დეპრესია თუ მაქვს და დანაშაულს ჩავიდენ, შეურაცხადად ჩავითვლები და არ დამაკავებენ? რომ მოვიტყუო და ფსიქიკური პრობლემები მოვიმიზეზო, რას მიხვდებიან? ვინმეს თუ უცნაური ან აგრესიული მოვეჩვენე, შეიძლება ფსიქიატრიულში გამომამწყვდიონ და ძალით მიმკურნალონ? — ეს კითხვები შეიძლება თქვენც გაგჩენიათ.

ფსიქიკური ჯანმრთელობა მუდმივად აქტუალური თემაა, თუმცა ამ საკითხებზე კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა აქტივისტ ნინო დათაშვილის შემთხვევამ. მას პროკურატურამ იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაუნიშნა, ამის საფუძვლად კი "ემოციური ლაბილობა" გამოიყენეს მისი სამედიცინო ჩანაწერებიდან.

ამბავს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე სპეციალისტები გამოეხმაურნენ და გვითხრეს, რომ ემოციური ლაბილობა იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნისთვის ადეკვატური საფუძველი არ არის. დაიწყო საუბარი იმაზეც, რომ ფსიქიატრია საბჭოთა რელსებს უბრუნდება — დროს, როცა კრიტიკული ხმის ჩასახშობად ხელისუფლება ადამიანებს "გიჟებად" შერაცხავდა და ფსიქიატრიულებში უშვებდა.

ასევე იხილეთ: სიგიჟე და ცივილიზაცია — ფსიქიატრიის პოლიტიკა საბჭოთა კავშირში

ფსიქიატრია მეტ-ნაკლებად სუბიექტურ შეფასებებს ეფუძნება. ბუნდოვანი შეიძლება გვეჩვენოს ისიც, თუ რის საფუძველზე უნდა შევიტანოთ ეჭვი ადამიანის შერაცხადობაში — ქცევა თუ უჩვეულო მოგვეჩვენება, ეს საკმარისია? განსაკუთრებით საკამათოა ის, თუ როდისაა გამართლებული ადამიანის იძულებითი შეფასება ან მკურნალობა. მსგავსი დილემების მიუხედავად, ფსიქიატრები კონკრეტული სტანდარტებით მუშაობენ, რომლებიც სამედიცინო კვლევებს ეფუძნება.

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და შეურაცხადობის ურთიერთკავშირზე ექიმ-ფსიქიატრ ნინო ოკრიბელაშვილს გავესაუბრე. იგი ამ საკითხებს აგვიხსნის და საკუთარი პრაქტიკიდან ფსიქიატრიის თანამედროვე გამოწვევებზეც გვესაუბრება.

ნებისმიერი ფსიქიკური პრობლემის ქონა თუა საკმარისი, რომ ადამიანი შეურაცხადად მივიჩნიოთ? დიაგნოზი ადამიანს პირდაპირ ათავისუფლებს სასამართლო პასუხისმგებლობისგან?

ნინო ოკრიბელაშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და თსუ-ის პროფესორი

ფოტო: ნინო ოკრიბელაშვილი

შეურაცხადობა და ფსიქიკური აშლილობა განსხვავებული ცნებებია. ეს ორი ტერმინი ხშირად ერევათ, მაგრამ სრულიად სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით სამართლებრივ კონტექსტში.

ფსიქიკური აშლილობა კლინიკური ტერმინია და გულისხმობს სამედიცინო მდგომარეობას, რომელიც ზეგავლენას ახდენს ადამიანის გრძნობებზე, აზროვნებაზე ან ქცევაზე. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად: შიზოფრენია, ბიპოლარული აშლილობა, დეპრესია, ფსიქოზი, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (OCD) და სხვა. ფსიქიკური დარღვევის მქონე ყველა ადამიანი არ არის შეურაცხადი. ბევრ მათგანს აქვს უნარი, შეაფასოს საკუთარი ქმედება და აკონტროლოს თავი.

შეურაცხადობა სამართლებრივი ტერმინია და ნიშნავს იმას, რომ ადამიანს არ ჰქონდა დანაშაულის ჩადენის დროს რეალობის სწორად აღქმის, საკუთარი ქცევის კონტროლისა და თავისი ქმედების სამართლებრივი ან მორალური მნიშვნელობის გააზრების შესაძლებლობა.

თუ სასამართლო პირს შეურაცხადად ცნობს (საექსპერტო დასკვნის საფუძველზე), ის არ არის სისხლისსამართლებრივად პასუხისმგებელი დანაშაულზე, მაგრამ შეიძლება იძულებითი მკურნალობისთვის მოთავსდეს სპეციალიზებულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.

კლინიკური თვალსაზრისით, რა შემთხვევაში ჩნდება ეჭვი ადამიანის შეურაცხადობაზე? რის საფუძველზე მიმართავენ ხოლმე ფსიქიატრებს ამის შესაფასებლად?

კლინიკური თვალსაზრისით, ადამიანის შეურაცხადობაზე ეჭვი ჩნდება მაშინ, როდესაც პირის ქცევა, აზროვნება ან ემოციური მდგომარეობა აშკარად გადახრილია ნორმისგან. ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ, რომ ადამიანს არ შეუძლია რეალობის ადეკვატურად აღქმა ან საკუთარი ქცევის კონტროლი, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც იგი სამართლებრივ ნორმებს არღვევს.

მაგალითად, შეიძლება ადამიანი რეალობას სწორად ვერ აღიქვამს, ანამნეზში ფსიქიკური ჯანმრთელობის ან ნევროლოგიური პრობლემა აქვს ანდა აქვს გარკვეული ჰალუცინაციები თუ ბოდვები (მაგ., ესმის სხვების აზრები ან სჯერა, რომ უცხოპლანეტელები მართავენ მას). ამ დროს სავსებით შესაძლებელია, რომ არ ესმოდეს საკუთარი ქმედების შინაარსი ან მორალური მნიშვნელობა ან ვერ აკონტროლებდეს საკუთარ ქცევას. ქცევის დარღვევა იმპულსური მოქმედებებით, აგრესიით ან დეზორგანიზებული ქცევით გამოიხატება. რიგ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს ემოციური დისბალანსი (მაგ., ძლიერი შიში, გაუცნობიერებელი აგრესია ან აპათია და სხვა).

ფსიქიკური პრობლემების ქონა შეურაცხადობას არ უტოლდება.

ფოტო: Knowable Magazine

ხომ შეიძლება, ქცევა უცაბედი სტრესის, თუნდაც უხეში ფიზიკური შეხების, ფონზეც დაირღვეს? მსგავს შემთხვევაში თავის კონტროლი შეიძლება ნებისმიერს გაგვიჭირდეს...

ფსიქიატრიული თვალსაზრისით, სტრესზე აგრესია ან ქმედებათა კონტროლის სირთულე ყოველთვის არ ნიშნავს პათოლოგიას, რადგან ზოგჯერ ეს ბუნებრივი თავდაცვითი რეაქციაა. სტრესულ სიტუაციაში, მაგალითად, ფიზიკური თავდასხმისას, აგრესიული ან მწვავე ემოციური რეაქცია შეიძლება ნორმალურ თავდაცვით მექანიზმად ჩაითვალოს, ხოლო პრობლემად მხოლოდ მაშინ განიხილება, როცა ქცევა აშკარად არაპროპორციულია, რეალობასაა მოწყვეტილი ან ფსიქიკურ აშლილობას უკავშირდება.

ფსიქიატრები ვთვლით, რომ აგრესია ან თვითკონტროლის დაქვეითება ზოგჯერ შეიძლება ნორმალური ადაპტაციური რეაქცია იყოს. საქმე ისაა, რომ, თუ ადამიანი მოხვდა რეალურ საფრთხეში (მაგალითად, ფიზიკურ თავდასხმაში), ასეთ დროს ორგანიზმი "ბრძოლის ან გაქცევის" რეჟიმში გადადის, რაც არის ბიოლოგიურად გამართლებული თავდაცვითი მექანიზმი.

საფრთხის აღქმისას სხეული ზოგჯერ ბრძოლის ან გაქცევის რეჟიმში გადადის. ეს ბუნებრივი რეაქციაა.

ფოტო: Diane Durongpisitkul/Stocksy

ასევე კლინიკური თვალსაზრისით, რის საფუძველზე შეიძლება დაინიშნოს ფსიქიატრიული ექსპერტიზა?

მოდით განვიხილოთ ორი ურთიერთდაკავშირებული საკითხი: მიმართვა ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტისთვის და ფსიქიატრიული ექსპერტიზის აუცილებლობა. ეს უკანასკნელი ჩნდება შემდეგ შემთხვევებში: როცა არსებობს ეჭვი, რომ პირი დანაშაულის ჩადენისას იყო შეურაცხადი (საფუძველია სასამართლო გადაწყვეტილება), თუ პირი არაკონტაქტურია, უცნაურად იქცევა ან არ ესმის პროცესის არსი (ადვოკატის/გამომძიებლის შუამდგომლობის საფუძველზე).

მეორე მხრივ, იგეგმება პაციენტის კონსულტაცია ფსიქიატრთან, თუ პირი საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს ან სხვებს და ქცევა აშკარად არანორმალურია (ითვალისწინებენ ოჯახის წევრების ან ახლობლების მიმართვას); ასევე, როდესაც კლინიკაში მყოფ პაციენტს აღენიშნება მწვავე ფსიქოზის ნიშნები (ამის საფუძველია სამედიცინო პერსონალის რეკომენდაცია).

მუდმივად უნდა დავიცვათ პაციენტის ღირსება, ავტონომია და ინფორმირებული თანხმობა".

ფსიქიატრიული შეფასებისას დიაგნოზს ადამიანთან სტრუქტურირებული კლინიკური ინტერვიუს საფუძველზე ვსვამთ; თუ საჭიროა, იგეგმება დამატებითი კვლევებიც, მაგალითად ელექტროენცეფალოგრამა (EEG), მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRT) ან ლაბორატორიული კვლევები.

ინტერვიუს, ანუ ინდივიდუალური გასაუბრების, პროცესში ყურადღებას ვაქცევთ არამარტო იმას, თუ რას გვეუბნება ადამიანი, არამედ ვაკვირდებით მის ქცევასა და ემოციურ მდგომარეობას, ობიექტურ ინფორმაციას ვაგროვებთ და ვაანალიზებთ წარსულ სამედიცინო და ფსიქიკური ჯანმრთელობის ისტორიას. საჭიროების შემთხვევაში ვიყენებთ ტესტირებასა და სკალებს.

როგორ მიჯნავენ "უწყინარ" და "სახიფათო" ფსიქიკურ მდგომარეობებს?

ფსიქიატრიული შეფასებისას ვიყენებთ კლინიკურ, ქცევით და სამართლებრივ კრიტერიუმებს. ძირითადი კითხვაა: წარმოადგენს თუ არა პაციენტი საფრთხეს საკუთარი თავისთვის ან სხვებისთვის, სუიციდის რისკები არის თუ არა.

მაგალითად, პირი შეიძლება უჩვეულოდ იქცეოდეს ან ჰქონდეს ფსიქიკური აშლილობა, მაგრამ არ ქმნიდეს საფრთხეს. მათი მკურნალობა, ჩვეულებრივ, ნებაყოფლობითია. მეორე მხრივ, თუ არსებობს განსაზღვრული რისკი, რომ ადამიანი ზიანს მიაყენებს საკუთარ თავს ან სხვებს, შესაძლოა საჭირო გახდეს არანებაყოფლობითი მკურნალობა.

იძულებითი მკურნალობა განიხილება მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანი საკუთარ თავს ან სხვებს საფრთხეს უქმნის.

ფოტო: M.S. Pedersen

ამდენად, საფრთხის მაჩვენებელი კი შეიძლება იყოს:

  • სუიციდური განზრახვა ან მცდელობა (მაგალითად, პირი ამბობს, რომ დაგეგმილი აქვს თვითმკვლელობა ან გამოხატავს უიმედობას, ამბობს, რომ ცხოვრება არ ღირს ან უკვე სცადა თვითდაზიანება ან თვითმკვლელობა);
  • გამოხატული აგრესია ან მუქარა სხვების მიმართ (იქნება ეს ადამიანები თუ ცხოველები, ან თუ გეგმავს შურისძიებას, ფიზიკურად ან ვერბალურად ავლენს ძალადობას);
  • ბოდვითი ან ჰალუცინატორული შინაარსის ქცევა, რომელიც საფრთხის შემცველია (მაგალითად, ესმის ხმები, რომლებიც ეუბნებიან, რომ უნდა მიაყენოს ზიანი ვინმეს, ან თვლის, რომ "მესიჯი მიიღო", მაგალითად, ღმერთმა უბრძანა, რომ ვინმე მოკლას);
  • ძალიან დეზორგანიზებული ქცევა (მაგალითად, ვერ უმკლავდება ყოველდღიურ ფუნქციონირებას — არ ჭამს, არ სძინავს, სისუფთავეს არ იცავს);
  • დაბნეულია (არ იცის, სად არის ან ვინ არის);
  • ფიზიკურად სახიფათოა არაპროგნოზირებადი ქცევის გამო (მაგ: გზაზე გადარბის მანქანების წინ).

ყოველთვის ყურადსაღებია წარსულში ძალადობრივი ეპიზოდები ფსიქოზურ ფაზებში. დასაფიქსირებელ რისკფაქტორებში ასევე განიხილება ისეთი პიროვნული ფაქტორები, როგორებიცაა იმპულსურობა, ნარკოტიკებზე დამოკიდებულება და ანტისოციალური ქცევები.

პირადი გამოცდილებით, რა პრობლემებს აწყდებით ფსიქიატრები ადამიანების შეფასების პროცესში? თუ გექმნებათ ხოლმე ეთიკური დილემები და რა სახისაა?

საზოგადოების ნაწილს ფსიქიკური ჯანმრთელობა კვლავ 'ხასიათის სისუსტედ' ესახება და არა სამედიცინო პრობლემად".

ფსიქიატრის საქმიანობაში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის პაციენტის ზუსტი შეფასება. ეს პროცესი რთულდება რამდენიმე მიზეზით: ფსიქიკური სიმპტომები უმეტესად სუბიექტურია და პაციენტის საკუთარ აღწერას ეფუძნება. ხშირად ინფორმაცია ფრაგმენტულია, რადგან პაციენტს ან ოჯახს სირცხვილისა და სტიგმის გამო გარკვეული დეტალების დამალვა სჩვევია. დიაგნოსტიკას ართულებს ასევე კომორბიდულობა — როდესაც ფსიქიკურ პრობლემას თან ერთვის სომატური ან ნევროლოგიური დაავადება. დამატებით სირთულეს ქმნის თვითონ სტიგმა: პაციენტები ხშირად უნდობლობით მოდიან და ექიმთან ურთიერთობა თავიდანვე დაძაბულია.

ეთიკური დილემებიც ხშირია. ყველაზე მწვავე საკითხი არის პაციენტის ავტონომიისა და უსაფრთხოების დაბალანსება — მაგალითად, როგორ მოვიქცეთ, როცა პაციენტი მკურნალობაზე უარს ამბობს, თუმცა აშკარაა სუიციდის ან აგრესიის რისკი. კონფიდენციალურობის დაცვაც ზოგჯერ რთულია: რამდენად უნდა გაუზიაროს ექიმმა ოჯახის წევრებს ინფორმაცია, თუ პაციენტი წინააღმდეგია, მაგრამ რისკი მაღალია? დიაგნოზის დასმაც ეთიკური საკითხია — ზოგჯერ ის თავად პაციენტისთვისაც დამამძიმებელია და შეიძლება სტიგმის გაღრმავებას შეუწყოს ხელი.

ექიმებს ხშირად არ აქვთ საკმარისი დრო ყოველი პაციენტის სიღრმისეულად შესაფასებლად".

საზოგადოებრივ დონეზე საქართველოში ფსიქიატრიას მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვს. ჯერ კიდევ ძლიერია სტიგმა — ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ფსიქიატრთან მისვლა სირცხვილია. სისტემაში არსებობს ფსიქიატრიული საწოლებისა და რესურსების დეფიციტი, რაც განსაკუთრებით კრიზისულ სიტუაციებში იჩენს თავს.

დაახლოებით 1 200 ფსიქიატრიული საწოლია ხელმისაწვდომი, როცა 2019 წელს აშკარა ფსიქიკური პრობლემები დაახლოებით 20 ათას ადამიანს ჰქონდა. დღეს ითვლება, რომ სტაციონარული საწოლების რაოდენობა მოთხოვნას სრულად ვერ აკმაყოფილებს. ფართოდ გავრცელებულია საწოლების არათანაბარი განაწილების პრობლემაც. მაგალითად, დასავლეთში საქართველოში არსებობს ფსიქიატრიული კლინიკები, თუმცა კახეთში საერთოდ არ არსებობს — პაციენტები იძულებულნი არიან, 60-180 კილომეტრით შორს მოიძიონ სტაციონარში ადგილი.

ექიმებს ხშირად არ აქვთ საკმარისი დრო ყოველი პაციენტის სიღრმისეულად შესაფასებლად. ახალგაზრდა სპეციალისტები ცოტანი არიან და ემოციური გადატვირთვის გამო ზოგჯერ ტოვებენ პროფესიასაც. საზოგადოების ნაწილს ფსიქიკური ჯანმრთელობა კვლავ "ხასიათის სისუსტედ" ესახება და არა სამედიცინო პრობლემად.

ამრიგად, ფსიქიატრის ყოველდღიურობა ხშირად გულისხმობს ბალანსის დაცვას სამ ძირითად მიმართულებას შორის, რომლებიცაა: პაციენტის საჭიროებები, ოჯახისა და საზოგადოების მოლოდინები და ეთიკურ-იურიდიული ჩარჩოები.

ბოლო დროს საზოგადოებაში აქტიურად დაიწყო მსჯელობა საბჭოთა ფსიქიატრიის დაბრუნების საფრთხეებზე. როგორ ხედავთ ამ საკითხსა და სპეციალისტების პასუხისმგებლობას?

ჟურნალისტი ნაზი შამანაური. იგი 1982 წელს კრიტიკული მოსაზრებების გამოთქმის გამო ფსიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი აქ ცემით მოკლეს.

საბჭოთა ფსიქიატრიის გამოცდილება საზოგადოების კოლექტიურ მეხსიერებაში მტკივნეულ თემად რჩება. წლებია ვებრძვით არსებულ შიშს, რომ ფსიქიატრია შეიძლება პოლიტიკური ან სხვა მიზნებისთვის არასწორად გამოყენებულიყო. ამაზე საუბარი სრულიად ბუნებრივია. სწორედ ასეთი გამოცდილების გააზრებით ჩვენ დღეს უფრო მეტად ვიცავთ ადამიანის უფლებებსა და პროფესიულ სტანდარტებს, რაც ძალიან რთულია.

სპეციალისტების პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში ორმაგად საპასუხისმგებლოა. ერთი მხრივ, მკაფიოდ უნდა განვასხვაოთ თანამედროვე მტკიცებულებაზე დაფუძნებული ფსიქიატრია საბჭოთა მოდელისგან; მეორე მხრივ, მუდმივად უნდა დავიცვათ პაციენტის ღირსება, ავტონომია და ინფორმირებული თანხმობა. ჩვენი მუშაობა უნდა იყოს გამჭვირვალე, მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან დიალოგი. ეს ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართ ნდობას აყალიბებს, რათა მსგავსი ეჭვების საფუძველი აღარასოდეს გაჩნდეს.

საერთაშორისო სტანდარტები, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება და ეთიკური პრინციპები რეალურად გვიცავს წარსულის შეცდომების გამეორებისგან. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიული თემის, ასოციაციების, აკადემიური ინსტიტუტებისა და საერთაშორისო პარტნიორების როლი.


თავში დასმულ შეკითხვებს რომ მოკლედ ვუპასუხოთ, შესაბამისი შეფასების საფუძველზე მარტივად გამიჯვნადია, იყო თუ არა ადამიანი "სრულ ჭკუაზე" დანაშაულის ჩადენისას. ცალკე საკითხია, როდის უნდა შევიტანოთ ეჭვი ადამიანის შერაცხადობაში — მეტწილად ეს ჩართული მხარეების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული, ამავდროულად კი სპეციალისტზე, რომელმაც ადამიანი შესაბამისი სტანდარტების დაცვით უნდა შეაფასოს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.