კვლევები გვაჩვენებს, რომ ენასა და ღრძილებზე არსებული ბაქტერიები შესაძლოა, ტვინის მუშაობასა და დაბერების პროცესზე ახდენდეს გავლენას. ეს პოტენციურად არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს, დაბერება ნორმალურად წარიმართება თუ დემენცია განვითარდება.

მეცნიერები პირის ღრუს მიკრობიომსა (ბაქტერიების ეკოსისტემა, რომელიც ჩვენს პირში ცხოვრობს) და ტვინის ჯანმრთელობას შორის სულ უფრო მეტ კავშირს პოულობენ. ეს მიგნებები იუწყება, რომ პირის ღრუს ბაქტერიები შესაძლოა, ნეიროდეგენერაციულ პროცესებში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ.

მათ შორისაა ახალი კვლევა, რომელიც მიუთითებს, რომ ზოგიერთი ბაქტერია მეხსიერებისა და აზროვნების უნარების გაუმჯობესებას უწყობს ხელს, ხოლო სხვები — ტვინის ფუნქციის დაქვეითებას. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ კვების რაციონი და ისეთი მკურნალობა, რომელიც პირის ღრუს მიკრობიომის შეცვლას განაპირობებს, ერთ დღეს შესაძლოა, ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგვეხმაროს.

მეცნიერებმა 50 წელს გადაცილებული 115 ზრდასრულის ნერწყვის ნიმუშები გააანალიზეს. ნორმალური ტვინის ფუნქციონირება შერჩეულ მონაწილეთა 52%-ს ჰქონდა, ხოლო 48%-ს მეხსიერებისა და სხვა კოგნიტიური დაქვეითების ადრეული სიმპტომები აღენიშნებოდა.

პირის ღრუში არსებული ბაქტერია Corynebacterium matruchotii-ს კოლონია.

ფოტო: Scott Chimileski/Marine Biological Laboratory

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ პირის ღრუში ნეისერიასა და ჰემოფილუსის გვარში შემავალი დიდი რაოდენობით ბაქტერიების არსებობა ტვინის უკეთეს ფუნქციონირებასთანაა კავშირში. ამ ბაქტერიების მქონე ადამიანებს უკეთესი მეხსიერება, ყურადღების მოკრებისა და რთული ამოცანების შესრულების უნარი გამოუვლინდათ. მათ პირის ღრუში იონ ნიტრიტის (NO₂⁻) დონის ზრდაც აღენიშნებოდათ, რომელიც მიკროორგანიზმების მიერ ნიტრატის (NO₃⁻) დაშლის შედეგად წარმოიქმნება.

ბაქტერიებს ნიტრიტის დაშლით ნიტრიტის ოქსიდის (NO) წარმოქმნაც შეუძლიათ, რაც სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, მათ შორის ტვინში სისხლის ნაკადის გაძლიერებას. ნიტრატი ბოსტნეულით მდიდარ დიეტაში ბუნებრივად გვხვდება, რაც მიუთითებს, რომ ჯანსაღი კვება შესაძლოა, ტვინის ფუნქციის შენარჩუნებაში დაგვეხმაროს. ამჟამად გუნდი იკვლევს, შეუძლია თუ არა ნიტრატით მდიდარ ჭარხლის წვენს პირის ღრუს ბაქტერიებთან კავშირით ტვინის ფუნქციის გაუმჯობესება ხანდაზმულებში.

ჭარხლის მსგავსი ბოსტნეული ნიტრატებით მდიდარია.

ფოტო: American Heritage Chocolate/Unsplash

მეორე მხრივ, ზოგიერთმა ბაქტერიამ შესაძლოა, ტვინის ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს. კვლევამ ასეთი მიკროორგანიზმების ორი ჯგუფი გამოავლინა: პორფირომონასი და პრევოტელა. პირველში შემავალ ბაქტერიებს ხშირად ღრძილების დაავადებას უკავშირებენ და ის უფრო მეტად გვხვდება იმ ადამიანებში, რომლებსაც მეხსიერების პრობლემები აქვთ. მეორე ნიტრიტის დაბალ დონესთანაა დაკავშირებული, რაც შესაძლოა, ტვინის ფუნქციის დაქვეითებას ნიშნავდეს. პრევოტელა ასევე უფრო გავრცელებული აღმოჩნდა იმ პირებში, რომლებსაც APOE4-ად წოდებული გენი აქვთ. ის ალცჰაიმერის დაავადების რისკის მომატებასთანაა ასოცირებული.

მომავალში შესაძლოა, სტომატოლოგიური შემოწმებისას ბაქტერიების დონის ანალიზი ტვინის ფუნქციონირების ადრეული ცვლილებების აღმოსაჩენად გამოიყენონ. ეს კვლევების ახალი სფეროა, რომელიც, პოტენციურად, ალცჰაიმერის მსგავსი ნეიროდეგენერაციული დაავადებების უფრო ადრეულ ეტაპზე გამოვლენას შეუწყობს ხელს. თუ ზოგიერთი ბაქტერია ტვინის ჯანმრთელობას განაპირობებს, ხოლო სხვები მის დაქვეითებას უწყობენ ხელს, მაშინ პირის ღრუს მიკრობიომის რეგულირება შეიძლება, დემენციის პრევენციის ბერკეტი გახდეს.

მაშ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ახლა? ჯერჯერობით საუკეთესო რჩევაა, რომ კარგად დავიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა და ნიტრატით მდიდარი საკვები (მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული) მივიღოთ, რაც სასარგებლო ბაქტერიების ზრდას შეუწყობს ხელს.

ახალი ნაშრომი გამოცემაში PNAX NEXUX გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.