რატომ უჭირს ზოგ ადამიანს ორიენტირება, თუნდაც ნაცნობ გარემოში?
ფოტო: Shutterstock
გაიხსენეთ, ბოლოს როდის გამოიყენეთ ტელეფონი სასურველ ადგილამდე მისასვლელი გზის საპოვნელად. რა მოხდებოდა, თუ შუა გზაში მარშრუტის მითითებები გაქრებოდა ან ტელეფონი დაგიჯდებოდათ? შესაძლოა, პანიკაში ჩავარდნილიყავით. თუმცა, როგორც კი რაიმე ნაცნობს შენიშნავდით ან ვინმეს გზას ჰკითხავდით, ეს განცდა, როგორც წესი, გაგივლიდათ.
მაგრამ ზოგიერთი ადამიანისთვის დაკარგვის ეს განცდა არ ქრება. ის შეიძლება საკუთარ სახლში გადაადგილების დროსაც კი გაჩნდეს.
ზოგიერთი შეფასებით, ყოველ 30 ადამიანში ერთს, შესაძლოა, განვითარების ტოპოგრაფიული დეზორიენტაცია (DTD) ჰქონდეს. ეს მდგომარეობა აღწერილია, როგორც ორიენტირების უუნარობა მთელი სიცოცხლის განმავლობაში, უკიდურესად ნაცნობ გარემოშიც კი.
DTD-ს მქონე ადამიანები აღნიშნავენ, რომ ბავშვობიდან მოყოლებული ხშირად (კვირაში რამდენჯერმე მაინც) იკარგებიან. DTD არ არის გამოწვეული თავის ტვინის ტრავმით, ნევროლოგიური დაავადებით ან ფსიქიატრიული მდგომარეობით. რამდენადაც მკვლევრებისთვის არის ცნობილი, მათი შინაგანი სანავიგაციო სისტემა ყოველთვის სწორედ ასე მუშაობდა.
DTD-ს შესახებ ადრეული კვლევები იმ ადამიანების უკიდურეს შემთხვევებზე იყო ფოკუსირებული, რომელთა დეზორიენტაციაც იმდენად ხელშემშლელი იყო, რომ დასახმარებლად პროფესიონალებს მიმართავდნენ. თუმცა ახლა უკვე ვიცით, რომ DTD-ს შემთხვევებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობები არსებობს. შედარებით მსუბუქი ფორმები შეიძლება ადამიანის მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუმჩნეველი დარჩეს და ის უბრალოდ "გზების ცუდ მცოდნედ" მიიჩნეოდეს.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში, DTD-ს ტერმინი გაფართოვდა და სანავიგაციო პრობლემების ფართო სპექტრს მოიცავს. ამ ტერმინის ფართო მნიშვნელობამ სიზუსტის პრობლემები გამოიწვია, რის გამოც რთული ხდება იმ ადამიანების მდგომარეობის ზუსტად გაგება და მათთვის სათანადო მხარდაჭერის აღმოჩენა, ვინც ამ გამოცდილებით ცხოვრობს.
ლეიდენის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა სწორედ ამ სანავიგაციო დარღვევების ერთმანეთისგან გამიჯვნა გადაწყვიტა. მკვლევრები DTD-ს მქონე ადამიანების კონკრეტულ ქვეჯგუფზე ფოკუსირდნენ, მათზე, ვისაც კოგნიტიური რუკა არ გააჩნია.
ჩვენი სამყაროს რუკის შედგენა
უმეტესობა ჩვენგანი გარემოს აღიქვამს ორიენტირების გონებრივი მოდელის შექმნით და იმის განსაზღვრით, თუ სად მდებარეობენ ისინი ჩვენსა და ერთმანეთთან მიმართებით. სწორედ ამას ეწოდება კოგნიტიური რუკა. ის საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რა არის კუთხეში, და ერთი ადგილიდან მეორეში ისე მივიდეთ, რომ ამაზე ბევრი ფიქრი არ დაგვჭირდეს.
კოგნიტიური რუკის შექმნისა და გამოყენების უნარი ასევე გარემოში მოქნილად მოქმედების საშუალებას გვაძლევს. შეგვიძლია გზა ისეთი ქუჩით შევამოკლოთ, სადაც მანამდე არასდროს გაგვივლია, ან სახლისკენ მიმავალი მიმართულება მიახლოებით ვივარაუდოთ მაშინაც კი, როცა სრულიად ახალ ადგილას ვიმყოფებით.
ამ გამოცდილების მქონე ადამიანებთან კონსულტაციებისა და თვისებრივი ინტერვიუების გზით მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, მკვლევრები გამოთქვამენ წინადადებას, რომ ამ ქვეტიპს ატოპია ეწოდოს, რაც პირდაპირი მნიშვნელობით ადგილის ან რუკის გარეშე ცხოვრებას ნიშნავს.
ატოპიის მქონე ადამიანები საკუთარი გარემოს კოგნიტიურ რუკას არ ქმნიან. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში საორიენტაციო ნიშნები კარგად ახსოვთ, მათი ერთიანი კოგნიტიური რუკა საბოლოოდ მაინც არ იკვრება.
ეს ნიშნავს, რომ მათ შეიძლება იცოდნენ, რომ სახლი სადღაც სადგურთან ახლოსაა, მაღაზიები კი — სახლთან ახლოს, მაგრამ ეს დეტალები ცალკეულ ფაქტებად რჩება და ერთ მთლიან, გონებაში წარმოდგენილ და აღქმულ სქემად არ ერთიანდება.
ატოპიის მქონე ადამიანებს "კოგნიტიური რუკა", რომელიც ჩვეულებრივ ადამიანებს ორიენტირებაში ეხმარება, არ უვითარდებათ
ფოტო: Nanzeeba/Shutterstock
ამიტომ, როგორც კი ნაცნობი მარშრუტი ირღვევა (ჩაკეტილი გზა, არასწორი მოსახვევი ან შენობასთან სხვა მხრიდან მიახლოება), მათ არ აქვთ რუკა, რომელსაც დაეყრდნობიან. ნაცნობ ნიშნებს ხედავენ, მაგრამ ვერ აღიქვამენ, როგორ უკავშირდება ეს ყველაფერი ერთმანეთს.
კვლევის ფარგლებში გამოკითხული ერთ-ერთი მონაწილე განმარტავს: "გონებაში ყოველთვის ერთ ადგილას ვარ, ამიტომ არ შემიძლია წარმოვიდგინო, ჩემი გარემო როგორ გამოიყურება".
როდესაც ყოველდღიური ნავიგაცია უფრო რთულდება, ეს იდეალურ პირობებს ქმნის იმისთვის, რომ ატოპიის მქონე ადამიანები მეტად შებოჭილები გახდნენ, მოერიდონ სახლიდან გასვლას ან GPS მოწყობილობებზე გახდნენ დამოკიდებულნი. ეს ქცევა შეიძლება არასწორად იყოს აღქმული, როგორც უყურადღებობა, შფოთვა ან დაბალი ინტელექტიც კი, რაც სრულიად უსაფუძვლოა, მაგრამ ამ ადამიანებზე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა აქვს.
სათანადო მხარდაჭერის გარეშე, ატოპიის მქონე ადამიანებმა დამოუკიდებლობა შეიძლება სწრაფად დაკარგონ. მაგალითად, კვლევის ერთ-ერთი მონაწილე მარტო არასოდეს დადიოს და ყოველთვის, როცა სახლიდან რამდენიმე ქუჩის იქით სურს წასვლა, ქმრის იმედი აქვს.
გზის პოვნა
კარგი ამბავი ის არის, რომ ატოპია და DTD დეგენერაციული დარღვევები არ არის და ნავიგაციის უნარი ბევრად უფრო მეტად ექვემდებარება გავარჯიშებას, ვიდრე ზოგიერთს შეიძლება ეგონოს.
არსებობს სარწმუნო მტკიცებულება, რომ ნავიგაციის უნარი შეიძლება კუნთივით მუშაობდეს. ერთ-ერთ კვლევაში, ადამიანებს, რომლებიც თავიანთ სანავიგაციო სისტემას არ ავარჯიშებდნენ და ძირითადად GPS-ს ეყრდნობოდნენ, გაცილებით უარესი სივრცითი მეხსიერება აღმოაჩნდათ, როდესაც მოგვიანებით გზის პოვნა GPS-ის გარეშე სთხოვეს. როდესაც ამავე ადამიანებს სამი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ, გამოვლინდა, რომ GPS-ის უფრო ინტენსიური გამოყენება სივრცითი მეხსიერების უფრო მკვეთრ გაუარესებასთან იყო დაკავშირებული.
წინა კვლევებმა აჩვენა, რომ DTD-ს მქონე ადამიანებისთვის სივრცითი ორიენტაციის უნარების გაუმჯობესებაში დახმარება ვირტუალურ სავარჯიშო პროგრამებს შეუძლია. ამჟამად ატოპიის მქონე ადამიანების დასახმარებლად მსგავსი ტიპის ვარჯიშები იტესტება. მკვლევართა ჯგუფმა ექვსკვირიანი ვირტუალური პროგრამა შეიმუშავა, რომლის მიზანიც ამ მდგომარეობის მქონე ადამიანებში ნავიგაციასთან დაკავშირებული ჩივილების შემცირება და სანავიგაციო უნარების გაუმჯობესებაა.
"შემდეგ ჯერზე, როდესაც მიმართულებების გასაგებად ტელეფონს მოიმარჯვებთ, ალბათ ღირს ერთი წამით დაფიქრება. გზის პოვნა მის გარეშეც შეგიძლიათ? სამყაროში საკუთარი გზის გაგნების ეს შესანიშნავი უნარი ისეთია, რასაც ბევრი ჩვენგანი თავისთავად მოცემულობად აღიქვამს. ალბათ უნდა ვეცადოთ მის განვითარებას, სანამ ის საბოლოოდ დაიკარგება", — ამბობენ მკვლევრები.
- კვლევას შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ.
კომენტარები