რატომ ვერ ვპოულობთ არამიწიერ ცივილიზაციებს — შეიძლება ამის მიზეზი AI იყოს
ფოტო: Gigazine
ახალი ნაშრომის ავტორებმა ფერმის პარადოქსის ალტერნატიული შესაძლო ახსნა განიხილეს, რომელსაც ჩუმი გაფართოების ფილტრი ეწოდება.
კვლევის ცენტრალური არგუმენტის მიხედვით, სამყაროში არამიწიერი ცივილიზაციის ათასობით მეგასტრუქტურა იმიტომ არ გვხვდება, რომ როცა ცივილიზაცია ავტონომიური AI-კოსმოინდუსტრიის (AICI) ზღვარს აღწევს, მათთვის პრესტიჟისადმი სწრაფვა ნაკლებად პრიორიტეტული ხდება. ეს არ ნიშნავს, რომ მათი გაფართოება წყდება. ამის ნაცვლად, ასეთი ცივილიზაციის განვითარება "ჩუმ" რეჟიმზე გადადის, რომელსაც უფრო რაციონალური მიზნებით მართავენ. ეს შეიძლება ცოდნის გასაიდუმლოებით და გაუხმაურებელი სამეცნიერო დაკვირვებებით გამოიხატებოდეს.
AICI-ის ზღვარი მაშინ მიიღწევა, როცა ცივილიზაცია თვითკმარ ინდუსტრიულ და გამოთვლით სისტემებს ქმნის, რომელსაც კოსმოსური აპარატურული უზრუნველყოფის დიზაინი, წარმოება, შეკეთება და გაშვება შეუძლია. შესაძლოა, ამდენად განვითარებული ცივილიზაციები ასეთი სისტემების ავტომატიზაციისთვის AI-ს იყენებენ.
ნაშრომის ავტორების თქმით, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემა ბევრად უფრო რაციონალური იქნება. ამ შემთხვევაში კოსმოსში მოგზაურობის ადამიანური მოტივები, როგორიცაა ძალაუფლების წყურვილი, პრესტიჟი ან მრავალფეროვანი შეგრძნებებისკენ სწრაფვა, უგულებელყოფილი იქნება. კოსმოსურ გაფართოებას AI უფრო რაციონალურად შეხედავს და რისკების მართვის საკითხს მეტ უპირატესობას მიანიჭებს.
სავარაუდოდ, AICI-ის ეტაპამდე მიღწევის შემდეგ სხვა ვარსკვლავამდე 10კგ-იანი ვარსკვლავთშორისი ზონდის სინათლის იჩქარის 1%-ით გაგზავნისთვის საჭირო ენერგია დაახლოებით 4.5x10^13 ჯოული იქნება. ამდენად განვითარებული ცივილიზაციისთვის ეს მართლაც უმნიშვნელო "ხარჯი" უნდა იყოს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ისაა, რომ 10კგ-იან ზონდზე ადამიანები არ იქნებიან. იქ უბრალოდ სიცოცხლის ხელახლა აღმოცენებისთვის საჭირო მასალები იქნება იმ შემთხვევისთვის, თუ მათ მშობლიურ პლანეტას რამე მოუვა. ამგვარ ზონდზე შეიძლება ამ ცივილიზაციის ცოდნა და ბიოლოგიური მასალა იყოს, რომელთა გამოყენებითაც ძალიან მაღალ დონეზე განვითარებული AI ცივილიზაციას ხელახლა შექმნის. სწორედ ესაა "ჩუმი გაფართოება": AI კოსმოსში დაბალი მასის მქონე და რთულად აღმოსაჩენ სისტემებს გზავნის ნაცვლად მილიონობით "ადამიანისა".
ეს ყველაფერი იმის ერთ-ერთი შესაძლო ახსნაა, თუ რატომ არ გვიპოვია "ხმამაღალი" ტექნოხელწერები აქამდე. ამ სცენარის მიხედვით, წარმატებული ცივილიზაციები უბრალოდ ჩუმად არიან, რაც გარკვეულწილად შეიძლება AI-ის დამსახურებაც იყოს.
ნაშრომს შეგიძლიათ პრეპრინტების სერვერ arXiv-ზე გაეცნოთ.