შესაძლოა, მეცნიერებმა მთვარის ძლიერი მაგნეტიზმის საიდუმლო ამოხსნეს
ფოტო: Javier Zayas Photography/Moment/Getty Images
Apollo-ს მისიების დროს მთვარიდან დედამიწაზე ჩამოტანილ ქვებში ძლიერი მაგნიტური ველის კვალია და ის თავად ჩვენი პლანეტისასაც უტოლდება ან აღემატება. მაინც რა იყო ასეთი მაგნეტიზმის წყარო? შესაძლოა, მეცნიერებმა ამ კითხვაზე პასუხი იპოვეს.
მთვარე დედამიწაზე მცირე ზომისაა, ამიტომ მისნაირი შიდა ენერგია და ბირთვის დინამიკა არ გააჩნია. სწორედ ეს ორი რამაა მაგნიტური ველის განმაპირობებელი. შესაბამისად, ასტრონავტების მიერ მოპოვებულ 3.5 მილიარდი წლის ნიმუშებში ასეთი ძლიერი მაგნეტიზმის ნიშნები გასაკვირია. ახალი კვლევის ფარგლებში ოქსფორდის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ეს კვალი შეისწავლეს და ივარაუდეს, რომ ის ადრეული გეოლოგიური პროცესებით პროვოცირებული მაგნეტიზმის დროებითი მოჭარბებების შედეგია.
საუბარია მოვლენებზე, რომლებიც Apollo-ს მისიებამდე დიდი ხნით ადრე მოხდა. ფიქრობენ, რომ აღნიშნული პროცესები იშვიათი ხასიათის იყო და რამდენიმე ათას წელს გაგრძელდა. ისინი მთვარის ისტორიის 0.5 მილიარდ წელს უნდა მოიცავდეს. სპეციალისტების თქმით, აქამდე ნიმუშების ანალიზისას გამოვლენილი შეუსაბამობები ხელს უშლიდათ გაერკვიათ, რამდენად ხანმოკლე და იშვიათი იყო ძლიერი მაგნეტიზმის ეს პერიოდები.
ახალი კვლევის ავტორებმა მთვარის მუქ რეგიონებში (მთვარის "ზღვები") მოპოვებული ბაზალტური ქვები შეისწავლეს და მათ გეოლოგიურ კომპონენტებთან ერთად, მაგნეტიზმის დონეც შეამოწმეს. შედეგად, მკაფიო კავშირი გამოიკვეთა: ძლიერი მაგნეტიზმის მქონე ქვები ტიტანით უფრო მდიდარი იყო. ამის შემდეგ კომპიუტერული მოდელები გამოიყენეს იმის დასადგენად, რა პროცესები გამოიწვევდა ტიტანის მოჭარბებასა და მაგნიტური ველის გაძლიერებას.
ასეთი აღმოჩნდა მთვარის ბირთვისა და მანტიის მიჯნაზე ტიტანის მაღალი კონცენტრაციის მქონე მატერიის დნობა, რაც ბირთვიდან წამოსულ დროებით სიმხურვალეს განაპირობებდა. სწორედ ეს შეუწყობდა ხელს დინამოს ეფექტს, მაგნიტურ ველსაც გაააქტიურებდა და ტიტანით მდიდარ ლავის ნაკადებსაც წარმოქმნიდა.
ეს ჰიპოთეზა ჩვენს ხელთ არსებულ მტკიცებულებებს კარგად შეესაბამება, მაგრამ მეცნიერები რაიმეს დაზუსტების თქმისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ. გასათვალისწინებელია, რომ მათი ვარაუდი გარკვეულ დაშვებებს მოიცავს და თავად ნიმუშების რაოდენობაც მცირეა. ამის მიუხედავად, ახალი კვლევით საინტერესო ინფორმაციას ვიღებთ მთვარეზე, რომლის მაგნიტური გელიც ამჟამად სუსტია და ადგილ-ადგილაა, დედამიწის ძლიერი გლობალური მაგნიტური ველისგან განსხვავებით.
შესაძლოა, მთვარის ეს ადრეული პროცესები ასტეროიდთან შეჯახებამაც განაპირობა. იმედოვნებენ, რომ სამომავლო ეკიპაჟიანი მისიების მეშვეობით უფრო მეტ მონაცემს მოვიპოვებთ. ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Geoscience გამოქვეყნდა.
კომენტარები