ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა გამოქვაბულის ნახატიდან ადამიანის დნმ მოიპოვეს. მათ პორტუგალიასა და ესპანეთში მდებარე ნიმუშების პიგმენტები გააანალიზეს და ჩვენი სახეობის წარმომადგენლის გენეტიკური კვალი აღმოაჩინეს.

ამის შემდეგ მკვლევრები გამოქვაბულებში დაბრუნდნენ და არა მხოლოდ უშუალოდ ნახატები, არამედ კედლის შეუღებავი ზედაპირიც შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ადამიანის დნმ სწორედ გამოქვაბულის ცარიელ კედლებზე ჭარბობდა.

ეს არ ნიშნავს, რომ დნმ უშუალოდ მხატვრებს ეკუთვნით. ის, შესაძლოა, იმ ადამიანების იყოს, რომლებიც უბრალოდ გამოქვაბულის კედელს ეყრდნობოდნენ. ამასთან, გენეტიკური მასალა ზედაპირზე მხოლოდ შეხებით არ გადადის, არამედ შეიძლება ნერწყვის, ცემინების ან სხეულის სხვა სითხეების გამოყოფისასაც "დაილექოს".

ზოგიერთი გამოქვაბულის შესასვლელი მინიმუმ 4000 წლის წინ კლდის ჩამოშლის შედეგად დაიხურა, ამიტომ დნმ იქ მანამდე უნდა მოხვედრილიყო. ასევე, ანალიზმა აჩვენა, რომ ეს ადამიანები დასავლეთ ევროპის მონადირე-შემგროვებელთა იმავე გენეტიკურ ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ, რომელიც იბერიის ნახევარკუნძულზე დაახლოებით 5000-12 000 წლის წინ ცხოვრობდა.

თუ მეთოდები კიდევ უფრო დაიხვეწება, იმის გარკვევაც გახდება შესაძლებელი, გამოქვაბულის მხატვრობას მხოლოდ თანამედროვე ადამიანები ქმნიდნენ, თუ ამას ნეანდერტალელებიც აკეთებდნენ.

2.

მეცნიერები ამბობენ, რომ ისტორიაში პირველი სინთეზური უჯრედი შექმნეს. მათი თქმით, ის არაცოცხალი ქიმიური კომპონენტებისგანაა აგებული და ბუნებრივი უჯრედივით იკვებება, იზრდება და მრავლდება.

მკვლევრებმა მას SpudCell უწოდეს. ისინი ამბობენ, რომ მას რამდენიმე თაობის განმავლობაში ბუნებრივი შერჩევის პროცესის გავლა და კონკურენციის გაწევაც შეუძლია. SpudCell-ში 150-200 სხვადასხვა მოლეკულა, როცა ბუნებრივ უჯრედში მილიარდობით მოლეკულა გვხვდება.

მეცნიერების თქმით, ის უკიდურესად სუსტი "ორგანიზმია". გასამრავლებლად იგი გარედან უნდა გამოკვებონ და დაახლოებით 30°C ტემპერატურის პირობებში დააყოვნონ. ასეთ გარემოში ის დაახლოებით ყოველ 12 საათში ერთხელ იყოფა. შედარებისთვის, ნაწლავის ჩხირი ხელსაყრელ პირობებში დაახლოებით ყოველ 30 წუთში მრავლდება.

ექსპერტების აზრით, რადგან SpudCell-ს დამოუკიდებლად არსებობა და ევოლუცია არ შეუძლია, ცოცხალ ორგანიზმად საერთოდ ვერ მიიჩნევა. ისინი ამბობენ, რომ მკვლევრებმა უჯრედი შექმნეს და არა სიცოცხლე.

3.

რამდენადაა შესაძლებელი, რომ დედამიწა მზის სიკვდილს გადაურჩეს? მეცნიერები ამბობენ, ამის შანსი არსებობს.

საქმე ისაა, რომ დაახლოებით 5 მილიარდ წელში მზის ბირთვში წყალბადის მარაგი ამოიწურება, რის გამოც ჩვენი მნათობი გაფართოვდება და წითელ გიგანტად გადაიქცევა. ამის გამო ის მასთან ახლომდებარე პლანეტებს შთანთქავს. მათ შორის მოიაზრებოდა დედამიწაც.

ახალი კვლევის თანახმად, სიცოცხლის ბოლო ეტაპებზე მზე დედამიწას მიიზიდავს, მაგრამ მასის სწრაფად დაკარგვის გამო ეს გრავიტაცია შესუსტდება. შედეგად, პლანეტას შანსი მიეცემა, რომ გიგანტად გადაქცეულ მზეს სისტემის შედარებით შორეულ რეგიონებში "გაექცეს", ანუ მისი ორბიტის რადიუსი გაიზარდოს.

მთავარი სწორედ ისაა, თუ რა რაოდენობის მატერიას დაკარგავს ჩვენი ვარსკვლავი. მისი მსგავსი მნათობების ანალიზი მიუთითებს, რომ დედამიწას გადარჩენის უფრო დიდი შანსი აქვს. კვლევის თანახმად, იმავეს ვერ ვიტყვით მერკურისა და ვენერაზე, რადგან ისინი მზის გაფართოებულ ატმოსფეროში მოექცევა.

უფრო ზუსტი დასკვნების გამოტანაში დამატებითი დაკვირვებები და გაუმჯობესებული მოდელები დაგვეხმარება.