ქალებზე ძალადობის დაკანონება — რა წერია თალიბანის სისხლის სამართლის ახალ კოდექსში

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

ავღანელი სამართალმცოდნე და უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორი, ჰაბიბ ისლამი, თავის ახალ ნაშრომში თალიბანის მიერ მიღებულ სისხლის სამართლის კოდექსს აანალიზებს. სტატია, რომელშიც ავტორი ახალი კანონმდებლობის აბსურდულობაზე, ადამიანის უფლებების გაქრობასა და მოსამართლეების თვითნებობაზე საუბრობს, მალევე საერთაშორისო უფლებადამცველების ყურადღების ცენტრში მოექცა. ქვემოთ ამ ანალიზის ქართულ ვერსიას წაიკითხავთ.

ინსტიტუტებიდან ერთპიროვნულ მმართველობამდე

თალიბანმა ავღანეთის ეროვნული სისხლის სამართლის კოდექსის ჩანაცვლების მიზნით, "თალიბანის სასამართლოების სისხლის სამართლის ახალი კოდექსი" წარადგინა. სამწუხაროდ, ეს დოკუმენტი მოკლებულია სამართლებრივი ნორმების როგორც ყველაზე ელემენტარულ ფორმალურ, ისე შინაარსობრივ სტანდარტებს. გარდა ამისა, იგი ვერ ჩაითვლება კანონად მისი გამომცემელი ორგანოს ლეგიტიმაციის თვალსაზრისითაც კი. კანონი, თავისი არსით, უფლებამოსილი ინსტიტუტების მიერ მიღებული სავალდებულო სამართლებრივი ნორმების ერთობლიობაა, რომელიც საზოგადოების რეგულირებასა და ორგანიზებას ემსახურება. მიუხედავად ამისა, ამ კოდექსის პირველივე მუხლში თალიბანი ტერმინ "კანონს" სრულიად დამოუკიდებელ და უჩვეულო დეფინიციას აძლევს. ახალი კოდექსის ავტორის მტკიცებით, თალიბანის მიერ წარმოდგენილი "კანონის" ცნება გულისხმობს ყველაფერს, რასაც თალიბანის ლიდერი, მოლა ჰიბათულა ახუნძადა, მხარს უჭერს. ამგვარი განმარტებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ "თალიბანის სასამართლოების სისხლის სამართლის ახალი კოდექსი" მხოლოდ საკანონმდებლო დადგენილებაა, რადგან ჰიბათულა ახუნძადა არ არის ლეგიტიმური ინსტიტუტი, არამედ მმართველი დაჯგუფების ლიდერია.

კონკრეტული ინსტიტუტისთვის კანონშემოქმედებითი უფლებამოსილების მინიჭების მიზანი სამართლიანობის მიღწევაში მდგომარეობს: თანამედროვე სახელმწიფოებში საკანონმდებლო ორგანოები სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებისგან შედგება, რომელთაც კანონშემოქმედებითი პროცესების ზედამხედველობა შეუძლიათ. შესაბამისად, ვხედავთ, რომ აღნიშნული კოდექსის პირველი მუხლი თავად სამართლებრივი კოდექსის კონცეფციას ეწინააღმდეგება.

თალიბანს კანონის უზენაესობის არასდროს სჯეროდა. ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთანავე კი, ყველა არსებული კანონი გაუქმდა. მართალია, მრავალი სამართალმცოდნე — როგორც თალიბანის მხარდამჭერი, ისე მისი მოწინააღმდეგე — ავღანეთის სამართავად სამართლებრივი ჩარჩოს აუცილებლობაზე მიუთითებდა, თუმცა თალიბანი ამტკიცებდა, რომ ისლამურ საზოგადოებას კანონებად მხოლოდ ყურანი და სუნა სჭირდება, ადამიანს კი კანონშემოქმედება არ შეუძლია. თუმცა, პირველი სამართლებრივი კოდექსის წარდგენით ისიც დაამტკიცეს, რომ ისინი არ ცნობენ ისეთ ღირებულებებს, როგორებიცაა სოციალური სამართლიანობა და ადამიანის უფლებები.

გარდა ამისა, თალიბანის მმართველობის პირობებში სისტემატურად ირღვევა ავღანელების ის სამოქალაქო უფლებები, რომლებიც წინა ეპოქებში მიღებული კანონმდებლობით შედარებით უკეთ იყო დაცული. ეს ეხება ავღანეთის კონსტიტუციას, სამოქალაქო კოდექსსა და სისხლის სამართლის ძველ კოდექსს — კანონებს, რომლებიც თანამედროვე სამართლებრივ სტანდარტებსა და ისეთ ღირებულებებს ეფუძნებოდა, როგორებიც თანასწორობა და სამართლიანობაა. სწორედ ეს ღირებულებებია თალიბანის სასამართლოების მიერ წარმოდგენილი სისხლის სამართლის ახალი კოდექსის აშკარა და ღია სამიზნე.

თალიბანის დისკრიმინაციული მართლმსაჯულება

კანონების შემუშავებისას ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი, რომლის დაცვაც აუცილებელია, კანონის წინაშე მოქალაქეთა თანასწორობაა. თალიბანის კოდექსის მე-9 მუხლი კი ამ პრინციპს ღიად არღვევს და მოქალაქეებს ოთხ კლასად ყოფს: სწავლულები, ელიტა, საშუალო ფენა და დაბალი ფენა.

მსგავსი იერარქიული დაყოფა მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ გვხვდება, მათ შორის, არც იმ 56 სახელმწიფოში, რომლებშიც უმრავლესობა მუსლიმია. ასევე აშკარაა, რომ სოციალური კლასების წარმომადგენლები განსხვავებულად ისჯებიან: თუ რელიგიური სწავლულების "დასჯისას" მხოლოდ "სატელეფონო დარიგებით" შემოიფარგლებიან, დაბალი ფენის წარმომადგენლებს ფიზიკური დასჯა და პატიმრობა ელით.

სამწუხაროდ, ავღანური საზოგადოების იერარქიული დაყოფა ამით არ სრულდება. კოდექსი მოქალაქეებს ასხვავებს როგორც ჰანაფის მიმდევრობის მიხედვით, ისე სქესის მიხედვითაც. ერთ-ერთი დებულების თანახმად, ქმრებს ეძლევათ უფლებამოსილება, თავად გამოიყენონ ta’zir ანუ საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრული სასჯელი "ურჩი" ცოლის მიმართ. ზოგადად, მსგავსი ტიპის სასჯელების გამოტანა მხოლოდ მიუკერძოებელი სასამართლოს კომპეტენცია უნდა იყოს. ანალოგიურად, მეოთხე მუხლის მეხუთე პუნქტი ta’zir-ის (დისკრეციული) სასჯელის დაკისრების უფლებას "მფლობელს" ან "ბატონს" ანიჭებს, რაც საზოგადოებაში მონობისა და მსახურების ფლობის იდეას ირიბ ლეგიტიმაციას სძენს.

ნებისმიერ საზოგადოებაში კანონის არსებობის ერთ-ერთი მთავარი გამართლება რიგითი ადამიანებისთვის უფლებებისა და თავისუფლებების მაქსიმალური უზრუნველყოფაა. თანასწორ მოქალაქეობაზე დაფუძნებულ საზოგადოებაში, რომელშიც მთავრობა ხალხს ემსახურება, დაუშვებელია მმართველობა "ბატონის" პოზიციიდან — რასაც თალიბანის ახალი კოდექსი გულისხმობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სისხლის სამართლის კოდექსი მმართველი დაჯგუფების ხელში რიგითი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიებისა და თვითნებური აღსრულების იარაღად იქცევა. ახალი კოდექსის თითოეული მუხლი მოქალაქეებისთვის დაწესებული შეზღუდვების ცალსახა ნიშნებს შეიცავს. ნაცვლად იმისა, რომ დოკუმენტი უბრალოდ განსაზღვრავდეს დანაშაულსა და შესაბამის სასჯელს, იგი პოლიტიკური დომინაციის ინსტრუმენტადაა ქცეული.

იურიდიული კოდექსი უნდა უზრუნველყოფდეს სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს, ადამიანის უფლებებსა და მოქალაქეთა თავისუფლებებს. ნაცვლად ამისა, თალიბანის ახალი კოდექსი მსგავსი პრინციპების არსებობის ყოველგვარ იმედს აქრობს და სამართლებრივ სისტემას მმართველი დაჯგუფების ოპონენტების წინააღმდეგ მიმართულ ხისტ და რეპრესიულ მექანიზმად აქცევს. მაგალითად, ორ სხვადასხვა მუხლში სიკვდილით დასჯა გათვალისწინებულია მათთვის, ვინც თალიბანის იდეოლოგიურ ჩარჩოს დაუპირისპირდება. თალიბანის ოფიციალურ პირებთან სიტყვიერი უთანხმოების გამოხატვაც კი შეიძლება ორ წლამდე პატიმრობით დასრულდეს.

ამასთანავე, კანონი უნდა აკმაყოფილებდეს სამართლებრივი წერის გარკვეულ ფორმალურ სტანდარტებს. მაგალითად, იურიდიული ტერმინოლოგიის სწორი და ადეკვატური გამოყენება გამართული სამართლებრივი სისტემის ერთ-ერთი არსებითი მახასიათებელია. თუმცა, მხოლოდ ტერმინოლოგია საკმარისი არ არის — სტრუქტურა და ორგანიზება თანაბრად მნიშვნელოვანია. თავებისა და სექციების ლოგიკური თანმიმდევრობა ეხმარება როგორც მოქალაქეებს, ისე ოფიციალურ პირებს კანონის სწორად გამოყენებაში. მოცემულ კოდექსში კი ამ სტანდარტებიდან არცერთი არაა დაცული.

თალიბანის სისხლის სამართლის კოდექსს არ აქვს სარჩევი — შესაძლოა იმიტომ, რომ კოდექსი ზედმეტად მოკლეა და სულაც არ საჭიროებს მას. ჩვეულებრივი ფორმატირების ნაცვლად, თითოეულ გვერდზე არსებულ შენიშვნებში რელიგიური წყაროების ვრცელი და არასტანდარტული ციტირებებია მოცემული. იქმნება შთაბეჭდილება, რომ კოდექსი არათუ თანამიმდევრული სამართლებრივი დოკუმენტი, არამედ მიმოფანტული იურიდიული ჩანაწერების არაორგანიზებული კრებულია.

დანაშაულისა და სასჯელის პროპორციულობის დარღვევა


სისხლის სამართლის კანონები მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი უნდა იყოს. ისინი არ უნდა შეიცავდეს ისეთ სირთულეებს, რომლებმაც შეიძლება გაუგებრობა ან მცდარი ინტერპრეტაცია გამოიწვიოს. კანონი უნდა იყოს საკმარისად მკაფიო, ზოგადი და ყოვლისმომცველი, რათა თითოეულ დანაშაულს კონკრეტული, პროპორციული სასჯელი მიანიჭოს. ეს სიცხადე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სახელმწიფომ თავიდან აიცილოს უსამართლობა ნებისმიერი პირის, მათ შორის, ბრალდებულის მიმართ.

მიუხედავად ამისა, თალიბანის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლი მოსამართლეებს დისკრეციულ სადამსჯელო უფლებამოსილებას (ta’zir-ს) ანიჭებს. ეს ქმნის დოკუმენტის ბოროტად გამოყენების სერიოზულ რისკს, რადგან კოდექსი მოსამართლეებს საშუალებას აძლევს, სასჯელი საკუთარ შეხედულებებსა და პრეფერენციებზე დაყრდნობით გამოიტანონ. შედარებისთვის, თუ გადავხედავთ ავღანეთის რესპუბლიკის პერიოდის სისხლის სამართლის კოდექსს, დავინახავთ, რომ ეს პრინციპები მეტწილად დაცული იყო და მოსამართლეთა მიერ საკანონმდებლო ხარვეზების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად იყო შეზღუდული.

სისხლის სამართლის კიდევ ერთი ფუნდამენტური პრინციპი დანაშაულსა და სასჯელს შორის პროპორციულობაა. წინა ეპოქაში სასჯელი დანაშაულის სიმძიმის მიხედვით განისაზღვრებოდა. ახლა კი, ახალ კოდექსში, ჩადენილ ქმედებასა და დადგენილ სასჯელს შორის ხშირ შემთხვევაში პროპორციულობა დარღვეულია.

მაგალითად, სიკვდილით დასჯაა გათვალისწინებული "ჯადოქრობისთვის", თალიბანის პოლიტიკური ოპონენტობის ან არაისლამური მრწამსის გამო. ამავდროულად, მოწამვლით ჩადენილი მკვლელობისთვის სასჯელი მხოლოდ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთაა. კოდექსი ასევე განსაკუთრებულ იმუნიტეტს ანიჭებს თავად მოსამართლეებს. თუ მოსამართლე შეგნებულად გამოიტანს საქმის ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგო განაჩენს, სასჯელი მხოლოდ 10-დღიანი პატიმრობაა. თუმცა, თალიბანის ოპონენტების ადგილსამყოფლის შეუტყობინებლობამ შეიძლება ორი წლით თავისუფლების აღკვეთა გამოიწვიოს, რაც უჩვეულოდ მძიმე სასჯელია რიგითი და შესაძლოა, სრულიად უდანაშაულო ადამიანისთვის.

იურიდიული გაურკვევლობა და მოშლილი სამართლებრივი სტრუქტურა


მაშინაც კი, თუ თალიბანის კოდექსს ავღანეთის წინა სისხლის სამართლის კოდექსს მხოლოდ სტრუქტურული თვალსაზრისით შევადარებთ — შინაარსისა და ხარისხის საკითხების გვერდის ავლით — კონტრასტი მაინც დამთრგუნველია. ქვეყნის ყოფილი ეროვნული კოდექსი შედგებოდა პრეამბულის, ორი წიგნის, 16 თავის, 112 სექციისა და 916 მუხლისგან, რაც ჯამში 785 გვერდს მოიცავდა. ამის საპირისპიროდ, თალიბანის ვერსიას მხოლოდ ერთი პრეამბულა, სამი თავი, 10 სექცია და 119 მუხლი აქვს, რაც სულ მხოლოდ 58 გვერდს მოიცავს.

თალიბანის მიერ შექმნილი ვერსია იმაზე მოკლეა, ვიდრე წინა კოდექსის 63-გვერდიანი სარჩევი. ეს მარტივი რიცხვითი შედარებაც კი მიუთითებს, რომ წინა სისხლის სამართლის კოდექსი როგორც ფორმით, ისე შინაარსით, გაცილებით უფრო მდიდარი და ფუნქციური იყო. ის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის მიზნებსაც გაცილებით ეფექტურად ასრულებდა.

საკანონმდებლო ჩარჩოდან ამოღებული უფლებრივი გარანტიები


თალიბანმა ძველი ეროვნული კოდექსი გააუქმა და ხელისუფლებაში მოსვლიდან ოთხი წლის შემდეგ ეს მოკლე დოკუმენტი წარმოადგინა. მნიშვნელოვანია გამოვიკვლიოთ, რა არის ამ სიმწირის მიზეზი და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რომელი ნაწილებია ამოღებული.

ეროვნული სისხლისსამართლებრივი ჩარჩოდან ამოღებულ დებულებებს შორის არის:

– ბირთვულ საქმიანობასთან დაკავშირებული დანაშაულები;

– კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები;

– სხვა რელიგიისა და მრწამსის მიმდევართა შეურაცხყოფა;

– წამება;

– ფულის გათეთრება;

– ბავშვების სამხედრო შენაერთებში გაწვევის აკრძალვა;

– ბავშვთა შრომის აკრძალვა სახიფათო სამუშაოებზე;

– ბავშვების ფუნდამენტური უფლებების ჩამორთმევის წინააღმდეგ არსებული დაცვის მექანიზმები, მათ შორის განათლების უფლება (იმ პირობებში, როდესაც თალიბანმა მოზარდ გოგოებს სკოლის კარები ჩაუკეტა).

თითქოს ეს საკმარისი არ იყო, გარკვეული დებულებები იმის გამოც ამოიღეს, რომ მოსამართლეებს დაუტოვონ სივრცე qiyas-ის (ანალოგიის) გამოსაყენებლად. ამით მათ საშუალება ეძლევათ, საკუთარი დისკრეციული ძალაუფლება მაქსიმალურად გააფართოონ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ ნიკოლოზ ბარათაშვილს?
  2. გაიცანით ბიჭი, რომელმაც ოჯახის გადასარჩენად 4 საათი აღელვებულ ზღვაში იცურა
  3. ქვიზი: სერიალში მოხდა თუ საქართველოში?
  4. ტაილანდში ტურისტებს ქელეხი რესტორანი ეგონათ, ჭირისუფლები კი მაინც გაუმასპინძლდნენ (ვიდეო)
  5. სპორტსმენები პენისებს "იზრდიან"? — სკანდალი ზამთრის ოლიმპიადის წინ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

თეგეტა ქარსის 2025 — რეკორდული გაყიდვები, ახალი ბრენდები და რეგიონული ექსპანსია

2025 წელი თეგეტა ქარსისთვის მრავალმხრივი განვითარების წელი იყო. კომპანიამ გაყიდვებში რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა,…