ახალი კვლევის თანახმად, უსამართლობა და სოციალური უთანასწორობა კაცობრიობის ისტორიისთვის უცხო არ არის, თუმცა ეს არც გარდაუვალი მოვლენაა. კვლევა უკანასკნელი 10 000 წლის განმავლობაში პლანეტის სხვადასხვა კუთხეში არსებული 1000-ზე მეტი დასახლების ანალიზს მოიცავს. ის აჩვენებს, რომ სოციალური უთანასწორობა ხშირად მოსახლეობის ზრდასთან ერთად მძაფრდებოდა, თუმცა ეს ტენდენცია უნივერსალური ან გარდაუვალი სულაც არაა.

ამ დასკვნის გამოსატანად მეცნიერებმა მარტივი მეთოდი გამოიყენეს — მათ საცხოვრებელი სახლები გაზომეს. აღნიშნული კვლევა გლობალური უთანასწორობის დინამიკის პროექტის (GINI Project) ფარგლებში განხორციელდა და 14 აპრილს ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

"სავარაუდოდ, ეკონომიკურ უთანასწორობაზეც ვრცელდება ძველი გამონათქვამი, რომ ისტორია გამარჯვებულების, მდიდრებისა და გავლენიანების მიერ იწერება. თუ უთანასწორობას ბუნებრივ ან გარდაუვალ მოვლენად მივიჩნევთ, მაშინ მასთან ბრძოლის ნებისმიერი ძალისხმევა თავიდანვე უიმედო იქნება", — ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, გარი ფეინმანი.

ფარაონების მდიდრული სამარხებიდან დაწყებული, დავიწყებული საგანძურებითა და ბავშვთა მსხვერპლშეწირვით დამთავრებული, უთანასწორობის კვალი ყველგანაა. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური უთანასწორობის დინამიკის შესწავლა არქეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ამ პროცესის შეფასება და მისი გამომწვევი მიზეზების დაზუსტება რთული და ხშირად სადავო საკითხია.

ისტორიულად გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, უთანასწორობა მაშინ აღმოცენდა, როდესაც ადამიანებმა მიწათმოქმედება დაიწყეს. ამან შეძლებული პირების მიერ სხვების შრომით მიღებული სარგებლის მიტაცებას დაუდო საფუძველი. ამის მიუხედავად, ერთ-ერთი კვლევა აჩვენებს, რომ ეს თეორია მეტისმეტად გამარტივებულია.

არქეოლოგები მექსიკაში არსებული ძველი საცხოვრებლის კვლევისას.

ფოტო: Linda Nicholas and Gary Feinman

მეცნიერებმა სოციალური სტრუქტურების შესადარებლად სხვადასხვა რეგიონისა და პერიოდის მონაცემების რაოდენობრივი ანალიზი დაიწყეს. თანამედროვე მსოფლიოში მსგავსი შესაფასებელი ინსტრუმენტი ჯინის კოეფიციენტია: ციფრი 0-დან 1-მდე, სადაც 0 აბსოლუტურ თანასწორობას აღნიშნავს, ხოლო 1 — უკიდურეს უთანასწორობას. მაგალითად, აშშ-ის ჯინის კოეფიციენტი დაახლოებით 0.41-ია, ხოლო ნორვეგიის — 0.27.

სპეციალისტებმა დაახლოებით 1000 დასახლებაში 50 000 სახლი შეისწავლეს: მესოამერიკაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და აზიაში. ისინი დაახლოებით 12 000 წლის წინანდელი პლეისტოცენის ეპოქის მიწურულიდან მე-15 საუკუნემდე თარიღდება. სახლების ზომათა სხვაობები სიმდიდრის/სიღარიბის ინდიკატორად გამოიყენეს და თითოეული ადგილისთვის ჯინის კოეფიციენტი გამოთვალეს. შემდგომში ეს მონაცემები ამ საზოგადოებების პოლიტიკური სტრუქტურის სირთულეს შეადარეს.

დადგინდა, რომ ისტორიული უთანასწორობა ერთნაირად არ ვითარდებოდა და მისი გამძაფრება არც მოსახლეობის მატებასთან ან პოლიტიკური სისტემის გართულებასთან იყო პირდაპირ კავშირში. მთავარი ფაქტორი სიმდიდრის განაწილების შესახებ საზოგადოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აღმოჩნდა.

ასეთი დამაბალანსებელი მექანიზმები დროისა და ადგილის მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. მაგალითად, ძველ ათენში მდიდრებს მოეთხოვებოდათ, გარკვეული სამუშაოები და კულტურული ღონისძიებები დაეფინანსებინათ. ბევრ საზოგადოებაში კი ადამიანთა სიკვდილის შემდეგ ქონება ხელახლა ნაწილდებოდა ან მათ ვალებს აუქმებდნენ.

ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ უთანასწორობის თავიდან აცილება შესაძლებელია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.