ჰაერის დაბინძურება მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად დაახლოებით შვიდი მილიონი ადამიანის ნაადრევი სიკვდილის გამომწვევი მიზეზია. ურბანულ გარემოში ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ ხშირად დიზელის გამონაბოლქვს მიიჩნევენ, რაც წინა კვლევებითაც დასტურდება. ახალი ნაშრომის თანახმად, მუხრუჭების გაცვეთით წარმოქმნილი მტვერი შესაძლოა, ფილტვებისთვის უფრო საზიანო იყოს.

გზის საფარის, საბურავებისა და მუხრუჭების ცვეთისას გამოყოფილი ნაწილაკები "არა-გამონაბოლქვი ემისიების" სახელით არის ცნობილი. ის ახლა უკვე საავტომობილო ტრანსპორტთან დაკავშირებული დაბინძურების ძირითად წყაროდ იქცა და ბევრ ევროპულ ქვეყანაში გამონაბოლქვზე ბევრად მასშტაბურ პრობლემას ქმნის. ასეთი ტიპის დაბინძურებაში მუხრუჭების მტვერი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს, თუმცა იგი რეგულაციებს ჯერ კიდევ არ ექვემდებარება. გამონაბოლქვის მავნებლობასთან შედარებით, ჯანმრთელობაზე მუხრუჭების მტვრის ზემოქმედების შესახებ გაცილებით ნაკლები ინფორმაცია არის ცნობილი.

ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ლაბორატორიაში შექმნეს მოდელი, რომელიც ადამიანის ფილტვების ლორწოვან გარსს ჰგავს. მათ დაადგინეს, როგორ მოქმედებს მუხრუჭების მტვერი და დიზელის გამონაბოლქვი ამ უჯრედებზე. შედეგებმა აჩვენა, რომ აქედან პირველი ბევრად უფრო მავნეა, განსაკუთრებით კი იმ ბიოლოგიურ მექანიზმებში, რომლებიც ფილტვის დაავადებებთან, მათ შორის კიბოსთან და ასთმასთან, არის დაკავშირებული.

საინტერესოა, რომ მუხრუჭების მტვრისგან სპილენძის მოცილებამ ტოქსიკურობის დონის შემცირება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, ბევრ ქვეყანაში ამჟამინდელი სატრანსპორტო რეგულაციები მხოლოდ გამონაბოლქვზეა ორიენტირებული. უკანასკნელი კვლევა აჩვენებს, რომ არა-გამონაბოლქვი ემისიების, მათ შორის მუხრუჭების მტვრის, რეგულირებაც აუცილებელია.

ფოტო: Getty Images

ერთი შესაძლო გამოსავალი მუხრუჭების ბალიშების შედგენილობის შეცვლაა, რაც ჯანმრთელობისთვის პოტენციურ საფრთხეს შეამცირებს. ადრე მუხრუჭების ბალიშებში მინერალი აზბესტი გამოიყენებოდა, რადგან ის გადახურებას ეწინააღმდეგებოდა. 1999 წელს დიდ ბრიტანეთში აზბესტის მოხმარება აიკრძალა, რადგან ფილტვის დაავადებებთან მისი კავშირი დადასტურდა. შედეგად, საავტომობილო ინდუსტრიამ შეიმუშავა ახალი, არა-აზბესტული ორგანული (NAO) ბალიშები, რომლებიც დღესაც ფართოდ გამოიყენება.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა სხვადასხვა მუხრუჭის ბალიშების ცვეთით წარმოქმნილი მტვერი ერთმანეთს შეადარეს. აღმოჩნდა, რომ NAO ბალიშების მტვერი ფილტვის უჯრედებისთვის ყველაზე ტოქსიკური იყო. დადგინდა, რომ მისი მავნეობა ბევრად ძლიერია არა მხოლოდ სხვა ტიპის მუხრუჭების მტვერთან, არამედ დიზელის გამონაბოლქვთან შედარებითაც. ზოგიერთი გამოვლენილი ეფექტი ისეთ დაავადებებს უკავშირდება, როგორიცაა ფილტვის კიბო, ფილტვის ფიბროზი, ასთმა და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.

ადრინდელი კვლევა აჩვენებს, რომ დაბინძურებულ ჰაერში არსებული მეტალები ტოქსიკური ზემოქმედებით გამოირჩევა. აქედან გამომდინარე, მეცნიერებმა სხვადასხვა ტიპის მუხრუჭების მტვერსა და დიზელის გამონაბოლქვის ნაწილაკებში მეტალების შედგენილობა გააანალიზეს. მათ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დაარკვიეს, რომ სპილენძის მაღალი შემცველობა NAO მუხრუჭების მტვრის განმსაზღვრელი მახასიათებელია. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ეს სპილენძი ფილტვის უჯრედებში აღწევს. ყველაზე საინტერესო აღმოჩენა კი ის იყო, რომ სპილენძის ნეიტრალიზაციის შემდეგ მტვრის ტოქსიკურობა საგრძნობლად შემცირდა. დასკვნა ისაა, რომ სპილენძი მუხრუჭების მტვრის მავნე ზემოქმედებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომობილებზე გადასვლა გამონაბოლქვის ემისიებს შეამცირებს, ეს გზის საფარის, საბურავებისა და მუხრუჭების მტვრის წარმოქმნას ვერ აღმოფხვრის. კვლევები აჩვენებს, რომ ელექტრომობილები, როგორც წესი, უფრო მძიმეა, ვიდრე დიზელის ავტომობილები, რის გამოც არა-გამონაბოლქვი მტვრის რაოდენობა შეიძლება უფრო მეტიც იყოს. შესაბამისად, ტერმინი “ნულოვანი ემისია” ელექტრომობილების შემთხვევაში ყოველთვის ზუსტი არ არის.

ზოგიერთ ელექტრომობილში რეგენერაციული სამუხრუჭე სისტემაა გამოყენებული, რომელიც მათ სიჩქარეს ამცირებს. მიუხედავად ამისა, ელექტრომობილებს ჯერ კიდევ აქვს ხახუნზე დაფუძნებული სამუხრუჭე სისტემა, რომელიც მტვერს წარმოქმნის.

2026 წლის ნოემბერში ძალაში შევა ემისიების ახალი სტანდარტები (Euro 7), რომლებიც მუხრუჭების მტვრის გამოყოფის შეზღუდვასაც მოიცავს. ეს შესაძლოა, ახალი ტიპის სამუხრუჭე მასალების ან მტვრის შემცირების მექანიზმების განვითარებაში დაგვეხმაროს. ასევე, რეგულაციის წყალობით შეიძლება, მეტი ყურადღება გამახვილდეს საავტომობილო მოძრაობის ორგანიზებასა და გზის დაგეგმარებაზე, რათა ავტომობილის ხშირი გაჩერება-დაძვრა და აგრესიული მართვა შემცირდეს.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის კალიფორნიისა და ვაშინგტონის შტატებში უკვე მიიღეს კანონმდებლობა, რომელიც მუხრუჭებში სპილენძის შემცველობის შემცირებას ითვალისწინებს. ამის მიუხედავად, ეს რეგულაციები, პირველ რიგში, არა ჰაერის დაბინძურებას, არამედ წყლის ეკოსისტემაზე ნეგატიურ მოქმედებას ეხება.

მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ჰაერის დაბინძურების არცერთი ტიპი არაა "უსაფრთხო". შესაბამისად, ელექტრომობილებზე გადასვლის პროცესში არა-გამონაბოლქვი ემისიები ისეთივე სერიოზულობით უნდა განვიხილოთ, როგორც გამონაბოლქვი ემისიები.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.