მცენარეები დედამიწის უძველეს და უდიდეს ორგანიზმთა შორის არიან. ამ ორი მახასიათებლით მათ შორის პანდო გამოირჩევა — ხის 80 000-წლოვანი კოლონია, რომელიც მთრთოლავი ვერხვის განშტოებებისგან შედგება და 42.6 ჰექტარზე ვრცელდება. რაც შეეხება მსოფლიოში ყველაზე მაღალ ხეს, ის 115.92 მეტრი სიმაღლისაა და მისი მდებარეობა გასაჯაროებული არაა.

მაგრამ რა ვიცით უდიდეს ცალკეულ ყვავილზე?

ეს არნოლდის რაფლეზიაა, რომელიც გაშლილ მდგომარეობაში შთამბეჭდავია, მაგრამ ლეშის სუნი აქვს. ამით ის იზიდავს ისეთ მწერებს, როგორიც ბუზები და ხოჭოებია, რომლებიც ამ ყვავილის დამტვერვას უზრუნველყოფენ.

არნოლდის რაფლეზია პარაზიტულ რაფლეზიასებრთა ოჯახს მიეკუთვნება. მას არ აქვს არც ფოთლები, არც ღერო და არც ფესვები. იგი ხვიარებზე იზრდება და საკვები ნივთიერებების მისაღებად მთლიანად მასპინძელ მცენარეს ეყრდნობა. ეს იშვიათი ყვავილი ბორნეოს, ინდონეზიისა და სუმატრის ტროპიკულ ტყეებში გვხვდება.

ფოტო: Shutterstock.com

ფოტო: shankar s.

მიუხედავად იმისა, რომ მისი სიგანე 1 მეტრს აღწევს, წონა კი დაახლოებით 9 კილოგრამამდეა, ეს მცენარე სიცოცხლის უმეტეს ნაწილს შეუმჩნევლად ატარებს. მისი კვირტები თავდაპირველად ყავისფერი ბურთების სახით ჩნდება და კომბოსტოს ჰგავს. შემდეგ ისინი ნელა იშლება და წითელ შეფერილობას იძენს, თეთრი ლაქებით.

რაფლეზიის გვარის რამდენიმე სახეობა გადაშენების საფრთხის წინაშე დგას, რაც ეკოტურიზმისა და დაუსაბუთებელი სამკურნალო თვისებების გამო მცენარისადმი მაღალი მოთხოვნის შედეგია. მიუხედავად იმისა, რომ ამ მცენარის კულტივირება მისი გადარჩენისთვის აუცილებელია, სპეციფიკური გარემო პირობები და უცნობი ბიოლოგიური მექანიზმები ამ პროცესს ურთულებს. აღნიშნული ყვავილების გახარება მსოფლიო დონის ბოტანიკურ ბაღებშიც კი უჭირთ, მაგალითად დიდი ბრიტანეთში მდებარე კიუს ბაღებში.

გიგანტური ამორფოფალუსი უზარმაზარი მცენარეა, მაგრამ ის ცალკეული ყვავილი არაა.

ფოტო: Shutterstock.com

პირველ წარმატებულ კულტივაციას ბოგორის ბოტანიკური ბაღის ბოტანიკოსმა, სოფი მურსიდავატიმ, მიაღწია. მან 2010 წელს მამრი რაფლეზია Tetrastigma-ს ვაზის ლერწამზე გაზარდა, რასაც შემდგომში ყვავილის მრავალი წარმატებული გაშლა მოჰყვა.

არნოლდის რაფლეზია ერთადერთი უზარმაზარი ყვავილი არ არის, რომელსაც უსიამოვნო სუნი აქვს. კიდევ ერთი ასეთი მცენარე გიგანტური ამორფოფალუსია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი მცენარე ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის, მწერების მისაზიდად ორივე მათგანი ლპობადი ხორცის მსგავს სუნს გამოყოფს. ამორფოფალუსი არნოლდის რაფლეზიაზე უფრო დიდია და სიმაღლეში 2.7 მეტრამდე იზრდება, თუმცა ის მრავალი პატარა ყვავილისგან შედგება და არა ერთისგან. შესაბამისად, რაფლუზია პირველობას ინარჩუნებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.