როგორია ცხოვრება, როცა ზარი დაირეკება და მასწავლებლები სახლებში დაბრუნდებიან? - ასეთი წარწერა აქვს ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ახალი ფილმის - ჩემი ბედნიერი ოჯახის ფეისბუკ გვერდზე დადებულ ერთ-ერთ ფოტოს.

ნანა და სიმონი სწორედ ამ კითხვაზე პასუხს ეძებენ ორსაათიან ფილმში, რომელიც აუცილებლად ყველამ უნდა ნახოს.

მოდით, თანმიმდევრულად განვიხილოთ ფილმი, თან მაქსიმალურად ვეცდები, რომ რევიუში სპოილერები ნაკლებად შეგხვდეთ.

ფილმის პროტაგონისტი 52 წლის მასწავლებელი, მანანაა (ია შუღლიაშვილი), რომელსაც ჰყავს ქმარი (მერაბ ნინიძე), ორი შვილი (ცისია ქუმსიშვილი და გიორგი ტაბიძე) და მშობლები (ბერტა ხაფავა და გოვენ ჭეიშვილი). სწორედ ეს ადამიანები არიან, როგორც ფილმის სათაურიდან ვიგებთ, ერთი დიდი და ბედნიერი ოჯახი.

მანანა ერთგული ცოლი, დედა, შვილი და დიასახლისია, თუმცა ამ როლებიდან მას არც ერთი ანიჭებს ბედნიერებას. სწორედ ამიტომ, ერთ დღეს გადაწყვეტს, სახლიდან წავიდეს. თითქოს სიმბოლურიცაა, რომ ია შუღლიაშვილის პერსონაჟი სწორედ დაბადების დღეზე დგამს ასეთ ნაბიჯს. თუმცა აშკარაა, რომ მას ამაზე დიდი ხანია ნაფიქრი აქვს. მანანა კარს იჯახუნებს, რითაც მთელ ოჯახს შოკირებულს ტოვებს. მას სურს, უკან მოიტოვოს კლაუსტროფობიული სივრცე და მასში მცხოვრები პრეტენზიული ადამიანები.

ოჯახი ცდილობს, მანანა შეზღუდოს, ის კი თავისუფლებისთვის იბრძვის.

როგორც იტალიელი კინოკრიტიკოსი და ჟურნალისტი პიერა დეტასისი ნანას და სიმონის ფილმზე ამბობს, ერთი შეხედვით ლოკალური ამბავი, რაც საქართველოში ხდება, სინამდვილეში საერთაშორისოა. სწორედ ასეა, ამ შემთხვევაში საერთოდ არ აქვს არსებითი მნიშვნელობა იმას, თუ სად ხდება მოქმედება, ფაქტი უცვლელია - ქალები ყველგან და ყოველთვის იბრძვიან, რათა არსებულ ქაოსს გაექცნენ, რომელიც მუდმივ წნეხში აქცევს მათ, იქნება ეს სამსახური თუ საკუთარი ოჯახი.

ცხოვრება ქალებისთვის ომია, ამ ომს კი პატრიარქალურ სამყაროში ბევრი ქალი ეწირება, თუმცა ზოგიერთი, აი ის, ვინც მანანას ჰგავს, ამბობს, რომ არ სურს ამ გარემოს კიდევ ერთი მსხვერპლი გახდეს, ჰოდა, გარბიან, გარბიან საკუთარ თავისუფლებაში, იქ სადაც ბედნიერებას ერთი ნაჭერი ტორტი და კლასიკური მუსიკის ფონზე, ღია ფანჯარაში ყურება ანიჭებთ.

ფილმი სამი თაობის ქალს აერთიანებს: მანანას, მის დედასა და შვილს. შესაბამისად, ეს არ არის უბრალო ამბავი ერთი ქალის შესახებ, ეს არის უნივერსალური ამბავი ქალების ჭიდილზე პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სადაც ქალების სამი თაობა საკუთარ ქმრებთან პრობლემების გამკლავებას უნდებიან. როგორც Cinevue-ს კრიტიკოსმა პატრიკ გემბელმა თქვა, დიახ, ეს ფილმი არის კომპლექსური ოჯახური დრამა, რომელიც ძლიერ პორტრეტს ქმნის იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ქალი კაცების სამყაროში.

ერთ-ერთ სცენაში, ტელევიზორიდან გვესმის საქართველოს პატრიარქის ქადაგება, რა დროსაც ილია მეორე ამბობს, რომ ქალი ვალდებულია საკუთარი სიცოცხლე ოჯახს მიუძღვნას, სწორედ ამ ერთი პატარა, კადრს მიღმა გაგონილი ფრაზითაც შეგვიძლია გავიგოთ, რა ემართება ქალს, რომელზეც არა კონკრეტული ადამიანი, არამედ კულტურა ძალადობს, რომელმაც საკუთარ წიაღში მოძალადე ქალებისა და კაცების მთელი არმია შვა, რომლებიც შემდეგ ერთმანეთს აჯერებენ, რომ ერთ დიდ, ბედნიერ ოჯახში ცხოვრობენ და ავიწყდებათ, რომ ახალი ცხოვრების დაწყება არასდროსაა დაგვიანებული. ყველა წინაღობის მიუხედავად, კი ხშირად, ეს ყველაზე საჭირო და შესაძლოა გადარჩენის ერთადერთი გზაა, როცა შეგიძლია საკუთარი, სხვისთვის შეწირული და კარგა ხნის წინ დავიწყებული "მე" დაიბრუნო.

რაც მთავარია, ფილმში ამ კლაუსტროფობიულ გარემოს იდეალურად გადმოსცემენ მსახიობები. ია შუღლიაშვილის მომნუსხველი შესრულება არის ის, რაც ფილმს კიდევ უფრო დიდ ხიბლს მატებს, საბოლოო ჯამში კი მერაბ ნინიძესთან ერთად ახერხებს, რომ ქართული კინოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ეკრანული წყვილი შექმნას. მათ გვერდით ოსტატურად თამაშობს ბერტა ხაფავა, რომლის რეპლიკებიც ხშირად მაყურებელს სიცილს მოჰგვრის, უფრო მეტიც - კარგად, გულიანად აცინებს, მაგრამ საბოლოო ჯამში მისი ცხოვრებაც ისეთივე დიდი დრამაა, ისეთივე დიდი სევდის მატარებელია, როგორი ნარატივიც ფილმს გასდევს. ლამარაც კულტურის ერთ-ერთი მსხვერპლია, რომელმაც ნებით თუ უნებლიედ, ხშირ შემთხვევაში სრულიად არასასურველი ცოლის, დედის, ბებიისა და სიდედრის როლები მოირგო, საკუთარი ნამდვილი როლი კი წლების წინ გააუქმა.

ლამარა, როგორც წარსული, მანანა - როგორც აწმყო და ნინო (ცისია ქუმსიშვილი), როგორც მომავალი - მანანამ საკუთარი ნაბიჯით ერთდროულად ქალების სამი თაობა იხსნა, დაანახა, რომ ქალები ძლიერები, მაგრები და თავდაჯერებულები უნდა იყვნენ და თუნდაც მასწავლებლის ხელფასით (რომელიც არც თუ ისე მაღალია და ფილმში ეს რამდენჯერმეა ხაზგასმული) შესაძლებელია ახალი ცხოვრება დაიწყო, თანაც სრულ ჰარმონიაში, როცა შეგიძლია ხმაურს თავი დააღწიო და აივანზე პომიდვრებიც კი მოაშენო.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ Annenberg-ის საგანმანათლებლო ცენტრის კვლევის მიხედვით, 2014 წლის წარმატებული ფილმების პერსონაჟების მხოლოდ 28,1% იყო ქალი და მათგან მხოლოდ 21%-ს ჰქონდა მთავარი ან ერთ-ერთი მთავარი როლი. ამ შემთხვევაში კი თამამად შეგვიძლია იმის თქმაც, რომ იამ თანამედროვე ქართულ კინოში საუკეთესო ქალი პერსონაჟი შექმნას და კარგად დაგვანახა ის, თუ როგორი რთულია შენი პასუხი იყოს - დიახ, როცა მთელი არსებით გინდა იყვირო - არა.

კინოსურათის რამდენიმე ეპიზოდში გაიგონებთ შაბლონურ ფრაზებსაც, ისეთს რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხვდებით და შეიძლება გეხამუშოთ კიდევაც, მაგრამ ამან არ დაგაბნიოთ და არ გაფიქრებინოთ, რომ რეჟისორმა და სცენარისტმა სადღაც შეცდომა დაუშვა, პირიქით იცოდეთ, რომ კარიკატურული პერსონაჟები ფილმში მრავლად არიან და დიდი ალბათობით, ნანამ და სიმონმა ეს გამიზნულად გააკეთეს, იმ წნეხისა და გარემოებების უკეთ წარმოსაჩენად, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის თანმდევი ნაწილია.

ფილმში ვხვდებით ექვთიმიშვილის წინა ფილმის გრძელი ნათელი დღეების მსახიობებს - მარიამ ბოკერიასა და ლიკა ბაბლუანსაც, რომლებიც თითქოს მათი პერსონაჟების სიცოცხლეს სწორედ ამ ფილმში აგრძელებენ. სწორედ მათი დახმარებით, მართალია, ნაკლები დოზით, მაგრამ მაინც შემოდის ფილმში კიდევ ერთი აქტუალური, ნაადრევი ქორწინების თემა.

ამავდროულად მნიშვნელოვანია იმის თქმაც, რომ კინემატოგრაფში უთანასწორობა კამერების მიღმა კიდევ უფრო მეტად იგრძნობა. ქალები რეჟისორების მხოლოდ 1.9%-ს, სცენარისტების 18.9%-ს და პროდიუსერების 18.9%-ს წარმოადგენენ. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეჟისორი ქალია, რომელმაც სიმონ გროსთან ერთად მოახერხა და The New York Times-ის სიაში, იმ ცხრა ახალ რეჟისორს შორის მოხვდა, რომელთა ფილმებსაც აუცილებლად უნდა უყუროთ.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ფილმის პრემიერას ქართულ კინოში მომუშავე ძალიან ბევრი კაცი დაესწრო, რომლებსაც პირად საუბრებში არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ ეს მათი სფეროა და ქალებზე გაცილებით უკეთ გამოსდით ამ საქმის კეთება. ნანა ექვთიმიშვილის ჩემი ბედნიერი ოჯახი კი ერთგვარი სილის გაწნა იყო მათთვის და იმის ხაზგასმა, აღნიშვნა ან თუ გსურთ დამტკიცება, რომ ქართულ ახალ ტალღაში ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი სწორედ ქალმა გადაიღო.

და მაინც, როგორია ცხოვრება, როცა ზარი დაირეკება და მასწავლებლები სახლებში დაბრუნდებიან? რა არის ოჯახი? რა არის ბედნიერება? სად არის ბედნიერება? - ამაზე მინიშნებებს ფილმში ნანა და სიმონი აკეთებენ, პასუხის გაცემას კი უკვე თქვენ მოგანდობენ.