ხელოვნური ინტელექტისთვის კომუნალურს გადავიხდით? — ალტმანმა AI წყალსა და ელექტროენერგიას შეადარა
ფოტო: Anna Moneymaker / Getty Images
სამომავლოდ შეიძლება ახალი — ხელოვნური ინტელექტის (AI) — კომუნალური გადასახადი დაგვემატოს. ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობს სემ ალტმანი, რომელიც ChatGPT-ს შემქმნელი კომპანიის, OpenAI-ს, აღმასრულებელი დირექტორია. მისი აზრით, AI-ს თანდათან ისევე გაყიდიან ან შეისყიდიან, როგორც წყალს ან ელექტროენერგიას.
"არსებითად, ჩვენი ბიზნესი და, ვფიქრობ, მოდელის მომწოდებელი ყველა სხვა ბიზნესი ტოკენების გაყიდვას დაემსგავსება", — თქვა ალტმანმა.
ტოკენებში მან ერთეულები მოიაზრა, რომლებსაც AI სისტემები შემავალი და გამავალი მონაცემების დასამუშავებლად თუ შესაფასებლად იყენებს.
"ვხედავთ მომავალს, რომელშიც ინტელექტი ელექტროენერგიისა და წყლის მსგავსად კომუნალური სერვისია, ხალხი კი ჩვენგან მას მრიცხველით ყიდულობს და იმისთვის იყენებს, რისთვისაც მოისურვებს", — დაამატა მან.
ამ სამყაროში გამოთვლითი რესურსი განსაზღვრავს, ვინ მიიღებს წვდომას, ალტმანის თქმით კი, მოთხოვნა მხოლოდ მატულობს. გამოთვლითი რესურსი ის გადამამუშავებელი ძალაა, რომელიც AI მოდელების წვრთნისა და მუშაობისთვის არის საჭირო. მას ჩიპებისა და მონაცემთა ცენტრების მსგავსი ინფრასტრუქტურა განსაზღვრავს.
ალტმანის თქმით, თუკი OpenAI მოთხოვნის შესაბამის გამოთვლით რესურსს ვერ შექმნის, მას "ან ვერ გაყიდის, ან ფასი ძალიან მოიმატებს". მისივე თქმით, AI-ზე წვდომა ასე მხოლოდ მდიდრებს ექნებათ ან მთავრობები იქნებიან იძულებულნი გადაწყვიტონ, როგორ განაწილდეს შეზღუდული რესურსი.
ცნობისთვის, მოწინავე ტექნოლოგიური კომპანიები გამოთვლით რესურსზე წელს მილიარდობით დოლარს ხარჯავენ, რათა AI-ს მზარდ მოთხოვნას უპასუხონ.
ლისა სუმ, AMD-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, განაცხადა, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მსოფლიოს 10 "იოტაფლოპი" გამოთვლითი სიმძლავრე დასჭირდება. 2022 წლის გლობალურ მაჩვენებელს ეს 10 ათასჯერ აღემატება. მისივე თქმით, ამას უმეტესად ელექტროქსელების გადატვირთვა, ტრანსფორმატორების დეფიციტი და ნებართვების გაცემის გაჭიანურება უშლის ხელს.
ილონ მასკმა იანვარში აღნიშნა, რომ ელექტრობა ახლა შემზღუდავი ფაქტორია. შესაბამისად, სწრაფი ენერგეტიკული განვითარების პირობებში ჩინეთს პოტენციურად უპირატესობა აქვს. საგულისხმოა ისიც, რომ კომპანიებში GPU-ებზე მოთხოვნა მაღალია და კონკურენციაც დიდია. OpenAI-მ მონაცემთა ცენტრებისთვის უკვე $1.4 ტრილიონი გამოყო, თუმცა აღიარებს, რომ, სავარაუდოდ, მოთხოვნას მაინც ვერ დაეწევა.
როგორც სამიტზე ალტმანმა განაცხადა, მიზანი ისაა, რომ "რესურსით შეზღუდულობის" სამყარო უკან მოვიტოვოთ.
კომენტარები