ჰუმანოიდ რობოტებს უკვე შეუძლიათ, ტანსაცმელი დაკეცონ, სირბილის მარათობენში მიიღონ მონაწილეობა ან ავტომობილები ააწყონ. ალბათ, მხოლოდ დროის ამბავიღა იყო, როდის გამოჩნდებოდნენ ფრონტის ხაზზე — და, აი, ისიც.

რობოტექნიკის ფირმამ, სახელად Foundation, ჰუმანოიდი რობოტები უკვე გაგზავნა უკრაინის ბრძოლის ველზე. ამაზე Time-თან ბოლოდროინდელ ინტერვიუში საუბრობს მაიკ ლებლანკი, სამხედრო ვეტერანი და კომპანიის თანადამფუძნებელი.

მისი თქმით, Foundation-მა თებერვალში ორი Phantom Mk-I მოდელი გაუშვა ფრონტის ხაზზე. ჰუმანოიდი რობოტების მიზანი აქ ტაქტიკური დაზვერვაა. Mk-I პლატფორმას უკვე არაერთი ქვეყნის ქარხნებში ცდიან. მეორე მხრივ, როგორც ჩანს, რუსეთ-უკრაინის ომში — ანდა, რამდენადაც ცნობილია, მთლიანად საბრძოლო მოქმედებებში — ეს ჰუმანოიდის რობოტის გამოყენების პირველი შემთხვევაა.

"ვფიქრობთ, მორალური ვალდებულება გვაქვს, ჯარისკაცების ნაცვლად ომში რობოტები გავგზავნოთ", — ამბობს ლებლანკი Time-თან.

მისი მიზანია, Phantom თანდათან დახვეწოს და აქციოს რობოტად, რომელიც შეძლებს გამოიყენოს "ნებისმიერი სახის იარაღი, რომლის ხმარებაც ადამიანს შეუძლია" — დაახლოებით ისე, როგორც ფილმ ტერმინატორში აკეთებენ მკვლელი რობოტები.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ რეალობამდე დიდი დრო არაა დარჩენილი. თებერვალში Foundation-ის ობიექტზე (სან-ფრანცისკო) ვიზიტის დროს ჟურნალმა იხილა, რომ Mk-I მოდელს უკვე შეუძლია გამოიყენოს რევოლვერი, ნახევრად ავტომატური პისტოლეტები, საფანტის თოფები და ბუტაფორიული M-16 შაშხანა.

თუკი კომპანია სრულად ფუნქციურ ჰუმანოიდ ჯარისკაცს შექმნის, დიდი ალბათობით, მას სწორედ რუსეთ-უკრაინის ომში ვიხილავთ, რადგან მათი არაჰუმანოიდი "ძმები" უკვე აქტიურად არიან ჩართულნი საბრძოლო მოქმედებებში.

United24-ის, უკრაინული სამთავრობო მედიის, ახალი უწყებით, ჯერ მხოლოდ იანვარში ქვეყანამ 7 495 რობოტული ოპერაცია წამოიწყო. მათი უმრავლესობა ლოგისტიკურია, მაგალითად სახმელეთო რაზმებისთვის იარაღების, ტყვია-წამლისა თუ საკვების მიწოდება. მეორე მხრივ, ზოგიერთი რობოტი კალაშნიკოვებითა და ასაფეთქებელი მოწყობილობებით არის აღჭურვილი. სხვათა შორის, წლის დასაწყისში ისიც ვიხილეთ, როგორ ნებდებიან რუსი ჯარისკაცები უკრაინის ბოტს.

საბრძოლო ველზე სხვადასხვა ამოცანის შესასრულებლად რუსეთმაც მიმართა რობოტექნიკას, თუმცა ჰუმანოიდი რობოტები ჯერ არ გამოუყენებიათ.

გარდა უკრაინისა, Foundation ასევე "ძალიან მჭიდრო კონტაქტშია" შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტთან. საქმე ბოტი-პატრულების განთავსებას ეხება აშშ-ისა და მექსიკის საზღვარზე. ჯერჯერობით გაურკვეველია, ვიხილავთ თუ არა რობოტებს ამ როლში, თუმცა ისიც თავისთავადად მრავლისმთქმელია, რომ ამის შესაძლებლობა უკვე არსებობს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.