სიგიჟე და ცივილიზაცია — ფსიქიატრიის პოლიტიკა საბჭოთა კავშირში
1982 წლის 14 აგვისტოს ჩარგალში "ვაჟაობის" დღეს, სოფლის საზეიმო სცენაზე სიტყვით ჟურნალისტი ნაზი შამანაური გამოვიდა, რომელმაც საჯარო მიმართვაში ადგილობრივი კომკავშირის წევრები და საბჭოთა პოლიტიკა გააკრიტიკა.
42 წლის ნაზი შამანაური მილიციელებმა სცენიდან ძალით გაიყვანეს და მალევე დედამისთან ერთად თბილისში, ასათიანის ფსიქიატრიულ კლინიკაში გაგზავნეს, სადაც მან 70 დღე იშიმშილა. ამ პერიოდში მას ინსულინურ შოკებს და ელექტროშოკურ თერაპიას უტარებდნენ.
ნაზი შამანაურს იანვარში სამედიცინო პერსონალი ფიზიკურად გაუსწორდა, რის შედეგად ის იმავე თვეს გარდაიცვალა. ეს ისტორია ნათელი ილუსტრაციაა იმისა, რომ საბჭოთა კავშირში (და არა მხოლოდ) ფსიქიატრია, როგორც მედიცინის დარგი, პოლიტიკური დისციპლინარული საზოგადოების შენარუჩენებისთვის და რეპრესიების გატარებისთვის გამოიყენებოდა.
შამანაურის დისიდენტობა, ანუ საბჭოთა წყობასთან დაპირისპირება გაგებული იყო არა მხოლოდ როგორც "პოლიტიკური ღალატი", არამედ როგორც შეურაცხადი ქმედება. ცენტრალურ მთავრობასთან დაპირისპირება, ნაზის შემთხვევაში, სიგიჟედ მოინათლა.
ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას, ძირითადად, ტოტალიტარული რეჟიმის ფილოსოფია და, სამწუხაროდ, უშუალოდ ფსიქიატრიის, როგორც მედიცინის დარგის "ნაკლოვანება" უწყობს ხელს.
კლინიკის დაბადება — ფსიქიატრია და პოლიტიკა
1851 წელს ამერიკელმა ექიმმა სამუელ კარტრაითმა ახალი დაავადება "აღმოაჩინა", რომელსაც მან დრეიპტომანია უწოდა. კარტრაითის მტკიცებით, ეს სულიერი ავადობა შავკანიან მონებს თავიანთი ბატონების დაუმორჩილებლობისკენ და გაქცევისკენ უბიძგებდა. სწორი მკურნალობის მეთოდი კი მონის სხეულიდან ეშმაკის მათრახით განდევნა იყო.
"დრეიპტომანიის პათოლოგიას" საფუძვლად მარტივი ფილოსოფია უდევს: ის სხვა ფსიქიკური დაავადებების მსგავსად ბუნებრივი წესრიგის დარღვევის ან "ნორმიდან გადახრის" შედეგია.
კარტრაითი და მისი კოლეგები მიიჩნევდნენ, რომ საზოგადო ნორმები ბუნებრივი, ბიოლოგიური წინაპირობებით ყალიბდება. ადამიანები ცხოველების მსგავსად ბუნების იერარქიაში თავიანთ ადგილს ინტუიციურად პოულობენ.
მელიამ იცის, რომ საკვებ ჯაჭვში ლომს კონკურენციას ვერ გაუწევს, ამიტომ თავის ნიშას ეძებს. მსგავსად, კარტრაითის ღრმა რწმენით, შავკანიანების მონობა სავსებით ბუნებრივი რამ იყო, ხოლო ნეგროები, რომლებსაც თანასწორობაზე ან ბატონის გარეშე ცხოვრებაზე ჰქონდათ პრეტენზია, ფსიქიკურად შეშლილები იყვნენ.
დროთა განმავლობაში მსგავსი ფსიქიატრიული "აშლილობები" სამედიცინო პრაქტიკიდან სრულიად გაქრა, თუმცა ფსიქიატრიას ერთი პრობლემა დარჩა, რომელიც მის პოლიტიკური ძალაუფლებისთვის ექსპლუატაციას ამარტივებს.
მედიცინის სხვა დარგებისგან განსხვავებით, ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკა ძალიან რთულია. დეპრესიას, შიზოფრენიას, შფოთვას და სხვა ბევრ აშლილობას ბიოლოგიური მარკერები კი აქვთ, მაგრამ მათ მიღმა არსებული ბიოლოგიური მექანიზმი უცნობია. ამიტომ ექიმები ხშირად ამა თუ იმ აშლილობის სიმძიმეს პაციენტების სუბიექტური პრესპექტივით განსაზღვრავენ და არა რაიმე ობიექტური ტესტით.
მაგალითად, ტუბერკულოზს ან კიბოს კონკრეტული გამომწვევი მიზეზები აქვთ, რომელთა დანახვაც ტესტირებით შეიძლება, ფსიქიკურ აშლილობებზე იგივე ვერ კეთდება. სწორედ ამიტომ ბევრი რადიკალურ პოზიციას იკავებს და აცხადებს, რომ 1) ფსიქიკური აშლილობები საერთოდ არ არსებობს და 2) ფსიქიკური აშლილობები მთლიანად გარემო ფაქტორებით არის განპირობებული.
ფსიქიატრიის საბჭოთა ფილოსოფია
საბჭოთა კავშირი მეცნიერებისთვის უცნაური ადგილი იყო. ერთი მხრივ, მასობრივმა ინდუსტრიალიზაციის პროგრამამ სსრკ-ში შემავალ ქვეყნებში გარკვეულ პროგრესს დაუდო საფუძველი. მეცნიერებას უმაღლეს განათლებაში დიდი ყურადღება ექცეოდა, რის შედეგადაც კოსმოსის კვლევაში სსრკ-ს დიდი ხნის მანძილზე მოწინავე პოზიცია ეკავა. თუმცა არც მეცნიერება ყოფილა ცენტრალური საბჭოთა იდეოლოგიისგან დაცული.
იმის გამო, რომ მარქსიზმის საბჭოთა ინტერპრეტაცია, მარქსიზმ-ლენინზმი, მეცნიერულ დოქტრინად მოიაზრებოდა, იმდროინდელი მეცნიერული აღმოჩენები გენეტიკაში და მემკვიდრულობაში უარყოფილი იყო. მაგალითად, მენდელიანური გენეტიკის ნაცვლად საბჭოთა კავშირში "ლისენკოიზმი" ბატონობდა. ტროფიმ ლისენკო რუსი მეცნიერი იყო, რომელიც ბუნებრივ გადარჩევას "ბურჟუაზიულ ფსევდომეცნიერებას" უწოდებდა და გენეტიკისადმი სკეპტიკურად იყო განწყობილი.
იდეა, რომ განსხვავებული ქრომოსომული კომპლექტის მქონე ორგანიზმები ერთმანეთთან ვერ ჯვარდებოდნენ და ცნობილი ფაქტი, რომ ვაშლის დარგვით გარგარი ვერ გაიზრდებოდა, ლისენკოსთვის მიუღებელი იყო. მას სჯეროდა, რომ კონკრეტული გარემოების სიმულირებით ნიშან-თვისებები შემდეგ თაობას გადაეცემოდა. ანუ, რომელიმე მცენარეს თუ მიაჩვევდით სიცივეს, შემდგომ მისი შთამომავლობაც ყინვისადმი მდგრადი იქნებოდა. ცხადია, ეს ტყუილია, ლამარკიანული მემკვიდრულობის პრინციპი მეტწილად მცდარია. თუმცა, საბჭოთა იდეოლოგიაში ის კარგად ჯდებოდა.
იმავენაირად, საბჭოთა კავშირში დიდი ხნის მანძილზე მიიჩნეოდა, რომ ფსიქიკური აშლილობები კაპიტალისტური კლასობრივი დაყოფის და მუშათა ექსპლოატაციის შედეგი იყო. კომუნიზმში, სადაც არც კლასობრივი დაყოფა იქნებოდა და არც ექსპლუატაციით განპირობებული უთანასწორობა, ფსიქიკური დაავადებები არ იარსებებდა.
სტალინის შემდეგ საბჭოთა სტატისტიკა უფრო ხელმისაწვდომი გახდა და დასავლეთში მედიცინის ექსპერტებმა შენიშნეს, რომ ფსიქიკური აშლილობები საბჭოთა კავშირში მართლაც შემცირდა. 1960 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში, მკვლევარი მარკ გ. ფილდი ასკვნის, რომ ფსიქიატრიული აშლილობების ვარდნა, სავარაუდოდ, სსრკ-ს სწრაფმა მოდერნიზაციამ და ინდუსტრიალიზაციამ გამოიწვია, თუმცა მას შემდეგ, რაც ინდუსტრიალიზაცია შენელდება, ფსიქიკური აშლილობები უფრო მაღალი ინტენსივობით იჩენენ თავს.
"ალბათურია, რომ ინდუსტრიალიზაციის შეყოვნების და მოსახლეობის სოფლებიდან ურბანულ გარემოში გადასვლის შემდეგ მოსახლეობის ჯანდაცვის პრობლემები შეიცვლება. ინფექციური დაავადებები ნაკლებად მნიშვნელოვანი იქნება და მათ ადგილს ჯანმრთელობის სხვა პრობლემები დაიკავებენ, მაგალითად ფსიქიატრიული აშლილობები".
ფილდის ვარაუდები მხოლოდ ნაწილობრივ ჭეშმარიტია. პირველ ყოვლისა, იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირში ფსიქიკურ აშლილობებს თავდაპირველად სკეპტიკურად უდგებოდნენ, წესიერი აღრიცხვა არასდროს არსებულა.
მაგალითად, არავინ იცის, როგორი იყო გადასახლებაში მყოფი ადამიანების ფსიქიკური ჯანმრთელობა, რადგან მათ ყურადღება საერთოდ არ ეთმობოდათ. მეტიც, გადასახლებაში მყოფებს წესიერ სამედიცინო დახმარებაზეც კი არ მიუწვდებოდათ ხელი.
ამის ყველაზე ნათელი მაგალითი 1946 წლის ჩეჩნების მასობრივი გადასახლებაა, რომელიც შედარებით ნელი ტემპით ჯერ კიდევ 1944 წელს დაიწყო. ბერიას გაცემული ბრძანებით, მხოლოდ 1946-ში ჩეჩნეთიდან 240 ათასამდე ჩეჩენი და ინგუში ძირითადად ყაზახეთში და ყირგიზეთში გადაასახლეს.
ამ 4 წლის პერიოდში გადასახლებულთა 23,7% გარდაიცვალა — ბევრი მათგანი უბრალოდ შიმშილით მოკვდა. ყირგიზეთში გადასახლებული 31 ათასი ოჯახიდან წესიერი დასახლება მხოლოდ 5 ათასმა ოჯახმა მოიპოვა. ეს სტატისტიკა მსოფლიოსთვის მხოლოდ მოგვიანებით გახდა ცნობილი.
მსგავსი ინფორმაციის დამალვა ან შელამაზება საერთაშორისო ასპარეზზე მთლიანად მალავს სსრკ-ის მოსახლეობის სამედიცინო პრობლემებს, მათ შორის — ფსიქიკურს.
ფსიქიატრიის პოლიტიკა საბჭოთა კავშირში
1953 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც სსრკ-ს პირველი მდივანი ხრუშჩოვი გახდა და დაჩქარებული ინდუსტრიალიზაციის პროგრამები შენელდა, ფსიქიატრიამ საბჭოთა კავშირში ახალი მნიშვნელობა შეიძინა. მარქსიზმ-ლენინიზმის ბევრი ფუნდამენტური პოსტულატი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, უკანა პლანზე გადავიდა.
ახალ საბჭოთა საზოგადოებაში ახალი დისციპლინური მექანიზმები ამოქმედდა. ფსიქიატრიის მასობრივი პოლიტიზირებაც დაახლოებით ამ პერიოდის მერე იწყება.
ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნებით გამოყენების ნათელი მაგალითი ეგრეთ წოდებული "დუნედ მიმდინარე შიზოფრენიაა" — დიაგნოზი, რომელიც ნაზი შამანაურსაც დაუსვეს. ამ დაავადების ფორმულირება საბჭოთა ფსიქიატრებმა, ანდრეი სნეჟნევსკიმ და მისმა კოლეგებმა 1960-იან წლებში გააკეთეს.
სნეჟნევსკის მიხედვით, შიზოფრენია საზოგადოებაში ბევრად ხშირი იყო, ვიდრე აქამდე ეგონათ. დუნედ მიმდინარე შიზოფრენიის მქონე პაციენტები თავდაპირველად მხოლოდ მსუბუქ სიმპტომებს ავლენდნენ და მათი მდგომარეობა მოგვიანებით მძიმდებოდა. აღსანიშნავია, რომ შიზოფრენიის ეს ფორმა საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოების მიერ დისკრედიტირებული იყო და ის მხოლოდ სსრკ-ში არსებობდა.
დუნედ მიმდინარე შიზოფრენიის მქონენი საზოგადოებაში ჩვეულებრივად ცხოვრობენ და მათი მძიმე დაავადება თავდაპირველად პარანოიდული ეპიზოდებით ვლინდება. ასეთი პაციენტები თავიანთ თავს ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებენ და გმირობის კომპლექსი აქვთ. "შეშლილი" პაციენტები ამტკიცებენ, რომ მათ ჭეშმარიტების გამოაშკარავება სურთ და რომ საზოგადოების რეფორმისკენ ისწრაფვიან.
გასაკვირი არაა, რომ ამ დიაგნოზს, ძირითადად, პოლიტიკურ დისიდენტებს უსვამდნენ.
სავარაუდოა, რომ მათ ვინც "დუნედ მიმდინარე შზოფრენიის" სიმპტომები და პათოლოგია შეიმუშავეს, ძალიან კარგად იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ და ალბათ უშიშროების სამსახურის დირექტივებით ხელმძღვანელობდნენ. თუმცა იმის გამო, რომ ამ "დაავადების" შესახებ სამედიცინო სკოლაში ასწავლიდნენ, შემდგომი თაობის ფსიქიატრები დიაგნოზს, სავარაუდოდ, გაუცნობიერებლად სვავდნენ.
დუნედ მიმდინარე შიზოფრენიის "მქონე" პაციენტები, ძირითადად, ფსიქიატრიულ კლინიკაში მიჰყავდათ. 1994-1995 წლებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსკოვის 4 ფსიქიატრიულ კლინიკაში სსრკ-ის არსებობს მანძილზე შიზოფრენიის დიაგნოზის მქონე 2 ათასამდე ადამიანი გადაიყვანეს. ეს მხოლოდ ამ 4 კლინიკაში.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრმა ფსიქიატრმა გააცნობიერა, რომ ისინი სრულიად ჯანმრთელი ადამიანების ჰოსპიტალიზაციის ბრძანებებს გასცემდნენ. მაგალითდ, საბჭოთა ფსიქიატრმა ადა კოროტენკომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ ყოფილი პაციენტების ხელახალი შეფასებით აღმოაჩინა, რომ მან და მისმა კოლეგებმა 60-მდე ჯანმრთელ ადამიანს დუნედ მიმდინარე შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს.
სიგიჟე, ცივილიზაცია და ანტიფსიქიატრია
მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნებით გამოყენება საბჭოთა კავშირისთვის განსაკუთრებით სახასიათო იყო, ის მთელ მსოფლიოში ვრცელდებოდა. იმის გამო, რომ ფსიქიატრიაში დიაგნოსტიკის პროცესი დანარჩენი მედიცინისგან განსხვავებულია, მეოცე საუკუნეში ცდომილებები ბევრად ხშირი იყო და ეს პრობლემა დღესაც არსებობს.
მეოცე საუკუნის 60-იან წლებში ბევრი ფსიქიატრი და აქტივისტი იმ დროს გაბატონებულ ფსიქიატრიულ პრაქტიკას დაუპირისპირდა. გარკვეული მკურნალობის მეთოდები, როგორიცაა ელექტრო-შოკური თერაპია თუ ლობოტომია, მასობრივი აქტივიზმის და დისიდენტი მეცნიერების დამსახურებით დღეს პრაქტიკულად ყველგან არალეგალურია.
ანტიფსიქიატრიული მოძრაობის შედარებით უფრო რადიკალური წევრები იმასაც კი ამტკიცებენ, რომ "ფსიკური დაავადების" ცნება მთლიანად ხელოვნურია და ის მხოლოდ ნორმიდან გადახრას აღნიშნავს, რაც თავისთავად დაავადებას არ გულისხმობს.
იმის გამო, რომ ფსიქიატრიას დღესაც ბევრი ის პრობლემა აქვს, რაც მეოცე საუკუნეში ჰქონდა, ის პოლიტიკური ექსპლუატაციის წყარო — განსაკუთრებით, ტოტალიტარულ საზოგადოებებში — ხშირად არის.
საბჭოთა კავშირში ათასობით დისიდენტი, სრულიად ჯანმრთელი ადამიანი ფსიქიატრიულ კლინიკებში გამოკეტეს და მათ წლების მანძილზე გროტესკული მეთოდებით აწამებდნენ. ზუსტად არავინ არ იცის, ამ მავნე პრაქტიკას რამდენი ადამიანი ემსხვერპლა.
საბჭოთა კავშირი ერთგვარი ნათელი ილუსტრაციაა იმისა, თუ რა ხდება, როცა მეცნიერება პოლიტიკურ კონტროლს ექვემდებარება და რამდენად საშიში შეიძლება იყოს სიზუსტის ნაკლებობა ისეთ მეცნიერებაში, რომელსაც საზოგადოებაზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების მოხდენის პოტენციალი აქვს.
კომენტარები