ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები დათაშვილისთვის იძულებითი ექსპერტიზის დანიშვნას ეხმაურებიან
ფოტო: ეკრანის ანაბეჭდი სატელევიზიო ეთერიდან
სასამართლომ ნინო დათაშვილის, დაკავებული აქტივისტისა და მასწავლებლის, იძულებით ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა; იძულებითი ექსპერტიზა ბრალდებულის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით გადაყვანას მოიცავს. პროკურატურამ ამის საფუძვლად 2019 წელს გაკეთებული სამედიცინო ჩანაწერი დაასახელა, რომელშიც ხერხემლის დაავადების თანმდევი "ემოციური ლაბილობა" იყო ნახსენები.
სასამართლოს გადაწყვეტილებას ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე სპეციალისტები და ორგანიზაციები ეხმაურებიან. ისინი ამას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ; შიშობენ, რომ მსგავსი მიდგომა ფსიქიკური მდგომარეობების სტიგმატიზაციას შეუწყობს ხელს და სფეროს საბჭოთა კავშირის დროინდელ მდგომარეობაში დააბრუნებს.
ასევე იხილეთ: სიგიჟე და ცივილიზაცია — ფსიქიატრიის პოლიტიკა საბჭოთა კავშირში
"საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში მომუშავე პროფესიული თემი, შესაბამისი პროფესიული საზოგადოებები და ორგანიზაციები ვგმობთ ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნით გამოყენებას და მოვუწოდებთ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას, რომ ამ მიმართულებით ნებისმიერი მცდელობა — როგორც ეს მოხდა ნინო დათაშვილის შემთხვევაში — ჩანასახშივე აღმოიფხვრას", — ვკითხულობთ მიმართვაში.
პროფესიული თემი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ფსიქიატრია პოლიტიკური მიზნით არის გამოყენებული და ეს "პოლიტიკური რეპრესიების ჩვეული მეთოდია ავტორიტარულ და დიქტატორულ სისტემებში". ისინი ნაზი შამანაურის შემთხვევას იხსენებენ და ახლანდელ გადაწყვეტილებას საბჭოთა მიდგომას ადარებენ, როცა იძულებითი "მკურნალობით" დისიდენტების საზოგადოებისგან იზოლაციას ცდილობდნენ.
"ამგვარ პრაქტიკას, საერთაშორისო ნორმების მიხედვით, ენიჭება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კვალიფიკაცია", — წერია მიმართვაში.
რაც შეეხება "ემოციურ ლაბილობას" დათაშვილის სამედიცინო ჩანაწერში, სპეციალისტების თქმით, "ეს არის ბუნებრივი და გავრცელებული რეაქცია ქრონიკულ ტკივილზე საპასუხოდ" და "არ წარმოადგენს შეურაცხადობის დადგენის საფუძველს".
"სამედიცინო ფორმა 100-ში მას, ძირითად დიაგნოზთან ერთად, ემოციური ლაბილობაც ჩაუწერეს, რაც არ წარმოადგენს კლინიკურ დიაგნოზს აშლილობების არცერთი კლასიფიკაციის სისტემის მიხედვით", — წერენ მიმართვაში და ამბობენ, რომ სწორედ ეს მიგვანიშნებს ფსიქიატრიის პოლიტიკური რეპრესიების ინსტრუმენტად გამოყენებაზე.
თემი გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მოუწოდებს, რომ "ეს საგანგაშო და მანკიერი პრაქტიკა ჩანასახშივე აღმოფხვრათ და არ ვაქციოთ ფსიქიატრია და მედიცინა პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად, როგორც ეს ფაშისტურ პოლიტიკურ რეჟიმებს ახასიათებს. სხვანაირად, ნაზი შამანაურის მსგავსი ტრაგედიები შესაძლოა გახდეს ჩვენი ახალი რეალობა და ყოველდღიურობა".
ამ ეტაპზე მიმართვას ხელს 400-ზე მეტი ორგანიზაცია და სპეციალისტი აწერს. სია განახლებადია და GCRT-ს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. მიმართვის სრულ ტექსტის ნახვას ანდა მასზე ხელის მოწერას ამ ბმულიდან შეძლებთ.
კომენტარები