მეცნიერთა საერთაშორისო გუნდის ახალი კვლევის შედეგად გამოვლინდა დიდი რაოდენობით მიკრობები, რომლებიც დედამიწის ღრმა ქერქში ცხოვრობენ. ეს აღმოჩენა გასაოცარია, რადგან მიკროორგანიზმები მზის სიცოცხლისმომცემი ენერგიისგან მოწყვეტილ გარემოში დაფიქსირდა.

გამოცემა Science Advances-ში გამოქვეყნებული რვაწლიანი კვლევის შედეგები 1 400-ზე მეტი მიკრობიომის შესახებ მონაცემთა ანალიზს ეფუძნება. ავტორებმა დაადგინეს, რომ დედამიწის ქერქის ნესტიან ნაპრალებში შესაძლოა, მიკრობების ნახევარზე მეტი ბინადრობდეს. ეს მიგნება ეჭვქვეშ აყენებს გავრცელებულ მოსაზრებას, რომ რაც უფრო შორსაა სიცოცხლე მზის სხივებისგან, მისი მრავალფეროვნება და რაოდენობა მით უფრო მცირდება.

"მიიჩნევა, რომ რაც უფრო ღრმად ჩადიხარ დედამიწის ზედაპირის ქვეშ, მით ნაკლები ენერგიაა ხელმისაწვდომი. ეს გადარჩენის უნარის მქონე უჯრედების შემცირებულ რაოდენობას ნიშნავს.

სადაც მეტი ენერგიაა, სიცოცხლის მრავალფეროვნების წარმოქმნა და შენარჩუნება უფრო მეტად იქაა შესაძლებელია. მაგალითად, ასეთია ტროპიკული ტყეები ან მარჯნის რიფები, რომლებიც მზის ენერგიას უხვად იღებს.

ამის მიუხედავად, ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ ზოგიერთი მიწისქვეშა გარემოს მრავალფეროვნება ზედაპირზე არსებულს მარტივად შეიძლება შეედაროს ან, თუნდაც, გადააჭარბოს", — ამბობს კვლევის ხელმძღვანელი და ვუდ ჰოულის ოკეანური ბიოლოგიის ლაბორატორიაში მომუშავე მიკრობიოლოგი, ემილ რაფი.

მნიშვნელოვანი აღმოჩენა

მკვლევრებმა თავიანთ ნაშრომში აღნიშნეს, რომ "სახეობების სიმდიდრე და თანაფარდობა ბევრ მიწისქვეშა გარემოში ზედაპირზე არსებულის მსგავსია". ამას მეცნიერებმა "უნივერსალური ეკოლოგიური პრინციპი" უწოდეს. მათი კვლევა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აღმოჩენებით, არამედ გამოყენებული მეთოდოლოგიითაც.

2016 წლამდე, სანამ გუნდი ამ საკითხზე მუშაობას დაიწყებდა, მიკრობების შესახებ მონაცემთა ბაზების გლობალური სტანდარტიზაციის მცდელობები იშვიათი იყო. მიზეზი მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის სტანდარტების სხვაობაში მდგომარეობდა. ვითარება ბეი პოლის ცენტრში მომუშავე მოლეკულური ბიოლოგის, მიჩელ სოგინის, დამსახურებით შეიცვალა. მის მიერ ინიციირებულმა კვლევამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მეცნიერთა მიერ შემუშავებული მიკრობული დნმ-ის მონაცემთა ბაზების სტანდარტიზაციას მისცა ბიძგი.

სწორედ ასეთი ბაზების დამსახურებით გახდა შესაძლებელი, რომ ავტორებს იუტას უნივერსიტეტიდან მოპოვებული ნიმუში ესპანეთის ვალიადოლიდის უნივერსიტეტის ნიმუშისთვის შეედარებინათ. ეს ისტორია საერთაშორისო თანამშრომლობისა და სიღრმისეული კვლევის მაგალითია, რომელიც ბევრ ახალ შესაძლებლობას უხსნის გზას.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.