ჩასახვისთვის აუცილებელია, რომ სპერმატოზოიდმა კვერცხუჯრედამდე სხვებზე ადრე მიაღწიოს და იგი გაანაყოფიეროს. ამის გამო ცხოველთა სამყაროში საკმაოდ უჩვეულო და გასაოცარი ბიოლოგიური მექანიზმები განვითარდა, რომლებიც მამრის სასქესო უჯრედების ფორმას, ზომასა და მოძრაობას განსაზღვრავს.

ამის მაგალითი სამი ცხოველია: სპილო, თაგვი და ბუზი. ალბათ, გგონიათ, რომ მათგან ყველაზე დიდი სპერმატოზოიდები სპილოს აქვს, მაგრამ ასე არაა. სინამდვილეში, ის მათ შორის ბოლო ადგილზეა, მღრღნელი მეორეზე, პირველზე კი — მწერი. ეს უკანასკნელი არამხოლოდ ამ სამეულში, არამედ მთელს მსოფლიოშია "რეკორდსმენი".

უფრო კონკრეტულად, სპერმატოზოიდის ზომის რეკორდი დროზოფილის, იგივე ხილის ბუზის, სახეობას ეკუთვნის, რომელსაც Drosophila bifurca ჰქვია. მისი სასქესო უჯრედი 6.35 სანტიმეტრი სიგრძისაა, რითაც ამ მწერის სხეულს დაახლოებით 20-ჯერ აღემატება. ის მის ორგანიზმში იმიტომ ეტევა, რომ საკმაოდ მჭიდროდაა დახვეული და სხეულის მთლიანი მასის 10%-ს შეადგენს.

ყოველი შეჯვარებისას მხოლოდ რამდენიმე ასეთი სპერმატოზოიდი გამოიყოფა, რაც უჩვეულო სტრატეგიაა, მაგრამ ლოგიკურია, რადგან დროზოფილები მონოგამიისგან შორს არიან. მათ შემთხვევაში გრძელი სპერმა სექსუალური სელექციის შედეგია, ვინაიდან კონკურენტების თავიდან მოცილებაში ეხმარება და განაყოფიერების შანსებს ზრდის.

დროზოფილის სპერმატოზოიდი.

ფოტო: S. Lüpold et al/Nature 2016

რაც შეეხება თაგვებს, მათშიც სპილოზე გრძელი სპერმატოზოიდები გხვდება. ეს ასევე პოლიგამიური ცხოველების ევოლუციურ ადაპტაციას უკავშირდება. საქმე ისაა, რომ ამ მღრღნელების შეჯვარებისას დიდი შანსია, იმავე მდედრთან სხვა მამრ(ებ)ი უკვე შეწყვილებული იყოს, ამიტომ კონკურენცია დიდია.

მიზეზი, რომლის გამოც თაგვის სპერმატოზოიდები ბუზისაზე პატარაა, მდედრის რეპროდუქციული ტრაქტის ზომაა — რაც უფრო დიდია ის, სპერმატოზოიდების დაკარგვის შანსებიც იზრდება. შესაბამისად, მამრი თაგვები ამ დროს შედარებით მოკლე და ბევრ სასქესო უჯრედს გამოყოფენ, დროზოფილის შემთხვევაში კი პირიქით ხდება.

საბოლოოდ, მღრღნელების სპერმატოზოიდები დაახლოებით 124 მიკრომეტრი სიგრძისაა და თითო ჯერზე გამოყოფილ სპერმაში მათი ოდენობა 9.5 მილიონს აღწევს. სპილოების სპერმატოზოიდების სიგრძე 56 მიკრომეტრია, ანუ თაგვისაზე ნახევარჯერ მოკლე. ამის მიუხედავად, მათი რაოდენობა საგრძნობლად დიდია — 200 მილიარდი. ეს რიცხვი მით უფრო იზრდება, რაც უფრო მოზრდილი ზომისაა ცხოველი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.