როგორ გადავურჩეთ (და გადავარჩინოთ სხვები) დიდთოვლობას

ფოტო: მაიკო გაგუა / Maikowl Photography

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

თოვლი სიხარულია?

თოვლი ყოველთვის როდი იწვევს სიხარულისა და სიმშვიდის ასოციაციებს. ცხადია, ეს "წუნწუხზე" მოწუწუნე ადამიანების დისკომფორტს სცდება. თოვის არაპრაქტიკული ასპექტები რომ გვერდით გადავდოთ, 2025 წელს გურიის გამოცდილებით, ეს ბუნებრივი მოვლენა შეიძლება მომაკვდინებელიც კი აღმოჩნდეს — განსაკუთრებით მაშინ, როცა სისტემის გაუმართაობის (უფრო ზუსტად, პრიორიტეტების არასწორი გადანაწილების) გამო ქვეყანაში დიდთოვლობასთან გასამკლავებელი რესურსი მინიმალურია.

მსგავს მოცემულობაში დახმარების ხელი ყოველთვის არ ჩანს, ამიტომ დიდთოვლობისგან გამოწვეულ პრობლემებთან გამკლავება შეიძლება საკუთარი ძალებით მოგვიწიოს. არაპროგნოზირებადი გარემოებების კორიანტელში საკუთარი ცოდნა და რეაგირების უნარი ხდება ხოლმე ერთადერთი რამ, რაზეც კონტროლი ნამდვილად გვაქვს.

რა ხდება სხეულში, როცა სიცივეში დიდხანს გვიწევს გაჩერება და რამდენად სახიფათოა ეს? როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ არ გავიყინოთ? რა ვქნათ, თუ დიდთოვლობის გამო სახლში, გარეთ ან მანქანაში ჩავრჩით? როგორ უნდა დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებიც სიცივემ ჩვენზე მეტად დააზარალა?

სტატიაში ამ ყველაფერს ექიმ არჩილ მარშანიასთან ერთად, ასევე ამინდის ეროვნულ სერვისზე დაყრდნობით აგიხსნით.

ჰიპოთერმიის საფრთხე — როცა სხეული სითბოს კარგავს

სიცივის, სისველისა და ქარის თანხვედრის შედეგად ჰიპოთერმია (სხეულის ტემპერატურის ვარდნა) თოვლიან ამინდში უფრო ხშირად ვითარდება. ამ დროს სხეულის ტემპერატურა 35°C-ზე დაბლა ეცემა, ამან კი არაერთი გართულება შეიძლება გამოიწვიოს, მძიმე შემთხვევებში (ანუ 30-32°C-ზე დაბლა) სიკვდილიც.

"ორგანიზმი უფრო სწრაფად კარგავს სითბოს, ვიდრე შეუძლია მისი წარმოება", — განმარტავს ექიმი არჩილ მარშანია პირველადი დახმარების ცენტრის დამფუძნებელი, NEXT.On.ge-სთან საუბრისას, — "საბოლოოდ კი იწვევს სხეულის ტემპერატურის სახიფათოდ დაბალ დონემდე შემცირებას".

ტემპერატურის ასეთი ვარდნა არაერთ ორგანოზე ზემოქმედებს, მათ შორის ტვინზეც, ამიტომ მოძრაობა, მეტყველება და აზროვნება ძალიან რთულდება. შესაძლოა, ამ დროს დაზარალებულმა დახმარებაც კი ვერ მოითხოვოს.

"ეს ჰიპოთერმიას განსაკუთრებით საშიშ მდგომარეობად აქცევს, რადგან ადამიანი შესაძლოა ვერც კი მიხვდეს, რომ მას ჰიპოთერმია აქვს, და ვერც მოახდინოს შესაბამისი რეაგირება", — ამბობს არჩილი.

ჰიპოთერმია ადამიანებს ყველაზე ხშირად ყინვაში ემართებათ, თუმცა ეს შეიძლება უბრალოდ ცივ ამინდშიც მოხდეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი სველი არ იყოს — წყლის აორთქლებასთან ერთად სხეული სითბოს გაცილებით სწრაფად კარგავს. ამას ხელს უწყობს ქარიანი ამინდიც.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჰიპოთერმიამ შეიძლება აზროვნება და რეაგირების უნარი გაართულოს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მისი სიმპტომები და მიმდინარეობა თავიდანვე შევნიშნოთ:

  • ჰიპოთერმია სხეულის კანკალით იწყება (ეს სიმპტომი ტემპერატურის ვარდნასთან ერთად ქრება, როცა მდგომარეობა მძიმდება);
  • გამოფიტვა ან ძლიერი დაღლილობის შეგრძნება;
  • დაბნეულობა, ცნობიერების დაბინდვა;
  • კოორდინაციის დარღვევა და მოძრაობის გართულება;
  • მეხსიერების დაკარგვა;
  • არამკაფიო (დაბინდული) მეტყველება;
  • ძილიანობა.

არჩილის თქმით, ჩვილებში ჰიპოთერმია უმეტესად წითელი, ცივი კანითა და ენერგიის მკვეთრი დაქვეითებით გამოიხატება.

გარდა ჰიპოთერმიისა, მნიშვნელოვანი საფრთხეა მოყინვაც, ანუ ქსოვილების გაყინვა. ეს უმეტესად ემუქრება ცხვირს, თითებსა და ყურებს — სხეულის ცენტრისგან დაშორებულ ნაწილებს, რომლებიც სისხლით შედარებით ცუდად მარაგდება, განსაკუთრებით სიცივეში.

"გაითვალისწინეთ, რომ ყინვის შედეგად ყველაზე მეტად ზიანდება ცხვირი, ყურები, თითები, ლოყები, ნიკაპი, ტერფები და ფეხის თითები", — გვეუბნება არჩილ მარშანია.

საწყის ეტაპზე, შესაძლოა, ჩხვლეტა, პულსაცია და ტკივილი იგრძნოთ სიცივისგან დაზიანებულ ადგილას. კანი თანდათან ფერმკრთალი ხდება და ბუჟდება. თუკი სიცივეში დიდხანს გაჩერდებით, ქსოვილის დაზიანება გაგრძელდება, ადგილი გამაგრდება და ცვილისებრი გახდება.

ფოტო: Encyclopædia Britannica

გალღობის შემდეგ, როგორც წესი, კანი წითლდება და სითხიანი ბუშტუკები წარმოიქმნება. ხშირად კანი მხოლოდ ზედაპირულად ზიანდება, თუმცა სერიოზულ შემთხვევებში შეიძლება დაზიანდეს კუნთები, მყესები, ნერვები და ძვლებიც. თუკი ქსოვილის კვდომა, ანუ ნეკროზი, დაიწყება, ინფექციის საპრევენციოდ შეიძლება მკვდარი ქსოვილების მოჭრაც გახდეს საჭირო.

როცა დიდთოვლობას ფიზიკურად ვებრძვით — ექიმის რჩევები უსაფრთხოებისთვის

იმისათვის, რომ სხეულის ნორმალური ტემპერატურა მაქსიმალურად დიდხანს შევინარჩუნოთ, სითბოს შესაკავებლად შესაბამისი რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ. ამასთანავე, სახიფათო ზონაში სპეციალური ინვენტარიც უნდა ვიქონიოთ საკუთარი და სხვების უსაფრთხოებისთვის.

არჩილ მარშანიას თქმით, მნიშვნელოვანია სწორი ჩაცმულობა:

  • ქუდი, შარფი ან ნაქსოვი ნიღაბი, რომელიც ფარავს სახესა და პირს;
  • ხელთათმანები;
  • წყალგამძლე ქურთუკი;
  • თავისუფალი და თბილი ტანსაცმელი, რამდენიმე ფენად ჩაცმული (უნდა იყოს არამჭიდროდ მორგებული, თუ ის სპეციალური თერმოტანსაცმელი არ არის);
  • წყალგამძლე ფეხსაცმელი, არამჭიდროდ მორგებული.

ექიმის რჩევით, სახიფათო ზონაში გასვლისას მნიშვნელოვანია, რომ თან პირველადი დახმარების ჩანთა ვიქონიოთ. შიგნით უნდა იყოს "როგორც სასიცოცხლო მნიშვნელობის ინვენტარი (სისხლის შესაჩერებელი ტურნიკეტი, გულ-ფილტვის რეანიმაციის ჩატარების ნიღაბი, ბინტები და ა. შ.), ასევე ალუმინის თბოიზოლაციის "თერმოსაბანი" ჰიპოთერმიისთვის.

არჩილის თქმით, "მოხალისეობრივი საქმიანობის შემთხვევაში მნიშვნელოვანია კოორდინაცია ადგილობრივ სამაშველო სამსახურებთან". ასევე, საჭიროა თან გვქონდეს:

  • მშრალი, თბილი ტანსაცმელი სათადარიგოდ;
  • თბილი სითხეები (არაალკოჰოლური);
  • საკვები (მაღალკალორიული სასუსნავები);
  • სასიგნალო მოწყობილობები (ფანარი, ხმოვანი სიგნალის გამომცემი აღჭურვილობა);
  • დამტენი მოწყობილობები;
  • GPS მოწყობილობები;
  • სამაშველო ინვენტარი;
  • საკონტაქტო ნომრების სია.

ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება ცოტა ხნით თბილად გაგრძნობინოთ თავი, მაგრამ რეალურად იგი სხეულის ტემპერატურას კიდევ უფრო ამცირებს. იგი ტემპერატურის მარეგულირებელ მექანიზმებსაც არღვევს და ჰიპოთერმიის რისკებს ზრდის.

ფოტო: Nova Recovery

რა ვქნათ, თუ დიდთოვლობაში აღმოვჩნდით

ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რამდენად სარისკო აღმოჩნდება დიდთოვლობა თითოეული ადამიანისთვის. გასათვალისწინებელია როგორც ხელმისაწვდომი რესურსები (რომლებიც ზოგჯერ ტრაგიკულად მწირია), ასევე არაპროგნოზირებადი გარემოებები და სამაშველო სისტემის გაუმართაობაც.

მოდით, განვიხილოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია საკუთარი ძალებით, თუ დიდთოვლობასთან გამკლავება გვიწევს სახლიდან, გარეთ და ტრანსპორტში. ამინდის ეროვნული სერვისი (აშშ-ის NOAA-ს ქვედანაყოფი) შემდეგ მითითებებს გასცემს:

სახლში:

არ გახვიდეთ გარეთ, თუ ამას აუცილებლობა არ მოითხოვს. თუკი სახლის გასათბობად შეშის ღუმელს, ელექტროგამათბობელს ან რაიმე მსგავს საშუალებას იყენებთ, სახანძრო უსაფრთხოების წესები დაიცავით და სივრცე სათანადოდ გაანიავეთ. თუკი გასათბობად გაზის რადიატორს იყენებთ, ფრთხილად გაიხედეთ გარეთ და დარწმუნდით, რომ ნამწვის მილი თოვლით არ იყოს დაფარული.

თუ მწვავე ჰიპოთერმიის რისკი არ გაქვთ, გასათბობად არ გამოიყენოთ გაზქურა — ეს ნახშირჟანგით (CO) მოწამვლისა და სიკვდილის რისკს ქმნის. CO-თი მოწამვლის რამდენიმე ნიშანია: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, გულისრევა, კოორდინაციის დარღვევა.

თუკი გათბობაზე ხელი აღარ მიგიწვდებათ:

  • დაკეტეთ ყველა არასაჭირო ოთახის კარი, რათა სითბო არ გაიფანტოს;
  • კარის ქვეშ პირსახოცები ან ხალიჩა ჩატენეთ;
  • ჩამოუშვით დარაბები და ჩამოაფარეთ ფარდები, რომ სითბო შეაკავოთ;
  • მიიღეთ წყალი (გამოიზოგეთ, რამდენიც მოგეპოვებათ); მოერიდეთ კოფეინსა და ალკოჰოლურ სასმელებს, რათა გაუწყლოება აირიდოთ თავიდან;
  • რამდენიმე ფენად ჩაიცვით ფართო, მსუბუქი, თბილი სამოსი; თუ დაგცხებათ, ტანსაცმლის ნაწილი გაიხადეთ, რომ გადახურება და ოფლიანობა არ დაგეწყოთ (წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიანებით უფრო შეგცივდებათ).

გურიის სოფელი ჩანჩეთი, 2025 წლის თებერვალი

ფოტო: ნაზი ურუშაძე

გარეთ:

  • მოძებნეთ თავშესაფარი: მნიშვნელოვანია, რომ არ დასველდეთ;
  • თუ ახლომახლო არაფერია თავის შესაფარებლად: ეცადეთ, ერთგვარი ფარდული, კედელი ან თოვლის "გამოქვაბული" შექმნათ — ეს ქარისგან დაგიცავთ; თუ მოახერხებთ, ცეცხლი დაანთეთ და გარშემო ქვები შემოაწყვეთ — ეს სითბოს შთანთქავს და აირეკლავს;
  • თუ მოგწყურდებათ, თოვლი გამდნარი მიიღეთ: თოვლის ჭამით თქვენი სხეულის ტემპერატურა დაეცემა, ამიტომ ჯობია იგი გაადნოთ (თუ, რა თქმა უნდა, სითბოს წყარო მოგეპოვებათ);
  • ეცადეთ იმოძრაოთ: დროდადრო ხელები, ფეხები და თითები ამოძრავეთ, რათა სისხლის მიმოქცევა შეინარჩუნოთ და ოდნავ მაინც გათბეთ;
  • ზომიერად დაიტვირთეთ: თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ, მოერიდეთ თოვლის გადაყრას, მანქანის მიწოლას ან მაღალ თოვლში სიარულს — სიცივესთან ერთად სხეულის დაძაბვამ, შესაძლოა, გულის შეტევა გამოიწვიოს; ამასთანავე, თუ გაოფლიანდებით, სხეული სითბოს უფრო მალე დაკარგავს (ანუ უფრო შეგცივდებათ) და ჰიპოთერმია გამძაფრდება.

ტრანსპორტში:

თუკი მანქანით დიდთოვლობაში გაიჭედეთ:

  • დარჩით შიგნით, თუ გადმოსვლა აუცილებელი არაა: ქარისა და სიცივის გამო ორიენტირების უნარს მალევე დაკარგავთ;
  • სითბოსათვის ყოველ საათში ერთხელ 10 წუთით ამუშავეთ ძრავა. ამ დროს ნახშირჟანგით მოწამვლის რისკია, ამიტომ პარალელურად ცოტათი ფანჯარა უნდა შეაღოთ;
  • გამოსაბოლქვ მილს თოვლი მოაშორეთ, რომ გაზით არ მოიწამლოთ;
  • ეცადეთ, სხვებმა შეგნიშნონ: ძრავის ჩართვისას შიგნით სინათლეც აანთეთ; ანტენაზე ან კარზე კაშკაშა ფერის ქსოვილი მიამაგრეთ (სასურველია წითელი);
  • როცა თოვა შეწყდება, კაპოტი ასწიეთ იმის მისანიშნებლად, რომ დახმარება გჭირდებათ.

თუკი მანქანით გადაადგილება აუცილებელია, შემდეგი მითითებები გაითვალისწინეთ:

  • იარეთ ნელა: შესაძლოა, გზა უბრალოდ სველი ჩანდეს, თუმცა ეს მოცურების რისკს არ ამცირებს;
  • მართვის დაწყებამდე მანქანაზე თოვლი ან ყინული არ უნდა იდოს. მგზავრობისას მათმა ჩამოყრამ, შესაძლოა, საგზაო შემთხვევა გამოიწვიოს;
  • ვინმეს თქვენი მდებარეობა აცნობეთ — სად მიდიხართ და რა გზით. თუკი კონტაქტზე ვეღარ გახვალთ, სხვებს ეცოდინებათ, სად მოგძებნონ;
  • სახლიდან გასვლამდე ბოლომდე დატენეთ მობილური და გაიყოლეთ პორტატიული დამტენი (ე. წ. "ფოვერბანკი");
  • ყოველი შემთხვევისთვის თან იქონიეთ წყლის, საკვების, საჭირო მედიკამენტების მარაგი;
  • თუკი მანქანა მოცურებას იწყებს: ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ, შეწყვიტეთ პედალზე დაჭერა და ბორბლები შეაბრუნეთ იმ მიმართულებით, საითაც მანქანის წინა ნაწილი გინდათ წავიდეს. თუკი ბლოკირების საწინააღმდეგო სამუხრუჭო სისტემა (ABS) გაქვთ, მუხრუჭის პედალს დააწექით და ფეხი არ აუშვათ. ABS-ით აღჭურვილ მანქანაზე არასოდეს დააჭიროთ მუხრუჭს წყვეტილად;
  • შეჩერდით, თუ გზას ვერ ხედავთ — თუკი გადაადგილების სასწრაფო საჭიროება არ დგას, მანქანა გვერდით გადააყენეთ და ხილვადობის გაუმჯობესებას დაუცადეთ. ჩააქრეთ ფარები, რომ სხვა მანქანა შეცდომით თქვენს კვალს არ გამოყვეს. ასე ავარიას აიცილებთ თავიდან.

როგორ დავეხმაროთ "გაყინულ" ადამიანებს

არჩილ მარშანია, პირველადი დახმარების ცენტრის დამფუძნებელი, დახმარების ინსტრუქციას გვთავაზობს, თუკი გარშემო ვინმეს ტემპერატურა დაუვარდება. მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცხელ ხაზზე დავრეკოთ. მოლოდინის პარალელურად, არჩილის თქმით, დაზარალებულის გათბობას შემდეგი გზებით უნდა ვეცადოთ:

  • გადაიყვანეთ იგი თბილ, მშრალ და დაცულ გარემოში;
  • მოაშორეთ სველი ტანსაცმელი და შეახვიეთ თბილ, მშრალ სამოსში ან საბნებში;
  • პირველ რიგში გაათბეთ სხეულის ცენტრალური ნაწილი — მკერდი, კისერი, თავი და საზარდული;
  • მიეცით თბილი, სასმელები სხეულის ტემპერატურის ასამაღლებლად, მაგრამ თავი აარიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს. არ სცადოთ უგონო მდგომარეობაში მყოფ ადამიანისთვის სასმლის მიცემა.

მას შემდეგ, რაც სხეულის ტემპერატურა მოიმატებს, ექიმის რჩევით, "შეინარჩუნეთ სითბო — გაახვიეთ დაზარალებული თბილ საბანში, მოაცილეთ ცივი გარემო და სწრაფად მიაწოდეთ სამედიცინო დახმარება". გაითვალისწინეთ ისიც, რომ ადამიანი ცხელ წყალში ან პირდაპირ სიცხის წინ არ უნდა მოათავსოთ — ეს სახიფათოა.

თუკი ჰიპოთერმია მძაფრია, ანუ ადამიანი უგონოა და არ სუნთქავს, გულ-ფილტვის რეანიმაციას (CPR) უნდა მივმართოთ. გულის ამერიკული ასოციაციის მიხედვით, წესები ასეთია:

  • ხელები მკერდის ცენტრში მოათავსეთ და ძლიერად, სწრაფად დააწექით (წუთში 100-120-ჯერ). ზეწოლა მინიმუმ 5 სანტიმეტრი სიღრმისა უნდა იყოს;
  • ჩაატარეთ ხელოვნური სუნთქვა, თუ შესაბამისი ტრენინგი გაქვთ გავლილი — აუწიეთ ნიკაპი ადამიანს, ხელი ცხვირზე მოუჭირეთ და პირში ჩაბერეთ (2 ასეთი ჩასუნთქვა მკერდზე ყოველი 30 დაჭერის შემდეგ).

"CPR უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ არ გამოჩნდება სიცოცხლის ნიშნები ან არ მიეწოდება პროფესიონალური სამედიცინო დახმარება. განაგრძეთ სხეულის გათბობა CPR-ის პროცესში", — გვეუბნება არჩილ მარშანია.


ბუნებასთან ბრძოლა არც ისე მარტივია — განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს საკუთარი რესურსებით გვიწევს. ცოდნით აღჭურვილები მაქსიმალურად ეფექტიანად შევძლებთ საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების დაცვას.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მეცნიერებმა უცხოპლანეტური სიცოცხლის შესაძლო ნიშნები აღმოაჩინეს — კვლევის შედეგები
  2. შორეულ კოსმოსში ჩვენი გალაქტიკის "ტყუპისცალი" დააფიქსირეს
  3. დედამიწაზე წყალი ბევრად ადრე ჩამოყალიბდა, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა
  4. სად მთავრდება დედამიწის ატმოსფერო — რას ამბობენ მეცნიერები
  5. კაცებს უფრო სწრაფად უყვარდებათ, ვიდრე ქალებს — კვლევა

გირჩევთ