საუკუნზე მეტი ხნის წინ, მილიონობით ადამიანი — ვინც ევროპაში სიღარიბეს, დევნას ან ომს გაურბოდა — ნიდერლანდების ქალაქ როტერდამის ნავსადგურში გემზე ავიდა და ახალი ცხოვრების დასაწყებად ატლანტის ოკეანის გადაკვეთის გზას დაადგა.

დღეს, ამ ადგილას ადამიანები ყოფილ საწყობში შედიან, ადიან ხვეული კიბით და ზემოდან გადაჰყურებენ იმ წერტილს, საიდანაც ოდესღაც გემები იმ გზას შეუდგნენ.

ფენიქსი, ახალი მუზეუმი როტერდამში

ფენიქსი, ახალი მუზეუმი როტერდამში

ფოტო: New York Times

ეს არის Fenix — ხელოვნების მუზეუმი, რომელიც მიგრაციის თემას ეძღვნება და დამთვალიერებლისთვის პარასკევს გაიხსნა. ოდესღაც მიტოვებული საწყობი გადაიქცა თეთრ კუბურ საგამოფენო სივრცედ, რომელსაც არქიტექტურულ გამორჩეულობას მბზინავი ფოლადის ორმაგი სპირალური ფორმა სძენს — ის როტერდამის სილუეტში თვალსაჩინოდ ჩანს.

"მთელი მუზეუმი მოძრაობას ეძღვნება," — ამბობს ვიმ პეიბესი, ფონდის თავმჯდომარე, რომელიც მუზეუმს მართავს — "ეს არც გენეალოგიაა, არც ხელოვნების ისტორია და არც დოკუმენტალისტიკა. ეს არის ნივთების ნაზავი: მაღალი ხელოვნება, პოპკულტურა, პირადი ნივთები, ვიდეო, კინოკადრები, ფოტოგრაფია, კერამიკა — ყველაფერი ერთად, როგორც სიმფონია."

ვიმ პეიბესი

ვიმ პეიბესი

ფოტო: Wikipedia

ნიუ-იორკის, ლონდონის ან პარიზის მიგრაციის მუზეუმებისგან განსხვავებით, რომლებიც კონკრეტული ემიგრანტებისა და ლტოლვილების ისტორიებს ყვებიან, Fenix უფრო ფართო და განზოგადებულ მიდგომას ირჩევს.

შესასვლელში ორი პატარა გამოფენაა — ერთში ფოტო-ჟურნალისტური კადრებია წარმოდგენილი, მეორეში კი ათასობით ჩამონგრეული ბარგი. მიგრაციას ორივე უნივერსალურ, ზოგად ადამიანურ გამოცდილებად გვიჩვენებს. მთავარი გამოფენა — "ყველა მიმართულებით", რომელიც 7,000 კვადრატულ მეტრ ბეტონისა და შუშის სივრცეშია განთავსებული — აერთიანებს ხელოვნების ნიმუშებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად ეხება მიგრაციის გამოცდილებას.

ჩემი გაგებით, მიგრაცია მოგზაურობაა, მაგრამ არა სწორ ხაზზე

მუზეუმში მნახველები იხილავენ ამერიკელი არტისტის, რედ გრუმსის პოპ-არტს და 2019 წლის ქანდაკებას "კოსმოსური ლტოლვილი", რომელიც ომარ იმამმა შექმნა. ასევე წარმოდგენილია მე-16 საუკუნის მოგზაური მხატვრის, ჰანს ჰოლბაინ უმცროსის და ჰოლანდიელი აბსტრაქციონისტის, ვილემ დე კუნინგის ნამუშევრები — უკანასკნელი სწორედ როტერდამიდან ემიგრირდა აშშ-ში. მათ გვერდით კი სხვა სახის ობიექტებია წარმოდგენილი — მაგალითად, უსახელო პირის დოკუმენტი და ბერლინის კედლის დიდი მონაკვეთი, რომელიც ცივი ომის პერიოდში გადაადგილების სიმბოლურ ბარიერს წარმოადგენდა.

ადამიანები ყოველთვის მოძრაობდნენ, ზოგჯერ ომის ან ჩაგვრის გამო, ზოგჯერ სიყვარულისთვის, უკეთესი მომავლის საძიებლად

Fenix-ის არქიტექტორი, მა იანსონგი, რომელიც პეკინის არქიტექტურულ სტუდიას MAD წარმოადგენს, ამბობს, რომ შენობის შუაში არსებული ორმაგი ხვეული კიბე — ფოლადის კედლებითა და გემის იატაკივით ხის ზოლებით — ემიგრანტის გამოცდილების მეტაფორაა.

მა იანსონგი

მა იანსონგი

ფოტო: New York Times

"ჩემი გაგებით, მიგრაცია მოგზაურობაა, მაგრამ არა სწორ ხაზზე," — თქვა მან ინტერვიუში. "ეს არჩევანის პროცესია. ამიტომაც არის ორი კიბე და არა ერთი."

პეიბესი მუზეუმზე 2018 წლიდან მუშაობს და ის იხსნება მაშინ, როცა მიგრაცია კვლავ მწვავე გლობალური საკითხია.

აშშ-ში, პრეზიდენტი ტრამპი ისტორიულად ყველაზე მასშტაბურ დეპორტაციის ოპერაციას ჰპირდება ქვეყანას. ხოლო ნიდერლანდებში, ხელისუფლებამ ახლახან წარადგინა "ნიდერლანდების ისტორიაში თავშესაფრის მიღების ყველაზე მკაცრი პოლიტიკა".

მაგრამ Fenix-ის დამფუძნებლები აცხადებენ, რომ მუზეუმი პოლიტიკურ დებატებში არ ერევა, რადგან მიგრაციას ცხოვრების უნივერსალურ ფაქტად განიხილავენ.

"Fenix არ არის მუზეუმი პოლიტიკის შესახებ", — ამბობს პეიბესი. "ჩვენი გაჩვენებთ, რომ მიგრაცია კაცობრიობის გამოცდილებაა მას შემდეგ, რაც ადამიანი არსებობს. ჰუგენოტები, ებრაელები, ალბანელები თუ პროტესტანტები — ადამიანები ყოველთვის მოძრაობდნენ, ზოგჯერ ომის ან ჩაგვრის გამო, ზოგჯერ სიყვარულისთვის, უკეთესი მომავლის საძიებლად ან უბრალოდ ცნობისმოყვარეობით — რაღაც ახლის“.

მუზეუმის დირექტორი, ანე კრამერსი, იზიარებს ამ დამოკიდებულებას: "Fenix-ში ჩვენ ვაჩვენებთ და არა ვყვებით. ბევრი კითხვის დასმას ვაპირებთ, რათა დამთვალიერებლები დაფიქრდნენ — და მართლა ყველას ვეპატიჟებით, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რა პოლიტიკურ შეხედულებას იზიარებს."

ალფრედ სტიგლიცის 1907 წლის ფოტო

ალფრედ სტიგლიცის 1907 წლის ფოტო

ერთ-ერთ ინსტალაციაში — "მიგრანტების ოჯახი" — ასეულობით მიგრანტის ფოტოებია გაერთიანებული სამ ნაწილად: გამგზავრება, მოგზაურობა და ჩამოსვლა. მათ შორისაა ალფრედ სტიგლიცის 1907 წლის ფოტო, რომელიც ამერიკიდან ევროპისკენ მიმავალ გემზეა გადაღებული, და ჯონ მურის 2018 წლის ფოტო, რომელშიც პატარა გოგო ჰონდურასიდან დედის გვერდით ტირის, როცა ისინი ტეხასში საზღვრისპირა პოლიციამ დააკავა.

ჯონ მურის 2018 წლის ფოტო

ჯონ მურის 2018 წლის ფოტო

პეიბესი, Rijksmuseum-ის ყოფილი დირექტორი, ამბობს, რომ Fenix-ის იდეა 2017 წელს დაებადა, როგორც ნიუ-იორკის Ellis Island-ის მიგრაციის მუზეუმის ნიდერლანდური ანალოგი. სწორედ მაშინ დაიქირავა იგი როტერდამში დაფუძნებულმა კულტურულმა ფონდმა Droom en Daad (ოცნება და მოქმედება), რათა ქალაქისთვის კულტურული ცენტრი შეექმნა. მას შემდეგ ფონდმა უკვე 300-ზე მეტი ხელოვნების ნიმუში შეიძინა მუზეუმის მუდმივი კოლექციისთვის.

ამჟამად, დაახლოებით 150 ნამუშევარია გამოფენილი, ამბობს კრამერსი და დასძენს, რომ ისინი როტაციულად შეიცვლება.

"კიდევ ვაგრძელებთ შეძენას," — ამბობს პეიბესი, თუმცა მუზეუმის საერთო ხარჯზე არც ის და არც კრამერსი კომენტარს არ აკეთებენ.

წარმოდგენილ ხელოვნების ნიმუშების შორისაა ბრიტანელი ხელოვანისა და რეჟისორის სტივ მაკქუინის, ჰოლანდიელი ფოტოგრაფის, რინეკე დეიკსტრას და ტაილანდელი არტისტის, ჯაკკაი სირიბუტრის ნამუშევრები.

ცენტრალურ საგამოფენო სივრცეში გამორჩეულ ადგილს იკავებს რედ გრუმსის 1995 წლის რბილი ქანდაკება "ავტობუსი" — ნიუ-იორკის M5 მარშრუტის ქსოვილის რეპლიკა, რომელიც მანჰეტენს კვეთს 31-ე ქუჩიდან უოშინგტონ ჰაიტსამდე.

ნიუ იორკის ავტობუსის ქანდაკება

ნიუ იორკის ავტობუსის ქანდაკება

ფოტო: New York Times

"ეს ავტობუსი წარმატებული მიგრაციის შედეგების სიმბოლოა," — ამბობს პეიბესი — "ავტობუსში უამრავი ნიუ-იორკელია და როცა შედიხარ, ხედავ ნიუ-იორკის ხალხმრავლობას, კულტურულ ნაზავს, იმ ნაზავს, რაც ნიუ-იორკს ნიუ-იორკად აქცევს."

მისთვის მიგრაცია არ არის პრობლემა, რომელიც უნდა მოგვარდეს — ესაა საინტერესო თემა, რომელმაც უამრავი არტისტი შთააგონა.

"ეს მუზეუმი იმედის შესახებაც არის," — ამბობს პეიბესი, — "რადგან ყველა ლტოლვილსა და მიგრანტს ერთი რამ აერთიანებს — უკეთესი მომავლის იმედი."