გიფიქრიათ, რომ შეიძლება ზაფხულის ერთ ჩვეულებრივ დღეს, დაღლილები და გეგმების გარეშე, უბრალოდ არდადეგებზე ოცნებობდეთ — და მერე, სულ რამდენიმე კვირაში, უცებ ევროპის რომელიმე ქვეყანაში ამოყოთ თავი?

3 კვირის წინ არც მე ვიცოდი, რომ ამას სლოვენიიდან დავწერდი.

ამ ყველაფრის საშუალება ევროპის სოლიდარობის კორპუსმა მომცა. ევროპის სოლიდარობის კორპუსი ევროკავშირის ინიციატივით შექმნილი გაცვლითი პროგრამაა, რომელში მონაწილეობის მიღებაც შეუძლიათ 18-30 წლის ახალგაზრდებს. პროექტი მოხალისეობრივ საქმიანობასთანაა დაკავშირებული და მოიცავს სხვადასხვა სფეროებს: განათლება, გარემოს დაცვა, სოციალური ჩართულობა, სპორტი და სხვა.

მეტი ინფორმაციისთვის — იხილეთ ევროპის სოლიდარობის კორპუსის ვებგვერდი.

ხოლო ის პროექტი, რომელშიც მე ვმონაწილეობ, ეკოლოგიურ უსაფრთხოებას, პერმაკულტურას და ბუნებრივ მშენებლობას ეხება.

ამ პროექტის შესახებ პირველად ინტერნეტში, ქართული ორგანიზაციის სოციალური ქსელიდან გავიგე, რომელიც მასპინძელ ორგანიზაციასთან პარტნიორობს. გავგზავნე ჩემი CV, რის შემდეგაც ორგანიზაცია დამიკავშირდა და დამატებითი ნაბიჯების გადადგმა მთხოვა — სამოტივაციო წერილი, აპლიკაციის შევსება, ონლაინ გასაუბრება და ა.შ. გასაუბრების დროს კი მითხრეს, რომ არჩეული ვიყავი და დასტურს ჩემგან დაელოდებოდნენ. მე, რა თქმა უნდა, ამ შესაძლებლობით გახარებული, მეორე დღესვე დავთანხმდი მონაწილეობას.

ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროექტებს სრულად აფინანსებს ევროკავშირი — დაწყებული მგზავრობის ხარჯებით, დასრულებული ცხოვრებისა და კვების თანხით. გამოყოფილია ბიუჯეტი, რომელიც დამოკიდებულია შენი ადგილსამყოფელიდან დანიშნულების ადგილამდე ევროკავშირის კალკულატორით გამოთვლილ მანძილზე და ასევე იმაზე, თუ რა სახის ტრანსპორტს იყენებ სამოგზაუროდ. მე თვითმფრინავი გამოვიყენე, რადგან ეს ჩემი პირველი მოგზაურობა იყო ქვეყნის გარეთ და ნამდვილად არ ვიყავი მზად რისკიანი და რამდენიმე დღიანი მგზავრობებისთვის. თუმცა, თუ მატარებელს ან სხვა, გარემოსთვის ნაკლებად საზიანო ტრანსპორტს გამოიყენებთ, თქვენი ბიუჯეტიც მეტი იქნება.

ევროპის სოლიდარობის კორპუსს რამდენიმე სახის მოხალისეობრივი პროექტები აქვს: ინდივიდუალური მოკლევადიანი (2 კვირიდან 2 თვემდე), ინდივიდუალური გრძელვადიანი (2 თვიდან 12 თვემდე) და გუნდური (2 კვირიდან 2 თვემდე). მე ინდივიდუალური მოკლევადიანი პროექტის მონაწილე ვარ, ამიტომ საქართველოდან ამჟამად ერთადერთი არჩეული მოხალისე ვიყავი და გამგზავრებაც მარტოს მიწევდა. გარდა მოხალისეობისა, სოლიდარობის კორპუსი ახალგაზრდებს აძლევს სტაჟირების გავლისა და დასაქმების შესაძლებლობებსაც.

იმის გამო, რომ ეს ჩემი პირველი მოგზაურობა იყო საზღვარგარეთ, გამგზავრების წინა პროცესი საკმაოდ სანერვიულო აღმოჩნდა, თუმცა ამ პერიოდში ძალიან დამეხმარა ქართული ორგანიზაცია, რომელიც მსგავს პროექტებში გამგზავნი ორგანიზაციის როლს ასრულებს და მონაწილეებს გამგზავრებისთვის მომზადებაში ეხმარება.

საბოლოოდ, 27 ივლისს სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში ჩამოვედი. ამინდი ცივი და წვიმიანი იყო, მაგრამ როგორც გამაფრთხილეს, სლოვენიაში ამინდი საკმაოდ ხშირად იცვლება და მართლაც, სანამ აეროპორტიდან მატარებლის სადგურამდე მივედი, ძალიან დაცხა. სადგურზე კიდევ ერთ — ფრანგ მოხალისეს შევხვდი, რომელიც, სხვათაშორის, ჩემი სეხნია აღმოჩნდა. მან ჩემამდე 1 თვით ადრე დაიწყო მოხალისეობა, შაბათ-კვირას კი ქვეყნის ირგვლივ მოგზაურობდა. მანამ, სანამ ჩვენი მატარებელი გავიდოდა, ლუბლიანა დამათვალიერებინა (რამდენადაც შესაძლებელია 40 წუთში). საცეკვაო მოედნების, ბევრი დრაკონის სათამაშოს (დრაკონი სლოვენიის სიმბოლო ყოფილა), საკვების ბაზრებისა და დაკეტილი მაღაზიების ნახვის შემდეგ (კვირა დღეს თითქმის არაფერი არ მუშაობს) ჩვენი მატარებლისკენ გავემართეთ.

დანიშნულების ადგილი სევნიცა იყო, ქალაქი, სადაც მასპინძელი ოჯახი უნდა დამხვედროდა და შემდეგ 1 თვეს ვიცხოვრებდი. მატარებლით სასიამოვნო საათნახევრიანი მგზავრობის შემდეგ გზა მანქანით გავაგრძელეთ და გავემართეთ სოფლისკენ, სადაც მათი ფერმა მდებარეობს. გზად მრავალი სხვა სოფელი გავიარეთ, რომლებიც ლამაზი ბუნებით გამოირჩეოდნენ. ერთი ფაქტი, რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია, იყო ის, რომ სახლებს გარშემო არანაირი ღობე ან სხვა სახის ბარიერი არ აქვთ, ისინი ყველანაირად ღია და დაუცველები არიან, რადგან, როგორც ჩანს, არც არაფრისგან სჭირდებათ დაცვა — სლოვენია ძალიან უსაფრთხო ქვეყანაა.

მანქანით ოცწუთიანი მგზავრობის შემდეგ მივედით ფერმაში, რომელიც სოფელ სვინსკოში (Svinjsko) მდებარეობს. ამ ფერმაში ჩვენი კოორდინატორი, მისი მეუღლე, მათი 2 შვილი, ქათმები, ძაღლი და 4 კატა ცხოვრობს. მათი სახლიდან დაახლოებით 100 მეტრში კი ჩვენი — მოხალისეების ქოხია, რომელშიც მე, ფრანგი და ბულგარელი მოხალისე ვცხოვრობთ (რომელიც ჩემი ჩამოსვლიდან 1 კვირაში შემოგვიერთდა).

ამ ფერმაში ჩვენი კოორდინატორი, მისი მეუღლე, მათი 2 შვილი, ქათმები, ძაღლი და 4 კატა ცხოვრობს

ჩასვლის პირველი დღე ცოტა უცნაური იყო — ამ დროს გავაანალიზე, რომ აქ ვარ, სრულიად უცხო ქვეყანაში და 1 თვე აქ უნდა გავატარო, ჩემი ოჯახისგან, მეგობრებისგან, ქვეყნისგან შორს, უცხო ენაზე საუბარში. სანამ დანიშნულების ადგილას არ მივედი, რაღაც მხრივ არც მჯეროდა და არც ვუფიქრდებოდი ამ ყველაფერს, ამიტომ ცოტა შეგუება დამჭირდა, თუმცა ამ გრძნობამ მალევე გაიარა.

მუშაობას მეორე დღიდან შევუდექი. რთულია, რომ ზუსტად ვთქვა, რას ვაკეთებთ, რადგან ყველაფერს ვაკეთებთ, რაც საჭირო იქნება. სოლიდარობის კორპუსის ყველა პროექტი განსხვავებულია — ზოგიერთის ფარგლებში ბიბლიოთეკაში მუშაობ, ზოგიერთში — ორგანიზაციებს ეხმარები, მე კი — ამ ოჯახთან ერთად ვცხოვრობ, დილით მათთან ერთად ვიღვიძებ, ვსაუზმობ, მეკითხებიან როგორ ვგრძნობ თავს და შემდეგ დავალებებს ვინაწილებთ: დილებს ძირითადად სათბურიდან კიტრის დაკრეფით ვიწყებთ, ზოგჯერ მწნილს ან კონსერვებს ვაკეთებთ, პურს ვაცხობთ, ბაღს ვუვლით, ოთახებს ვღებავთ, საჭმელს ვაკეთებთ. აგვისტოში დიდ ტრენინგს ატარებენ, რომლისთვისაც ვემზადებით. ვაკეთებთ ყველაფერს, რასაც ჩვეულებრივ, რიგით ოჯახში აკეთებენ, ერთმანეთს ვეცნობით და ვუახლოვდებით, საღამოობით ხანდახან ბლინებს ვაცხობთ, ხოლო ზოგჯერ დღეებს ჰარი პოტერის ყურებითა და პოპკორნით ვამთავრებთ.

შაბათ-კვირას თავისუფალი დღეები მაქვს, შემიძლია, სადაც მინდა იქ წავიდე და რაც მინდა — ის გავაკეთო. პირველი შაბათ-კვირა გადავწყვიტე აქ გამეტარებინა — ერთად ვისეირნეთ, ცოტა ვილაშქრეთ და სოფლის ნაწილი დავათვალიერეთ. შემდეგ კვირებში კი სლოვენიის დათვალიერებას ვაპირებ.

იმის გარდა, რომ პროექტში მონაწილეობა უფასოა, დამატებით თვიურად ჯიბის, მოგზაურობისა და კვებისთვის თანხასაც იღებ. ეს ფაქტორი სხვადასხვა პროექტების მიხედვით განსხვავდება, თუმცა ჯიბის ფული ბევრ მათგანშია გათვალისწინებული. და ეს ყველაფერი ევროკავშირის ბიუჯეტით ფინანსდება.

არ ვიცი, მსგავსი კითხვა თუ გაგიჩნდებათ, მაგრამ ჩემს ზოგიერთ ახლობელს გაუჩნდა — რაში აწყობთ ამ პროექტების ორგანიზატორებს ამ ყველაფრის გაკეთება, რა სარგებელს იღებენ? ამაზე ჩემი პასუხი იქნებოდა ის, რომ გარდა კულტურის, ცოდნისა და გამოცდილების გაცვლისა, როგორც ჩვენ, მოხალისეები, ისე ის ოჯახები თუ საზოგადოებები, რომლებშიც მოხალისეებად მივდივართ, ბევრ სარგებელს იღებენ ამ პროექტებიდან. მოხალისეები უნიკალურ, ყველაფრისგან განსხვავებულ გამოცდილებას ვიღებთ, რომელიც როგორც თეორიულ, ისე ბევრ პრაქტიკულ ცოდნას გვძენს. გვეძლევა შანსი ვიმოგზაუროთ, გავიცნოთ უცხო ადამიანები და კულტურები, შევქმნათ მოგონებები და ურთიერთობები. ხოლო ჩვენი მოხალისეობრივი საქმიანობით იმ გარემოსთვის მოგვაქვს სარგებელი, რომელშიც ვმუშაობთ. ოჯახი, რომელთანაც მე ვარ, უკვე 9 წელია, რაც ევროპის სოლიდარობის კორპუსის მოხალისეებს მასპინძლობს. ყოველ წელს, გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით, მათთან ჩამოდიან ახალგაზრდები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან და ეხმარებიან ფერმის მოვლაში, პროექტების ორგანიზებასა თუ სხვა უამრავ საქმეში, რაც ოჯახს სჭირდება.

გვეძლევა შანსი ვიმოგზაუროთ, გავიცნოთ უცხო ადამიანები და კულტურები, შევქმნათ მოგონებები და ურთიერთობები.

შესაბამისად, ევროპის სოლიდარობის კორპუსი როგორც მოხალისეებისთვის, ისე მასპინძლებისთვის ძალიან სასარგებლო და მრავლისმომცემი პროექტია.

ხოლო რაც შემეხება მე, ჩემი პირველი კვირის დასასრული სლოვენიაში ისეთივე იყო, როგორიც დასაწყისი — ხან წვიმიანი, ხან მზიანი, თუმცა ლამაზი და ბევრად მშვიდი. გარემოსა და ხალხს ნელ-ნელა შევეჩვიე , ამიტომ ნაკლებად შეშინებული და მეტად აღტაცებული ვაგრძელებ ამ თავგადასავალს. წერას კი ბოსნიური ბენდის მუსიკის ფონზე დავასრულებ, რომელიც საკმაოდ პოპულარული ყოფილა ამ რეგიონში და ჩვენი კოორდინატორის მეუღლეს ძალიან უყვარს.