ფილმებსა თუ სერიალებში ხშირად ვხედავთ, რომ სქესობრივი კონტაქტისას ორგაზმს ქალიც განიცდის და კაციც, თუმცა ეს სცენები რეალობას ნაკლებად ასახავს. გვატყუებს პორნოგრაფიაც, სადაც მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს ორგაზმის მიღწევა მხოლოდ პენეტრაციით (საშოში პენისის მოძრაობით) შეუძლიათ.

რეალურად, ქალსა და კაცს შორის სქესობრივი კავშირის დროს ქალები ორგაზმს უფრო იშვიათად განიცდიან. ამას "ორგაზმის სხვაობას" (orgasm gap) უწოდებენ. სამეცნიერო ლიტერატურაში ეს მოვლენა 20 წელზე მეტია გვხვდება.

ერთ-ერთ კვლევაში, რომელშიც 50 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, ჰეტეროსექსუალი კაცების 95%-მა განაცხადა, რომ სექსის დროს ორგაზმს ჩვეულებრივ ან ყოველთვის განიცდიდნენ; იმავე ჰეტეროსექსუალი ქალების მხოლოდ 65%-მა თქვა. ნაშრომის მიხედვით, ამას ზოგი ადამიანი თავად ქალის ორგაზმის ბუნებას მიაწერს, რაც სიმართლე არაა.

მოდით, ეს საკითხი ლორი მინცის, ფსიქოლოგიის ემერიტუს-პროფესორის (ფლორიდის უნივერსიტეტი), სტატიის მიხედვით მიმოვიხილოთ, რომელიც პლატფორმაზე The Conversation გამოქვეყნდა.

რატომ აქვთ ქალებს ორგაზმი უფრო იშვიათად, ვიდრე კაცებს?

მინცის თქმით, ამას ბიოლოგიური განსხვავებები არ განაპირობებს. ორგაზმის მიღწევა ქალებისთვის ბიოლოგიის გამო რომ ყოფილიყო რთული, იგი სხვა კონტექსტებში არ იქნებოდა ბევრად ხშირი — თუმცა არის.

კვლევები აჩვენებს, რომ მასტურბაციის დროს ორგაზმს ქალების მინიმუმ 92% აღწევს. მათში სიამოვნება დამოკიდებულია ურთიერთობის ხანგრძლივობასა და პარტნიორის სქესზეც. 12 ათას სტუდენტზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, არასერიოზულ ურთიერთობაში პირველი სექსისას ორგაზმს ქალების 10% განიცდიდა, სერიოზულ ურთიერთობებში კი — 68%. გარდა ამისა, სიამოვნება იმავე სქესის პარტნიორთან უფრო ხშირია. გამოკითხვის ფარგლებში ბისექსუალი ქალების 64%-მა განაცხადა, რომ ჩვეულებრივ ან ყოველთვის განიცდიდნენ ორგაზმს მდედრობითი სექსის ადამიანთან კონტაქტისას.

ამ განსხვავებების მიზეზი უმთავრესად კლიტორის სტიმულაციაში უნდა ვეძიოთ. ქალების უმრავლესობას ორგაზმის მისაღწევად კლიტორის პირდაპირი სტიმულაცია სჭირდება — ეს ქალის სიამოვნების მთავარი ორგანოა — თუმცა სექსის დროს ხშირად პენეტრაციას ენიჭება უპირატესობა. მინცმა მდედრობითი სქესის ათასობით ადამიანი გამოჰკითხა; დაადგინა, რომ აქედან 4%-ს შეეძლო ორგაზმის მიღწევა მხოლოდ პენეტრაციით, ხოლო დანარჩენ 96%-ს ამისათვის კლიტორზე შეხებაც სჭირდებოდა.

ამის მიუხედავად, წიგნებში, ფილმებსა თუ პორნოგრაფიაში ხშირად ისე ჩანს, თითქოს ქალებს ორგაზმის განცდა მხოლოდ პენეტრაციითაც ჩვეულებრივად შეუძლიათ. ამ საზიანო ტენდენციას ჩვენი სამეტყველო ენაც ახალისებს. მინცის თქმით, "სექსსა" და "პენეტრაციას" ხშირად ერთი და იმავე მნიშვნელობით ვიყენებთ. ამასთან ერთად, პენეტრაციამდე კლიტორის სტიმულაციას "პრელუდიას" ვუწოდებთ, თითქოს ეს სექსის ნაკლებმნიშვნელოვანი ფორმა იყოს.

არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ მსგავსი მიდგომის გამო ხალხს სექსი ხშირად შემდეგი მიმდინარეობით წარმოუდგენია: პრელუდია, პენეტრაცია, კაცის ორგაზმი და დასასრული. ამ სცენარში კაცის "ვალია", დიდხანს გაძლოს და ქალს ორგაზმამდე ასე მიაღწევინოს.

გასაკვირი სულად არაა, რომ, ნაშრომის მიხედვით, კაცები თავს უფრო მასკულინურად გრძნობენ, როცა პარტნიორი პენეტრაციის დროს ორგაზმს განიცდის. მეორე მხრივ, ქალები, ძირითადად პენეტრაციისას, ორგაზმს აყალბებენ, რათა პარტნიორის ეგო დაიცვან. კვლევა აჩვენებს, რომ ქალების უმრავლესობას ორგაზმიერთხელ მაინც გაუყალბებია.

როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება?

მინცი წერს, რომ ორგაზმის სხვაობის შესამცირებლად საჭიროა როგორც საგანმანათლებლო, ასევე პრაქტიკული ცვლილებები.

მნიშვნელოვანია, რომ ქალების სიამოვნებაზე მითები გაქარწყლდეს. მაგალითისთვის, უნდა ვიცოდეთ, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები ორგაზმის განცდის უნარს ბიოლოგიურად სულაც არ არიან მოკლებულნი. ქალის ორგაზმი მეტწილად კლიტორზეა დამოკიდებული, ამიტომ ამ ორგანოს შესახებ ბევრი რამ უნდა ვიცოდეთ.

ასევე იხილეთ: 5 რამ, რაც კლიტორის შესახებ უნდა ვიცოდეთ

მინცის თქმით, ორგაზმის სიხშირის გაზრდაში ქალებს შეიძლება დაეხმაროთ როგორც მასტურბაცია (იმის გასაგებად, თუ რა ანიჭებთ სიამოვნებას), ასევე საკუთარი სურვილების ღიად და მკაფიოდ გამოხატვა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჰეტეროსექსუალურ წყვილებში სექსის მიმდინარეობაზე ტრადიციული წარმოდგენა — პრელუდია, პენეტრაცია, დასასრული — შეიცვალოს. ნაცვლად ამისა, პარტნიორებს შეუძლიათ, სიამოვნება რიგრიგობით მიიღონ ორალური სექსით, ხელით სტიმულაციით ან სექსსათამაშოების დახმარებით. მაგალითად, შეიძლება ჯერ ქალმა მიაღწიოს ორგაზმს, შემდეგ კი პენეტრაციას ჰქონდეს ადგილი. ამ დროს დამატებითი სტიმულაციისთვის ქალს შეუძლია ხელები დაიხმაროს ან ვიბრატორი გამოიყენოს.

კვლევა აჩვენებს, რომ ვიბრატორის მომხმარებელი ქალები ორგაზმს უფრო ხშირად განიცდიან. გარდა ამისა, "მაინდფულნესს" სქესობრივი კონტაქტის დროს შფოთვის (საკუთარი გარეგნობის ან პარტნიორის სიამოვნების შესახებ) შემცირება შეუძლია.

მინცის თქმით, გარდა სიამოვნების გაძლიერებისა, ორგაზმის მხრივ თანასწორობის დამყარება სხვა სარგებელსაც მოიტანს. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, საკუთარი სურვილების გამოხატვის კუთხით მეტ თავდაჯერებას იძენენ ქალები, რომლებიც თავს სექსუალური სიამოვნების მიღების უფლებას აძლევენ. კერძოდ, ისინი უფრო ხშირად აწესებენ საზღვრებს და არ სთანხმდებიან არასასურველ სქესობრივ აქტივობებს; ამასთანავე, მიმართავენ თავდაცვის საშუალებებს ორსულობისა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ასარიდებლად.

ერთ-ერთი ნაშრომის მიხედვით, როცა ადამიანები სწავლობენ, რომ სქესობრივი კავშირი ორივე პარტნიორისათვის სასიამოვნო უნდა იყოს, მანიპულაციური და საზიანო სექსუალური ქცევა მცირდება. შესაბამისად, თუკი სექსს ორმხრივი სიამოვნების აქტად აღვიქვამთ და არა აქტად, რომელსაც კაცი ქალს თავისივე სიამოვნებისთვის "უკეთებს", შეიძლება სექსუალური ძალადობის სიხშირეც შემცირდეს.

გამოდის, ქალების სიამოვნებაში გარკვევა მხოლოდ ორგაზმის სიხშირის გასაზრდელად როდია საჭირო.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.