რა გამოიწვია დამოუკიდებელი მედიის გაქრობამ — 3 ქვეყნის მაგალითი
მტრის ხატი
ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, პირველ რიგში, შეკავებისა და გაწონასწორების მიზანს ემსახურება, რამაც საზოგადოება სახელმწიფოს მხრიდან ჩაგვრის რისკებისგან უნდა დააზღვიოს და მისი ეკონომიკური, სოციალური და სხვა სახის კეთილდღეობა უნდა უზრუნველყოს.
სახელისუფლებო შტოები ამ ფუნქციებს მხოლოდ იმ პირობებში ინარჩუნებენ, თუკი მათი კონტროლის აპარტიული მექანიზმები არსებობს. ეს კონტროლი კრიტიკის, საგამოძიებო საქმიანობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ნორმალიზების შესაძლებლობას გულისხმობს. საზოგადოებისთვის ამ სერვისის შეთავაზება მხოლოდ ე.წ "მეოთხე ხელისუფლებას" შეუძლია, რომლის ნაწილია თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია. შესაბამისად, აღნიშულთან ბრძოლა ავტორიტარული, ტოტალიტარიზმისკენ მიდრეკილი რეჟიმების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა.
საგულისხმოა, რომ როდესაც ხელისუფლებები ვერ/არ უმკლავდებიან მოსახლეობის წინაშე წამოჭრილ ობიექტურ გამოწვევებს, ისინი იწყებენ ე.წ. "მტრის ხატის" კონსტრუირებას, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ისინი ქმნიან ალტერნატიულ პრობლემას და მასთან დაპირისპირებას აცხადებენ თავიანთი მმართველობის წარმატებად.
ცხადია, ამ ალტერნატიული რეალობის შესაქმნელად მათ არ სჭირდებათ ის ინსტიტუციები, რომლებიც მეტ-ნაკლები სიზუსტით ასახავენ ობიექტურ მოცემულობას, ამიტომ, სწორედ ეს ინსტიტუციები უნდა შეირაცხონ "მტრის ხატად" და განიდევნონ საზოგადოებრივი ცხოვრებიდან.
მათი დისკრედიტაციის პირველადი მიზანი საზოგადოების მხრიდან მათ მიმართ სოლიდარობისა და ნდობის შემცირება, შემდგომ კი გაქრობაა. ამ შემთხვევაში მათ მიერ გაკეთებული ანტისამთავრობო განცხადებები, გამოძიებები თუ ანგარიშები კარგავენ ეფექტურობას, საზოგადოება არ რეაგირებს მათზე. ეს ამ ორგანიზაციების ფაქტობრივ განადგურებას გულისხმობს, ვინაიდან ისინი კარგავენ მთავარ როლსა და ფუნქციას საზოგადოებისა და ქვეყნის ბედის განსაზღვარში. ამ ფონზე დაწყებული სახელმწიფო დევნის კამპანიას კი საზოგადოების მხრიდან ემპათიური განწყობა ნაკლებად ხვდება. პარადოქსია, მაგრამ ვითარების ტრაგიკულობა იმდენად ცხადი ხდება, რომ საზოგადოება მას ვერ ამჩნევს.
თუმცა სინამდვილის აკრძალვა — ხელისუფლების მხრიდან განზრახ, ხოლო საზოგადოების მხრიდან ქვეცნობიერად — არ ნიშნავს იმას, რომ ობიექტურად არსებული პრობლემები, გამოწვევები და რისკებიც მასთან ერთად ქრება. ეს თვალახვეული სიმართლე მაინც პოულობს თავის ადრესატს და საბოლოოდ ეკონომიკური კრიზისის, იზოლაციის, რიგითთა ჩაგვრის, გაჩუმებისა და საყოველთაო სტაგნაციით ნაკარნახები დაღმასვლის სახით იჩენს თავს.
აღნიშნულ სტატიაში გიყვებით სამ ქვეყანაზე, სადაც "მეოთხე ხელისუფლების" სიკეთეებისგან დაცლილი საზოგადოებისთვის ზემოთ მოყვანილი მტკიცება ყოფის თავისებურებად იქცა.
ნიკარაგუა — გარდამავალი დემოკრატიიდან სრულყოფილ დიქტატურამდე
90-იან წლები ნიკარაგუაში გარდამავალი დემოკრატიის ხანა იყო. ცხადია, ეს პერიოდი არ ყოფილა იდეალური სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულობისა თუ კორუფციასთან ბროლის თვალსაზრისით, თუმცა არსებული ვითარება, მათ შორის ამომრჩევლის აქტიური საარჩევნო უფლების დაცვა, საიმედო სურათს ქმნიდა.
2006 წლის არჩევნებში დანიელ ორტეგას გამარჯვება გარდამტეხი აღმოჩნდა ნიკარაგუის დემოკრატიისთვის. ძალაუფლების დანაწილების პრინციპის რღვევა, ადამიანთა ფუნდამენტური უფლებების შელახვა, უკონტროლო კორუფცია მისი მმართველობისთვის სახასიათო გახდა.
ცხადია, მსგავსი მმართველობის პირობებში დამოუკიდებელი მედია ხელისუფალის თავის ტკივილია. სწორედ ამიტომ, დისკრედიტაციის კამპანია, დაკავება და სიცოცხლის ხელყოფის მუქარა მედიის წარმომადგენლებისთვის რუტინულ გამოწვევად იქცა.
მედიასთან დაპირისპირების თვალსაზრისით განსაკუთრებული აღმოჩნდა 2018 წლის მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლები, რომელსაც სახელმწიფო არაფორმალური დაჯგუფებების დახმარებით, ძალადობითა და რეპრესიებით დაუპირისპირდა.

ფოტო: Reuters
პოლიტიკური და სოციალური კრიზისი 2018 წელს დაიწყო, როდესაც აპრილში სოციალური უზრუნველყოფის რეფორმის შესახებ გახდა ცნობილი. თავის მხრივ, ამ ყველაფერს საფუძველი მოუმზადა კანონის უზენაესობის თანდათანობით ჩამოშლამ. თავად რეფორმა ითვალისწინებდა სოციალური უზრუნველყოფისთვის დამსაქმებლებისა და დასაქმებულების გადასახადის წილის ზრდას და პენსიონერებს პენსიის 5%-ის გადახდას ავალდებულებდა.
ეს უკმაყოფილება საბოლოოდ საზოგადოებრივ პროტესტად გადაიქცა, რომელიც პენსიონერებმადა დასაქმებულებმა დაიწყეს. მალე მათ სტუდენტები შეუერთდნენ.
მკვლელობა, გაუჩინარება, წამება და უკანონო პატიმრობა — ეს იმ სამართალდარღვევათა ჩამონათვალია, რაზეც უფლებადამცველები საუბრობდნენ. ამასთან, ხელისუფლებასთან დაპირისპირებული აქტივისტები მუდმივი თვალთვალის შესახებ საუბრობენ, პოლიტიკური ოპონენტები კი პატიმრობის მსხვერპლნი არიან. შეიძლება ითქვას, რომ კანონის უზენაესობა მმართველის ნების უზენაესობად იქცა, ვინაიდან სახელმწიფოს მთელი სადამსჯელო რესურსი ალტერნატივისა და კრიტიკის აღმოფხვრისკენაა მიმართული.
2018 წლიდან მოყოლებული Freedom House-ის ყველა ანგარიშში ვკითხულობთ:
- "პრეზიდენტი ორტეგა აკონტროლებს ყველა სახელმწიფო შტოსა და საჯარო ინსტიტუტს, ისევე როგორც მედიას, რითაც ის და თავისი პარტია (სანდინისტების ეროვნული განმათავისუფლებელი ფრონტი) მოსახლეობის პოლიტიკურ არჩევანზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებენ".
2018 წლამდე ანგარიშებში კი ვკითხულობთ:
- "ბოლო წლებში მედიისთვის გარემო სტაბილურად უარესდება".
შეფასებების გამწვავება ქვეყანაში პრესისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის სწრაფ და შეუქცევად პროცესზე მიუთითებს.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით საგულისხმოა ისიც, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულებს აეკრძალათ 2018 წლის ანტისამთავრობო პროტესტში მონაწილეობა, მაშინ როცა თავდაცვის ძალები და პროსახელისუფლებო დაჯგუფებები რეჟიმის ოპონენტებს ესხმოდნენ თავს.
2018 წლის მოძრაობის დროს ხელისუფლება კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებს ანტისახელისუფლებო მოძრაობაში ჩართულობასა და მის მხარდაჭერაში ადანაშაულებდა. მთავრობის მომხრეები თავს ესხმოდნენ ეკლესიებს, სადაც მომიტინგეები თავს აფარებდნენ, ხოლო სასულიერო პირები მუქარისა და თვალთვალის ობიექტებად იქცნენ. მეტიც, სახელმწიფო ეკლესიას საპროტესტო ტალღის შემოდგომ პერიოდშიც ავიწროვებდა. 2018 წლამდე ანგარიშში მსგავსი ცნობა არ გვხვდება.
საინტერესო პრაქტიკა დაინერგა აკადემიურ სფეროში. 2018 წლის შემდგომ მასწავლებლები ხელისუფლებისა და პროსახელისუფლებო ჯგუფების მხრიდან შევიწროვების მსხვერპლნი გახდნენ. მათ ევალებოდათ იმგვარ ტრენინგებში მონაწილეობა, რომლებიც პროსახელისუფლებო ნარატივებს ამტკიცებდა, მათ შორის პროტესტთან მიმართებითაც. ამასთან, საჯარო სკოლების დაწყებითი და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს პროსახელისუფლებო გამოსვლებში მონაწილეობას აიძულებდნენ. მეტიც, სკოლაში წარმოდგენილია მასალები, რომლებიც მმართველი პარტიის პოპულარიზაციისთვისაა განკუთვნილი. საპროტესტო მოძრაობამდე მსგავსი შეზღუდვა სკოლების დონეზე არ შეიმჩნევა.
- Freedom House-ის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, იმ არაკომერციული ორგანიზაციების რიცხვმა, რომლებსაც 2018 წლის შემდეგ სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის მიზნით რეჟიმმა იურიდიული სტატუსი გაუუქმა, 5 200-ს აღწევს.
ეს საგულისხმოა არა მხოლოდ დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ინსტიტუტების თავისუფლების კუთხით, არამედ იმის გამოც, რომ ამ ჩამონათვალში მოხვდა ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა რელიგიური ჯგუფები, სასოფლო სამეურნეო ასოციაციები, დაავადებებთან — მაგალითად, კიბო და აივ ინფექცია/შიდსი — ბრძოლის ფონდები. ცხადია, ამ გადაწყვეტილებამ გავლენა იქონია არა მარტო ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებზე, არამედ მათ ბენეფიციარებზეც, შესაბამისად, საზოგადოების იმ ფენაზე, რომელსაც აღნიშნულ რესურსებსა და მომსახურებაზე დამოუკიდებლად ხელი არ მიუწვდებათ.

ფოტო: Crisis Group
ნიკარაგუის ეროვნულმა ასაბლეამ 2023 წლის სექტემბერში სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შეიტანა, რომელთა თანახმად, მთავრობას იმ პირებისა და ორგანიზაციების სამართლებრივი დევნისა და ქონების ჩამორთმევის უფლება აქვს, რომლებსაც სახელმწიფოს წინაშე დანაშაულის ჩადენაში ედებათ ბრალი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი ნიკარაგუაში არ ფუნქციონირებენ.
ასაბლეამ ასევე შეიტანა ცვლილება კიბერდანაშაულის შესახებ სპეციალურ კანონში (Special Cybercrimes Law), რითაც კანონი ვრცელდება სოციალურ მედიაში განთავსებულ პოსტებზე და მთავრობას შესაძლებლობა ეძლევა, დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა საზღვარგარეთ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის მიმართ. ამასთან, რეჟიმმა კანონში ცვლილებები შეიტანა ჯარიმების ზრდისა და დავის დაწყების დაშვებისათვის.
ნოემბერში ასაბლეამ დაამტკიცა კონსტიტუციური რეფორმა, რომელიც ამოქმედების შემთხვევაში ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან მედიის კონტროლის მექანზმების განმტკიცებას, აღმასრულებელი ხელისუფლების ძალაუფლების გაფართოებას, საპრეზიდენტო ვადის 6 წლამდე გაზრდას.
დღემდე გრძელდება სასჯელის გამოყენება დაშინების მიზნით. აზრის გამოხატვისა და საზოგადოებრივი აქტივობის ნებისმიერი ფორმის გამო დაპატიმრების სულ მცირე შანსიც კი უკვე მსუსხავი ეფექტის მეშვეობით შიშს იწვევს მოქალაქეებში. მეტიც, რისკის ქვეშაა ყველა, ვინც დემონსტრანტის ან ხელისუფლების კრიტიკოსის ახლო მეგობარი ან ნათესავია. ეს საზოგადოების გაჩუმების ხერხია. ფიზიკურ თავდასხმას ხშირად თან მოსდევს დაშინება და შევიწროვება, მაგალითად ცილისწამების კამპანია მედიაში, მუდმივი ან დროებითი თვალთვალი.
საგულისხმოა ისიც, რომ სასამართლო პროცესები არასამართლიანად ტარდება. საქმეები პოლიტიკურადაა მოტივირებული და გაყალბებულ მტკიცებულებებს ეყრდნობა.
არსებულ კონტექსტში, სამართალი კონტროლისა და რეპრესიის იარაღი ხდება. სასამართლო განურჩევლად ყველა შემთხვევაში იყენებს წინასწარ პატიმრობას.
- როგორც ნიკარაგუის ადამიანის უფლებათა ექსპერტების ჯგუფი (Group of Human Rights Experts On Nicaragua) აღნიშნავს, უსაფუძვლო ბრალდებები და ადამიანის უფლებათა შემლახავი კანონები პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტებად გამოიყენება.
სხვადასხვა დროს ასობით ადამიანი დააკავეს მხოლოდ და მხოლოდ დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო. 2022 წლის ბოლოს, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულმა ორგანიზაციამ პოლიტიკური მოტივით დაკავებულთა 225 შემთხვევა აღრიცხა. ბოლო დროს ეს რიცხვი დისიდენტთა და კრიტიკოსთა მასობრივი დეპორტაციისა და მათთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ხარჯზე შემცირდა.
ხელისუფლება პოლიტიკური დევნისათვის ორ ძირითად ხერხს მიმართავს:
- სისხლის სამართლის დავა, რომელმაც, მათი თქმით, სახელმწიფოს უსაფრთხოება უნდა დაიცვას, თუმცა ბრალის ფორმულირება ბუნდოვანია ხოლმე. ასეთია, მაგალითად "შეთქმულება ეროვნული მთლიანობის ხელყოფის მიზნით", რაც მიმართულია ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის ირგვლივ გაერთიანების აღსაკვეთად. ასეთივეა "ცრუ ინფორმაციის გავრცელება", რომელიც სოციალურ ქსელში მთავრობის კრიტიკის კრიმინალიზებისთვის გამოიყენება.
- დაუსაბუთებელი ბრალდებების წაყენება დაზიანების მიყენების, ქურდობის, იარაღის ფლობის ან სხვა დანაშაულების საქმეზე, თუმცა ამას შეთითხნილი მტკიცებულებებით აკეთებენ, იმიტომ, რომ ინციდენტი ან არ მომხდარა, ან არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ბრალდებულს რაიმე კავშირი აქვს დანაშაულთან. ნებისმიერ შემთხვევაში, საქმეს მიკერძოებული სასამართლო განიხილავს.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ციხეებში არსებული მდგომარეობა. ეს პირობები უფლებადამცველთათვის, აქტივისტებისთვისა და ჟურნალისტებისთვის განსაკუთრებით მძიმეა. ხშირად მათ დიდი ხნით ტოვებენ სამარტოო საკანში, აწამებენ და შეურაცხყოფენ. ამასთან, ისინი ვერ სარგებლობენ იმავე სიკეთეებით — პაემნები, კითხვის საშუალება — რითაც მათი თანამესაკნეები.
Amnesty International-თან ინტერვიუში ბევრი საუბრობს გადაჭედილ ციხეებზე. საკნებში, რომლებიც 5-6 ადამიანზე გათვლილი, შესაძლოა ოცზე მეტი პატიმარი შეიყვანონ. ვენტილაცია და ბუნებრივი სინათლე ფაქტობრივად არ არის, ასევე არსებობს სანიტარული საშუალებების მიწოდების პრობლემა. წყალი და საკვები უხარისხო და არასაკმარისია, ჯანდაცვის სერვისი კი ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი არ არის.
ერითრეა — შავი ეკრანი, იგივე თანამედროვე ერითრეას პროექცია
მას შემდეგ, რაც 2001 წელს უკანასკნელი 8 კერძო გაზეთი დაიხურა, სულ ცოტა 18 ჟურნალისტი და 11 ყოფილი მაღალჩინოსანი ბრალის წარდგენისა და სასამართლოს გარეშე დააკავეს, ერითრეაში კერძო მედიას აღარ უარსებია. დაკავებულთაგან 8 პატიმრობაში გარდაიცვალა. ზოგიერთი წყაროს ცნობით, რადიო და ტელევიზია იძულებით დახურეს, ხოლო წამყვანები და ჟურნალისტები დააპატიმრეს, რომელთაგან ბევრის ადგილსამყოფელი არ გაუსაჯაროვებიათ.
დღეს მოქმედი რამდენიმე მედია საშუალება სახელმწიფოს განკარგულებაშია და მათ დამოუკიდებელ ინსტიტუტად ვერ მოვიაზრებთ. არსებითად ისინი ინფორმაციის სამინისტროს სპიკერები არიან. ინფორმაციის მოპოვების ალტერნატიული წყაროები ლიმიტირებულია, ვინაიდან მოსახლეობას ინტერნეტთან წვდომა ძალიან შეზღუდულად აქვს.
შესაბამისად, ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი მედიის ხელახლა დაფუძნების შესაძლებლობა. განგრძობადი დაუსჯელობის სინდრომი, რაც ჟურნალისტების როგორც ადამიანების უფლებათა დარღვევის საპასუხოდ გაჩნდა, ამ მდგომარეობის შეცვლის იმედს ნაკლებად იძლევა.
ამ დაუსჯელობის სინდრომს ერითრეას სამართლებრივი ჩარჩო უზრუნველყოფს. აფევერკის სამართლმა შექმნა იმგვარი სისტემა, სადაც მისი რეჟიმი დაცულია კრიტიკისგან და მას შეუძლია მიიღოს დისკრეტული ზომები — მათ შორის მუდმივად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება — რათა დაუპირისპირდეს ნებისმიერ საწინააღმდეგო აზრს.
ემიგრირებული ჟურნალისტი და მწერალი, აბრაამ ტ. ზერე თავის გამოცდილებას აზიარებს:
"ის "შავი ხუთშაბათი" იყო ერითრეას დღევანდელ საპოლიციო რეჟიმად გადაკეთების საწყისი წერტილი".
მისი თქმით, მიუხედავად უამრავი გამოწვევისა, იქამდე ერითრეას დამოუკიდებელი მედია მეტ-ნაკლებად ახერხებდა შეექმნა სივრცე დისკუსიისთვის, მეტიც, დაეორგანიზებინა ფორუმები დისიდენტი პოლიტიკური ლიდერებისთვის.
კერძო გაზეთების დახურვისა და დაკავებების სწრაფი ტალღის შემდეგ, მინისტრმა მბეჭდავ კომპანიებს გაუგზავნა ბრძანება, სასწრაფოდ შეეწყვიტათ ბეჭდვა, მათ შორის საქორწინო მოსაწვევებისა და ღამი კლუბის პოსტერების. ასე დაიწყო სტაბილური დაღმასვლა უფსკრულისკენ.
ეს შუა საუკუნეებრივი ცენზურის პრაქტიკა მწერლებსა და ხელოვანებსაც შეეხოთ. მინისტრი აბსოლუტურად უმიზეზოდ გასცემდა ბრძანებას, შეეცვალათ სიმღერის სტროფი, წაეშალათ ან ხელახლა გადაეწერათ წიგნის თავები. ზოგჯერ ეს განკარგულებები არა იმდენად პოლიტიკური საფუძვლით, არამედ ცენზორის პირადი ზრახვებით იყო ნაკარნახები. ხშირად, ეს უბრალოდ ძალის დემონსტრირების სურვილი იყო.
დროთა განმავლობაში, სამინისტროს ბრუტალურ ზეწოლას დამოუკიდებელ მედიასა და ნებისმიერი სახის ხელოვნების ნიმუშზე მოჰყვა ის, რომ არტისტები თავს არიდებდნენ მგრძნობიარე თემატიკის ნამუშევრების წარდგენას. ვინაიდან მათ აღარაფერი ჰქონდათ შესათავაზებელი, ცენზურა გადაიქცა "მრჩევლის" ინსტიტუტად, სადაც ცენზორის შეთავაზებები და სურვილები დე ფაქტოდ სამინისტროს პოლიტიკის ნაწილი გახდა.

დაპატიმრებული ჟურნალისტი დავით ისააკი
ფოტო: Reporters Without Borders
თავისუფალი მედიის განადგურებიდან მალევე ერითრეა მთლიანად მილიტარიზდა. სამხედროებმა მალევე დაიკავეს სკოლების, ადმინისტრაციებისა და სხვა სამოქალაქო სამსახურის პოსტები. ამას მოჰყვა განათლების სისტემის, პრესის, ვაჭრობისა და რელიგიური ინსტიტუტების სრული კრახი.
პატიმრების ნათესავებისგან ფულის გამოძალვის მიზნით სამხედრო მეთაურებმა მიწისქვეშა ციხეების შექმნა დაიწყეს. მაგრამ იქ არ არსებობს თავისუფალი პრესა, რომელიც ამას გამოიძიებს.
კანონის უზენაესობის მუდმივი რღვევა სპეციალურმა სასამართლომაც განამტკიცა. სასამართლო დავების უმეტესობას არაკვალიფიციური მეთაურებით დაკომპლექტებული სამხედრო ტრიბუნალი განიხილავს. საქალაქო და უზენაესი სასამართლოს საქმიანობა უბრალო ქურდობისა და საოჯახო დავების განხილვით შემოიფარგლა. ამ სასამართლოების ვალდებულობა არის მნიშვნელოვან საქმეზე განაჩენის გამოტანამდე კონსულტაცია გაუწიონ სამხედრო მეთაურებს. როგორც წესი, მეთაურები ვერდიქტის გადახედვას ითხოვენ ხოლმე.
დამოუკიდებელი მედიის განადგურებითა და ყოვლისმომცველი ცენზურით აფევერკმა საზარელი სახელმწიფო შექმნა. ერითრეა გადაიქცა ერთგვაროვან სახელმწიფოდ, სადაც ყველა იმეორებს იმას, რაც სახელმწიფო მედიაში, ლიტერატურასა და ხელოვნების პროდუქტებში ჟღერდება. აფევერკის მედია ცდილობს ერითრეა იდეალურ სახელმწიფოდ წარმოაჩინოს, მაგრამ ეს სურათი მხოლოდ მედიაში რჩება და აბსოლუტურად განსხვავდება რეალური სურათისგან.
ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით მდგომარეობა მძიმეა:
- პრეზიდენტი უარს ამბობს არჩევნების ჩატარებასა და კონსტიტუციის პროექტის განხორციელებაზე
- 2002 წლიდან არ შეკრებილა დროებითი საკანონმდებლო ორგანო
- არ არსებობს პრეზიდენტის ძალაუფლების შემაკავებელი დამოუკიდებელი სასამართლო და სხვა ინსტრუმენტები.
- ქვეყნის ოფიციალური და გასაიდუმლოებული ციხეების ქსელის გამოყენება შეკერილი საქმეებისთვის ჩვეული ამბავი გახდა. ათასობით პატიმარი განუსაზღვრელი ვადით იხდის სასჯელს გადავსებულ საკნებში, მათ შორის მიწისქვეშა საკნებსა და გადასაზიდ კონტეინერებში. ბევრ პატიმარს ეკრძალება ოჯახთან, ადვოკატთან, ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან და სხვა სუბიექტებთან კონტაქტი. ხშირია წამებისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევები.
- რელიგიის თავისუფლება, განსაკუთრებით იმ კონფესიებისა, რომლებსაც სახელმწიფო ოფიციალურად არ აღიარებს, მკვეთრად შეზღუდულია. რამდენიმე ასეული ადამიანია დაკავებული რელიგიური რწმენის გამო.
- მშვიდობიან პროტესტს ხელისუფლება მასობრივი დაკავებებით, ზოგ შემთხვევაში კი თავდაცვის ძალების მხრიდან ძალადობით უმკლავდება.
- დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავ კანონგარეშედაა გამოცხადებული. თავისუფალი მედიის დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის, Reporters Without Borders-ის მიხედვით, პრესის თავისუფლების კუთხით, ერითრეა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანაა. ქვეყანანაში კვლავ არ უშვებენ ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს.
ვინაიდან საერთაშორისო საზოგადოება აღქმულია როგორც არასამართლიანი ერითრეას მიმართ, ხელისუფლებამ იმდენად აგრესიული საგარეო პოლიტიკა შეიმუშავა, რომ მხოლოდ რამდენიმე რეგიონალური და გლობალური მოკავშირეღა შერჩა. პოლიტიკისა და დიპლომატიის ამგვარმა კურსმა ქვეყნის ისედავ ჩამოშლილი ეკონომიკა, კიდევ უფრო შეარყია. შესაბამისად, პოლიტიკის შედეგები მოსახლეობამ თავის თავზე იგრძნო.
მსგავსი ვითარებაა განათლების პოლიტიკის კუთხითაც. ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი დამოუკიდებელი სტუდენტური გაერთიანება, მედია ან არასამთავრობო, შესაბამისად მთავრობის პოლიტიკის ღია კრიტიკა და მასში თუნდაც უმნიშვნელო ეჭვის შეტანა ფაქტობრივად წარმოუდგენელია. სახალხო პროტესტის რამდენიმე შემთხვევა მთავრობის მხრიდან მასობრივი დაპატიმრებითა და იარაღის გამოყენებით დასრულდა.
თურქმენეთი — საინფორმაციო იზოლაცია, როგორც შიდა პოლიტიკის ქვაკუთხედი
"ჩვენ ვიცით რა არის ფეისბუქი, ინსტაგრამი, იუთუბი, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს წვდომა მათზე — აქ ყველაფერი დაბლოკილია" — ამბობს ბიაშიმ იშანგულიევი, ხილის გამყიდველი აშხაბადიდან.
იმისათვის, რომ გარე სამყაროდან მომავალი ინფორმაცია მოსახლეობისთვის მიუწვდომელი დარჩეს, თურქმენეთი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დახურული და იზოლირებული ქვეყანა, ფაქტობრივად ტოტალურად აკონტროლებს ინტერნეტ სივრცეს, ამ კონტროლის გვერდის ავლა კი ადვილი არ არის.
"ზოგიერთი ახერხებს VPN-თან (ვირტუალური კერძო ქსელი) დაკავშირებას, მაგრამ ეს დროებითია, მასაც ბლოკავენ. თანაც, ინტერნეტი ნელა მუშაობს. ასე რომ, თუკი ვინმე მოახერხებს საინტერესო ვიდეოს, კლიპის ან ფილმის ჩამოტვირთვას, ყველანი ერთად ვუყურებთ" — უთხრა სააგენტო ფრანს პრესს (AFP ) 19 წლის იშანგულიევმა.
მიუხედავად დამცავი სისტემების ეფექტურობისა, ხელისუფლება სულ უფრო ამკაცრებს კონტროლის მექანიზმებს, რათა ქვეყანაში გარე სივრციდან ინფორმაციამ არ შეაღწიოს.
სოციალურ მედიასთან ერთად დაბლოკილია WhatsApp-ი, Viber-ი, Signal-ი და Telegram-ი. მათ ნაცვლად, თურქმენეთს აქვს Bizbarde, მთავრობის კონტროლის ქვეშ არსებული საკონტაქტო ქსელი.
ვიდეოებისთვის შეიქმნა Belet-ი, YouTube-ის ალტერნატივა, რომელიც გაწმენდილია ყოველგვარი წყაროსგან — როგორც სიახლეების, ისე გასართობი შინაარსის — რომელიც აჩვენებს, როგორია ცხოვრება საზღვრებს მიღმა.
მეტიც, მოსახლეობა ვალდებულია ინტერნეტის სახლთან დაკავშირებისას ყურანზე დაიფიცოს, რომ არ გამოიყენებს თავის არიდების მექანიზმებს, სტუდენტებმა კი უნდა შეავსონ დეკლარაცია, რომლითაც ისინი დებენ პირობას, რომ ინტერნეტს მხოლოდ "საგანმანათლებლო მიზნებისთვის" გამოიყენებენ."რასაც მოსახლეობა სახლებში ისმენს, არის მხოლოდ "ბერდიმუხამედოვების პიროვნების კულტის პროპაგანდა" — ამბობს რუსლან მიატიევი. "იმისათვის, რომ მედიაში კონსტრუირებული პარალელური სამყარო ნგრევისგან დაიცვან, ისინი ინტერნეტს ბლოკავენ" — თქვა მან.
ქვეყნის შიგნით ყველა მედია საშუალებას სახელმწიფო მართავს. ისინი მხოლოდ ოფიციალურ ახალ ამბებს აშუქებენ, აჩვენებენ როგორ აქებს და ემადლიერება საზოგადოება ბერდიმუხამედოვის რეჟიმს.
"რამდენიმე ადგილობრივი ჩინოვნიკი მოვიდა და მითხრა, რომ სატელიტის თეფში უნდა მომეხსნა, რადგან ქალაქის არქიტექტურას ამახინჯებდა" — თქვა იუსუფ ბახშიევმა, დედაქალაქში მცხოვრებმა საჯარო მოხელემ, რომლისთვისაც სატელიტი უცხოურ არხებთან დაკავშირების ერთადერთი საშუალება იყო.
ზოგიერთი დასავლური არხი, მათ შორის France 24, BBC და Euronews, ხელმისაწვდომია, თუმცა იმ ქვეყანაში, სადაც ინგლისური ფაქტობრივად არ იციან, მათ დიდი აუდიტორია არ ჰყავთ.
- Freedom House-ი თურქმენეთს პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით ,,ყველაზე უარეს“ ქვეყანათა კატეგორიაში აერთიანებს.
2025 წლის მონაცემები: პოლიტიკური თავისუფლების ინდექსი - 0/40; სამოქალაქო თავისუფლების ინდექსი - 1/60
- მსგავსი სურათია Reporters Without Border-ის პრესის თავისუფლების ინდექსშიც
2025 წლის მონაცემი — 180 ქვეყნიდან 174-ე ადგილი
თუმცა ოქსანა შუმილოვა, სამშენებლო კომპანიის თანამშრომელი ამბობს, რომ მას ეს ყველაფერი არ აწუხებს. იგი ბედნიერია იმით, რომ ქვეყანაში სტაბილურობაა, ახალი ამბები კი სიმშვიდის განცდას ჰგვრის. "მასში არაფერია კრიტიკული და ნეგატიური" — ამბობს ის.
მიუხედავად კონსტრუირებული კეთილდღეობისა, გახანგრძლივებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა მძიმე გავლენა იქონია რიგით მოქალაქეებზე, რამაც ფინანსური სირთულეები და საკვებთან დაკავშირებული ფართოდ გავრცელებული პრობლემები გამოიწვია. სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი იყვნენ, გახანგრძლივებული საათები ემუშავათ დროული ანაზღაურების გარეშე.
- მაგალითად, 2024 წლის ივლისში აშხაბადის მუნიციპალური სამსახურების თანამშრომლები ორი თვის განმავლობაში ხელფასების გარეშე დარჩნენ, რის გამოც მათი ოჯახები მნიშვნელოვანი შემოსავლის გარეშე დატოვეს. თუმცა, თანამშრომლებს ეშინოდათ ამაზე საუბრის, გამომდინარე იმ რისკებიდან, რაც სამუშაო ადგილის დაკარგვასა და მთავრობის კრიტიკას უკავშირდება.
ასეთ შიშებს კიდევ უფრო ამძაფრებდა რეპრესიული ზომები, რომლებიც მიმართული იყო უკმაყოფილების გამომხატველთა მიმართ.
- მაგალითად, 2024 წლის სექტემბერში ლებაპის რეგიონის ბამბის მწარმოებელ ფერმერებს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემით დაემუქრნენ მას შემდეგ, რაც უარი თქვეს მოსავლის სახელმწიფო ქარხნისთვის გადაცემაზე, ვინაიდან მათ გააპროტესტეს საქონლის ჩაბარების ფასის შემცირება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებდა მათ შემოსავლებს.
ამის პარალელურად, მერის რეგიონში გაიზარდა იმ ოჯახების რიცხვი, რომლებსაც არ შეეძლოთ საკმარისი საკვების შეძენა, ზოგიერთი ოჯახი დღეების განმავლობაში საკვების გარეშე, ქორწილებისა და შეკრებების იმედად რჩებოდა. ამავდროულად, ის მოქალაქეები, რომლებიც დახმარებას ონლაინ ითხოვდნენ, დაკითხეს და დაემუქრნენ, რათა წაეშალათ მათი განცხადებები, რადგან, როგორც ჩანს, ეს სახელმწიფოსა და მისი მმართველების შეურაცხყოფად აღიქვეს.
ეს ცხადყოფს, რომ ხელისუფლება ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და ახშობს სოციო-ეკონომიკური კრიზისის შედეგად დამდგარი ვითარების კრიტიკას.
ბოროტების ბანალურობის საყოველთაობა
როგორც ჩანს, მიუხედავად იმ განსხვავებებისა, რაც ერებს შორის მათი კულტურული თუ ისტორიული იდენტობების საფუძველზე ყალიბდება, დიქტატურა ფაქტობრივად ერთნაირი სახით მკვიდრდება ყველგან, საზოგადოების ყოფა და მიმდინარე კონტექსტი გაერთვაროვნებულია. როგორც ვნახეთ, ხელისუფლებათა რეპრესიული აპარატი და საზოგადოების აწ უკვე იძულებითი მორჩილება სამივე შემთხვევაში მსგავს ტენდენციებს კვეთს, რაც დიქტატურის სახით "ბოროტების ბანალურობის" საყოველთაობაზე მიუთითებს.
ამ მოცემულობის გათვალისწინებით ნათელია, რომ დამოუკიდებელი მედიის დევნა და დისკრედიტაცია არა შიდა პოლიტიკის საბოლოო მიზანი და მხოლოდ კონკრეტული ჯგუფის თავსატეხი, არამედ რეჟიმების ფორმირების სიმპტომია. იგი მმართველთა ხელში თანმიმდევრული, უფრო ფართომასშტაბიანი და ძალაუფლების განმტკიცებისკენ მიმართული პოლიტიკის განხორციელების მექანიზმი ხდება, რომლის საშუალებით საზოგადოებრივი აზრისა და წინააღმდეგობის ძალის მედეგობის განსაზღვრაც, საბოლოო ჯამში, მმართველი ძალის განკარგულებაში აღმოჩნდება.
კომენტარები