სიახლეები, რომელთა გამოც აუცილებლად უნდა ეწვიო წიგნის დღეებს
თბილისის წიგნის დღეები 2025 სიახლეების ცვენით დაიწყო. ტრადიციული საშემოდგომო ლიტერატურული ფესტივალი, რომელიც ყველა თაობის, გემოვნებისა და ინტერესების მქონე მკითხველს ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში უყრის ხოლმე თავს, წელს 14, 15 და 16 ნოემბერს იმართება.
შენი არ ვიცი, მაგრამ მე იმის გააზრებაში (ან ვერგააზრებაში), თუ როგორ გარბის დრო, წიგნის ფესტივალები მეხმარება ხოლმე. თითქოს, წინა კვირას იყო, ექსპო ჯორჯიას ეზოდან რომ პირშიც პარკგაჩრილი გამოვდიოდი... ასე რომ, ცოტა ხნის წინ, როცა საყიდლების ტრადიციული სიის წერა დავასრულე (რომელსაც მერე ტრადიციულად დავარღვევ და ორჯერ მეტ წიგნს ვიყიდი), ფიქრიანად გავხედე თაროს, საიდანაც სამი წლის წინანდელ ფესტივალზე შეძენილმა და ჯერ კიდევ წასაკითხმა წიგნებმა შემომბღვირეს.
თუმცა, წლევანდელ წიგნის დღეებზე ისეთი საოცარი სიახლეები გველოდება, ხელუხლებელი საკითხავით სავსე კარადაც კი ვერ შემაკვეცინებს ამ ჩამონათვალს. ჩემი სიიდან საგანგებოდ ამორჩეულ მნიშვნელოვან ახალ გამოცემებს ქვემოთ გაგიზიარებ.
ჰან კანგის ვეგეტარიანელი
თარგმნა ნინი ჩაკვეტაძემ
სულაკაურის გამომცემლობა
წიგნის საფესტივალო ფასი: 11,9₾
შარშან, როცა ლიტერატურის დარგში 2024 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი დასახელდა, სულ მცირე, ნახევარი საათი ვარკვევდით, როგორ გვეთარგმნა ამ სამხრეთკორეელი ავტორის გვარი ქართულად და, როგორც აღმოჩნდა, მაინც არასწორად გვითარგმნია. საბედნიეროდ, დღეს უკვე არა მხოლოდ ავტორის სახელის, მისი ყველაზე პოპულარული ნაწარმოების ქართული თარგმანიც გვაქვს.
"რადიკალური" და "ახირებული" — ასე შეაფასეს ჰან კანგის ვეგეტარიანელი ავტორის სამშობლოში, როცა წიგნი პირველად გამოიცა 2007 წელს. თუმცა, როცა რომანი ინგლისურად ითარგმნა, კანგმა ჯერ ბუკერის საერთაშორისო პრემია, ლიტერატურული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, დაიმსახურა, მოგვიანებით კი პირველი სამხრეთკორეელი ნობელიანტი მწერალიც გახდა. მას ჯილდო გადაეცა "ექსპრესიული პოეტური პროზისთვის, რომელიც თვალს უსწორებს ისტორიულ ტრავმებს და ააშკარავებს ადამიანური ცხოვრების სიმყიფეს".
ადამიანური ცხოვრების სიმყიფე ალბათ საუკეთესოდაა გადმოცემული ვეგეტარიანელში, რომლის მთავარი გმირიც სეულში მცხოვრები ახალგაზრდა ქალია. იგი ხორცის ჭამას შეწყვეტს მას შემდეგ, რაც ადამიანურ სისასტიკეზე კოშმარულ სიზმარს ნახავს. თუმცა, ქალის ამ გადაწყვეტილებას მის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში მოულოდნელი შედეგები მოჰყვება.
ჯეიმს ბოლდუინის ჯოვანის ოთახი
თარგმნა გურამ ღონღაძემ
გამომცემლობა პოლინომიალი
წიგნის საფესტივალო ფასი: 16,7₾
წიგნის დღეების ერთ-ერთი მთავარი სიახლე ჯეიმს ბოლდუინის ამ გახმაურებული რომანის პირველი ქართული თარგმანია. გასაკვირიც კია, რომ მე-20 საუკუნის უსაზღვროდ გავლენიანი ამერიკელი ავტორის, მოაზროვნისა და სამოქალაქო აქტივისტის წიგნის მშობლიურ ენაზე წაკითხვის საშუალება აქამდე არ გვქონია. 1956 წელს გამოქვეყნებული ჯოვანის ოთახი ხომ ბოლდუინის ერთ-ერთი მთავარი ნაშრომია, სადაც ავტორი მისთვის ასე მნიშვნელოვან იდენტობისა და სექსუალობის საკითხებს უტრიალებს გარშემო.
ნაწარმოების მთავარი გმირი 1950-იანების პარიზში მცხოვრები ამერიკელი დევიდი გახლავთ, რომელიც თავის სექსუალობასთან და საზოგადოებრივ ნორმებთან ჭიდილშია. ამ ჭიდილის აღწერით, ბოლდუინი ისეთ საკითხებსაც უღრმავდება, როგორებიცაა მასკულინობა და ინტერნალიზებული ჰომოფობია. გასაკვირი არაა, რომ დღეს უკვე კლასიკად ქცეული ტექსტი თავის დროზე იმდენად სკანდალური აღმოჩნდა, ავტორს მისმა გამომცემელმაც კი ურჩია, დაეწვა, რადგან, მათი აზრით, წიგნის გამოქვეყნებით ბოლდუინი სამწერლო კარიერას დაისამარებდა.
რებეკა იაროსის მეოთხე ფრთა
თარგმნა ნინო ბარძიმიშვილმა
გამომცემლობა მოუბარი
წიგნის საფესტივალო ფასი: 45₾
1950-იანებიდან ისევ დღევანდელობაში დავბრუნდეთ, სადაც ლიტერატურულ ტენდენციებს, არც მეტი, არც ნაკლები, ტიკტოკი განსაზღვრავს. სწორედ ამ პლატფორმის დამსახურებით იქცა მსოფლიო ბესტსელერად რებეკა იაროსის სასიყვარულო ფენტეზის ჟანრის რომანი მეოთხე ფრთა. სასიყვარულო ფენტეზი, საგანგებოდ შერქმეული რომანტეზის სახელით, ისედაც ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟანრია (მხოლოდ სარა ჯ. მაასის წიგნების გაყიდვებიც კმარა ამის დასტურად), მაგრამ იაროსმა, როგორც ჩანს, განსაკუთრებულ ფორმულას მიაგნო და ჟანრული ლიტერატურის ტრადიციულ და თანამედროვე მოტივებს ერთად მოუყარა თავი: დრაკონები, ჯადოსნური აკადემია, ძლიერი პროტაგონისტი ქალი, ამბოხის მომწიფება და სიყვარულში გადაზრდილი მტრობა.
რომანის მთავარი გმირი ნავარის სამეფოში მცხოვრები ვაიოლეტ სორენგეილია, რომელიც გენერალი დედის ზეწოლით ბასგიათის სამხედრო სასწავლებელში აღმოჩნდება და დრაკონის მხედრობისთვის წვრთნას დაიწყებს. თუმცა, ოცი წლის გოგო, რომელსაც მთელი ცხოვრება მწიგნობრობისთვის ამზადებდნენ, ფინიშის ხაზთან მისაღწევად სასიკვდილო მისიებს უნდა გადაურჩეს.
აღსანიშნავია, რომ მეოთხე ფრთა ახალმა ქართულმა გამომცემლობამ, მოუბარმა, დაბეჭდა. მოუბარის სტენდთან სხვა საინტერესო სიახლეებიც დაგხვდება, მათ შორის, ქეი-პოპ ჯგუფ BTS-ის შესახებ დაწერილი წიგნი, ტომ ფელტონის ავტობიოგრაფია, გილიერმო დელ ტოროსა და კორნელია ფუნკეს ფავნის ლაბირინთი.
სუზანა კლარკის პირანეზი
თარგმნა ეკატერინე სუმბათაშვილმა
გამომცემლობა პალიტრა L
წიგნის საფესტივალო ფასი: 14₾
ფენტეზის მოყვარულები წლევანდელ წიგნის დღეებზე ნამდვილად განებივრებულები ვართ. ქართველი მკითხველი პირველად გაეცნობა თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ინგლისელ ფანტასტს, სუზანა კლარკს. მართალია, კლარკს სულ ორი რომანი აქვს გამოცემული, მაგრამ იგი არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. მწერლის მოზრდილტანიანი სადებიუტო რომანი, ჯონათან კლარკი და მისტერ ნორელი, მე-19 საუკუნის ინგლისის მაგიური ელემენტებით გაჯერებულ ალტერნატიულ ისტორიას აცოცხლებს. ჟურნალმა Time-მა წიგნი 2004 წლის საუკეთესო რომანად დაასახელა, ნაწარმოებმა ასევე დაიმსახურა ჟანრული ლიტერატურის პრესტიჟული ჯილდოები, ჰიუგოსა და ლოკუსის პრემიები.
ამ წიგნის შემდეგ, მკითხველები დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდნენ კლარკის მორიგ რომანს, რომელიც ძალიან, ძალიან იგვიანებდა (რაც იმ ფაქტით იხსნება, რომ მწერალს ქრონიკული დაღლილობის სინდრომი აქვს). საბოლოოდ, ავტორის მეორე, მოცულობით ბევრად მცირე რომანი პირანეზი 2020 წელს გამოიცა და კრიტიკოსები ისევ აღაფრთოვანა.
დღიურების ფორმით დაწერილ ამ რომანში მოქმედება ურიცხვი დარბაზებით, მარმარილოს ქანდაკებებით, მასშტაბური კიბეებითა და ოთახებში მუდამ მღელვარე ოკეანის ტალღებით სავსე "სახლად" წოდებულ სამყაროში ვითარდება, მთავარი გმირი კი ამ სახლში მცხოვრები მარტოსული კაცია, რომელიც მკითხველს პირანეზის სახელით ეცნობა. ლიტერატურული და ფილოსოფიური ალუზიებით გაჯერებულმა ამ წიგნმა 2021 წელს მიიღო ქალთა პრემია მხატვრულ ლიტერატურაში.
მარგარეტ ეტვუდის აღთქმები
თარგმნა თამარ ჯაფარიძემ
გამომცემლობა პალიტრა L
წიგნის საფესტივალო ფასი: 19₾
ჟანრული ლიტერატურის სიახლეებზე საუბარი დისტოპიით გავაგრძელოთ, რომელიც დღევანდელობაში მეტისმეტად რეალისტურადაც შეიძლება მოგვეჩვენოს. განა დისტოპია არაა სამყარო, სადაც მარგარეტ ეტვუდს ჯერ კიდევ არ აქვს ნობელი?!
ლეგენდარული კანადელი მწერლის ამ დროისთვის ბოლო რომანი, აღთქმები, გაგრძელებაა მისი საკულტო ნაწარმოებისა მხევლის წიგნი. ნაწარმოები მხევლის წიგნის გამოცემიდან 34 წლის შემდეგ გამოქვეყნდა და ზუსტად ისე განაცვიფრა მსოფლიო, როგორც მისმა წინამორბედმა. აღთქმებმა დაიმსახურა ბუკერის პრემია და გუდრიდსის მკითხველთა რჩეული გახდა 2019 წლის საუკეთესო რომანის კატეგორიაში.
აღთქმები სამი პროტაგონისტის ნაამბობს და, შესაბამისად, სამ სიუჟეტურ ხაზს მიჰყვება; აქედან ორი კვლავაც გილეადში, მხევლის წიგნის სიუჟეტიდან თხუთმეტი წლის შემდეგ ვითარდება და ახალ პერსონაჟებთან ერთად, ისევ ვხვდებით დეიდა ლიდიას. აი, მესამე მთხრობელი კანადაში მცხოვრები გოგოა, რომელიც გილეადიდან ბავშვობაში გააპარეს, დღეს კი მეზობელი ტოტალიტარული რეჟიმის დანაშაულების გამოსააშკარავებლად წინააღმდეგობის მოძრაობას უერთდება.
პატრიშია ჰაისმითის ნიჭიერი მისტერ რიპლი
თარგმნა თამარ ლომიძემ
გამომცემლობა დიოგენე
წიგნის საფესტივალო ფასი: 18₾
პატრიშია ჰაისმითის სახელი თუ არ გაგიგია, გამორიცხულია, მისი ამ ცნობილი ფსიქოლოგიური თრილერის სამი ეკრანიზაციიდან რომელიმე მაინც არ გქონდეს ნანახი: იისფერი შუადღე (1960) ალენ დელონით მთავარ როლში, ნიჭიერი მისტერ რიპლი (1999), სადაც რიპლის მეთ დეიმონი ასახიერებს და უახლესი, 2024 წელს გამოშვებული სერიალი რიპლი, ენდრიუ სკოტის მონაწილეობით.
და თუმცაღა ჰაისმითის ნაწარმოებები აქამდე არ თარგმნილა ქართულად, მაინც ნაკლებსავარაუდოა, ამ მწერალზე არ გსმენოდეს. იგი ფსიქოლოგიური თრილერის მოყვარულებში ნამდვილი სუპერვარსკვლავის სახელით სარგებლობს, მისი შექმნილი პერსონაჟი კი, ქარიზმატული სოციოპათი ტომ რიპლი, რომელსაც პირველად სწორედ ზემოხსენებულ რომანში ვხვდებით, საკულტო გმირად იქცა. მეტიც, ჟურნალმა Book-მა რიპლი 1900 წლის შემდეგ შექმნილ 100 საუკეთესო პერსონაჟს შორის დაასახელა.
თომას მანის იოსები და ძმანი მისნი
თარგმნა ნანა გოგოლაშვილმა
გამომცემლობა ინტელექტი
წიგნის საფესტივალო ფასი: 40₾
თუკი სტატია აქამდე ჩაიკითხე, უდავოა, რომ სქელტანიანი რომანებიც გეყვარება. ასე რომ, ბოლოსთვის ტკბილ ლუკმად შემოგინახეთ თომას მანის მონუმენტური რომანი იოსები და ძმანი მისნი, რომლის ქართული თარგმანის გამოცემასაც დიდხანს ველოდით. გერმანელი ნობელიანტი მწერლის ეს ოთხნაწილიანი ეპიკური ამბავი ბიბლიურ ისტორიას იაკობის შვილებზე ახლებურად აცოცხლებს. რომანზე მანი 16 წლის განმავლობაში მუშაობდა და მას თავის საუკეთესო ნაწარმოებად მიიჩნევდა.

კომენტარები