ისე ვნახო.

დილით მამაჩემმა დამირეკა, ჩამოდი მნახეო. მიყვება, რომ მოკლე კაბა მეცვა და ა.შ. ისევ დედას დავურეკე და ვკითხე, რა მექნა. ბოლოს ისე მოხდა, ავღანეთში ბიძაშვილი მყავს და ისიც კი მირეკავს და მეუბნება, რომ მის ძმაკაცებს შევხვდე. ბიძაჩემმაც დამირეკა და მითხრა, შენ შეგვარცხვინე, სვანობა შეარცხვინე, სადაც გნახავთ, იცოდე, რომ არ გაცოცხლებთო. თუკი ვინმე ნათესავია, მირეკავენ და მეუბნებიან, სადაც განახავთ, იქ დაასრულებო.

წარმოვიდგენ, რომ ჩემი ნათესავები სახლში დამადგებიან, რომ იცოდნენ მე აქ ვცხოვრობ, ან მე უნდა გადავხტე ფანჯრიდან, ან თვითონ გადამაგდებენ. ფიქრობენ, რომ მე სვანების სახელი შევარცხვინე, ეგ არის, შენიანი შენ უნდა მოკლა, თორემ სხვები მოგიკლავენ.

ბებიამაც გაიგო და დამირეკა. მითხრა შვილო, შენ მთელი სვანეთი შეარცხვინეო, ვის გაუგია, კაცმა კაბა ჩაიცვასო. ვეუბნები, ბებო, არ ვარ კაცი და ნუ მეუბნები, მე რა ცხოვრება მექნება ეგ ჩემი გადასაწყვეტია-მეთქი. ბებიაჩემი მომიტრიალდა და მითხრა, როგორ დავიჯერო, რომ სვანი ბიჭი კაბას ჩაიცვამს, რომელსაც ხმარობენო და არა თვითონ ხმარობსო. ვუთხარი, მთელი ცხოვრება ისე ვიცხოვრე, როგორც თქვენ გინდოდათ. დღეს მინდა ისე ვიცხოვრო, როგორც მე მინდა. სახლში ვერ ვჩერდები, ვიყიდე თვითმფრინავის ბილეთი და ამ ქვეყნიდან მივდივარ.

იოანას ბრალდების საპასუხოდ, On.ge დაუკავშირდა იუსტიციის სახლის პრესსამსახურს, რომელმაც განაცხადა, რომ ამ საკითხს ძირფესვიანად შესწავლა თავად უწყებისთვისაა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი. უწყების ცნობით, საქმე გადაეცა შიდა კონტროლის სამსახურს, იმის გამოსაკვლევად, უწყების თანამშრომელმა ნამდვილად გასცა თუ არა მოქალაქის პერსონალური მონაცემები სხვა პირებზე. On.ge ყურადღებით დააკვირდება იუსტიციის სახლში მიმდინარე აღნიშნულ მოკვლევას და შედეგებს დაუყონებლივ გაცნობებთ.