რატომ გვიზიდავს სიკვდილი? — "ბნელი მოვლენების" უჩვეულო ფსიქოლოგია

ფოტო: wallpapers.com
სერიული მკვლელების შესახებ დოკუმენტური ფილმები, მოჩვენებები, სასაფლაოები, კრიმინალურ-დეტექტიური სერიალები, საჯაროდ სიკვდილით დასჯა — ეს მცირედია იმ ჩამონათვალიდან, რომელიც სხვადასხვა დროსა და კულტურაში სიკვდილისადმი ადამიანების უჩვეულო ინტერესს კარგად აღწერს.
ახალი კვლევა "ბნელი მოვლენების" ფსიქოლოგიური ანალიზის სრულფასოვან ჩარჩოს გვთავაზობს. ნაშრომში გამოყენებული მიდგომა მულტიდისციპლინურია — იგი თანატოლოგიას (სიკვდილისა და მასთან დაკავშირებულ პრაქტიკათა კვლევა), ბნელ ტურიზმსა და კოლექტიური მეხსიერების შესახებ ჩატარებულ კვლევებს აერთიანებს.
ეს გამოცდილებათა ფართო სპექტრს მოიცავს — საჯარო ხსოვნის დღეები, კულტურული ფესტივალები, სპორტული შეჯიბრებები, საშინელებათა თემატიკის ატრაქციონები და სხვა.
"ბნელი მოვლენები სხვადასხვა მიზეზის გამო გვიზიდავს. ეს ქცევის ფსიქოლოგიურ, კულტურულ და სოციოლოგიურ ასპექტებთანაა დაკავშირებული. ადამიანებს ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა აქვთ ისეთი საკითხების მიმართ, როგორებიცაა, მაგალითად, სიკვდილი, ტრაგედია, საშინელებათა თემატიკა. ამ ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ბნელი მოვლენები ადამიანებს უსაფრთხო და კონტროლირებულ გარემოს სთავაზობს", — განმარტავს ჯეიმზ კენელი, კვლევის თანაავტორი.
მეცნიერებმა სპეციალური ჩარჩო შეიმუშავეს. ამ ჩარჩოში მათ ექვსი ძირითადი ცნება დაასახელეს, რომლის შესწავლაც აუცილებელია, თუ ბნელი მოვლენებისადმი მიზიდულობის გაგება გვინდა. ეს ცნებებია:
- კომერციალიზაცია — ბნელი მოვლენების მარკეტინგი, მოხმარება, მონეტიზაცია;
- პერსპექტივები სხვადასხვა დისციპლინიდან — თანატოლოგია, ბნელი ტურიზმი, კოლექტიური მეხსიერების კვლევები;
- საჯარო სფეროების ჩართულობა — როგორია ბნელი მოვლენების კავშირი საჯარო სფეროებთან და როგორ ერგება ისინი უფრო ფართო საზოგადოებრივ დისკურსს. იგულისხმება მედიის მიერ გაშუქება, პოლიტიკა, საჯარო ურთიერთობები, სოციალურ ნორმებსა და ღირებულებებზე მათი გავლენა;
- ნორმებიდან გადახრილი ქცევა — იგულისხმება გადაჭარბებულად რისკიანი ქცევის, ძალადობის, კრიმინალური შემთხვევების, ზიანის მიყენების ან სხვა სახის ტაბუირებული თემების შეცნობა;
- გამოცდილებითი ასპექტები — როგორ იწვევს ბნელი მოვლენები ისეთ ემოციებს, როგორებიცაა, მაგალითად, შიში, აღტაცება ან თვითრეფლექსია;
- სიკვდილის როლი — როგორაა ბნელ მოვლენებში სიკვდილი წარმოდგენილი. მაგალითად: ადამიანებისა და სხვა ცხოველების სიკვდილი ან სიკვდილთან დაკავშირებული სიმბოლიზმი;
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ბნელი მოვლენების შემსწრე ადამიანები ხშირად ამ ყველაფერში აშკარა უპირატესობას ვიზუალურად ბნელ მასალებს ანიჭებენ — ჩაბნელებულ ფოტოსურათებს, სიმბოლურ გამოსახულებებს — ან ინტენსიურ სასაუბრო ენას. ასევე, სენსორული დიზაინი ადამიანებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, განსაკუთრებით: განათება, ფერები და ატმოსფერო. მათში მცირე გარემო სიგნალებსაც კი ძლიერი ემოციების გამოწვევა შეუძლია.
მეცნიერები ასკვნიან, რომ ბნელი მოვლენები ადამიანებს არამხოლოდ თემატიკის (სიკვდილი, ტრაგედია), არამედ იმ შეგრძნებების გამო გვიზიდავს, რომლებსაც ხშირად ეს მოვლენები აღძრავს.
შინაარსობრივად კი ბნელი მოვლენები ადამიანებში ერთმანეთთან დაკავშირებული მრავალი ფაქტორის გამოა მიმზიდველი — შეუცნობელი მოვლენების მიმართ ცნობისმოყვარეობა, ადრენალინის გამოყოფა, კულტურული ტრადიციები, თვითრეფლექსია, მათგან განსხვავებული ადამიანების (მათ შორის, გამოგონილის) ფსიქოლოგიის შესწავლა და ა.შ.
კვლევა გამოცემაში Annals of Tourism Research გამოქვეყნდა.
კომენტარები