"ქართველი სხვანაირად მოიქცეოდა"? — რატომ არ ვრეაგირებთ, როცა ვინმეს შველა სჭირდება
ხშირად არ გვესმის, რატომ არ იქცევიან ადამიანები ისე, როგორც "თავად მოვიქცეოდით". რატომ არავინ მიდის დასახმარებლად, როცა ვინმეს შველა სჭირდება? როგორ შეიძლება, გვერდით ადამიანი დაჭრან და ადგილიდან არ დაიძრა? — ეს კითხვები სოციალურ ქსელებში აქტიურად ისმის მას შემდეგ, რაც ირინა ზარუცკას მკვლელობის კადრები ვირუსულად გავრცელდა.
უკრაინელ გოგოს აშშ-ის მეტროში მგზავრი ზურგიდან დაესხა თავს და კისერში დაჭრა. დახმარება არ უთხოვია. ძირს მალევე დაეცა. კრიტიკულ მომენტებში თვითმხილველებს არაფერი გაუკეთებიათ, თუმცა მოგვიანებით სცადეს შველა. კადრების ნახვის შემდეგ ბევრი მგზავრებს ადანაშაულებს გულგრილობაში და ფიქრობს, რომ დროული ჩარევით გოგო გადარჩებოდა ან მარტოდ მაინც არ იგრძნობდა თავს. ჰგონიათ ისიც, რომ თავად აუცილებლად ჩაერეოდნენ ან "ქართველი სხვანაირად მოიქცეოდა".
ჰიპოთეზურ სცენარებზე ბევრი რომ არ ვიმსჯელოთ, თვითმხილველის ქცევის ასახსნელად NEXT.On.ge-დან მარიამ აბაშიძეს, სოციალურ ფსიქოლოგსა და ნეირომეცნიერს, გავესაუბრე. მარიამი მსგავსი ქცევის საფუძვლებზე მოგვიყვება და გვეტყვის, როგორ შეგვიძლია გავზარდოთ რეაგირების შანსები.
რა ფაქტორები მოქმედებს თვითმხილველების ქცევაზე, როცა საჯარო სივრცეში ვინმეს დახმარება სჭირდება?
თვითმხილველის ქცევა რთული კომბინაციის შედეგია — ის არ განისაზღვრება მხოლოდ ემპათიით ან პიროვნული ღირებულებებით. გადამწყვეტ როლს თამაშობს თავად კონტექსტი: რამდენად მკაფიოა ძალადობის სიგნალი, რამდენად აქვს ადამიანს რეაგირების გზა და რამდენად მარტოდ გრძნობს თავს პასუხისმგებლობის წინაშე.
კვლევები აჩვენებს, რომ, რაც უფრო ბუნდოვანია სიტუაცია, მით უფრო რთულია ჩარევა — განსაკუთრებით მაშინ, როცა გარშემო სხვებიც დუმან. ასეთ დროს ჩნდება პასუხისმგებლობის დიფუზია: განცდა, რომ "ალბათ სხვამ უნდა იმოქმედოს" ან "თუ სხვებიც მშვიდად არიან, ალბათ არაა ისეთი სერიოზული" [1, 2]. სწორედ ამას ეწოდება თვითმხილველის ეფექტი: რაც მეტია თვითმხილველი, მით ნაკლებია შანსი, რომ რომელიმე ჩაერიოს.
გარდა ამისა, ძალადობის დროს გადამწყვეტი ხდება ნერვული სისტემა. საფრთხისთანავე აქტიურდება ბრძოლის, გაქცევის ან გაყინვის რეაქცია (fight / flight / freeze) რეაქცია. ხშირად ჩნდება freeze response — დროებითი "გაყინვა". ეს არ ნიშნავს გულგრილობას: ეს არის ნერვული სისტემის ავტომატური დამცავი რეაქცია, რომელიც ზოგჯერ პარალიზებას იწვევს და ხელს უშლის მოქმედებას მაშინაც კი, როცა ადამიანს სურს დახმარება.
გაყინვა არ უნდა გავიგოთ, როგორც გულგრილობა".
შესაბამისად, ქცევაზე ერთდროულად მოქმედებს:
- გარემოს ხილვადობა და სტრუქტურა — რამდენად ცხადია, რომ საქმე ძალადობას ეხება და რა შესაძლებლობები ჩანს რეაგირებისთვის;
- სხვა თვითმხილველების ქცევა — მათ შორის პასიურობაც;
- ჩარევის საფასური და შედეგი — რეალური თუ აღქმული რისკი: ფიზიკური, სოციალური ან იურიდიული;
- შიშისა და დეზორიენტაციის დონე — გაურკვევლობა და შოკი ხშირად აჩერებს რეაგირებას;
- სოციალური კონტექსტი და ნორმები — კითხვა, "ეს ჩემი საქმეა თუ არა?".
ამას ემატება პიროვნული გამოცდილება და წარსული ტრავმაც: ზოგისთვის ეს აჩქარებს მოქმედებას, ზოგისთვის კი პარალიზებას იწვევს. სწორედ ამიტომ, ერთსა და იმავე გარემოში სხვადასხვა თვითმხილველი შეიძლება სრულიად განსხვავებულად მოიქცეს.
ასეთ სიტუაციაში ქცევა კულტურებს შორის თუ განსხვავდება? მაგალითად, ბევრს ჰგონია, რომ ირინა ზარუცკას ქართველები აუცილებლად დაეხმარებოდნენ...
ადამიანები ხშირად გადაჭარბებით აფასებენ საკუთარ ჰიპოთეზურ ქცევას".
კულტურული ნორმები გარკვეულ როლს თამაშობს, მაგრამ ექსტრემალური ძალადობის შემთხვევებში ისინი ხშირად იფარება უფრო უნივერსალური ბიოლოგიური და სოციალური მექანიზმებით. საქართველოში გავრცელებულია წარმოდგენა, რომ "ქართველი აუცილებლად ჩაერეოდა". ეს ასახავს მეზობლურ და ოჯახურ ურთიერთობებში სოლიდარობის მაღალ მოლოდინს. მეორე მხრივ, მოულოდნელ, სიცოცხლისთვის საშიშ სიტუაციებში — მაგალითად, დახურულ მეტროს ვაგონში — რეაქციას ხშირად განსაზღვრავს არა კულტურა, არამედ ნერვული სისტემა და თვითდაცვა.
ამასთან, ადამიანები ხშირად გადაჭარბებით აფასებენ საკუთარ ჰიპოთეზურ ქცევას — ფიქრობენ, რომ აუცილებლად ჩაერეოდნენ, მაგრამ შოკისა და შიშის პირობებში ეს ყოველთვის არ ემთხვევა რეალობას.
ამიტომ კითხვაზე — "ქართველები სხვანაირად მოიქცეოდნენ?" — ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. ყოველდღიურ ურთიერთობებში მართლაც ხშირია დახმარება და სოლიდარობა, მაგრამ ექსტრემალური ძალადობის დროს გადამწყვეტი სხვა ფაქტორებია, ამიტომ მხოლოდ "ქართველური სოლიდარობის" კატეგორიით განხილვა არასაკმარისია.
საინტერესოა ისიც, რომ ხშირად ჩნდება თვითმხილველების დაგმობის სურვილი. ეს შეიძლება კოლექტიური შოკის დამუშავების მცდელობაც იყოს — მძიმე მოვლენის შემდეგ ადამიანები ინტუიციურად ეძებენ დამნაშავეს. რეალურად, გადამწყვეტი როლი ხშირად სისტემურ ხარვეზებს აქვს: უსაფრთხოების ზომების ნაკლებობას, კრიზისული პროტოკოლების არქონასა და მენტალური ჯანმრთელობის დაუცველობას. ეს ფაქტორები უფრო მეტად განაპირობებს ტრაგედიას, ვიდრე ინდივიდების უმოქმედობა.
შეგვიძლია ქართული კონტექსტიც განვიხილოთ. როგორც ვიცი, სამაგისტრო ნაშრომი გქონდათ თვითმხილველის ეფექტზე. იქნებ კვლევის მიზნებზე, მეთოდებსა და მიგნებებზე მოგვიყვეთ?
ჩარევის გადაწყვეტილება არ არის მხოლოდ "მორალის ტესტი" — ის არის სისტემური გარემოს შედეგი".
ჩემი ნაშრომი ეხებოდა ონლაინ ძალადობის კონტექსტს — კონკრეტულად, კიბერბულინგს. მიზანი იყო გაგება, რა ფაქტორები უწყობს ხელს თვითმხილველის ჩარევას და რა აფერხებს მას. ორი ცვლადი შევისწავლე: ანონიმურობა (ვებკამერის ჩაურთველობა) და აგრესორის მხარდამჭერების არსებობა.
მიგნებები მოულოდნელი აღმოჩნდა. ველოდი, რომ ანონიმურობის შემცირება (ვებკამერის ჩართვა) გაზრდიდა ჩარევის ალბათობას, მაგრამ გავლენა არ ჰქონია. სამაგიეროდ, როცა აგრესორს მხარს უჭერდნენ სხვებიც, თვითმხილველები უფრო ხშირად ერეოდნენ. ეს შეიძლება პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ სწორედ ასეთ დროს ჩნდებოდა განცდა, რომ სიტუაცია მძიმეა და არ-ჩარევა უფრო "მაღალი საფასურის" (moral cost) მქონე ქცევაა.
ეს შედეგი ცხადად აჩვენებს, რომ კონტექსტი და ჯგუფური დინამიკა ხშირად უფრო გადამწყვეტია, ვიდრე ინდივიდის პირადი თვისებები. ჩარევის გადაწყვეტილება არ არის მხოლოდ "მორალის ტესტი" — ის არის სისტემური გარემოს შედეგი. ამიტომაც, თუ გვინდა, რომ რეალურ ცხოვრებაშიც მეტი ადამიანი რეაგირებდეს, ყურადღება უნდა გავამახვილოთ არა მხოლოდ ინდივიდების გმირობაზე, არამედ იმაზე, როგორ მოვაწყობთ გარემოს, სადაც ჩარევა ბუნებრივი და შესაძლებელი იქნება.
როგორ შეგვიძლია, მსგავს სიტუაციებში უფრო პროაქტიულები გავხდეთ, რამე გზები თუ არსებობს?
ხშირად გვგონია, რომ დახმარება მხოლოდ სიმამაცეს ან პიროვნულ მორალს მოითხოვს. სინამდვილეში გადამწყვეტი ის არის, რამდენად მკაფიოა სიტუაცია და აქვს თუ არა ადამიანს მოქმედების ინსტრუმენტი.
ჩემმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩარევა იზრდება მაშინ, როცა სიტუაცია მკაფიო და უსამართლო ჩანს. ეს შეესაბამება საფასური-ჯილდოს მოდელს (cost-reward model): ადამიანები უფრო მეტად მოქმედებენ მაშინ, როცა არჩარევის შემთხვევაში დისკომფორტი და მორალური დაძაბულობა უფრო ძლიერია.
ჩარევას ხელს უწყობს:
- ქცევითი სცენარების ცოდნა — მაგალითად, როგორ მიმართო სიტყვით ან როგორ აცნობო სხვებს;
- დაცულობის განცდა — რომ ჩარევა არ დააზიანებს მას ან სხვებს;
- გარემოს მხარდაჭერა — რომ რეაგირება დაფასდება და არა დაისჯება;
- წინასწარი გამოცდილება და სიმულაციები — როგორც CPR-ის ან ხანძრის სიმულაციის ვარჯიშები.
ამავე დროს, "გაყინვა" არ უნდა გავიგოთ როგორც გულგრილობა — ეს არის ნერვული სისტემის დროებითი პარალიზება, რომელიც ადამიანს ხელს უშლის სწრაფ რეაგირებაში. თუ გვინდა, რომ რეაგირება გახდეს უფრო ხშირი, საჭიროა სისტემური და საგანმანათლებლო ცვლილებები:
- ცნობიერების ამაღლება თვითმხილველის ეფექტზე;
- ტრანსპორტში და საჯარო სივრცეებში უსაფრთხოების პროტოკოლების გაძლიერება;
- ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, რომლებიც ამცირებს პასუხისმგებლობის დიფუზიას (მაგალითად, საგანგებო სიგნალების გამარტივება, UX-ში "სხვა იზამს" ეფექტის თავიდან აცილება);
- და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია — ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერა, რადგან ნერვული სისტემის დაუცველობა ხშირად უშლის ხელს მოქმედებას.
რას ისურვებდით, რომ საზოგადოებამ ამ საკითხებზე იცოდეს?
ჩემთვის მთავარი ისაა, რომ საზოგადოებრივი განხილვა არ უნდა შეჩერდეს მხოლოდ იმაზე, თუ ვინ ჩაიდინა "გმირობა" ან ვინ "გაჩუმდა". ეს თემა გვახსენებს, რომ ჩარევა არ არის მხოლოდ ინდივიდუალური სიმამაცის შედეგი — ის ყალიბდება ნერვული ბიოლოგიის, სოციალური კონტექსტისა და სისტემური პირობების კომბინაციით.
თუ გვინდა, რომ მომავალში მეტი ადამიანი რეაგირებდეს, აუცილებელია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ჩარევა უფრო მარტივი, უსაფრთხო და მხარდაჭერილი იქნება.
საბოლოოდ, ვფიქრობ, სწორი კითხვა არაა "რატომ არ ჩაერია კონკრეტული ადამიანი?" — არამედ "როგორ შევცვალოთ სისტემა ისე, რომ მომდევნო ჯერზე ჩარევა გახდეს უფრო შესაძლებელი, უფრო დაცული და უფრო ბუნებრივი?".
გამოდის, როგორი მორალური იდეალებითაც არ უნდა ვცდილობდეთ ცხოვრებას, საგანგებო ვითარებაში შეიძლება ქცევით სულაც ვერ გამოვხატოთ — მაგალითად, ვერაფერი გავაკეთოთ, როცა ადამიანის სიცოცხლე ნაწილობრივ ამაზეა დამოკიდებული.
თუკი სამეცნიერო ლინზიდან შევხედავთ, ვერ ვიტყვით, რომ ასეთი მომენტების გამო "ადამიანობაში ჩავფლავდით". ჩვენი ქცევა ჩვენსავე ინსტინქტებსა და გარემოზეა დამოკიდებული, რეაგირების უნარი კი ზოგჯერ ერთგვარი მოცემულობაა, რომელიც საგანგებო ვითარებაში ყოველთვის არ გვეძლევა. ამისათვის წინასწარვე უნდა ვიზრუნოთ ცნობიერების ამაღლებით, სპეციალური გადამზადებითა და სისტემური ძალისხმევით.





კომენტარები