გაიცანით კაცი, რომელმაც გამოქვაბულში დროის აღქმის დაკარგვით ბიოლოგია შეცვალა

ფოტო: Getty Images
1962 წელია. ლოკაცია: სკარასონი, მყინვარის გამოქვაბული საფრანგეთის ალპებში. ადამიანისთვის ასეთ უცხო გარემოში ახალგაზრდა კაცი სრულიად მარტოა. მას შვიდი კვირის განმავლობაში სხვა ადამიანთან კომუნიკაცია არ ჰქონია. მისი ფიქრები შენელებულია, შეგრძნება აქვს, რომ ნაწილებად იშლება — ასე აღწერა მიშელ სიფრიმ მაშინდელი მდგომარეობა.
ვინ იყო მიშელ სიფრი?

ფოტო: cabinetmagazine
"თქვენ უნდა გესმოდეთ, მე ვიყავი გეოლოგი. . . ყველანაირი ცოდნის გარეშე მე შევქმენი ადამიანის ქრონობიოლოგიის სფერო", — უთხრა მიშელ სიფრიმ ჟურნალ Cabinet-ს 2008 წელს.
სიფრი 1939 წელს ნიცაში დაიბადა. სწავლის დასრულების შემდეგ, ის როგორც სორბონის ახალი კურსდამთავრებული დაბრუნდა სახლში ახლად აღმოჩენილი მყინვარის გეოლოგიური თვისებების გამოსაკვლევად.
"თავიდან გეოლოგიური ექსპედიციის მომზადება მინდოდა. ამისთვის დაახლოებით თხუთმეტი დღე მიწისქვეშეთში მყინვარის შესასწავლად უნდა გამეტარებინა. საბოლოოდ მივხვდი, რომ ამისთვის რამდენიმე დღე საკმარისი არ იქნებოდა — გადავწყვიტე იქ 2 თვე გამეტარებინა", — იხსენებდა სიფრი.
მან ასეთ პირობებში, სრულ სიბნელეში საათის გარეშე ცხოვრება გადაწყვიტა — მას არ უნდა სცოდნოდა თუ რა დრო იყო.
შემდეგ 63 დღის განმავლობაში, ის ცხოვრობდა 130 მეტრის სიღრმეზე, ყინულოვან გამოქვაბულში, რომელშიც არ იყო ბუნებრივი შუქი ან დროის მრიცხველი მოწყობილობა. გამოქვაბულში ყინავდა, ტენიანობა იყო 98 პროცენტი. სიფრის არ ჰქონდა შეხება გარე სამყაროსთან.
"მე არ მქონდა ნორმალური აღჭურვილობა. გამაჩნდა მხოლოდ პატარა კარავი. ჩემი ფეხები ყოველთვის სველი იყო და სხეულის ტემპერატურა 34°C-მდე დაეცა", — ამბობდა სიფრი.

ფოტო: Thetimes
და მაინც, ეს ყველაფერი ამად ღირდა. როდესაც ის ზედაპირზე დაბრუნდა, მან თან "წამოიღო" სამეცნიერო მიმართულების სრულიად ახალი სფერო.
"ექსპედიციისთვის საჭირო თანხები მე თვითონ შევაგროვე, თავად ავარჩიე ორი თვე და გამოვიგონე ექსპერიმენტული პროტოკოლი. მაშინ ბევრს გიჟი ვეგონე", — განუცხადა სიფრიმ New Scientist-ს 2018 წელს.
რა აღმოაჩინა მიშელ სიფრიმ?

მიშელ სიფრი გამოქვაბულიდან ამოყვანის მომენტში
ფოტო: Youtube
სიფრის ექსპერიმენტი ნამდვილად საინტერესო იყო, მაგრამ მთავარი რაც მან აღმოაჩინა ეს ისაა, რომ ადამიანის სხეულს აქვს საკუთარი შინაგანი "საათი", მზის რიტმისგან დამოუკიდებლად. ჩვენ ამას ახლა ცირკადულ რიტმს ვუწოდებთ.
გამოქვაბულში ყოფნისას სიფრის დროის შეგრძნება ძლიერ შეიცვალა: ფსიქოლოგიურ ტესტებში აღმოჩნდა, რომ როცა ის 120-მდე ითვლიდა (რაც რეალურად დაახლოებით 2 წუთი უნდა გაგრძელებულიყო), მას ეგონა, რომ 5 წუთი გადიოდა — ანუ მისი შინაგანი დრო 2.5-ჯერ ნელა მიედინებოდა.
როდესაც სიფრი თავის გუნდთან კავშირის გარეშე ცხოვრობდა და ეგონა, რომ 20 აგვისტო იყო, რეალურად უკვე 14 სექტემბერი დამდგარიყო. მას დროის აღქმა თითქმის ერთი თვით აერია.
მიშელ სიფრის ცირკადული რიტმი იზოლაციის პირობებში სრულიად მოიშალა. თავდაპირველად, მისი დღეები 24 საათიდან 24.5 საათში გადიოდა, თუმცა 10 წლის შემდეგ, (მეორე ექსპერიმენტისას) დროის აღქმა კიდევ უფრო შეიცვალა.
სიფრიმ მეორე ექსპერიმენტიც ჩაატარა — დაახლოებით ათი წლის შემდეგ პირველი გამოქვაბულის ექსპერიმენტისგან. და ისიც ზუსტად ასეთივე იზოლირებულ პირობებში — გარე დროის ნიშნულების გარეშე. დროის აღქმა ახლა 24 საათიდან 48 საათი გახდა. მისმა სხეულმა ახალი რიტმი შექმნა: 36 საათი სიფხიზლე, 12 საათი ძილი.
"ზოგჯერ ოცდაექვსი საათი უწყვეტად მეღვიძა, რასაც მოსდევდა თორმეტი საათი ძილი. ჩემთვის ერთი სრული დღე აღარ გრძელდებოდა 24 საათი", — ამბობდა ის.
სიფრი არ იყო ერთადერთი. მიწისქვეშეთში მისი პირველი მოგზაურობის შემდეგ, საკმაოდ ბევრმა ადამიანმა სცადა მსგავსი ექსპერიმენტი. ყველამ აღნიშნა უცნაური, არარეგულარული და არაპროგნოზირებადი ცვლილებები ძილისა და გაღვიძების ციკლში. ზოგიერთს ჰქონდა 25-საათიანი "დღეები", რასაც მოჰყვებოდა 12-საათიანი ძილი.
"1964 წელს ჩემს შემდეგ მეორე კაცს, რომელმაც მსგავსი ექსპერიმენტი ჩაატარა, თავზე მიკროფონი ჰქონდა მიმაგრებული", — იხსენებს სიფრი. "ერთ დღეს მას ოცდაცამეტი საათი ეძინა და ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ის მოკვდა.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კაცს ამდენი ხნის განმავლობაში ეძინა.
სიფრის კვლევის ეფექტი
სიფრის მიმართ დიდი კრიტიკაც იყო. მისი კვლევის სტილი საინტერესო იყო, მაგრამ მასზე ამბობდნენ, რომ თავის და სხვა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აგდებდა. გარემოსდაცვითი მეცნიერები შიშობდნენ, რომ მისმა ექსპერიმენტებმა შეიძლება დაარღვიოს მყიფე მიწისქვეშა ეკოსისტემები, რომლებიც შეუსაბამოა ადამიანებთან ინტერაქციებისთვის.
საბოლოოდ ყველაფერი ეს უსაფუძვლო აღმოჩნდა. სიფრის ნამუშევრებმა არა მხოლოდ გააჩინა ადამიანის ქრონობიოლოგიის მთელი სფერო, რომელიც დღეს გვხვდება გენის ტრანსკრიფციაში და კიბოს წინააღმდეგ კვლებშიც კი — მეტიც, სიფრის ნამუშევარი ზედმეტად მაცდური აღმოჩნდება აშშ-სა და საფრანგეთის სამხედროებისთვის.
"სწორ დროს გამოვჩნდი. ეს იყო ცივი ომის პერიოდი, ხალხი ბუნკერებში ცხოვრებას განიხილავდა. აქტუალური იყო ასევე ადამიანების კოსმოსში გაშვება და ახალი გამოჩენილი იყო ბირთვული წყალქვეშა პროგრამა. მაშინ ჯერ არაფერი ვიცოდით, თუ როგორი ძილის ციკლი უნდა ჰქონოდათ კოსმონავტებსა და წყალქვეშა ნავებში მცხოვრებ ადამიანებს", — თქვა სიფრიმ.
სიფრის აზრით, სწორედ ამიტომ მიიღო ამდენი ფინანსური დახმარება. მალევე მისი ექსპერიმენტის გაანალიზება NASA-მაც დაიწყო.
კომენტარები