ფოთისა და ხობის ეპარქია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის სააღდგომო ეპისტოლეს ავრცელებს. სადაც მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებსაც ეხება.

ეპისტოლეში ნათქვამია, რომ "დღეს ქართველის ერის სახელმწიფოებრივი ცნობიერება დიდ საფრთხეშია, რაც ნათლად გამოჩნდა ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მომხდარი მოვლენების სახით". მისი თქმით, ერთ-ერთი არსებითი პრობლემა, რომელიც თანამედროვე ქართულ საზოგადოებას უდგას, ცნებათა და ღირებულებათა სისტემების აღრევაა და ამის "ნათელი მაგალითია მტრისა და მოყვრის ცნებათა იმგვარი აღრევა, რომელიც საზოგადოების დეზორიენტაციას ემსახურება და ძირს უთხრის მის საყრდენ ღირებულებათა სისტემას".

მეუფე გრიგოლის თქმით, "სრულიად მიუღებელია სამშობლოსა და ქრისტიანობისთვის თავდადებული მამულიშვილების ღვაწლის დაკნინება/დამცრობა, მათი გმირული ცხოვრების გაფერმკრთალების ყოველგვარი მცდელობა, რაც საზოგადოების დაბნეულობას და მისი დიდი ნაწილის საფუძვლიან უკმაყოფილებას იწვევს".

მისი თქმით, "თვით ქრისტიან ერთა შორისაც კი (მათ შორის, განსაკუთრებით, რუსეთში!) არცთუ იშვიათად წარმმართველი იყო ძალზე მავნე ამბიცია — უგულებელყოფილიყო მცირერიცხოვანი ერების უფლებები და დამოუკიდებელი არსებობის ყოველგვარი ფორმა".

მიტროპოლიტი გრიგოლი ეპისტოლეში "რელიგიური თემატიკის მისაკუთრებაზეც" წერს.

"იმ ისტორიული გამოცდილების გახსენებაც არ გვაწყენდა, თუ რაოდენ სახიფათოა რელიგიური თემატიკის მისაკუთრება და მასზე ე.წ. ექსკლუზივის გამოცხადება ამა თუ იმ სახელმწიფოს მიერ; ასეთ შემთხვევაში, თუკი ეს მოხდება, სულ რაღაც ერთი ნაბიჯიღა რჩება, რომ საზოგადოებას დაუდგინონ ყალბი რელიგიურობის კრიტერიუმები, რაც ყოველგვარ დიქტატურაზე სახიფათოც კი შეიძლება აღმოჩნდეს", — ვკითხულობთ ეპისტოლეში.

ფოთისა და ხობის ეპარქია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის სააღდგომო ეპისტოლეს სრულად გთავაზობთ:

"ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის

სააღდგომო გზავნილი

სულიერი შვილებისადმი.

ქრისტე აღდგა!

ქრისტესმიერ საყვარელო ძვირფასო სამწყსოვ, მოიწია ჟამი საყოველთაო სიხარულისა; დღეს ხარობს ცა და მიწა; ხარობენ კაცნი და ანგელოზნი; "მოვედით ყოველნი მორწმუნენი, თაყვანისვცეთ ქრისტეს ღმრთისა ჩვენისა აღდგომასა, რამეთუ აჰა ესერა მოიწია ჯვარისა მიერ და აღდგომისა სიხარული ყოვლისა სოფლისა, მარადის ვაკურთხევდეთ ქრისტესა და უგალობდეთ აღდგომასა მისსა, რამეთუ ჯვარცმა თავს იდუა ჩვენთვის და სიკუდილითა სიკუდილი განაქარვა."

ამ დიდებული დღისთვის ლოცვითა და მარხვით გვამზადებდა ქრისტეში ჩვენი მშობელი დედაეკლესია; საგანგებო ტიპიკონით იმართებოდა მსახურებები, შავად იყო შემოსილი წმიდა ტრაპეზი და სამსხვერპლო, წმიდა წერილის წიგნებიდან ამ პერიოდისთვის საგანგებოდ გამორჩეული საკითხავები ზედმიწევნით მიაპყრობდა ჩვენს ყურადღებას ჩვენი მაცხოვრის მიერ ამსოფლიური მსახურებისას განვლილ გზას და ჩაგვაფიქრებდა იმის შესახებ, თუ "რაი მივაგოთ უფალსა ყოვლისავეთვის, რომელიც მოგვაგო ჩვენ".

წმიდა ეკლესია მოწოდებულია იმისთვის, რომ კაცთა გულებში აღანთოს რწმენის ჩირაღდანი და აღძრას ცოცხალი განცდა იმ სიყვარულისა, რომლითაც ღმერთმა შეგვიყვარა და გაგვხადოს მისი თანაზიარი. რამეთუ სწორედ ამ თანაზიარობას შემოაქვს ჩვენში სიხარული მშობლიური სიყვარულის წიაღში დაბრუნებისა. დაე, სიყვარული ჩვენი იყოს სავსებით და მარადჟამს სიხარულით ვაუწყებდეთ ერთმანეთს: ქრისტე აღდგა!

ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ოდეს ღმერთმა მოსცა სამყაროს თავისი მხოლოდშობილი ძე, ცოდვისა და სიკვდილის ტყვეობიდან კაცთა მოდგმის გამოხსნისათვის, შენთვის იყო! ჩვენთვის და ჩვენისა ცხოვნებისათვის განკაცდა ღმერთი, მიმოდიოდა სოფლად და ქადაგებდა მომავალი ცხოვრების, ზეციური სასუფევლის შესახებ. წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახარებაში მის შესახებ ვკითხულობთ, რომ "იყო სოფლად და სოფელი მის მიერ შეიქმნა, და სოფელმა ის ვერ იცნო. თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღეს იგი." თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც მიიღო იესო ქრისტე და არა თუ მიიღო მხოლოდ, არამედ გაჰყვნენ მას, დაემოწაფნენ და გახდნენ მადლის მემკვიდრენი. ესენი იყვნენ წმიდა მოციქულნი ათორმეტნი, რომელთა შესახებ წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი ამბობს: "იგინი იყვნენ მქადაგებელნი მაღლისა ჭეშმარიტებისა; დაუცხრომელად და დაუღალავად ჰმოძღვრიდენ და ასწავლიდნენ იგინი ყოველთა კაცთა, და სწავლითა თვისითა ისეთი კეთილი ცვლილება მოახდინეს კაცთა შორის, ისრე აღამაღლეს და გააუმჯობესეს კაცთა ზნეობა, რომელ სახელი მათი არის და იქნება უკვდავი, ვიდრემდის ქვეყანაზედ დარჩება სიყვარული ჭეშმარიტებისა“.

ვინც ირწმუნებს იესო ქრისტეს და გულის კარს გაუხსნის, წმიდა იოანე მახარებელი გვეუბნება, რომ "უფალი მისცემს მათ ხელმწიფებას ღვთის შვილებად გახდომისა" (ინ. 1,10-13).

ქრისტეს სამწყსოვ, წმიდა ეკლესია არის ის ემბაზი, სადაც იბადება ახალი კაცი, იბადება ახალი სიცოცხლე, სიცოცხლე უფალში. ეკლესია არის ის კიდობანი, რომელმაც შეინახა და საყოველთაო წარღვნის ჟამს დაიცვა მართალთა სიცოცხლე და განახლებულ სამყაროს დაუდო სათავე. წმიდა ისტორია იმასაც გვიჩვენებს, რომ მიუხედავად განახლებისა, ადამის მოდგმა კვლავ მიიდრიკა ცოდვისკენ, რამეთუ პირველჩენილმა ცოდვამ დააზიანა ადამიანის ბუნება და მისი გამოხსნა უკვე „ვერ შესაძლებელ იყო“ თვინიერ იესოს გამომხსნელობითი მსხვერპლისა; სწორედ ეს საიდუმლო აღესრულა გოლგოთაზე, ოდეს მოიკლა სიკვდილი და ჩვენ განვცხოველდით.

დღეს ჩვენ გვამხნევებს წმიდა ეკლესია და თავის წიაღში მოგვიწოდებს ძე შეცდომილთ და გზააბნეულთ, ეშმაკისგან გაბრიყვებულ და გაბნეულ შვილებს, სამწყსოს, რომლისთვისაც ჯვარზედ დაიკლა უბიწო ტარიგი ღვთისა.

საუკუნეთა სიღრმიდან კვლავ გაისმის IV საუკუნის დიდი მოღვაწისა და მღვდელმთავრის, იოანე ოქროპირის ცნობილი სიტყვა, რომელიც სიცოცხლის გამარჯვების ჰიმნად ჩაგვესმის და ამხელს სიკვდილის უსუსურობას:

"სადა არს სიკვდილო საწერტელი შენი; სადა არს ჯოჯოხეთო ძლევაი შენი; აღსდგა ქრისტე და დაირღვი შენ; აღსდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი: აღსდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქობს..."

ბრწყინვალე აღდგომის დიდებულ დღეს მდინარესავით მოედინება ხალხის ნაკადი ეკლესიისკენ; მათ შორის მოდიან მართალნიც და ცოდვილნიც, მორწმუნენიც და ურწმუნონიც; მოდიან, რათა იდღესასწაულონ ახალი აღთქმის პასექი, თუმცა, საყურადღებოა, რომ ამ დღეს, ათანასე დიდი გვახსენებს წმიდა დავით წინასწარმეტყველის გაფრთხილებას:

"რა უფლება გაქვს, რომ ქადაგებ ჩემს წესებს და პირთან მიგაქვს ჩემი პირობა(?) მაშინ, როდესაც გძულს დარიგება და უკუისვრი ჩემს სიტყვებს? ქურდს რომ დაინახავ, მასთან გარბიხარ, და გარყვნილებთან დაიდე წილი. პირი შენი მიშვებული გაქვს სიავეზე და შენი ენა სიყალბეს თხზავს. დაჯდები და შენი ძმის წინააღმდეგ ლაპარაკობ, დედაშენის შვილის შერცხვენას ცდილობ. ამას სჩადიოდი და მე ვდუმდი; გეგონა, რომ შენი მსგავსი ვარ; აწ კი გამხილებ და თვალწინ დაგიდებ. ჩაუფიქრდით ამას, ღმერთის დამვიწყებელნო... (ფს. 49,16-22).

ამ ბრწყინვალე დღესასწაულის ფონზე თუმც კი მკაცრად ჩაგვესმის ეს შეგონება, და მოსასმენადაც კი მძიმეა, მაგრამ ეს არის მოუნანიებელთა მიმართ გაფრთხილება მისგან, ვისაც ყოველთა კაცთა გადარჩენა სურს, ვინც ამბობს: „მე ვინც მიყვარს, მას ვამხილებ და ვწვრთნი" (გამოცხ. 3,19).

ქრისტესმიერ საყვარელნო, დღესასწაულები, განსაკუთრებით და გამორჩეულად კი - ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, დიდი მადლისა და სიხარულის წყაროა, და ჩვენ, კვლავ და კვლავ ვულოცავთ ერთმანეთს და ვამხნევებთ, რომ ღმერთი არ გვტოვებს, ის მარად ჩვენთან არის, მაგრამ იქნებ საკუთარ თავსაც დავუსვათ კითხვა - ჩვენს ისედაც ხანმოკლე სიცოცხლეში, რამდენად ვართ ღმერთთან და საკუთარ თავთან? თვითონ ხომ არ ვღალატობთ საკუთარ თავს, როცა დავნებდებით განსაცდელს, როცა უიმედობა და ნიჰილიზმი შეგიპყრობს, როცა ღვთის ხატად შექმნილი და შემოქმედებითი ნიჭებით დაჯილდოებულ არსებას ცხოვრების შიში გიპყრობს, ზურგს აქცევ პრობლემების საღად განსჯა-შეფასების უნარს და ფაქტობრივად უარს ეუბნები განვითარებას, სინათლეს, თავისუფლებას?!

მსურს გაგიზიაროთ, რომ ხშირად მახსენდება ჩემი ბავშვობის წლებში წაკითხული ერთი ისტორია, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ჯერ კიდევ მაშინ, მე-7 კლასის მოსწავლეზე:

— მოვლენა ვითარდება ერთ ქალაქში (თუ ქვეყანაში), სადაც მარადიული სიბნელე იყო ჩამოწოლილი და ასეთ პირობებში იზრდებოდა თაობები. ...და აი, გამოჩნდა მათ შორის ახალგაზრდა, რომელმაც მიზნად დაისახა, რომ სინათლე მოეტანა თავისი ხალხისთვის; გაუჩნდა მას თანამოაზრეთა გუნდი და ერთ დღესაც ქალაქმა დიდი ზარ-ზეიმით გააცილა ისინი სინათლის მოსაპოვებლად. გავიდა ხანი და როცა უკვე გადაწურული ჰქონდათ ყოველგვარი იმედი მათი დაბრუნებისა, ჰორიზონტზე გამოჩნდა ნათელი წერტილი, რომელიც სულ უფრო იზრდებოდა. მიხვდა ხალხი, რომ მათი შვილები ბრუნდებოდნენ და გამოვიდნენ მათთან შესაგებებლად; ქალაქი განათდა, გაბრწყინდა. ხალხი ზეიმს მიეცა, სუფრას შლიდა, აქებდნენ და ეფერებოდნენ ამ შეუპოვარ ახალგაზრდებს, რომელთაც ნანატრი სინათლე მოუტანეს თავის ხალხს.

გავიდა დღეები, ჩაცხრა სიხარული, გაიფანტა ემოციები და თანდათან აქა-იქ გაისმა უკმაყოფილო შეძახილები; სინათლემ გამოაჩინა სიბნელის ხანაში დაგროვილი სიბინძურე, უწესრიგობა, თავი იჩინა კონფლიქტებმა მოქალაქეთა შორის, ოჯახის წევრთა შორის; ერთმანეთს აბრალებდნენ ყველაფერს; კრიზისი დღითიდღე მძაფრდებოდა და მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ უხუცესებმა მოიწვიეს სახალხო კრება, რომელმაც განიხილა შექმნილი ვითარება, იმსჯელეს იმაზე, თუ რას უნდა გამოეწვია ეს კრიზისი, რა უნდა ყოფილიყო უთანხმოებათა მიზეზი და საბოლოოდ უხუცესებმა დაასკვნეს, რომ მთავარი პრობლემა იმ ახალგაზრდებშია, რომელთაც მოიპოვეს სინათლე; რომ სწორედ სინათლემ დაარღვია სიბნელეს შეგუებული საზოგადოების მშვიდი ყოფა.

უხუცესთა განაჩენი მძიმე და საბედისწერო აღმოჩნდა ამ ახალგაზრდებისთვის და მთელი საზოგადოებისთვის: ქალაქის გულში დაახვავეს უამრავი ქვა, შეგროვდა მთელი მოსახლეობა და რიგ-რიგობით იწყეს ამ ახალგაზრდა გოგო-ბიჭების ჩაქოლვა; როგორც კი უკანასკნელი ახალგაზრდა ჩაქოლეს, მის სიცოცხლესთან ერთად გაქრა ნათელი და ირგვლივ კვლავ ჩამოწვა უკუნი ბნელი, დამშვიდდა ხალხი, საზოგადოება კვლავ დაუბრუნდა ჩვეულ გარემოს და კვლავაც განაგრძეს ცხოვრება ბნელში.

ეს ისტორია, თუმც კი ალეგორიებით არის დატვირთული, მთელი ცხოვრება დამყვება და მახსენებს თავს!

ჩემო ძვირფასო და საყვარელო სამწყსოვ, ადამიანის ყოფას არ განაპირობებს მხოლოდ სადღესასწაულო მოვლენათა გახსენება და განსაკუთრებული ზეიმით მათი აღნიშვნა. ადამიანის ყოფას უნდა განაპირობებდეს მისი გააზრებული და მიზანმიმართული ქმედებები ყოველდღიურ საჭირბოროტო საკითხებთან მიმართებით.

მოგეხსენებათ, დღეს დღე მისდევს, თვეს — თვე, წელიწადს — წელიწადი, და ისე გადის დრო, როგორც საცერში - წყალი; ადამიანს კი უამრავი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საზრუნავი აქვს იმისთვის, რომ ისედაც მძიმე სოფლიური ყოფა რამდენადმე შეიმსუბუქოს, და თუ შესაძლებელია, არსებითად გაიუმჯობესოს კიდეც. ეს კი მისგან საჭიროებს დიდ სულიერ და ფიზიკურ ძალისხმევას. სწორედ ამ კონტექსტში უაღრესად მნიშვნელოვანია ის, თუ (ა) რამდენად ეფექტურად იყენებს იგი დროს, და (ბ) რამდენად ირჯება საიმისოდ, რომ ცხოვრება შეცვალოს უკეთესობისკენ; ერთია გინდოდეს და ცდილობდე ამის გაკეთებას, და მეორე - გონივრული და თანმიმდევრული იყო შენ ქმედებებში, რათა უკვე არსებული და დღემდე მოტანილი საზოგადოებრივი სიკეთე არ დააზიანო და დაბრკოლებად არ ექმნა საკუთარ თავს/საზოგადოებას/ქვეყანას.

სასულიერო პირის სამოძღვრო მსახურების სოციალური ხასიათიდან გამომდინარე მრავალ ადამიანთან ხშირად გვიწევს შეხვედრა და საუბარი, რაც გარკვეულ წარმოდგენებს გვიქმნის იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც მძიმედ აისახება საზოგადოების სულიერ, ეროვნულ, მოქალაქეობრივ და სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე. ამ მიმართებით რამდენიმე საჭირბოროტო საკითხს შევეხები:

(1) უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ქართველის ერის სახელმწიფოებრივი ცნობიერება დიდ საფრთხეშია, რაც ნათლად გამოჩნდა ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მომხდარი მოვლენების სახით. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესები საფრთხის ქვეშაა. ეს იმ ტიპის განსაცდელია, რაც საფრთხეს უქმნის თვით ქრისტეს ეკლესიის ისტორიულ მისიასაც საქართველოში. ეკლესია, რაჟამს ერში დიდი განსაცდელი მოიწეოდა, ყოველთვის შეახსენებდა თავის სამწყსოს, რომ ერი განსაცდელშია. ასეთია ჩვენი სულიერი და გამოცდილებითი მემკვიდრეობა და ამას ვერ უგულებელვყოფთ!

(2) ისტორიულად ცნობილია, რომ თვით ქრისტიან ერთა შორისაც კი (მათ შორის, განსაკუთრებით, რუსეთში!) არცთუ იშვიათად წარმმართველი იყო ძალზე მავნე ამბიცია — უგულებელყოფილიყო მცირერიცხოვანი ერების უფლებები და დამოუკიდებელი არსებობის ყოველგვარი ფორმა. ამით სათავე მიეცა იმ ტიპის პოლიტიკურ ფსევდო-მაქსიმალიზმს, რომელიც, თავისი არსით, თავად ქრისტიანობის ბუნებას ეწინააღმდეგება. ეს არის ერთგვარი "პოლიტიკური რადიკალიზმი", რომელიც დასაბამი გახდა არაერთი ფანატიკურ-ერეტიკული ხედვისა, რამაც თავად ქრისტიანულ რწმენას დიდი ზიანი მიაყენა. არადა, მართლმადიდებლური რწმენა ქრისტეს ეკლესიაში ერთმანეთთან აერთიანებს თავისუფლების სიყვარულს და სხვათა აზრის პატივისცემას, რაც, სხვათა შორის, ჯანსაღი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების საფუძველთა საფუძველიცაა.

აქვე, ზემოთქმულიდან გამომდინარე, იმ ისტორიული გამოცდილების გახსენებაც არ გვაწყენდა, თუ რაოდენ სახიფათოა რელიგიური თემატიკის მისაკუთრება და მასზე ე.წ. ექსკლუზივის გამოცხადება ამა თუ იმ სახელმწიფოს მიერ; ასეთ შემთხვევაში, თუკი ეს მოხდება, სულ რაღაც ერთი ნაბიჯიღა რჩება, რომ საზოგადოებას დაუდგინონ ყალბი რელიგიურობის კრიტერიუმები, რაც ყოველგვარ დიქტატურაზე სახიფათოც კი შეიძლება აღმოჩნდეს. საერთოდ, გასათვალისწინებელია, რომ რელიგიური სივრცის პოლიტიკურ ოკუპირებასა და ამავე პათოსით საზოგადოებისთვის ფსევდო-მორალური ვალდებულებების დადგენას თვით ყველაზე საშიშ დიქტატურაზე არანაკლები ზიანის მოტანა შეუძლია საზოგადოებისა და თვით ეკლესიისთვისაც კი.

(3) ერთ-ერთი არსებითი პრობლემა, რომელიც თანამედროვე ქართულ საზოგადოებას უდგას, ცნებათა და ღირებულებათა სისტემების იმგვარი აღრევაა, რომელიც ისტორიულად არსებული ქართული ცნობიერების მთავარ ხაზს ეწინააღმდეგება და ერთგვარ მსოფლმხედველობრივ ქაოსს ქმნის, რაც მხოლოდ მტრის წისქვილზე ასხმას წყალს. ამგვარი აღრევის ნათელი მაგალითია მტრისა და მოყვრის ცნებათა იმგვარი აღრევა, რომელიც საზოგადოების დეზორიენტაციას ემსახურება და ძირს უთხრის მის საყრდენ ღირებულებათა სისტემას. ამგვარი მყიფე ღირებულებითი სისტემა კი ჩვენი საზოგადოების ისტორიულ მისიას ეჭვქვეშ აყენებს და მრავალჭირნახული, მრავალი საფრთხის განმცდელი/გამომცდელი ქართველი ერის მომავალს ერთგვარად საყრდენს აცლის კიდეც. ამავე კონტექსტში არ შეგვიძლია ყურადღება არ გავამახვილოთ იმ ფაქტზეც, რომ:

(4) მართლმადიდებელი ქრისტიანული რწმენა მისი ერთგული მიმდევრების სულიერ ღვაწლსა და მემკვიდრეობაზე დგას. უფრო მეტიც, საქართველოში ისტორიულად არსებული მართლმადიდებლობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ქრისტიანობისთვის და სამშობლოსთვის წამებულთა მოწამეობრივი ცხოვრების წესია, რომელსაც განადიდებს საქართველოს სამოციქულო ეკლესია. აქედან გამომდინარე, სრულიად მიუღებელია სამშობლოსა და ქრისტიანობისთვის თავდადებული მამულიშვილების ღვაწლის დაკნინება/დამცრობა, მათი გმირული ცხოვრების გაფერმკრთალების ყოველგვარი მცდელობა, რაც საზოგადოების დაბნეულობას და მისი დიდი ნაწილის საფუძვლიან უკმაყოფილებას იწვევს. სამშობლოსთვის თავდადებულ მამულიშვილთა მოწამეობრივი ცხოვრება და ღვაწლი ჩვენი ერისა და დედაეკლესიის დიდი სულიერი მემკვიდრეობაა, რომელსაც ჩვენი ეკლესია სავსებით სამართლიანად განადიდებს და ამიტომაცაა, რომ მათ შორის მრავალნი წმინდანად არიან აღიარებულნი და ზეციურ მოდასეთა შორის ჩვენს სულიერ ფარს ქმნიან.

ძვირფასო სამწყსოვ, ჩემი სურვილი მხოლოდ ის არის, რომ ყოველივე ზემოთქმულმა დაფიქრებისკენ, სათანადო დასკვნებისა და კონკრეტული სასიკეთო ქმედებებისკენკენ გვიბიძგოს. ჩვენი დიდი მღვდელმთავარი, წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი შეგვაგონებს, რომ "ღმერთს მადლობას მარტო ენით არ უნდა შევსწირვიდეთ, არამედ საქმითაც".

ჩვენ წინ გველის უამრავი საკეთებელი, დიდი და მცირე, რაც ჩვენი ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობას განსაზღვრავს დღეს და სამომავლოდაც; ისიც უნდა ითქვას, რომ წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის თანახმად, „სათნოება ყოველთვის გარშემორტყმულია უბედურებებით, როგორც ვარდი — მჩხვლეტავი ეკლებით“. ასე რომ, განსაცდელებმა არ უნდა შეგვაშინოს, მხნედ უნდა ვიყოთ!

ახლა კი, ჩემო ძვირფასებო, მოდით, კვლავ ზეცად აღვაპყროთ თვალნი ჩვენნი და სულიერი მზერა მივაპყროთ მას, რომელიც აღდგა რა მკვდრეთით, საუკუნო ცხოვრების კარიბჭე გაგვიხსნა და საუკუნო ნათელი მოგვფინა. დიდება და მადლობა მას ყველაფრისთვის.

სასოება ჩვენდა მამა, შესავედრებელ ჩვენდა ძე, მფარველ ჩვენდა სული წმიდა, სამებაო, წმიდაო, დიდება შენდა!

ქრისტე აღდგა!

ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე!

ბრწყინვალე აღდგომა

20 აპრილი, 2025 წელი", — ნათქვამია ეპისტოლეში.

"მშვიდობის მოსურნეთა მონდომება დიდია, თუმცა შედეგის მიღწევა იოლად არ ხდება" — პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე 2025