ჩინეთის კოსმოსურ სადგურზე აქამდე უცნობი ბაქტერია აღმოაჩინეს — იდუმალი თანამგზავრი ორბიტაზე

ფოტო: orbitaltoday.com
ჩინეთის ტიანგუნის კოსმოსური სადგურიდან აღებულ ნაცხებში მეცნიერებმა აქამდე უცნობი ბაქტერია გამოავლინეს. მისი განსაკუთრებული თვისებების დამსახურებით, ბაქტერიას შეუძლია მკაცრ პირობებში, დედამიწის ზედაპირიდან ასეულობით კილომეტრის მოშორებით გაძლოს.
შენჟოუს ბიოტექნოლოგიების ჯგუფისა და პეკინის კოსმოსური ხომალდების სისტემური ინჟინერიის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა, ახალ სახეობას კოსმოსური სადგურის პატივსაცემად Niallia tiangongensis უწოდეს. მათი თქმით, ამ სახეობისა და მისნაირების შესწავლა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს ასტრონავტების ჯანმრთელობისა და ხომალდების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.
აღებული ნაცხები 2023 წლის მაისში შენჟოუ-15-ის ეკიპაჟმა, ჩინეთის კოსმოსური სადგურის საცხოვრებელი ზონის მიკრობიომის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ორი კვლევიდან ერთ-ერთის დროს მოიპოვა. შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, რომ კოსმოსური სადგურის გარემოში მცხოვრები მიკრობები განსხვავდებიან როგორც შემადგენლობით, ისე ფუნქციებით იმ მიკრობებისგან, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) გვხვდება.
ახალი ბაქტერია საკმაოდ ახლოს არის უკვე ცნობილ სახეობასთან Niallia circulans. იგი არის ღეროს ფორმის, ნიადაგში მცხოვრები ბაქტერია, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ გადაეწერა ახალ გვარში. მანამდე მას პათოგენურ ბაცილად მიიჩნევდნენ. ბაცილას მსგავსად, აღნიშნული ბაქტერიაც და მის კოსმოსში მყოფ ნათესავსაც შეუძლიათ დამკვიდრდნენ მძლავრ სპორებში, რაც მათ, ძალიან რთულ პირობებში გადარჩენის საშუალებას აძლევს.
ბაქტერიის მრავალფეროვანი თვისებების გამო, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ Niallia-ს გვარის ბაქტერიები შეიძლება ერთმანეთისგან სრულად განსხვავდებოდნენ და ადვილად ერგებოდნენ კოსმოსური სადგურების მსგავს ხელოვნურ გარემოს.
ამ ბაქტერიების შემსწავლელმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ისინი ბრწყინვალედ უძლებენ პირობებს, რომლებიც ადამიანისთვის სტერილურად ითვლება. მათი გადარჩენის საიდუმლო იმ გენებშია, რომლებიც დაკავშირებულია დნმ-ის აღდგენასა და ნივთიერებებისადმი გამძლეობასთან.
ჯერჯერობით უცნობია, უქმნის თუ არა Niallia tiangongensis საფრთხეს ტიანგუნის ასტრონავტების ჯანმრთელობას, მაგრამ მისი ნათესავის (Niallia circulans) უნარი გამოიწვიოს სეფსისი ადამიანებში, მეტყველებს, რომ კოსმოსური მიკრობებით გამოწვეული ჯანმრთელობის საფრთხეები სერიოზულად უნდა აღვიქვათ.
როდესაც ადამიანის მზერა მთვარეზე ან მის მიღმა მყოფ მისიებზეა მიმართული, ახლა როგორც არასდროს მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, როგორ ეგუებიან პატარა "თანამგზავრები" ჩვენს გვერდით კოსმოსურ ცხოვრებას.
ეს კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში International Journal of Systematic and Evolutionary Microbiology.
კომენტარები