ნეანდერტალელების გენომის გაშიფვრის შემდეგ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თანამედროვე ადამიანის წინაპრებს მათთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ. დღეს აფრიკის გარეთ მცხოვრები ხალხი ნეანდერტალელთა დნმ-ის დაახლოებით 2%-ს ატარებს. ამას გავლენა აქვს ჩვენს იმუნურ სისტემაზე, ყოველდღიურ ჩვევებსა და მენტალურ ჯანმრთელობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ნეანდერტალელთა ზოგიერთი გენი შესაძლოა, ჩვენს გარეგნობასაც განსაზღვრავდეს, მათი ზუსტი გავლენის დადგენა რთულია. ბიოლოგიაში ცნობილია, რომ გენოტიპი პირდაპირ უკავშირდება ფენოტიპს, თუმცა მრავალი გენეტიკური მახასიათებელი პოლიგენურია, ანუ რამდენიმე გენის ურთიერთქმედების შედეგი. მართალია, ვიცით, როგორია კონკრეტული გენების ვარიანტები, თუმცა ხშირად შეუძლებელია იმის პროგნოზირება, როგორ იმოქმედებს ისინი ადამიანის ფენოტიპზე.

"მხოლოდ გენების სეკვენირების მიხედვით ამ საკითხების გარკვევა რთულია. შესაბამისად, ჩვენ უამრავ ადამიანს ვაკვირდებით და ერთი და იმავე ალელის მქონე პირებს ვადარებთ მათ, ვისაც ეს გენეტიკური ვარიანტი არ გააჩნია", — აცხადებს ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის პროფესორი, ჯონ ჰოუქსი.

ნეანდერტალელებთან დაკავშირებით ეს მეთოდი მაინც არ მუშაობს, რადგან ბოლო 40 000 წლის განმავლობაში ცოცხალ ნეანდერტალელებზე დაკვირვების საშუალება არავის ჰქონია. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია, რომ ნეანდერტალელთა გენეტიკური მახასიათებლები თანამედროვე ადამიანის დნმ-ის მიხედვით შევისწავლოთ და ჩვენზე მათი გავლენაც ასე დავადგინოთ. მაგალითად, კანის, თმისა და თვალის ფერის პიგმენტაცია თანამედროვე ადამიანებში ასობით სხვადასხვა გენის ურთიერთქმედების შედეგია. სამწუხაროდ, ამ გენებიდან პირდაპირ ნეანდერტალელებისგან არცერთი მიგვიღია, რაც ნიშნავს, რომ მათი გარეგნობის აღსადგენად ჩვენი დნმ-ის გამოყენება შეუძლებელია.

ერთ-ერთი დამახასიათებელი ფაქტორი, რომელიც ხშირად ნეანდერტალელებს მიეწერებათ, წითური თმაა. 2007 წელს ჩატარებულმა კვლევამ ორ ნეანდერტალელში აღმოაჩინა MC1R გენის განსხვავებული ვარიანტი, რომელიც შესაძლოა, იმავე მექანიზმით მოქმედებდა. ვინაიდან ეს მუტაცია არ ემთხვევა თანამედროვე მუტაციას, რომელიც წითურ თმაზეა პასუხისმგებელი, მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ მას შესაძლოა, მსგავსი ფენოტიპური ეფექტი ჰქონოდა. ამის მიუხედავად, იგივე ვარიანტი აღარ აღმოუჩენიათ არცერთ ნეანდერტალურ გენომში, რომელიც 2007 წლის კვლევის შემდეგ გაშიფრეს. ეს მიანიშნებს, რომ თუ მათში ეს მუტაცია მართლაც არსებობდა, ის, სავარაუდოდ, ძალიან იშვიათი იყო.

ფოტო: Tom Björklund

მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერებმა შეისწავლეს, რა გავლენა აქვს ნეანდერტალელთა დნმ-ს თანამედროვე ადამიანის გენომზე. ერთ-ერთი საკითხი თმის, თვალისა და კანის ფერთან დაკავშირებული გენეტიკური ვარიანტების განხილვაა.

მაიკლ დენემანი, კვლევის ავტორი, აღნიშნავს: "თანამედროვე ადამიანებში წითური თმის გენთან დაკავშირებული ვარიანტები შევისწავლეთ და დავსვით კითხვა — ხომ არ მიგვიღია რომელიმე ეს გენი ნეანდერტალელებთან შეჯვარების შედეგად? საბოლოოდ, მსგავსს ვერაფერს მივაგენით".

დღესდღეობით თმის ფერზე MC1R გენის 20-ზე მეტი ვარიანტი ახდენს გავლენას, თუმცა ნეანდერტალელთა გაშიფრულ გენომში არცერთი მათგანი აღმოუჩენიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ნეანდერტალელებში წითურ თმაზე პასუხისმგებელი გენი არ არსებობდა.

OCA2 გენი, რომელიც თანამედროვე ადამიანებში ცისფერი ან ყავისფერი თვალების ჩამოყალიბებას განაპირობებს, ნეანდერტალელთა გენომშიცაა აღმოჩენილი. ეს მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ ამ უძველეს ჰომინიდებს შესაძლოა, ცისფერი თვალები მართლაც ჰქონოდათ. ამის მიუხედავად, დღეს არსებული ყველაზე ძლიერი ვარიანტი, რომელიც ცისფერ თვალებზეა პასუხისმგებელი, ნეანდერტალელთა დნმ-ში არ ფიქსირდება.

2012 წელს მკვლევრებმა სამი ნეანდერტალელის გენოტიპების ანალიზის საფუძველზე მათივე გარეგნობის პროგნოზირება სცადეს. სამივე ინდივიდს სხვადასხვა თვალის ფერზე პასუხისმგებელი რამდენიმე გენი ჰქონდა, თუმცა, საბოლოოდ, ყველაში ყავისფერ თვალებთან ასოცირებული ვარიანტები დომინირებდა. საინტერესოა, რომ ერთ-ერთ მათგანს წითური თმის ვარიანტიც აღმოაჩნდა, თუმცა მკვლევრებმა თავად აღნიშნეს, რომ ამ დასკვნაში ბოლომდე დარწმუნებულები არ იყვნენ.

ნეანდერტალელთა გარეგნობის მრავალფეროვნება

"ყველა ნეანდერტალელი ერთნაირი არ იყო — მათი გარეგნობა და ფიზიკური ნიშნები, როგორც თანამედროვე ადამიანებში, მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. დღევანდელ ევროპელებში ნეანდერტალელთა რამდენიმე გენეტიკური ალელი კანისა და თმის ფერზე ახდენს გავლენას. ზოგიერთი ნეანდერტალელური გენური ასოციაცია კანის გაღიავებასთანაა კავშირში, ზოგიერთ კი პირიქით — გამუქებასთან. ეს მიანიშნებს, რომ ადამიანთა აღნიშნულ სახეობაში ერთგვაროვანი პოპულაცია არ იყო და მათ შორის შესამჩნევი ფიზიკური განსხვავებები არსებობდა", — ამბობს მაიკლ დენემანი.

ეს მონაცემები მიუთითებს, რომ ნეანდერტალელთა ზუსტი გარეგნობის დადგენა მხოლოდ გენეტიკური ანალიზით შეუძლებელია.

დღეს ვიცით, რომ თანამედროვე ადამიანების კანის, თმისა და თვალის ფერის მრავალფეროვნება აფრიკიდან ჩვენი წინაპრების მიგრაციისა და სხვადასხვა კლიმატურ ზონებში დასახლების შედეგია. უფრო ღია კანის გენეტიკური ვარიანტები განვითარდა მას შემდეგ, რაც ადამიანთა ჯგუფებმა ეკვატორიდან ჩრდილოეთ რეგიონებში დაიწყეს გადასვლა. ეს იმიტომ, რომ მელანინის დაბალმა შემცველობამ მათ ორგანიზმს მეტი D ვიტამინის წარმოქმნის შესაძლებლობა მისცა.

ეს ცვლილებები ყოველთვის ერთსა და იმავე პრინციპს მიჰყვება — მიუხედავად გენეტიკური კავშირებისა, სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები პოპულაციები მზის ინტენსივობის გავლენით პიგმენტაციის ერთნაირ თავისებურებებს ავლენენ. მაგალითად, დასავლეთ ევროპასა და აღმოსავლეთ აზიაში მცხოვრებ უძველეს ადამიანებში ღია კანის გენეტიკური ვარიანტები დამოუკიდებლად განვითარდა, რაც პარალელური ევოლუციის მაგალითია.

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, გარკვეულ ჩრდილოევროპულ პოპულაციებში ღია კანის ვარიანტები მხოლოდ რკინის ხანაში გაჩნდა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ კანის ფერის ცვლილებას ძალიან დიდი დრო სჭირდება.

ნეანდერტალელები ათიათასობით წლის განმავლობაში სხვადასხვა კლიმატურ ზონებში ცხოვრობდნენ, მათ შორის ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე გადაჭიმულ რეგიონებში. მათი საცხოვრებელი გარემოს მრავალფეროვნების გათვალისწინებით, შესაძლებელია, რომ მათშიც კანის ფერის მნიშვნელოვანი ვარიაცია არსებობდა. და მაინც, ჩვენი გენეტიკური პიგმენტაციის მექანიზმები ნეანდერტალელებისას არ ემთხვევა, ამიტომ ზუსტად ვერ ვიტყვით, რა ფერის კანი ჰქონდათ მათ.

შესაძლოა, ჩრდილოეთში მცხოვრები ნეანდერტალელები უფრო ღია შეფერილობის კანით გამოირჩეოდნენ, სამხრეთში კი — შედარებით მუქი პიგმენტაციით. ეს კითხვები ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია, მაგრამ ამ მიმართულებით კვლევები გრძელდება. მომავალმა აღმოჩენებმა შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად გაამხილოს, როგორ გამოიყურებოდნენ ჩვენი უძველესი ნათესავები.

ცნობილია, რომ ნეანდერტალელები სხვადასხვა რეგიონში გარემოსთან გენეტიკურად ადაპტირდნენ. მაგალითად, მაღალ განედებზე მცხოვრებმა პოპულაციებმა ისეთი ძილის ციკლი განივითარეს, რომელიც მათ უფრო ადრე გაღვიძების საშუალებას აძლევდა. ამ მონაცემების საფუძველზე, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ მათი კანის, თმისა და თვალის ფერი D ვიტამინის გამომუშავებისთვის ოპტიმალური იყო — თუმცა, სავარაუდოდ, სრულიად განსხვავებული ან პარალელური გენეტიკური მექანიზმებით, ვიდრე ეს თანამედროვე ადამიანებში მოხდა.

"ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ სამხრეთ რეგიონებში მცხოვრები ნეანდერტალელების გენომი არ გვაქვს",— ამბობს ჯონ ჰოუქსი. "ისრაელის, სირიის ან ერაყის ტერიტორიაზე მცხოვრები ნეანდერტალების გენეტიკური მონაცემები არ მოგვეპოვება. ეს რეგიონები ყველაზე საინტერესო იქნებოდა პიგმენტაციის მრავალფეროვნების შესასწავლად, მაგრამ, სამწუხაროდ, სამხრეთის ნეანდერტალელთა გენეტიკა ჩვენთვის ხელმისაწვდომი არაა".

სამხრეთის ნეანდერტალელთა გენეტიკაზე ინფორმაცია რომც გვქონდეს, მათი გარეგნობის შესახებ მაინც ძალიან ბევრი კითხვა იქნებოდა. მათ პიგმენტაციაზე პასუხისმგებელი გენების უმეტესობა თანამედროვე ადამიანის დნმ-ში არ ინტეგრირებულა, ამიტომ ჩვენ ვერ ვხედავთ, როგორ მოქმედებდა ისინი პრაქტიკაში.

"თუ ნეანდერტალელებზე ის უნდა გითხრათ, რაც ნამდვილად არ ვიცი, აი, ესაა — არ ვიცი, ჰქონდათ თუ არა მათ თვალის თეთრი გარსი, თუ მათი თვალები მთლიანად მუქი იყო, როგორც გორილებშია", — ამბობს ჰოუქსი.

დღეს მაღალი ხარისხით გაშიფრული რამდენიმე ნეანდერტალელური გენომი არსებობს. ამის მიუხედავად, მეცნიერები ჯერ კიდევ ვერ ადგენენ, როგორ გამოიხატებოდა მათი დნმ ფიზიკურად — ფერებში, კანის ან თმის სტრუქტურაში.

"შესაძლოა, ნეანდერტალელები სხვანაირად ჭაღარავდებოდნენ, ვიდრე ჩვენ.
შეიძლება, მათ თმის ცვენის განსხვავებული ფორმა ჰქონდათ", — ამბობს ჰოუქსი. ეს დეტალები ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.