რუსეთს ვენერას ზედაპირზე დაბრუნება სურს. მათ სამომავლო მისიას Venera-D ეწოდება და 2036 წლისთვის ამ ციურ სხეულზე დასაშვები მოდულის, ზონდისა და ერთგვარი საჰაერო ბურთის გაგზავნას გულისხმობს. ამის შესახებ ადგილობრივ სამთავრობო მედიას 10 მარტს განუცხადეს.

უნდა აღინიშნოს, რომ მისიაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2003 წელს დაიწყო. უკრაინაზე თავდასხმამდე რუსეთის სავარაუდო მოთანამშრომლედ NASA განიხილებოდა, თუმცა ომის დაწყების შემდეგ მათი კოსმოსური სააგენტოების კოლაბორაცია შეწყდა. ამის მიუხედავად, ბოლო ცნობების თანახმად, რუსეთი Venera-D-ს განხორციელებას მაინც აპირებს. მისი ერთ-ერთი მიზანი ვენერას ღრუბლებში სიცოცხლის შესაძლო ნიშნების მოძიებაა.

ეს ქვეყნის კოსმოსურ სააგენტო "როსკოსმოსის" იმ პროგრამის ნაწილია, რომელიც მთვარესა და ვენერაზე რობოტული აპარატების გაგზავნას ისახავს მიზნად. ამით შეიძლება 1960-იანი, 1970-იანი და 1980-იანი წლების ვენერას წარმატებული მისიები განახლდეს. ცნობისთვის, ამ პლანეტის ზედაპირზე დაჯდომა მხოლოდ საბჭოთა კავშირის აპარატებმა მოახერხა.

"მინდა შეგახსენოთ, რომ 1970 წელს ჩვენმა ქვეყანამ მზის სისტემის სხვა პლანეტაზე აპარატის წარმატებით დაშვება შეძლო. ეს ვენერა იყო. შესაბამისად, პირველ რიგში, ისევ ამ გზით წასვლას განვიხილავთ", — განაცხადა პირველმა ვიცე პრემიერმა, დენის მანტუროვმა.

მის მიერ ხსენებული მისია Venera 7-ია, პროგრამის ოთხი ზონდიდან ერთ-ერთი, რომელიც ჩვენს მეზობელ ციურ სხეულზე დაეშვა და იქიდან ფოტოების გამოგზავნა. მან და სხვა მსგავსმა აპარატებმა ვენერას სქელ, ცხელ და მაღალი წნევის მქონე ატმოსფეროს გაუძლო. იქ ტემპერატურა 480 გრადუს ცელსიუსს უტოლდება, ზედაპირზე არსებული წნევა კი დედამიწის ზღვის დონესთან შედარებით 90-ჯერ ძლიერია.

22 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირმა ვენერაზე ათზე მეტი მისია განახორციელა. მათ შორისაა Venera 1 და Venera 2, რომლებიც 1961 და 1965 წელს გაუშვეს, მაგრამ პლანეტასთან ჩავლისას სათანადო მონაცემები ვერ მიიღეს; Venera 3-ის ფარგლებში ზონდი 1966 წელს ვენერას ატმოსფეროში შევიდა, თუმცა მასთან კონტაქტი გაწყდა; მომდევნო ორმა ზონდმა (Venera 4 და 6) მონაცემები წარმატებით გამოგზავნა, 1970 წელს გაშვებული Venera 7 კი ზედაპირზე დაჯდა. ამის შემდეგ საბჭოთა კავშირმა იქ კიდევ ცხრა მისია განახორციელა, რომელთაგანაც ბოლო 1983 წელს შედგა — Venera 16.

აშშ-ის, ევროპისა და იაპონიის კოსმოსურმა სააგენტოებმა ბოლო დეკადებში ვენერაზე რამდენიმე მისია გაუშვა. მათ, ინდოეთსა და რამდენიმე კერძო კომპანიას/ინსტიტუტს სამომავლო გეგმებიც აქვს, მაგალითად მისიები VERITAS, DAVINCI და Venus Life Finder.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.