რამ გამოიწვია სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ერთმანეთისგან განცალკევება — კვლევა

ფოტო: Live Science
135 მილიონი წლის წინ სუპერკონტინენტი პანგეა გაიყო და მისგან სამხრეთ ამერიკა და აფრიკა ჩამოყალიბდა. ეს საკმაოდ დრამატული მოვლენა იყო, რასაც ახალი კვლევა ადასტურებს. კონტინენტის დაშლამ 16 მილიონი კუბური კილომეტრი მაგმის მასა წარმოქმნა, რომელიც სამხრეთ ამერიკაში, აფრიკასა და ატლანტის ოკეანის ფსკერზე ვულკანური ქანების სახით დღემდე გვხვდება. ზოგიერთ ადგილას — მაგალითად, ნამიბიასა და ანგოლაში — ვულკანური შრეები 1 კილომეტრამდე სისქისაა.
ახალი კვლევა სამხრეთ ამერიკიდან, აფრიკიდან და ოკეანის ფსკერიდან შეგროვებულ ნიმუშებს ეფუძნება. აღმოჩნდა, რომ მაგმის ამოფრქვევები 135-131 მილიონი წლის წინა პერიოდში მოხდა, პიკი კი დაახლოებით 134.5 მილიონი წლის წინ იყო. შესაძლოა, ამ ამოფრქვევების დროის განსაზღვრა მეცნიერებს გაყოფის მიზეზის უკეთ გაგებაში დაეხმაროს.
"დაახლოებით 134.5 მილიონი წლის წინ გადაშენებები და კლიმატური ცვლილებები ფიქსირდება", — ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი და ოსლოს უნივერსიტეტში მომუშავე გეოლოგი/გეოფიზიკოსი, მოჰამედ მანსურ აბდელმალაკი. ზუსტი დროის ცოდნა მეცნიერებს დაეხმარება, ამოფრქვევები და კლიმატური მოვლენები ერთმანეთთან დააკავშირონ.
ახალი კვლევა "თერმული ანომალიის" არსებობას ადასტურებს, რომელმაც სამხრეთ პანგეას დაშლა გამოიწვია. მისი დანაწევრება დაახლოებით 200 მილიონი წლის წინ დაიწყო და დღევანდელი კონტინენტები წარმოიშვა. სამხრეთ ამერიკა და აფრიკა დაახლოებით 135 მილიონი წლის წინ გაიყო, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკამ და ევროპამ დაშლა მხოლოდ 55 მილიონი წლის წინ დაასრულა.
წინა კვლევების მიხედვით, სამხრეთ პანგეას დაშლის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი ე.წ. მაგმური ამოტყორცნა იყო. ეს დედამიწიდან ამომავალი ზედმეტად ცხელი ქანების ნაკადია, რომელიც ქერქს ადნობს და ათხელებს.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თერმული ანომალია, რომელმაც შესაძლოა, სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის გამიჯვნა განაპირობა, სწორედ ამ მაგმური ამოტყორცნით იყო გამოწვეული. აბდელმალაკი Live Science-თან საუბარში ასევე აცხადებს, რომ ეს ჰიპოთეზა ჯერ კიდევ სადავოა.
"ჩვენ არ გვაქვს ბევრი ნიმუში, ასე რომ ზუსტად ვერ ვამტკიცებთ, უკავშირდება თუ არა ეს ვულკანიზმი მაგმურ ამოტყორცნას", — ამბობს ის — "განსაკუთრებით საჭირო იმ ქანების ნიმუშებია, რომლებიც ახლა არგენტინისა და ურუგვაის სანაპიროსთან ღრმა ოკეანის ფსკერზე მდებარეობს. იქ ძალიან ცოტა კვლევაა ჩატარებული".
აბდელმალაკის თქმით, მაგმური ამოტყორცნის თანამედროვე მაგალითი ისლანდიაა, სადაც ეს პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობს. ამ ადგილას შუაატლანტიკური ქედი მდებარეობს, რომელიც წლიურად დაახლოებით 2-5 სანტიმეტრით იყოფა. ის ისლანდიის "ცხელი წერტილის" გავლენით ჩამოყალიბდა, რომელიც, კვლევის მიხედვით, სწორედ ზემოხსენებული პროცესით იმართება.
მეცნიერები ცდილობენ განსაზღვრონ, რა რაოდენობის მაგმა ამოიფრქვა აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის გაყოფისას და როგორ იმოქმედა ამან კლიმატზე. როგორც წესი, მასშტაბური ვულკანური ამოფრქვევები დათბობას იწვევს, რადგან ვულკანები ატმოსფეროში დიდი რაოდენობით სათბურის აირებს გამოყოფს. მიუხედავად ამისა, დაახლოებით 134 მილიონი წლის წინ კლიმატი გაცივდა, რაც ამოფრქვეული მაგმის სწრაფად გაშლით აიხსნება.
კვლევა გამოცემაში Earth-Science Reviews გამოქვეყნდა.
კომენტარები