ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, აქედან სტუდენტი 34 150 გახდა. ამ მონაცემების თანახმად, 10 ათასამდე აბიტურიენტი სტუდენტის სტატუსის გარეშე დარჩა.
საბაკალავრო საფეხურზე ისწავლის 29 481 აბიტურიენტი. მათგან, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა 17 862 აბიტურიენტი, ხოლო კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში — 11 619.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 3141-მა აბიტურიენტმა (1322 — სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში, 1819 — კერძო პროფესიულ სასწავლებელში).
რა სისტემურ ხარვეზებს აჩვენებს წლევანდელი სტატისტიკა და რატომ აღმოჩნდა ათასობით აბიტურიენტი მაღალი ქულებით უნივერსიტეტის მიღმა? — ამ საკითხებზე NEWS.On.ge ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, შალვა მინდაძეს ესაუბრა.
შალვა მინდაძე, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
როგორ შეაფასებდით 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებს და რამდენად ადეკვატურად ასახავს ოფიციალური სტატისტიკა რეალურ სურათს?
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებს თუ მხოლოდ ერთი ფრაზით — "რამდენმა გადალახა მინიმალური ზღვარი", შევაფასებთ, რეალური სურათის მნიშვნელოვან ნაწილს დავკარგავთ. ჩემი შეფასებით, წელს მიღებული მონაცემები საკმაოდ მკაფიოდ აჩვენებს საქართველოს განათლების სისტემის რამდენიმე ძველ და უკვე სისტემურ პრობლემას. ამას ქულების განაწილებითაც კარგად ჩანს.
მაგალითისთვის — მათემატიკის ორივე ძირითად ვარიანტში გამოცდაზე გასული 14 249 აბიტურიენტიდან 7 260-მა 16 ან ნაკლები ნედლი ქულა მიიღო. ანუ გამოცდაზე გასულთა დაახლოებით ნახევარი მაქსიმალური 51 ქულის დაახლოებით მესამედსაც ვერ გასცდა. ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მაჩვენებელია განათლების ხარისხზე მსჯელობისას, ვიდრე მხოლოდ ის, თუ რამდენმა გადაალახა ფორმალური ბარიერი.
განათლების სისტემაში არსებული პრობლემების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია. 2025 წელს ილიაუნიში საბაკალავრო საფეხურზე 3 828 სტუდენტი ჩაირიცხა, უნივერსიტეტს 4 207-იანი კვოტა ჰქონდა. 2026 წლის მთავრობის თავდაპირველი გადაწყვეტილებით კი საბაკალავრო პროგრამებისთვის მხოლოდ 300 ადგილი განისაზღვრა. მოგვიანებით ინგლისურენოვანი კომპიუტერული მეცნიერების პროგრამისთვის დამატებით 20 ადგილი გამოეყო, თუმცა ცვლილების მასშტაბი ამით არსებითად არ შეცვლილა. ანუ ერთ-ერთ ყველაზე დიდ სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც წინა წელს თითქმის 4 000 პირველკურსელს იღებდა, წელს სტუდენტების მიღების შესაძლებლობა დაახლოებით 10-ჯერ და მეტად შემცირდა.
ილიაუნის წელს სტუდენტების მიღების შესაძლებლობა დაახლოებით 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა"
აბიტურიენტები ჩივიან, რომ საკმაოდ მაღალი ქულებით სასურველ უნივერსიტეტებს მიღმა დარჩნენ, რაზე მეტყველებს ეს?
თუ წელს ვხედავთ ახალგაზრდას, რომელმაც მაღალი ქულები მიიღო და მაინც უნივერსიტეტის მიღმა დარჩა, ავტომატურად ვერ ვიტყვით, რომ "უკეთ უნდა ესწავლა". შესაძლოა მან აირჩია მიმართულება, რომელზეც სახელმწიფომ ადგილების რაოდენობა მკვეთრად შეამცირა; შესაძლოა, მისთვის სასურველი პროგრამა იმ უნივერსიტეტში საერთოდ აღარ იღებდა სტუდენტებს; შესაძლოა რამდენიმე მაღალი კონკურენციის პროგრამა მიუთითა და ყველა მათგანზე კვოტა შეივსო.
სწორედ ამიტომ 2026 წლის შედეგებში უნდა გავმიჯნოთ ორი სრულიად განსხვავებული ცნება — "გამოცდაზე წარუმატებელი აბიტურიენტი" და "გამოცდაჩაბარებული, მაგრამ უნივერსიტეტს მიღმა დარჩენილი აბიტურიენტი".
ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა სწორედ ისაა, რომ წლების განმავლობაში შედეგებს ყოველ აგვისტოში ვაქვეყნებთ, ვამბობთ რამდენმა "ჩააბარა" და შემდეგ სექტემბრიდან თითქმის იმავე სისტემით ვაგრძელებთ მუშაობას. გამოცდა დიაგნოსტიკის საშუალებაც უნდა იყოს. თუ დიაგნოზს ყოველ წელს ვიღებთ და მის საფუძველზე მკურნალობას არ ვიწყებთ, სტატისტიკის გამოქვეყნებას განათლების პოლიტიკისთვის ძალიან მცირე მნიშვნელობა რჩება.
რა არის ის მთავარი დასკვნა, რომელიც განათლების სისტემამ ამ შედეგებიდან უნდა გამოიტანოს?
2026 წლის შედეგებიდან მთავარი დასკვნა სწორედ ისაა, რომ პრობლემა არ არის მხოლოდ ის, რომ კონკრეტულმა აბიტურიენტმა ვერ გადაალახა კონკრეტული გამოცდის ზღვარი. პრობლემა ისაა, რატომ მიდის ათასობით ახალგაზრდა სკოლაში გატარებული 12 წლის შემდეგ იმ მდგომარეობამდე, რომ მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა თუ ბიოლოგიაში მინიმალური კომპეტენციის დადასტურებაც კი უჭირს. და ამ კითხვაზე პასუხი პირველ რიგში განათლების სისტემამ უნდა გასცეს და არა 17-18 წლის აბიტურიენტმა.
კომენტარები