მეცნიერებმა ტრავმის "უხილავი კვალი" შეისწავლეს

ფოტო: hopkinsmedicine
როგორ მოქმედებს ტრავმული მოვლენები ჩვენს სხეულზე? ახალმა კვლევამ მნიშვნელოვანი სამი ფაქტორი შეისწავლა: ავტონომიური ნერვული სისტემა, ანთებითი იმუნური სისტემა და ენდოკრინული სისტემა.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ცვლილებები ამ საკვანძო ბიოლოგიურ სისტემებში, კვალს მაშინაც ტოვებს, როდესაც ადამიანი კარგ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. როგორც ჩანს, სხეულს ახსოვს ტრავმა მას შემდეგაც, რაც გონებამ ის დაივიწყა.
წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ტრავმული მოვლენის შემდეგ, სხეული იცვლება. ეს ვლინდება მრავალ ბიოლოგიურ მარკერში. შეიძლება შეიცვალოს გულსისხლძარღვთა სისტემა — უფრო ხშირი გულისცემით. ასევე შეიძლება გააქტიურდეს ავტონომიური ნერვული სისტემა — რაც ნიშნავს, რომ ორგანიზმი მუდმივად განგაშის მდგომარეობაშია. შესაძლებელია კორტიზოლის დონის მატებაც.
და, აი, ახლა მკვლევრებს სურდათ გაეგოთ, თუ როგორ მოქმედებს ტრავმა ბიოლოგიურ პროცესებზე. ამისთვის მათ 1995 წელს ოკლაჰომა სიტიში მომხდარ აფეთქებას გადარჩენილი 60 ადამიანის მონაცემები შეისწავლეს. მათ ეს მონაცემები 23 ისეთი ადამიანის მონაცემებს შეადარეს, რომლებსაც მსგავსი ტრავმა არ გამოუცდია.
მარკერები მოიცავდა გულისცემას, არტერიულ წნევას, დილის კორტიზოლის დონეს, ინტერლეიკინი 1-ბეტასა (IL-1β) და ინტერლეიკინი 2-ს (IL-2R). ეს ცილები დაკავშირებულია იმუნურ ფუნქციასთან, IL-1β აინიციირებს ანთებას, როდესაც სხეული დაავადებულია ან დაშავებულია, ხოლო IL-2R ააქტიურებს T უჯრედებს ინფექციებთან და დაავადებებთან საბრძოლველად.
შედეგებმა აჩვენა, რომ გადარჩენილებს უფრო მაღალი IL-1β ჰქონდათ, ვიდრე საკონტროლო ჯგუფს. მეორე მხრივ, IL-2R მათში ბევრად უფრო დაბალი იყო.
მკვლევრებმა მონაწილეების ფსიქიკური ჯანმრთელობაც შეისწავლეს. დადგინდა, რომ ტრავმა გამოვლილ პირებში პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD) და დეპრესიის ნიშნები ნაკლებად იყო. ეს მაჩვენებელი დიდად არ განსხვავდებოდა საკონტროლო ჯგუფის სტატისტიკისგან. მეორე მხრივ, მათ აღენიშნებოდათ უარესი ფიზიკური ჯანმრთელობა, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო თვალსაზრისით ჯანმრთელები იყვნენ.
ეს შედეგები საინტერესოა, რადგან, როგორც ჩანს, ადამიანებისთვის ტრავმული მოვლენის გრძელვადიანი შედეგების კვალი უფრო აშკარა იყო მათ ფიზიოლოგიაში, ვიდრე ფსიქიკაში.
"მძიმე ტრავმის შემდეგ თქვენი ბიოლოგიური სისტემებიც შეიძლება შეიცვალოს. ტრავმა მხოლოდ ჩვენს გონებას არ ახსოვს, მას იმახსოვრებს ბიოლოგიური სისტემებიც. ამან შეიძლება შეცვალოს ჩვენი ფიზიკური მდგომარეობა. ამას ჩვენ უხილავ კვალს ვუწოდებთ", — თქვა კვლევის თანაავტორმა დოქტორ რეიჩელ ზეტლმა.
კვლევა ჟურნალში Prehospital And Disaster Medicine გამოქვეყნდა.
კომენტარები