შეშლილი ილონ მასკის შეშლილი გეგმები - მოკლედ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა მოხდა?

მასკმა გასულ ორშაბათს ტვიტერზე დაწერა, რომ ის აპირებს „უმთავრესი გაუმჯობესებებისა“ და „მოულოდნელი განცხადებების“ შესახებ ლაპარაკს.

29 სექტემბერს, SpaceX-ის CEO-მ თქვა, რომ მარსზე ხალხის გადამყვან კოსმოსურ ხომალდს შეუძლია რევოლუცია მოახდინოს დედამიწაზეც. კონკრეტულად კი, ის შეიძლება სატრანსპორტო საშუალება გახდეს აქ, ჩვენს პლანეტაზე.

SpaceX-ის მასიურ BFR ხომალდს, რომელმაც ასტრონავტები უნდა გაამგზავროს მარსზე 2024 წლისთვის, ასევე შეეძლება მგზავრები დედამიწის ნებისმიერ წერტილში საათზე ნაკლებ დროში გადაიყვანოს - განაცხადა მასკმა 2017 წლის საერთაშორისო ასტრონავტიკის კონგრესზე, ავსტრალიაში.

„თუ ააგებ ხომალდს, რომელსაც შეუძლია მარსზე წასვლა, რა მოხდება, რომ იგივე ხომალდი გამოვიყენოთ დედამიწის ერთი ადგილიდან მეორეზე გადასანაცვლებლად? ჩვენ გადავხედეთ ამ [გეგმას] და შედეგები საკმაოდ საინტერესოა“ - ამბობს მასკი.

პრეზენტაციაზე მასკმა ნიუ-იორკიდან შანხაიმდე ფრენის საოცარი ვიდეო-ანიმაცია გაუშვა, რომელიც მგზავრების ბორტზე ასვლით იწყება. რაკეტამდე მისასვლელად ისინი გემს იყენებენ, შემდეგ კი BFR-ში შედიან და შანხაიში გასამგზავრებლად ფრინდებიან:

კოსმოსურ ხომალდს შანხაიმდე ჩასაფრენად 39 წუთი დასჭირდა. მისი მაქსიმალური სიჩქარე 27 000 კმ/სთ იყო. ჩვეულებრივ თვითმფრინავს, რომელიც ამავე მარშრუტით მიფრინავს, TravelMath.com-ის თანახმად, 15 საათი სჭირდება.

„გრძელ მანძილზე მოგზაურობა ნახევარ საათზე ნაკლებ დროში იქნება შესაძლებელი“ - ამბობს ის.

ალბათ ყველას გაგიჩნდებათ შეკითხვა, როგორი გრძნობა იქნება ასეთი სიჩქარით მგზავრობა? იქნება ბორტზე სასუსნავები? უწონადობის შეგრძნება და ა.შ.? მასკს ეს არ უხსენებია, მაგრამ მან თქვა, რომ მისი მოლოდინით, მგზავრობა (ანუ მომენტი გაშვებიდან დაშვებამდე) საკმაოდ კომფორტული იქნება.

„ყველაზე კარგი რამ, რაც კოსმოსში გასვლას ახასიათებს, არის ის, რომ იქ არ არის არანაირი ხახუნი. ამიტომ, როდესაც ატმოსფეროს გაცდები... [მგზავრობა] აბრეშუმივით ნაზია. არანაირი ტურბულენტობა, არაფერი [მსგავსი]. არ არის ამინდი. არ არის ატმოსფერო“. - აცხადებს ილონ მასკი.

რა არის უმთავრესი გაუმჯობესება?

„ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რის წარმოდგენასაც ამ პრეზენტაციაში ვაპირებ, არის ის, რომ ჩვენ გამოვთვალეთ, როგორ გადავიხადოთ მისი საფასური“ - განაცხადა მან.

ფოტო: SpaceX/YouTube

მასკმა ამ რაკეტას თავდაპირველად Interplanetary Transport System უწოდა, მაგრამ ამ წელს მას ძველი სახელი დაუბრუნა: BFR, რომელიც Big Fucking Rocket-ის შემოკლებაა.

„ჩვენ შესაფერის სახელს კიდევ ვეძებთ“ - ამბობს ის.

მასკმა თქვა, რომ BFR-ის მიზანია SpaceX-ის არსებული ყველა გასაშვები და კოსმოსური ფრენების სისტემების ჩანაცვლება და „კანიბალიზაცია“, მათ შორის 70 მეტრიანი Falcon 9 რაკეტის, მომავალი Falcon Heavy და Dragon (ნასასთვის დამზადებული ხომალდი) რაკეტებისა.

„თუ ეს გამოგვივა, მაშინ Falcon 9-ზე, Heavy-სა და Dragon-ზე გამოყენებული რესურსები ამ სისტემას მოხმარდება“.

გაიტესტა თუ არა BFR-ის ნაწილები?

ამ წლის დასაწყისში, SpaceX-მა კოსმოსური ხომალდისათვის 12 მეტრიანი სიმაღლის საწვავის ავზი ააგო, რომელიც ნახშირბადის ბოჭკოსგან შედგებოდა.

ინჟინრებმა ის ბარჟაზე დადგეს, გაათრიეს ოკეანეში და წნევაზე გატესტეს, რათა ენახათ, გაუძლებდა თუ არა 1200 ტონა თხევადი ჟანგბადის მიერ გამოწვეულ დაჭიმულობას.

ტესტმა წარმატებით ჩაიარა.

ფოტო: SpaceX/YouTube

„ის 90 მეტრით აიწია ჰაერში და შემდეგ ოკეანეში დაეშვა. შემდეგ ამოვათრიეთ“ - თქვა მასკმა.

შემდეგ მასკმა დაამატა, რომ მუშა ნახშირბადის ბოჭკოვანი ავზი - BFR კოსმოსური ხომალდის ბირთვი - უმთავრესია ხომალდის მცირე წონისა და ეფექტურობის შესანარჩუნებლად.

მასკმა ასევე გაიხსენა SpaceX-ის დიდი პროგრესი რაკეტის Raptor-ის ძრავებზე.

ფოტო: SpaceX/YouTube/On.ge

ახალი გეგმა მიზნად ისახავს, რომ 31 ცალი Raptor-ის ძრავი BFR-ის მთავარ რაკეტასთან მოათავსონ, რაც მას უკიდურესად ძლიერ გამწევ ძალას მისცემს - იმდენს, რომ ხომალდი და 150 ტონა ტვირთი დედამიწის დაბალ ორბიტაზე, პლანეტიდან დაახლოებით 400 კმ სიმაღლეზე გაიყვანოს.

ათეულობით ტესტმა აჩვენა, რომ ძრავები მოსალოდნელზე ბევრად უკეთესად მუშაობს.

როგორ უნდა მივაღწიოთ მარსამდე?

მასკის აზრით, ერთ-ერთი უმთავრესი ტექნოლოგია მრავალჯერადი, თვითდაშვებადი რაკეტებია. ეს გეგმა კოსმოსური ფრენების ფასს გრძელვადიან პერსპექტივაში ამცირებს, რადგან ყველა სხვა ორბიტალური გაშვების სისტემა რაკეტას გამოყენების შემდეგ აგდებს.

„უკვე 16 წარმატებული დაშვება გვაქვს მიყოლებით. ჩემი აზრით, ჩვენ შეგვიძლია დაშვების ისეთ საიმედოობას მივაღწიოთ, როგორიც ყველაზე უსაფრთხო კომერციულ თვითმფრინავებს აქვთ“. - ამბობს მასკი.

მასკის თქმით, თუ ეს მოხდება, მარსზე დასაშვებად დროა, ათვლა დავიწყოთ.

ფოტო: SpaceX/YouTube/On.ge

მან ასევე თქვა, რომ ხომალდის ავტომატიზირებული შეპირაპირება უმთავრესი იყო, რადგან ეს BFR-ის საწვავით ხელახლა შევსების საშუალებას იძლევა კოსმოსში. SpaceX-მა ეს ტექნიკა დახვეწა Dragon-ის ხომალდზე, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე.

Dragon-მა SpaceX-ს ასევე საშუალება მისცა, ემუშავა სითბოსგან დამცავებზე, რათა BFR დაეცვა ატმოსფეროში შემოსვლისას დაწვისგან.

რა გზა გაიარა SpaceX-მა BFR-მდე?

მასკმა თქვა, რომ SpaceX-მა, როგორც კომპანიამ, კინაღამ კრახი განიცადა, რადგან „კარგი არავინ შემოგვიერთდა“. ამის გამო, Falcon 1-ის სისტემის სამი გაშვება დასრულდა მარცხით. მეოთხე გაშვება წარმატებული იყო - რომ არ ყოფილიყო, SpaceX გაკოტრდებოდა.

„ბედმა გაგვიღიმა ამ დღეს“ - თქვა მასკმა და ისიც დაამატა, რომ ეს პარასკევი გაშვების მეცხრე წლისთავია.

SpaceX-ის ყველა რაკეტის შედარება

ფოტო: SpaceX/YouTube/On.ge

Falcon 1 არ იყო მრავალჯერადი, ხოლო Falcon 9 დღეს უკვე 70%-ით მრავალჯერადია. Falcon Heavt - SpaceX-ის უდიდესი რაკეტული სისტემა, რომლის დებიუტი ამ წლის მიწურულს იგეგებმა - Falcon 9-ს სამი მრავალჯერადი ბუსტერის ერთობლიობაა.

ყველა ამ რაკეტის ზედა საფეხურები ჯერჯერობით სრულად მრავალჯერადი არ არის, თან ამას ემატება ღირებულება გრძელ ვადაში. მასკის თქმით კი, BFR 100%-ით მრავალჯერადი იქნება და Falcon Heavy-ზე 5-ჯერ მეტ ტვირთს გადაიტანს.

იხილეთ აგრეთვე ილონ მასკის ცხოვრების შესახებ დეტალური ინფოგრაფიკი.

როგორია BFR-ისა და მისი კოსმოსური ხომალდის ახალი დიზაინი?

ორ ნაწილიანი BFR სიგანეში დაახლოებით 9 მეტრი, ხოლო სიგრძეში 106 მეტრი იქნება. მისი მასა კი 4400 ტონა იქნება - ეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 10-ჯერ მძიმეა!

„ეს ძალიან დიდი ხომალდია“. - თქვა მასკმა.

ფოტო: SpaceX/YouTube/On.ge

თვითონ ხომალდი კი 50 მეტრი სიგრძის იქნება და საწვავით სრულად შევსებული 1 200 ტონას აიწონის.

ზედა ნახევარი ტვირთისთვის იქნება განკუთვნილი, სადაც იმდენი ტვირთის მოთავსებაა შესაძლებელი, რამდენიც თვითმფრინავ Airbus A380-ში ჩაეტეოდა. ეს უკანასკნელი მსოფლიოში ყველაზე დიდი კომერციული თვითმფრინავია, სადაც ასობით ადამიანი ეტევა.

ფოტო: SpaceX/YouTube/On.ge

კოსმოსურ ხომალდზე არსებული ლაყუჩის მსგავსი დელტა ფრთა დაეხმარება მას სტაბილიზაციაში აფრენისა და დაშვებისას, არ აქვს მნიშვნელობა, რა მიმართულებით წავა მზის სისტემაში - დედამიწისკენ, მთვარისკენ, მარსისკენ თუ სხვა შორეული პლანეტებისკენ.

მასში ეკიპაჟის 40 კაბინისთვის იქნება სივრცე გამოყოფილი, რომელშიც ეკიპაჟის 100 წევრი უნდა მოთავსდეს (დიახ, მოგიწევთ სხვასთან გაიზიაროთ კაბინა), ასევე იქნება მზის შტორმის გამოსხივებისგან თავის დასაცავი თავშესაფარი, გალერეა, გასართობი სივრცე და საერთო თავშეყრის ადგილები.

ფოტო: SpaceX/YouTube/On.ge

როგორ მუშაობს ახალი ხომალდი?

მასკმა განაცხადა, რომ შინაგანი სტრუქტურა ისეა შექმნილი, რომ საწვავმა ძალიან ბევრი არ იმოძრაოს აქეთ-იქით და კოსმოსურ ხომალდს დაშვებისას ბალანსირებაში არ შეუშალოს ხელი.

ის მოიხმარს მეთანს (CH4) ჟანგბადთან ერთად, რომლებიც, მასკის იმედით, მარსის ატმოსფეროს ნახშირორჟანგიდან და ნიადაგში არსებული წყლიდან მიიღებს.

ფოტო: SpaceX/YouTube/On.ge

Raptor-ის ძრავებს ზედმეტი ნაწილები აქვს, ამიტომ მას შეუძლია დაშვება გააგრძელოს იმის მიუხედავად, თუ რამემ კრახი განიცადა.

„ჩვენ გვინდა, რომ დაშვების რისკი ნულთან რაც შეიძლება ახლოს იყოს“ - თქვა მასკმა.

ფოტო: SpaceX/YouTube/On.ge

როდესაც სრულად დატვირთული BFR კოსმოსური ხომალდი გაეშვება, საწვავის უმეტესობას დედამიწის ან მარსის ორბიტაზე მოსახვედრად გამოიყენებს, ამიტომ სხვა ხომალდს მოუწევს, რომ ჟანგბადისა და მეთანის მარაგით ხელახლა შეავსოს ის.

მასკმა პრეზენტაციაზე ეს ანიმაცია გაუშვა, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ დააკავშირებს ორ ხომალდს ავტომატიზირებული შეპირაპირების სისტემა, რათა მთავარი ხომალდი საწვავით შეავსოს.

ფოტო: SpaceX/YouTube/On.ge

რამდენად ხელმისაწვდომი იქნება BFR?

მიუხედავად იმისა, რომ BFR ყველაზე დიდი რაკეტული სისტემა იქნება, რაც კი ოდესმე შექმნილა, მასკმა განაცხადა, რომ მისი სრული მრავალჯერადობა - გრძელვადიან პერსპექტივაში - იმდენ დანაზოგს გააკეთებს, რომ მისი გაშვება ყველაზე იაფი იქნება.

ქვემოთ მოცემულ სურათზე ხედავთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში BFR-ის გაშვება ყველაზე იაფი ჯდება.

„ერთი შეხედვით, ეს შეიძლება სასაცილო ჩანდეს, მაგრამ არ არის“ - თქვა მასკმა.

მან მაგალითად კომერციული ავიაცია მოიყვანა. ერთ ძრავიანი ტურბო-პროპელერიანი თვითმფრინავი $1,5-2 მილიონი ჯდება და ლოს ანჯელესიდან ავსტრალიაში ვერ მიფრინავს. მაგრამ ბოინგ 747 $500 000 ღირს, რომელსაც შეუძლია პირდაპირ გადაფრინდეს ამ მარშრუტზე და ასობით ადამიანი გადაიყვანოს.

„სრული სიგიჟეა, რომ ასეთ დახვეწილ რაკეტებს ვქმნით და ყოველი ფრენის შემდეგ, ვანადგურებთ. ეს სიგიჟეა! მრავალჯერადობა აბსოლუტურად ფუნდამენტალური რამაა“ - თქვა მასკმა.

რა იქნება მარსის პროგრამის ხარჯების წყარო?

SpaceX-მა მარსის პროგრამის უზარმაზარი ხარჯები შესაძლოა BFR-ის დედამიწაზე გამოყენებით დაფაროს.

მასკმა თქვა, რომ მისი მიზანია, SpaceX-ის მთელი შემოსავალი BFR-ში დააბანდოს - დაწყებული თანამგზავრების გაშვებით ნაშოვნი ფულით, დამთავრებული ასტრონავტების კოსმოსურ სადგურზე გაყვანით ნაშოვნით.

მაგრამ სისტემა როგორც კი აშენდება და დავინახავთ, რომ მუშაობს, ის საკუთარი თავის დაფინანსებას სხვა გზებით დაიწყებს.

მან განიხილა კოსმოსური ტელესკოპის გაშვების იდეა, რომლის სარკის ზომა ჰაბლის სარკის ზომაზე 10-ჯერ დიდია და თქვა, რომ ის ამ სხეულს გაუშვებდა, „როგორც ცალკე ერთეული, ანუ არ მოუწიოს [კოსმოსში] გაშლა ან რამე მსგავსი“.

ფოტო: SpaceX/YouTube

უფრო გიჟური, მაგრამ ალბათ ძალიან საჭირო იდეა ის იყო, რომ მასკის თქმით, ის BFR-ს გიგანტურ მონასლექსა და საწყობს გამოიყენებს, რათა ძველი თანამგზავრების ერთმანეთთან შეჯახება თავიდან აირიდოს, რომლებიც სახიფათო კოსმოსურ ნაგავს წარმოქმნიან.

„თუ გინდა, რომ... კოსმოსური ნაგავი გაასუფთაო, მოგიწევს ამ კბილების გამოყენება“, - თქვა მან და მიუთითა კოსმოსური ხომალდის წვეროზე არსებულ მოძრავ მონასლექზე.

მასკმა თქვა, რომ ის ასევე ნასას კოსმოსური სადგურის მოსამარაგებლადაც ხელსაყრელი იქნება.

ფოტო: SpaceX/YouTube

„ვიცი, ის ცოტათი დიდი ჩანს, მაგრამ კოსმოსური შატლიც ასევე დიდი ჩანდა“ - განაცხადა მან.

მუდმივი ბაზა მთვარეზე?

BFR შესაძლოა მთვარეზე მუდმივი ბაზის ასაშენებლადაც გამოგვადგეს.

მასკს აქვს გეგმა, რომ ეს კოსმოსური ხომალდი მთვარის მისიების შესასრულებლად საწვავით ხელახალი შევსების გარეშე გამოიყენოს. იგივე უნდა ქნას იმ ხომალდის ეკიპაჟმაც, რომელსაც მარსზე დაჯდომა უნდა.

ფოტო: SpaceX/YouTub

„2017 წელია. მთვარის ბაზა უნდა გვქონდეს უკვე. ანუ, რა ჯანდაბა ხდება?“ - თქვა მასკმა.

ფოტო: SpaceX/YouTube

როგორ დავგეგმოთ მარსის მისია?

თუმცა, მარსის მისიები ბევრად უფრო მეტ დაგეგმვას მოითხოვს.

ერთი BFR-ს მარსამდე მისაღწევად საწვავით დატვირთული ოთხი სხვა კოსმოსური ხომალდის გაშვება სჭირდება.

მაგრამ სრულად ერთჯერადი მანქანებით ამის ღირებულება შედარებით მცირე იქნება.

ფოტო: SpaceX/YouTube/On.ge

მასკმა თქვა, რომ როგორც კი პირველი მისია მიაღწევს მარსამდე, დედამიწის დატოვებიდან 3-6 თვეში, ასტრონავტებს მოუწევთ ააგონ საწვავის საცავი მარსში, რათა შექმნან მეთანის საწვავი და სასუნთქი ჰაერი დასაბრუნებელი მოგზაურობისთვის.

რამდენ ხანში იქნება BFR მზად?

კომპანია უკვე ასრულებს მარსის კოსმოსური ხომალდის მუშაობის სიმულაციებს, მათ შორის პლანეტის ატმოსფეროში შენელებასა და მიწაზე დაშვებას.

ფოტო: SpaceX/YouTube/On.ge

პრეზენტაციაზე მასკმა სლაიდი გამოიტანა, სადაც ნაჩვენებია, რომ SpaceX, სულ ცოტა, ორ უპილოტო სატვირთო ხომალდს გაუშვებს მარსზე 2022 წელს. პირველი წყლის საუკეთესო წყაროს მოძებნის, ხოლო მეორე - საწვავის საცავს ააშენებს.

„ეს არ არის ტაიპო, მიუხედავად იმისა, რომ ასპირაციულია. ჩვენ უკვე დავიწყეთ სისტემის მშენებლობა. მთავარი ავზებისთვის საჭირო იარაღები უკვე შევუკვეთეთ, ქარხანა შენების პროცესშია“ - თქვა მასკმა.

ფოტო: SpaceX/Twitter

მან დაამატა, რომ პირველ ხომალდზე კონსტრუქციები 6-9 თვეში დაიწყება.

„საკმაოდ თავდაჯერებული ვარ იმაში, რომ ჩვენ ხომალდს გასაშვებად დაახლოებით ხუთ წელიწადში გავამზადებთ. ხუთი წელი კი დიდი დროა“ - ამბობს მასკი.

2024-ში მას სურს, რომ ოთხი ხომალდი გააგზავნოს მარსზე - მათ შორის პირველი ადამიანები ესტუმრებიან წითელ პლანეტას. აქედან კი, მისიების ზრდადი რაოდენობა დაიწყება და კოლონიაც გაიზრდება.

ფოტო: SpaceX/YouTube/On.ge

მასკის საბოლოო მიზანია მარსის ტერაფორმირება - აქციოს უსიცოცხლო პლანეტა ისეთ ადგილად, სადაც ადამიანებისთვის სიცოცხლე ხელსაყრელი იქნება.

რატომაც არა?


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მიხეილ ჯავახიშვილის 10 ფრაზა, რომლებიც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს
  2. ქვიზი: რომელი ქართული დამწერლობა ხარ?
  3. ის წელი, ევროვიზიის მოგებას რომ ვიმსახურებდით
  4. ლედი გაგას და ბრუნო მარსის დუეტმა Spotify-ზე რეკორდი მოხსნა
  5. მსოფლიოში ყველაზე მაღალმა და ყველაზე დაბალმა ქალებმა ერთმანეთი გაიცნეს — ვიდეო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პაპუაშვილი: მივესალმები სამივე საკადრო გადაწყვეტილებას

მივესალმები სამივე საკადრო გადაწყვეტილებას — განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა…